საქმე №ას-1370-2020 30 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ნ–ვი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ლ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 09 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, გარდაბანში, სოფელ ..... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ: .....) (შემდგომში -„სადავო უძრავი ქონება“) წარმოადგენს თ.ლ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მესაკუთრე“) საკუთრებას. საკუთრების წარმოშობის საფუძველია თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 18 დეკემბრის განკარგულება.
2. ნ.ნ–ვი (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს სადავო უძრავ ქონებას.
3. მესაკუთრემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ, მოითხოვა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა.
4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავოდ ხდიდა საჯარო რეესტრის ჩანაწერებს, შესაბამისად, აპირებდა ადმინისტრაციული სარჩელის აღძვრას.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და აღნიშნული უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
6. მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული გარემოებები.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულების წარდგენა, რომელიც სადავო უძრავ ქონებაზე მის მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებდა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ. მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
11.1. სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი სრულად დააკისრა მოპასუხეს;
11.2. სასამართლოს წარედგინა ხელშეკრულებები, რომლებიც მაღალ სარგებელს მოიცავს და აშკარად არღვევს ევროპულ საბანკო სტანდარტებს. მესაკუთრე არ არის კეთილსინდისიერი შემძენი, რამდენადაც დასტურდება მისი პირდაპირი კავშირი კრედიტორებთან;
11.3. სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმი, რადგან მესაკუთრისათვის არავის წაურთმევია მემკვიდრეობისა და საკუთრების შეძენა-გასხვისების უფლება;
11.4. მოპასუხე მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენს, რამდენადაც საკრედიტო თანხა დაფარულია, ხოლო სადავო უძრავი ქონება კაბალური საპროცენტო თანხის დაფარვის შეუძლებლობის გამო გაიტანეს აუქციონზე;
11.5. სადავო უძრავი ქონება კანონმდებლობის უხეში დარღვევით დარეგისტრირდა მესაკუთრის სახელზე.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება დადგენილი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა გამოკვლეული აქვს.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
17. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 17-18), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.
19. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.
21. საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია. კასატორს მოსარჩელის მოთხოვნის საპირისპიროდ მისი მხრიდან მფლობელობის მართლზომიერების დადასტურება ევალებოდა, თუმცა მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა ასევე მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საკასაციო საჩივარში მითითებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ პროცენტზე, რამდენადაც ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებში ზემოაღნიშნულ გარემოებას სასამართლო სადავო უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ განიხილავს.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1850-2018, 15 მაისი, 2020 წელი; №ას-1501-2018, 13 ნოემბერი, 2019 წელი; № ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი). კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ე.ნ–ის მიერ 2020 წლის 15 დეკემბერს №24499681 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ნ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ნ.ნ–ვს (პ.ნ. ....) დაუბრუნდეს ე.ნ–ის (პ.ნ. .....) მიერ 2020 წლის 15 დეკემბერს №24499681 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი