Facebook Twitter

საქმე №ას-1302-2021 24 დეკემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი), მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ.ა–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს.ბ–ი“ (მოარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, გირავნობის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს ,,ს.ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ა–ისა (შემდგომ – პირველი მოპასუხე, კასატორი, კერძო საჩივრის ავტორი) და მ.ყ.რ–ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებისათვის ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, ასევე - გირავნობის საგნის რეალიზაცია.

2. პირველმა მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო. მეორე მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

3.1 მოპასუხეებს 17318.56 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ; დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაგირავებული ავტოსატრანსპორტო საშუალება;

3.2 ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ, თუკი დაგირავებული საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს დავალიანების დაფარვას, ბანკის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების სხვა ქონება;

3.3 გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

3.4 მოპასუხეებისათვის 2176.13 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ბანკის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

5.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილების 1.2 პუნქტი (იხ. წინამდებარე განჩინების 3.2 პუნქტი) შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგნარად - იმ შემთხვევაში, თუ დაგირავებული საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს დავალიანების დაფარვას ან გირავნობის საგნის რეალიზაცია შეუძლებელია, ბანკის მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიზნით, სარეალიზაცოდ მიექცეს მოპასუხეთა სხვა ქონება.

5.2 მოწინააღმდეგე მხარეებს (მოპასუხეებს) მოსარჩელის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის გადახდა დაეკისრათ.

6. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე პირველმა მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა დაუშვებლობის გამო.

7. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე (წინამდებარე განჩინების 5.1 და 5.2 პუნქტებზე) სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 22 თებერვალს სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომელში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2021 წლის 22 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (საქმე №2ბ/5537-16) დაშვებული უსწორობა გასწორდა და სააღსრულებო ფურცელში 2019 წლის 22 აპრილის საოქმო განჩინების ნაცვლად, აღსასრულებლად მიეთითა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და განჩინების გაუქმება მოითხოვა.

10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 260-ე მუხლი არასწორად განმარტა, ამასთან, სასამართლოს სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების უფლება არ ჰქონდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის განხილვის საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინების კანონიერება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების შესახებ.

13. საკასაციო პალატის განმარტებით, მართალია, სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული შეცდომები სააღსრულებო ფურცელშიც შეიძლება იქნეს დაშვებული (მაგალითად, შეცდომები: სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღში, კრედიტორის ან მოვალის მისამართში, მათ საიდენტიფიკაციო მონაცემებში, კრედიტორის ან მოვალის არასწორად მითითებაში ან საერთოდ მიუთითებლობაში და ა.შ.), ასეთ შემთხვევებში წარმოიშობა მისი გასწორების აუცილებლობა, რაც უნდა გასწორდეს სსსკ-ის 260-ე მუხლისა და ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე (კანონის ანალოგია), (შდრ. საქმე №ას-603-562-2017, 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინება; საქმე №ას-923-873-2015, 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინება).

14. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება, გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

15. ხსენებული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (იხ. სუსგ 24.06.2011, საქმეზე №ას-636-597-2011; სუსგ 31.01.2019წ., საქმეზე №ას-1489-2018).

16. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციაზე უსწორობის გასწორების საკითხთან მიმართებით და განმარტავს, რომ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

17. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, რისი გათვალისწინებითაც კრედიტორის (მოსარჩელის) მოთხოვნის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების (წინამდებარე განჩინების 5.1 და 5.2 პუნქტებზე) აღსრულების მიზნით (სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 20.2 მუხლი) 2021 წლის 22 თებერვალს სააღსრულებო ფურცელი გასცა, თუმცა ნაცვლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებისა, აღსასრულებლად მიუთითა - 2019 წლის 22 აპრილის საოქმო განჩინება.

18. უსწორობის გასწორების შესახებ კრედიტორის განცხადებაზე დართული სააღსრულებო ბიუროს წერილით (სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ) აღმასრულებელი სწორედ აღსასრულებელი გადაწყვეტილების გამოტანის თარიღზე აპელირებს, რის გამოც კრედიტორისგან მოითხოვს ხარვეზის გამოსწორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის ,,გ“ პუნქტის საფუძველზე განუმარტავს კრედიტორს სააღსრულებო ფურცლის აღუსრულებლად დაბრუნების თაობაზე.

19. საკასაციო პალატის მითითებით, სწორედ, სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესრული 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც აღსასრულებელ გადაწყვეტილებასთან მიმართებით დაშვებულ იქნა ტექნიკური ხასიათის უსწორობა, კერძოდ, ნაცვლად სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებისა, აღსასრულებლად მიეთითა - 2019 წლის 22 აპრილის საოქმო განჩინება, რაც სსსკ-ის 260-ე მუხლის რეგულირების სფეროში ექცევა და ექვემდებარება შესწორებას, რაზეც მართებულად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ.

20. საკასაციო პალატის განმარტებით, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით, რის გამოც არ არსებობს მისი გაზიარების საფუძველი. ამასთან, სააღსრულებო ფურცელში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორება, გავლენას ვერ ახდენს გადაწყვეტილებით დადგენილ დავის მატერიალურსამართლებრივ შედეგზე და ხელს უწყობს გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია.

21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც, რომელიც არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ შეიცავს გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურ მოლოდინს (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq).

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე