საქმე №ა-4083-ა-11-2021 24 დეკემბერი 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - მ.ლ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ჭ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, მ.ლ–ვას სარჩელი მოპასუხე მ.ჭ–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.ჭ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მ.ჭ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, რაც ამ უკანასკნელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, მ.ჭ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.ლ–ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებით, მემკვიდრისათვის გარდაცვლილის ვალის დაკისრების თაობაზე კრედიტორის (მოსარჩელის) მოთხოვნის უსაფუძვლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1484.1 და 1488-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შეუსრულებლობამ განაპირობა. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელისათვის იმთავითვე იყო ცნობილი მოვალის გარდაცვალების შესახებ, თუმცა გარდაცვლილის მემკვიდრის მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით, ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს. მას ასევე, გარდა მისი ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კანონით დადგენილ ვადაში უშუალოდ მემკვიდრეს მიმართა შესაბამისი პრეტენზიით.
5. 2021 წლის 26 აგვისტოს, უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მ.ლ–ვამ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
6. განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისთვის ცნობილი გახდა მ.ჭ–ის დაკითვის ოქმის შესახებ, რომლითაც დასტურდება კანონით დადგენილ ვადაში, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის, როგორც გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრისათვის მოთხოვნის წარდგენის შესახებ. განმცხადებლის მითითებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულების შესახებ მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო საქმის განხილვის ეტაპზე გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთან, თუ მოსარჩელე სასამართლოს წარუდგენდა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებას მოვალის მემკვიდრისათვის პრეტენზიის წარდგენის ვადა დაცული იქნებოდა და შესაბამისად აღარ იარსებებდა სსკ-ის 1488-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო პალატა განცხადების შინაარსისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საკითხი, არსებობს თუ არა ახლად აღმოჩენილ გარემოებათ გამო საქმისწარმოების განახლების საფუძველი, თუმცა მითითებულის შემოწმებამდე, სასამართლო ვალდებულია, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა შეამოწმოს. რადგან განცხადების დასაშვებობის შემოწმება სამართლის საკითხია, სასამართლომ, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა იგი.
9. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. იმავე კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
10. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევამდე სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს მისი დასაშვებობა. განცხადების წარმოებაში მიღების ერთ-ერთი წინაპირობა კი, მისი ვადის დაცვით წარდგენაა.
11. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მითითებით, მას დაცული აქვს განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა და აღნიშნავს, რომ 2020 წლის 28 აპრილის დასაბუთებული გადაწყვეტილება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე - 2021 წლის 18 აგვისტოს ჩაიბარა და სწორედ ამის შემდგომ, კერძოდ, 2021 წლის 23 აგვისტოს გახდა ცნობილი მოპასუხის დაკითხვის ოქმის შინაარსის შესახებ, სადაც ეს უკანასკნელი მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილი ვადის დაცვით მისთვის მოთხოვნის წარდგენას ადასტურებს, შესაბამისად, 2021 წლის 18 აგვისტომდე მოსარჩელისათვის არც უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების შინაარსისა და არც მოპასუხის მხრიდან მოთხოვნის წარდგენის შესახებ აღიარების თაობაზე არ იყო ცნობილი. განმცხადებლის მტკიცებით, ზემოაღნიშნულს მის მიერ სასამართლოში 2021 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით წარდგენილი განცხადება ადასტურებს, რომლის საფუძველზე მან საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 28 აპრილის დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა.
12. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებლის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ ამ უკანასკნელმა ვერ დაადასტურა, რომ დაცულია სსკ-ის 426-ე მუხლის შესაბამისად განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა. ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელე სარჩელში სწორედ მოპასუხის დაკითხვის ოქმზე აპელირებდა და მიუთითებდა, რომ ამ მტკიცებულებით დასტურდებოდა მოსარჩელესა და აწ გარდაცვლილ მოვალეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და მოსარჩელის მიერ მოვალისათვის თანხის გადაცემის ფაქტი. სწორედ მოსარჩელის არაერთი შუამდგომლობისა და სააპელაციო სასამართლოს მითითების (სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 მარტის განჩინებით, ამ საქმეზე სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება, შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოდან დაკითხვის ოქმების გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ 2014 წლის 22 მაისის საოქმო განჩინება და მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ 2014 წლის 22 მაისის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა) საფუძველზე გამოითხოვა სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოდან სისხლის სამართლის საქმიდან მოწმეთა დაკითხვის ოქმები, მათ შორის, მოპასუხის დაკითხვის ოქმი, რომელზეც განმცხადებელი საქმისწარმოების განახილების საფუძვლად მიიჩნევს. აღნიშნული მტკიცებულება საქმეშია განთავსებული ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (იხ. ტ. II, 86-89), რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დარღვეულია სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის წინაპირობა და არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.
13. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განცხადების დასაშვებად მიჩნევის პირობებშიც, ის უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
15. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით ითხოვს საქმისწარმოების განახლებას. მითითებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება, დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო (სუსგ. №ას-796-796-2018, 06.07.2018წ).
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ახლად აღმოჩენილ გარემოებად ვერ მიიჩნევს მხარის მიერ მითითებულ მტკიცებულებას - მოპასუხის 2013 წლის დაკითხვის ოქმს, რომლითაც მხარის განმარტებით, დასტურდება კრედიტორის მიერ მოვალის მემკვიდრისათვის კანონით დადგენილი ვადის დაცვით მოთხოვნის წარდგენა.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სწორად გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი განმცხადებლისათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. წარმოდგენილი განცხადება ვერ მიიჩნევა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, რადგან კანონმდებელი ასეთად მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა და ეს ფაქტი (ფაქტები) ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მაშინ სასამართლო გამოიტანდა საპირისპირო გადაწყვეტილებას (მთლიანად ან ნაწილობრივ). კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და, ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ისიც კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ 18.03.2021წ. საქმე №ას-7-2021).
18. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა მტკიცებულება, რომელზეც განმცხადებელი მიუთითებს საქმისწარმოების დროს საქმეში იყო განთავსებული და ამ მტკიცებულებით განმცხადებელი საქმისწარმოების დროს გარკვეული ფაქტების დადასტურებას ცდილობდა. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის გადასაწყვეტად კანონი არ მოითხოვს სასამართლოს მიერ კანონის გამოყენების სისწორის, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების, მტკიცებულებათა შეფასების სისწორის შემოწმებას. „სასამართლოს მთავარი ამოცანაა გამოარკვიოს, არსებობს თუ არა სახეზე ახლად აღმოჩენილი გარემოებები მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში და დაადგინოს, მოახდინეს თუ არა მათ გავლენა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეზე“ (იხ. დამატებით: შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბილისი, 2015 წელი, 732.).
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება ახლად აღმოჩენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რაც საფუძვლად დაედებოდა სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობასა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობას.
20. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე - ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ-ის მე-10 მუხლი, XXVIII თავი). ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმისწარმოება შესაძლოა, განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, როგორც უკვე ითქვა, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-14 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმისწარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ობიექტურად იყო უცნობი საქმისწარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს, ერთი მხრივ, ამ გარემოების საფუძვლიანობის უტყუარად დადასტურებას და, მეორე მხრივ, საპროცესო ვადების დაცვას, რათა არ შეილახოს მართლმსაჯულების სტაბილური როლი (სსსკ-ის 426-ე მუხლი).
21. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no.28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 53).
22. საკასაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, განცხადება არ აკმაყოფილებს განსახილველად დაშვების წინაპირობებს, წარმოდგენილი განცხადება როგორც დაუშვებელი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ლ–ვას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. მ.ლ–ვას (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 19.08.2021წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე