საქმე №ას-1125-2021 21 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – გ.გ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ბ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისისა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.გ–ამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „განმცხადებელი“ ან „საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ბ–ისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და ნოტარიუს დ.ფ–ძის მიმართ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), რომლითაც მოითხოვა სააღსრულებო ფურცლებისა და იპოთეკის გაუქმება. მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სააღსრულებო ფურცლების მოქმედების შეჩერების შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა ნოტარიუს დ.ფ–ძის მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს გაცემული №180993124 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №A18111799 სააღსრულებო წარმოება და 2018 წლის 20 აგვისტოს გაცემული №180993456 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №A18111804 სააღსრულებო წარმოება. დადგინდა განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
3. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით პირველი მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინება დარჩა უცვლელი.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 2018 წლის 20 აგვისტოს გაცემული №180993124 და №180993456 სააღსრულებო ფურცლები 2018 წლის 20 აგვისტომდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაწილში გაუქმდა; 2018 წლის 20 აგვისტოდან პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ცვლილება შევიდა №180993124 და №180993456 სააღსრულებო ფურცლებში და პირგასამტეხლოს აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა შემდეგი სახით: №180993456 სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლო განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხიდან - 6200 ლარიდან, 2018 წლის 20 აგვისტოდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით; №180993124 სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლო განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხიდან - 11 000 აშშ დოლარიდან, 2018 წლის 20 აგვისტოდან აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05 %-ის ოდენობით.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
12. პირველმა მოპასუხემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებით პირველი მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა 2018 წლის 20 აგვისტოს ნოტარიუს დ.ფ–ძის მიერ გაცემული №180993124 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №A18111799 სააღსრულებო წარმოება და 2018 წლის 20 აგვისტოს გაცემული №180993456 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული №A18111804 სააღსრულებო წარმოება; დადგინდა მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების გაგრძელება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისის განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი.
15. განმცხადებელმა მიუთითა:
15.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე და სარჩელის უზრუნველყოფის მექანიზმის მნიშვნელობა განმარტა;
15.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე (საქმე №2/6/746, შპს „ჯ.მ–ზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას სასამართლოში. ამ ღონისძიების შეწყვეტა იმ პირობებში, როდესაც კვლავ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, აღსრულების გართულების რისკი ან სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გამოყენების სხვაგვარი საჭიროება, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობას;
15.3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“ და აღნიშნა, რომ სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული და არ უზრუნველყოფს უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას. საქმეში „დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი №8252/08)“ ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ პირს, რომელსაც გააჩნია სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ, სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულო აღსრულებას ექვემდებარება, არ შეიძლება დაეკისროს მოთხოვნათა იძულებითი დაკმაყოფილება ან სხვა მსგავსი მოქმედებები გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. მოსარჩელე მხარის ეფექტური დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული უწყებების მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას. თუ ადმინისტრაციული ორგანოები უარს აცხადებენ, ვერ ახერხებენ ან აჭიანურებენ ამ ვალდებულების შესრულებას, მოსარჩელე მხარისათვის სამართალწარმოების პროცესში მე-6 მუხლით მინიჭებული გარანტია აზრს კარგავს (იხ. Antonetto v. Italy, no. 15918/89, 20 ივლისი, 2000).
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა; იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 1971-ე მუხლებით და განმარტა, რომ საჩივარში მითითებული არგუმენტები არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების იურიდიულ საფუძვლებს, რამდენადაც საჩივარი შეიცავს ზოგადი ხასიათის მსჯელობას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და დავის საგნის დაცვის აუცილებლობის თაობაზე, ხოლო გასაჩივრებული განჩინების უსაფუძვლობის შესახებ კონკრეტული მითითებები მასში არ არის ასახული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
21. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მართლზომიერება.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მოპასუხის მიმართ და/ან მის წინააღმდეგ უშვებს, რათა დავის საგანი მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებისგან იყოს დაცული.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი).
25. საქართველოს უზენაესი სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე მსჯელობისას ხელმძღვანელობს სსსკ-ის 1991 მუხლით, რომლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
26. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი; შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, და შესაბამისად შეიცვალა უზრუნველყოფის ღონისძიებაც, კერძოდ, დადგინდა სააღსრულებო ფურცლების აღსრულების გაგრძელება გადაწყვეტილებით დადგენილი იურიდიული შედეგის შესაბამისად.
27. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაში, საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ პირველი მოპასუხისათვის ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი არ დგინდებოდა, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნია 2018 წლის 20 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლების პირგასამტეხლოს ნაწილში გაუქმება და მათში ცვლილებების შეტანა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე დამდგარი საპროცესო შედეგი მოპასუხეების მიმართ გამორიცხავს უზრუნველყოფის ღონისძიების თავდაპირველი ფორმით გამოყენების შესაძლებლობას, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა გასაჩივრებული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა.
28. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი მიღწეულია, რადგან საქმეზე მიღებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სააღსრულებო წარმოება უნდა გაგრძელდეს სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.
29. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებისა და მისი აღსრულების საშუალებას წარმოადგენს, მოცემულ საქმეზე დავა მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებითად დასრულებულია და სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით და დააკმაყოფილა პირველი მოპასუხის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.
30. რაც შეეხება უშუალოდ საჩივარში მითითებულ პრეტენზიებს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ისინი ზოგადი ხასიათის მსჯელობებს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და დავის საგნის დაცვის აუცილებლობის შესახებ. გასაჩივრებული განჩინების უსაფუძვლობაზე კონკრეტული მითითებები საჩივარში არ არის ასახული, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.გ–ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ივლისისა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი