Facebook Twitter

საქმე №ა-3082-შ-78-2016 23 დეკემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ბელორუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს გომელის ოლქის ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე – „G. L.“

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებით ბელორუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს გომელის ოლქის ინსპექციის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას ბელორუსის რესპუბლიკის ქალაქ გომელის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც: „G.L “-ს (საქართველო, თბილისი, ........) დაეკისრა ბელორუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 17 941 274 რუბლის ოდენობით.

2. აღნიშნული განჩნების აღსრულებისათვის 2021 წლის 30 ივლისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცლის დედანი, რომელიც ფოსტის (შპს „ს.კ.ს–ბი“) მეშვეობით გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორს, შუამდგომლობაში მითითებულ მისამართზე: ბელორუსის რესპუბლიკა, ქალაქი გომელი, .......

3. 2021 წლის 23 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს წერილით მომართა შპს „ს.კ.ს–ბის“ დირექტორმა ნ. მ–მა და აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული გზავნილი გაიგზავნა ადრესატთან, მაგრამ ვინაიდან კოვიდრეგულაციების გამო ორგანიზაცია დაკეტილი იყო, გზავნილი ვერ ჩაბარდა ადრესატს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კონვერტი გამოთხოვილ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბრუნებლად, თუმცა გზავნილი დაიკარგა ტრანზიტულ ზონაში, შესაბამისად ვერ მოხერხდა მისი გამგზავნთან დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის საკითხი და მიიჩნევს, რომ უნდა გაიცეს მისი დუბლიკატი.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2671 მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

6. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. სასამართლოს განჩინება, რომელიც მიიღება სააღსრულებო წარმოების პროცესში და ექვემდებარება აღსრულებას, აღსრულდება შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელია სააღსრულებო ფურცლის გარეშე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი.

7. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო სააღსრულებო ფურცლის დედანი, შპს „ს.კ. ს–ბის“ მიერ 2021 წლის 4 აგვისტოს ნამდვილად გაეგზავნა ბელორუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს გომელის ოლქის ინსპექციას გზავნილზე მითითებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა ადრესატს. ფოსტამ კონვერტის საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნება ვერ უზრუნველყო, რაც დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი წერილით, რომელშიც აღნიშნულია, რომ გზავნილი დაიკარგა ტრანზიტულ ზონაში. ეს გარემოება უნდა შეფასდეს შპს „ს.კ. ს–ბის" მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობად და გზავნილის დაკარგვად.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, შპს „ს.კ. ს–ბმა" ვერ უზრუნველყო გზავნილის გამგზავნთან დაბრუნება, იმისთვის, რომ არ დაირღვეს მხარის უფლება და მან შეძლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინების აღსრულება, უნდა გაიცეს 2021 წლის 30 ივლისის სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე, 2671-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სამოქალაქო საქმეზე №ა-3082-შ-78-2016 გაიცეს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინების საფუძველზე, ამ განჩინების აღსრულების მიზნით;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი