Facebook Twitter

საქმე №ას-994-2021 23 დეკემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი – სს ,,მ.ე.კ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ი–ი (მოსარჩელე)

II კასატორი - გ.ი–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,მ.ე.კ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – საშტატო ერთეულის გაუქმებისა და მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ დამსაქმებლის ბრძანებების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, გამოუყენებელი შვებულების თანხისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გ.ი–მა (შემდგომ – მოსარჩელე, დასაქმებული, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი, მეორე კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,მ.ე.კ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, დამსაქმებელი, აპელანტი, პირველი კასატორი) მიმართ და მოითხოვა საშტატო ერთეულის გაუქმებისა და მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ დამსაქმებლის ბრძანებების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, გამოუყენებელი შვებულების თანხისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება, ასევე - დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2018 წლის 7 ივნისის ბრძანება; მოპასუხეს კომპენსაციის - 8500 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ასევე - 2018 წლის საშვებულებო ანაზღაურების სახით - 567 ლარის გადახდა; მოპასუხეს პირგასამტეხლოს - 567 ლარის 0.07%-ის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 18 ივნისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საშვებულებო თანხის (567 ლარის) გადახდის აღსრულებამდე. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (დამსაქმებელმა), მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოსარჩელემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა სასამართლოში, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტისა და შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაზეც ორივე მხარემ საჩივარით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით, მხარეთა საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ორივე მხარემ ზემოაღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ნოემბრის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო პალატას ერთობლივი განცხადებით მომართეს მხარეებმა, წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს ამ აქტში მოცემული პირობებით მისი დამტკიცება (იხ. მორიგების აქტი).

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე და მიიჩნევს მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც მხარეთა განმარტებით, ასევე საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის მიღწეულია მორიგება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მორიგების მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რისი გათვალისწინებითაც, სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და სსსკ-ის 372-ე და 399-ე მუხლების თანახმად (საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს; საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით) წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე, რის გამოც მხარეებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მორიგება სს „მ.ე.კ–სა“ (ს/კ .....) და გ.ი–ს (პ/ნ .....) შორის შემდეგი პირობებით:

2.1 სს „მ.ე.კ–ი“ (მოპასუხე) გ.ი–ს (მოსარჩელეს) არაუგვიანეს 2021 წლის 10 იანვრისა უნაღდო ანგარიშსწორების გზით გადაუხდის ხელზე ასაღებ 17 000 (ჩვიდმეტიათას) ლარს;

2.2 მოპასუხე ზემოაღნიშნულ პირობას შეასრულებს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე GE86TB7214245064300004 თანხის ჩარიცხვის გზით;

2.3 მოპასუხის მიერ მორიგების აქტის პირველი პუნქტით (ამ განჩინების 2.1 პუნქტი) განსაზღვრულ ვადაში მოსარჩელისათვის ხელზე ასაღები - 17 000 ლარის სრულად ან/და ნაწილობრივ გადაუხდელობის შემთხვევაში, მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.5%;

2.4 მორიგების აქტით, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით, მოსარჩელე სრულად აცხადებს უარს წინამდებარე დავაში არსებულ და მისგან გამომდინარე მოპასუხის მიმართ არსებულ ყველა მოთხოვნაზე. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერით მათ შორის არსებული ყველა დავა ამოწურულია და მორიგების აქტის ხელმოწერის მომენტისათვის მათ შორის არ არსებობს სხვა რაიმე დავა და/ან რაიმე სადავო საკითხი;

2.5 მხარეები აცხადებენ, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგების აქტის ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესასრულებლად;

2.6 მორიგების აქტის პირობის დარღვევის შემთხვევაში, მოსარჩელე უფლებამოსილია მიმართოს საქმის განმხილველ სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით;

2.7 მხარეები გაეცნენ მორიგების აქტს, მისი პირობები ჩამოყალიბებულია გასაგებად, ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას, აღიარებენ, ეთანხმებიან და ადასტურებენ მას ხელის მოწერით.

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

4. შეწყდეს წარმოება საქმეზე და განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

5. სს ,,მ.ე.კ–ს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 18.10.2021წ. №1634539642 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 475 ლარი.

6. გ.ი–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ს.მ–ძის მიერ 19.10.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი.

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან მიქაბერიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე