3გ/ად-1ბ-02 15 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი, ბ. კობერიძე
განმცხადებლის მოთხოვნა: გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «მ.-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტსა და სამტრედიის საგადასახადო ინსპექციას შპს «მ.-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 104 092 ლარისა და 40 თეთრის დაბრუნება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით. გადაწყვეტილების მიხედვით, თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური სახაზინო ანგარიშიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში ¹000102599, კოდი 220101107; შპს «მ.-ის» სარჩელს დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შევიდა კანონიერ ძალაში, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელსაც პირადი განცხადების საფუძველზე, 2002 წლის 25 მარტს ჩაბარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, იმავე დღეს განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს «მ.-ს» 104 092 ლარი და 40 თეთრი უნდა დაუბრუნდეს მისი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური სახაზინო ანგარიშიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში. ამდენად, კანონიერ ძალაში შესულმა გადაწყვეტილებამ შპს «მ.-ის» მიმართ ისე განსაზღვრა მისი, ფინანსთა სამინისტროს, მოვალეობა თანხის დაბრუნების შესახებ, რომ თავად სამინისტრო საქმეში არც მხარედ (მოპასუხედ) ყოფილა ჩართული და არც მესამე პირად. განმცხადებლის აზრით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღნიშნული სამართალურთიერთობის მონაწილეა, სასამართლოს მიერ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი, ამიტომ იგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩართული მესამე პირად, რაც არ განხორციელებულა და რაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადების კანონიერება-საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობის მოტივით, ვინაიდან განცხადებაში მითითებულ პროცესუალურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის I ნაწილის «ბ» პუნქტზე მითითება უსაფუძვლოა და საკასაციო სასამართლომ საქმე განიხილა ადმინისტრაციული-სამოქალაქო საპროცესო ნორმების დაცვით, სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე ყველა მხარის დასწრებით. სახელდობრ:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაზე. დავის საგანს წარმოადგენდა შპს «მ.-ის» მიერ ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) თანხის მოპასუხეთათვის დაკისრება. ამდენად, სადავო ურთიერთობა საჯარო სამართლებრივ, კერძოდ გადასახადების გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობას წარმოადგენდა და სასამართლო განხილვაშიც შესაბამისი მხარეები მონაწილეობდნენ: მოსარჩელე – შპს «მ.-ი», რომელიც ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხის დაბრუნებას მოითხოვდა; მოპასუხე, იგივე კასატორი – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი და სამტრედიის საგადასახადო ინსპექცია, რომელთაგანაც მოითხოვდა მოსარჩელე დღგ-ს თანხის ანაზღაურებას და მესამე პირი – გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობა, რომლის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებითაც გადაიხადა მოსარჩელემ სადავო დღგ-ს თანხა. ამრიგად, განსახილველ დავაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14, მე-16 მუხლების შესაბამისად, ჩართული იყო სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე ყველა მხარე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მიხედვით, ვინაიდან საგადასახადო კანონმდებლობის დაცვა და გადასახადების გამოანგარიშება-გადახდის სისწორესა და სისრულეზე კონტროლი საგადასახადო ორგანოთა მოვალეობაა, ამიტომ დავის განხილვაში მოპასუხე მხარედ ჩართული იყო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი და სამტრედიის საგადასახადო ინსპექცია, რომელთაც საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით დაეკისრათ შპს «მ.-ის» სასარგებლოდ 104 092 ლარისა და 40 თეთრის გადახდა, მოსარჩელის მიერ მითითებული ანგარიშიდან - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური სახაზინო ანგარიშიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში ¹000102599, კოდი 220101107, რომელიც წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის განკუთვნილ საბანკო ანგარიშს, საიდანაც ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების ანაზღაურება. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მითითება აღნიშნულ ანგარიშზე მოპასუხე საგადასახადო ორგანოებს სადავოდ არ გაუხდიათ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სადავო საგადასახადო ურთიერთობის მონაწილე მხარე არ ყოფილა, იგი არ არის პასუხისმგებელი საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით მას, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კი არ წარმოეშვა თანხის დაბრუნების ვალდებულება შპს «მ.-ის» წინაშე, არამედ ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხის დაბრუნება, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, დაეკისრა საქართველოს სახელმწიფოს, მოპასუხე საგადასახადო ორგანოების სახით, ხოლო თანხის ანაზღაურება უნდა მოხდეს სახელმწიფო ხაზინის მითითებული ანგარიშიდან. ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 252-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატის მიერ გადაწყვეტილებაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური სახაზინო ანგარიშის მითითება საპროცესო დარღვევას არ წარმოადგენს და არც ამავე კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.
ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, საკასაციო სასამართლომ სათანადო მხარეთა მონაწილეობით განიხილა საქმე და განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.