Facebook Twitter

საქმე №ას-486-486-2018 28 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ბ–ი (მოპასუხე)

დაინტერესებული მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – შვილად აყვანის ფაქტის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ზ.ბ–ძე (შემდგომში - „აღმზრდელი მამა“) დაიბადა 1956 წელს და გარდაიცვალა 2006 წლის 30 იანვარს.

2. ი.ბ–ი (შემდგომში - „აღმზრდელი დედა“) დაიბადა 1958 წელს და გარდაიცვალა 2016 წლის 20 დეკემბერს.

3. მ.მ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) ბიოლოგიური მამა არის გ.მ–ძე, ხოლო ბიოლოგიური დედა - ლ.მ–ძე (შემდგომში ერთად - „ბიოლოგიური მშობლები“).

4. აღმზრდელი მამა და აღმზრდელი დედა იყვნენ მეუღლეები (შემდგომში ერთად - „აღმზრდელები“ ან „აღმზრდელი მშობლები“). ბიოლოგიური დედა არის აღმზრდელი მამის და.

5. მოსარჩელე და მისი და, რომელიც ახლა გათხოვილია და ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად, ბიოლოგიურმა მშობლებმა აღსაზრდელად გადასცეს ბიძას და ბიცოლას (აღმზრდელებს). მათ ბიოლოგიურ მშობლებს ეკონომიკურად უჭირდათ.

6. მოსარჩელე სწავლობდა ჯერ სოფელ ...... საჯარო სკოლაში, ხოლო შემდეგ - სოფელ ...... საჯარო სკოლაში, სადაც მიიღო სრული ზოგადი განათლების ატესტატი. ამჟამად მოსარჩელე რეგისტრირებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... (...... ტერიტორიული ორგანო).

7. ი.ბ–ი (შემდგომში - „მოპასუხე“) არის აღმზრდელი დედის და. მოპასუხე საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად და მხარდამჭერად დაენიშნა აღმზრდელი დედა. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდგომ (2016 წლის 20 დეკემბერი) მოპასუხის მხარდამჭერად დაინიშნა მოსარჩელე.

8. აწ გარდაცვლილი აღმზრდელი დედის სახელზე ირიცხება ქ. ჭიათურაში, ..... ქუჩა 46 (ყოფილი ..... ქ. 46)-ში მდებარე უძრავი ქონება.

9. ამჟამად მოსარჩელე ცხოვრობს ჭიათურაში, .....ქ. 46-ში, აწ გარდაცვლილი აღმზრდელი დედის სახელზე რიცხულ ბინაში მოპასუხესა და თავის ქმარ-შვილთან ერთად და ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

10. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ცნობითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ხუთი წლის ასაკიდან ცხოვრობდა და იზრდებოდა აღმზრდელი მშობლების ოჯახში. მასთან ერთად იზრდებოდა ასევე მოსარჩელის ბიოლოგიური და.

11. 1992 წლის 20 აპრილს დაბადებული მოსარჩელე, რომელიც სარჩელის წარდგენის დროისათვის სრულწლოვანი პირია, აღმზრდელების ოჯახში შვილად იყო მიღებული.

12. სარჩელის წარდგენის დროისათვის ორივე აღმზრდელი გარდაცვლილია.

13. 2017 წლის 6 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა აღმზრდელი მშობლების გარდაცვალების შემდეგ შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება და მოსარჩელის დაბადების მოწმობაში, „მშობლების“ გრაფაში „მამად“ - აღმზრდელი მამის, ხოლო „დედად“ აღმზრდელი დედის ჩაწერა. სარჩელის თანახმად, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესია აღმზრდელის სახელზე არსებული ქონების მემკვიდრეობით მიღება.

14. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით მოპასუხეს მოცემულ საქმეზე დაენიშნა დამცველი (წარმომადგენელი სამოქალაქო საქმეზე) სახელმწიფოს ხარჯზე და ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს დაევალა საჩხერის რაიონულ სასამართლოში ადვოკატის მოვლინება. ამავე განჩინებით, მოპასუხის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლოში მისი სოციალური საჭიროებებიდან გამომდინარე დაევალა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონულ განყოფილებას, რომელიც სარჩელს არ დაეთანხმა. სარჩელი არ ცნო ასევე მოპასუხის წარმომადგენელმა.

15. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

17. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-12 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

18. სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სსკ-ის 1239-ე და 1240-ე მუხლებით.

19. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ის აღმზრდელი დედის ოჯახში შვილად იყო მიღებული, ხოლო ამგვარი სამართლებრივი საფუძვლით შვილად აყვანის დასადგენად კანონი (სსკ-ის 1240-ე მუხლი) განსაზღვრავს შვილად ასაყვანი სუბიექტის სტატუსს და მიუთითებს, რომ ის უნდა იყოს არასრულწლოვანი, განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელე სრულწლოვანი პირია.

20. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უმთავრესი და გადამწყვეტი ამ ტიპის სარჩელის დაკმაყოფილებისათვის არის კანონისმიერი დანაწესი, რომელიც იმპერატიულად ითხოვს, რომ აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება სასამართლოს წესით დადასტურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული, აგრეთვე, თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ (მ. 1240). სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლოს წესით შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებისთვის 2 პირობა ერთდროულად უნდა არსებობდეს: 1) არასრულწლოვანი ოჯახში შვილად უნდა იყოს მიღებული და 2) მშვილებელს სიცოცხლეშივე უნდა ჰქონდეს შეტანილი განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ.

21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში აღმზრდელი ისე გარდაიცვალა, რომ მას მსგავსი განცხადებით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

23. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

23.1. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის სრულწლოვანებაზე და კანონს არასწორად განმარტავს. მოსარჩელე არასრულწლოვანი მიიყვანეს ოჯახში და იქ გახდა სრულწლოვანი. იგი შვილად იყო მიღებული არასრულწლოვნების პერიოდში. სსკ-ის 1240-ე მუხლის მე-2 წინადადება - „თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული“, არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ აღმზრდელის გარდაცვალების დროისათვის უნდა ყოფილიყო მოსარჩელე არასრულწლოვანი. კანონის ეს მოთხოვნა ასე პირდაპირ არ უნდა იქნეს განმარტებული. მთავარია, არასრულწლოვნების პერიოდში იყოს სუბიექტი ოჯახში შვილად მიღებული, რა პირობასაც მოსარჩელე აკმაყოფილებს. რაც შეეხება სსკ-ის 1240-ე მუხლის მე-3 წინადადებას - „აგრეთვე, თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ“, ეს პირობები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პირობებია და მათი ერთდროულად არსებობა სავალდებულო არ არის;

23.2. მოსარჩელესა და აღმზრდელებს შორის არსებობდა შვილისა და მშობლის ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობის დაკანონებას ხელს არ უნდა უშლიდეს ის გარემოება, რომ აღმზრდელებს გარდაცვალებამდე განცხადება არ ჰქონდათ შეტანილი სასამართლოში. თუ ასეთი განცხადება იქნებოდა შეტანილი სასამართლოში, მაშინ მოსარჩელე აღიარებითი სარჩელით არ მიმართავდა სასამართლოს, არამედ - უფლებამონაცვლის (მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანო) ჩართვით გაგრძელდებოდა საქმის წარმოება სასამართლოში საერთო წესით;

23.3. მოპასუხე სოფელ რგანში კომლის უკანასკნელ წევრად ირიცხება, გააჩნია ქონება - საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. იმის საშიშროება, რომ შვილად აყვანის შემთხვევაში მოსარჩელე აღმზრდელი დედის დანაშთ ქონებას მიიღებს და მოპასუხეს ქონებრივი საფრთხე შეექმნება, რაც მოპასუხის წარმომადგენლების მოსაზრებაა, გამორიცხულია. ამასთან, მოსარჩელე მოპასუხეზე, როგორც დეიდაზე, სიყვარულით მზრუნველობს. მოსარჩელის მზრუნველობა მოპასუხის მიმართ დადებითად არის შეფასებული სოციალური სამსახურის მონიტორინგის მიერ. ამასვე ადასტურებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი. თუმცა, სასამართლომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ გაითვალისწინა.

24. კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა შუამდგომლობა საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის განსახილველად გადაცემის თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას და არ არსებობს მოსარჩელისა და მისი აღმზრდელი მშობლების ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 იანვრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

26. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის განსახილველად გადაცემის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობას საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის განსახილველად გადაცემის თაობაზე უნდა ეთქვას უარი, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

27. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს კასატორის შუამდგომლობაზე საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის განსახილველად გადაცემის თაობაზე.

28. საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ: ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას; ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას); გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას) [სსსკ-ის 3911 მუხლის პირველი ნაწილი].

29. კასატორის მოსაზრებით, საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას და არ არსებობს მოსარჩელისა და მისი აღმზრდელი მშობლების ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა. საკასაციო სასამართლო საქმის განხილვისას არ მისულა იმ დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის კანონით დადგენილი საფუძველი არსებობს. მართალია, საკასაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი საკითხი სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, საქმეთა განხილვისას წარმოშობილი ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემის შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის განსახილველად გადაცემა არ იქნება გონივრული და მიზანშეწონილი. საქმის იშვიათ სამართლებრივ პრობლემად მიჩნევას განაპირობებს ასევე მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის. შესაბამისად, კასატორის შუამდგომლობა საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის განსახილველად გადაცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

30. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, იგი ემყარება სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმების დარღვევას, კერძოდ, ნორმის არასწორ განმარტებას [სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები: საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი].

31. შვილად აყვანა იურიდიული ფაქტია, რომელიც შვილად ამყვანსა და ნაშვილებს შორის წარმოშობს ისეთ სამართლებრივ ურთიერთობას, რაც ღვიძლ მშობლებსა და შვილებს შორის არსებობს. შვილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობასა და ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს და მშვილებელსა და ნაშვილებს შორის მყარი და მუდმივი საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველი გახდება. კანონი უშვებს არა მარტო არასრულწლოვანის, არამედ სრულწლოვანი პირის შვილად აყვანასაც (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეხუთე, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2000, გვ. 244-245).

32. შვილება (შვილად აყვანა) დაიშვება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის, თუკი მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილებს შორის. სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია [სსკ-ის 1239-ე მუხლი].

33. შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ორგანოა სასამართლო [„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.2. მუხლი], რაც მას განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს შვილად აყვანის საქმეების განხილვისას და გადაწყვეტისას.

34. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას მშვილებლის განცხადებით იღებს სასამართლო მშვილებლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის შემდეგ [სსკ-ის 1242-ე მუხლი].

35. თუმცა, კანონი ითვალისწინებს ისეთ საგამონაკლისო შემთხვევას, როდესაც საოჯახო ურთიერთობა ფაქტობრივად არსებობდა შვილად აყვანის მსურველსა და შვილად ასაყვანს შორის, მაგრამ მშვილებელმა (აღმზრდელმა) სიცოცხლეში ვერ მოასწრო აღნიშნული ურთიერთობის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაფორმება ანუ შვილად აყვანა. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ექნება არა მშვილებლის მიერ ნაშვილების შვილად აყვანას, არამედ - სასამართლოს მიერ ნაშვილების შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებას. აღნიშნულ შემთხვევას აწესრიგებს სსკ-ის 1240-ე მუხლი, რომლის თანახმად, აღმზრდელის გარდაცვალებისას შვილად აყვანის ფაქტი შეიძლება სასამართლოს წესით დადასტურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული, აგრეთვე, თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ.

36. განსახილველ შემთხვევაში სადავოა საკითხი იმის შესახებ, სსკ-ის 1240-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის (შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება) განმაპირობებელი ორი გარემოება: 1. აღმზრდელის ოჯახში არასრულწლოვანის შვილად მიღება; 2. მშვილებლის მიერ სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ განცხადების სიცოცხლეშივე შეტანა, წარმოადგენს კუმულაციურ თუ ალტერნატიურ პირობებს ანუ შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებისთვის აუცილებელია თუ არა ამ ორი წინაპირობის ერთდროულად არსებობა.

37. კანონის გრამატიკული და ტელეოლოგიური განმარტების შედეგად, საკასაციო პალატა სსკ-ის 1240-ე მუხლით განსაზღვრულ ზემოაღნიშნულ გარემოებებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ (ალტერნატიულ) პირობებად განიხილავს და მიიჩნევს, რომ თითოეული წინაპირობის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სასამართლოს მიერ შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება.

38. ნორმის შინაარსის გარკვევა იწყება გრამატიკული განმარტებით. გრამატიკული განმარტებისას ნორმის შინაარსის ახსნა ხდება სიტყვათა მნიშვნელობისა და გრამატიკული წესების მიხედვით. გრამატიკული განმარტება არკვევს არა ერთმანეთისაგან იზოლირებული სიტყვების, არამედ მთლიანად წინადადების მნიშვნელობას. გრამატიკული განმარტება, ასევე, ითვალისწინებს სიტყვათა შორის ლოგიკურ კავშირს და მთლიანად წინადადების ლოგიკურ სტრუქტურას (იხ. გიორგი ხუბუა, „სამართლის თეორია“, მეორე, შევსებული და გადამუშავებული გამოცემა, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015, გვ. 187-188).

39. გრამატიკული მეთოდის მეშვეობით ხდება კანონის ნორმის, მისი ცალკეული წინადადების გამოკვლევა გამოყენებული სიტყვების მნიშვნელობის, სიტყვათა წყობისა და გრამატიკის ზოგადი წესების მიხედვით. ამ დროს მხედველობაში მიიღება როგორც ცალკეული სიტყვისა თუ ფრაზის ზოგადი (ენობრივი) გამოყენება, ისე იურიდიული, უპირატესად შესაბამის კანონში მინიჭებული მნიშვნელობა (იხ. დავით კერესელიძე, „კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები“, ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2009 წელი, გვ. 66).

40. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 1240-ე მუხლში მოცემული წინადადებების სტრუქტურას და აღნიშნავს, რომ შედეგის განმაპირობებელი ორი გარემოება (წინადადება): 1. „თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული“; 2. „თუ მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ“ ერთმანეთს უკავშირდება არა „და“ კავშირით, რაც აღნიშნული პირობების ერთდროულად არსებობაზე მიუთითებდა, არამედ - სიტყვით „აგრეთვე“, რომელიც განსაზღვრავს, რომ სასამართლოს წესით შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება შესაძლებელია ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც მშვილებელმა სიცოცხლეშივე შეიტანა განცხადება სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ.

41. ზემოაღნიშნულ დასკვნამდე მივიდა საკასაციო სასამართლო ასევე ნორმის ტელეოლოგიური განმარტების შედეგად.

42. ცალკეული ნორმის განმარტებისას გადამწყვეტია კანონის არსის გათვალისწინება და მისი მიზნის შესაბამისი განმარტება. ამასთან, მხედველობაში მიიღება არა მხოლოდ მიზანი, რომლის მიღწევასაც ესწრაფვის კანონმდებელი შესაბამისი ნორმით, არამედ ასევე ამ მიზნის სამართლიანობა და მიზანშეწონილობა. ეს განპირობებულია იმით, რომ თითოეული დებულება არ განიხილება არც შესაბამისი ინსტიტუტებისა თუ ცნებათა სისტემისგან იზოლირებულად, არც სამართლებრივი წესრიგისათვის დამახასიათებელი ფასეულობებისაგან დამოუკიდებლად. ის სამართლიანი და მიზანშეწონილობაზე დამყარებული სამართლებრივი წესრიგის ნაწილია (იხ. დავით კერესელიძე, „კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები“, ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2009 წელი, გვ. 74).

43. აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს აღმზრდელის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ სიცოცხლეში გამოხატული ნების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა. სიცოცხლეში აღმზრდელის ნება კონკრეტული პირის შვილად აყვანის შესახებ იმით არის გამოხატული, რომ, ერთ შემთხვევაში, მან არასრულწლოვანი შვილად მიიღო ოჯახში, ხოლო, მეორე შემთხვევაში, - მშვილებელმა განცხადება შეიტანა სასამართლოში შვილად აყვანის შესახებ. აღმზრდელის ნების გამოხატვის ორივე ფორმის ერთდროულად არსებობა, როდესაც თითოეულ შემთხვევაში ცალ-ცალკე მკაფიოდ ჩანს მისი განზრახვა კონკრეტული პირის შვილებაზე, აღნიშნული ნორმით განსაზღვრული მიზნის მიღწევას - შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებას თითქმის შეუძლებელს ხდის და ზედმეტად ამძიმებს შვილად ასაყვანი პირის მტკიცების ტვირთს.

44. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 1240-ე მუხლის გამოყენებაზე უარი იმ დასაბუთებით, რომ მასში მითითებული ორი წინაპირობა ერთდროულად უნდა არსებობდეს, უსაფუძვლოა და ემყარება კანონის არასწორ განმარტებას.

45. ასევე არ არის მართებული სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის უარყოფა იმ დასაბუთებით, რომ სსკ-ის 1240-ე მუხლით განსაზღვრული პირველი წინაპირობის (არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული) შემთხვევაში შვილად ასაყვანი სუბიექტი სარჩელის შეტანის დროს არასრულწლოვანი უნდა იყოს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-19 პუნქტი).

46. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ხუთი წლის ასაკიდან ცხოვრობდა და იზრდებოდა აღმზრდელი მშობლების ოჯახში. 1992 წლის 20 აპრილს დაბადებული მოსარჩელე, რომელიც სარჩელის წარდგენის დროისათვის სრულწლოვანი პირია, აღმზრდელების ოჯახში შვილად იყო მიღებული. სარჩელის წარდგენის დროისათვის ორივე აღმზრდელი გარდაცვლილია (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-10-მე-12 პუნქტები).

47. ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელე არასრულწლოვნების პერიოდში აღმზრდელების ოჯახში შვილად იყო მიღებული. თუმცა, სადავოა საკითხი იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა სასამართლოს მიერ შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ; ამ ფაქტის დადასტურების ერთ-ერთი წინაპირობის - „თუ არასრულწლოვანი ოჯახში შვილად იყო მიღებული“, არსებობისთვის აუცილებელია თუ არა არასრულწლოვანი იყოს შვილად ასაყვანი პირი სარჩელის წარდგენისას.

48. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 1240-ე მუხლის შინაარსიდან განსხვავებული მიდგომა სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირების მიმართ, რასაც რაიმე გონივრული და დასაბუთებული საფუძველი გააჩნია, არ გამომდინარეობს. შვილად ასაყვანი პირის სრულწლოვანება არ წარმოადგენს ამ ნორმით მინიჭებული უფლების რეალიზების დამაბრკოლებელ გარემოებას. იმ სრულწლოვანი პირებისთვის, რომლებიც არასრულწლოვნების პერიოდში შვილად იყვნენ მიღებული აღმზრდელების ოჯახში, შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმა სრულწლოვანებაზე მითითებით, არ შეესაბამება თავად სსკ-ის 1240-ე მუხლის მიზანს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ნორმის მიზანია აღმზრდელის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ სიცოცხლეში გამოხატული ნების სამართლებრივი რეგულირება. შესაბამისად, მთავარი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე არასრულწლოვნების პერიოდში აღმზრდელების ოჯახში შვილად იყო მიღებული, ხოლო ის, თუ როდის განახორციელა მან აღნიშნული უფლების რეალიზება - არასრულწლოვნების პერიოდში თუ სრულწლოვანების მიღწევისას, არ უნდა წარმოადგენდეს აღნიშნული ნორმის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველს. მით უმეტეს, რომ სსკ-ის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებია სრულწლოვანი პირის შვილებაც სწორედ იმ შემთხვევაში, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.

49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია და, შესაბამისად, არსებობს მისი გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი [გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული]. საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები [სსსკ-ის 411-ე მუხლი]. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

50. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სსკ-ის 1240-ე მუხლის გამოყენების საფუძვლები: სარჩელის წარდგენის დროისათვის ორივე აღმზრდელი გარდაცვლილია, ხოლო მოსარჩელე, რომელიც სარჩელის წარდგენის დროისათვის სრულწლოვანი პირია, არასრულწლოვნების პერიოდში აღმზრდელების ოჯახში შვილად იყო მიღებული. ამასთან, სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს სრულწლოვანი პირის შვილად აყვანისთვის კანონით დადგენილი პირობების არსებობაც [სსკ-ის 1239.2 მუხლი]. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირობებიც დაკმაყოფილებულია, კერძოდ, მშვილებლებსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლების ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.

51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. აღიარებულ (დადასტურებულ) უნდა იქნას აღმზრდელი მამისა და აღმზრდელი დედის მიერ მოსარჩელის შვილად აყვანა და მოსარჩელის დაბადების აქტის ჩანაწერში შეტანილ უნდა იქნას შემდეგი ცვლილებები: ა) დედის შესახებ გრაფაში მიეთითოს აღმზრდელი დედა; ბ) მამის შესახებ გრაფაში მიეთითოს აღმზრდელი მამა.

52. განსახილველ შემთხვევაში მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ისინი დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას [სსსკ-ის 46.1. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი] (იხ. ს. ფ. 219). შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი [სსსკ-ის 55.1. მუხლი: სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სსსკ-ის 55.3. მუხლი: თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო].

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. მ.მ–ძის შუამდგომლობა საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის განსახილველად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. მ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

4. მ.მ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

5. აღიარებულ (დადასტურებულ) იქნას ზ.ბ–ძისა (გარდაცვალების თარიღი: 2006 წლის 30 იანვარი, პირადი ნომერი: ......, გარდაცვალების აქტის ჩანაწერი №0160556) და ი.ბ–ის (გარდაცვალების თარიღი: 2016 წლის 20 დეკემბერი, პირადი ნომერი: ......., გარდაცვალების აქტის ჩანაწერი №62167000610) მიერ მ.მ–ძის (დაბადების თარიღი: 1992 წლის 20 აპრილი, პირადი ნომერი: .....) შვილად აყვანა;

6. მ.მ–ძის (დაბადების თარიღი: 1992 წლის 20 აპრილი, პირადი ნომერი: .......) დაბადების აქტის ჩანაწერში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: ა) დედის შესახებ გრაფაში მიეთითოს: სახელი - ი.; გვარი - ბ....; პირადი №.........; მოქალაქეობა - საქართველო; ბ) მამის შესახებ გრაფაში მიეთითოს: სახელი - ზ.; გვარი - ბ–ძე; პირადი №.....; მოქალაქეობა - საქართველო;

7. სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს;

8. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

9. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი