საქმე №ას-1192-2021 24 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ნ.ლ–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.რ–სი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტისა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.რ–სმა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ლ–ვას (შემდგომში - „მოპასუხე“, „განმცხადებელი“ ან „საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი დარჩა განუხილველი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის მიერ სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით, მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, გამოხატული შემდეგი სიტყვებით: „მიმართვა ბინძურ და სასაფლაოს ჭიას, შარლატანს და ხალხის ქურდობით ცნობილს და ყველა სიმახინჯეზე თუ სიცრუეზე წამსვლელს - მ.(მ.) რ–სს...“; „ყველაზე სევდიანი კი ამ ყველაფერში ისაა, რომ ის ადამიანები, ვინც მის მეგობრებში არიან და თუნდაც მინიმალური საუბარი ჰქონიათ, ეშინიათ მისი მეგობრობიდან წაშლა. არაერთისგან გამიგია და მოუწერია, აი შვილი მყავს და რამე არ დაუშავოს, აი რამე არ გამიკეთოს და ა.შ. ნუ გეშინიათ!!! ამ ადამიანს არ აქვს არაფრის გაქანება!!! მხოლოდ იკვებება თქვენი ენერგიით და ფულით!!!“ „მ.(მ.რ–სი) ე.წ. “ნეკრომაგი“ შარლატანი, ვინც ავრცელებს ამ ცრუ ინფრომაციას!“; „ადამიანი არის ჭუჭყით სავსე, ადამიანი არ არის ფსიქიკურად ნორმალური, ეს მკაფიოდ ჩანს მის კომენტარში“, აღიარებული იქნა ცილისმწამებლურ განცხადებებად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მოსარჩელემ მიმართა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით და მოითხოვა მოპასუხეს საქმის გადაწყვეტამდე აკრძალვოდა ნებისმიერ სოციალურ ქსელში მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი სტატუსის და კომენტარების გაკეთება ან/და მასალების პუბლიკაცია.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს აეკრძალა სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის - სტატუსისა და კომენტარების გაკეთება ან/და მასალების პუბლიკაცია გამოხატული შემდეგი სიტყვებით: „მიმართვა ბინძურ და სასაფლაოს ჭიას, შარლატანს და ხალხის ქურდობით ცნობილს და ყველა სიმახინჯეზე თუ სიცრუეზე წამსვლელს - მ.(მ.) რ–ს...“; „ყველაზე სევდიანი კი ამ ყველაფერში ისაა, რომ ის ადამიანები, ვინც მის მეგობრებში არიან და თუნდაც მინიმალური საუბარი ჰქონიათ, ეშინიათ მისი მეგობრობიდან წაშლა. არაერთისგან გამიგია და მოუწერია, აი შვილი მყავს და რამე არ დაუშავოს, აი რამე არ გამიკეთოს და ა.შ. ნუ გეშინიათ!!! ამ ადამიანს არ აქვს არაფრის გაქანება!!! მხოლოდ იკვებება თქვენი ენერგიით და ფულით!!!“ „მ.(მ.რ–სი) ე.წ. “ნეკრომაგი“ შარლატანი, ვინც ავრცელებს ამ ცრუ ინფრომაციას!“; „ადამიანი არის ჭუჭყით სავსე, ადამიანი არ არის ფსიქიკურად ნორმალური, ეს მკაფიოდ ჩანს მის კომენტარში“.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი.
10. განმცხადებელმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
10.1. გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე-198-ე მუხლებით დადგენილ სტანდარტს. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა ემყარებოდეს შემდეგ აუცილებელ პირობებს: 1) უზუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას უნდა წარმოიშობოდეს ვარაუდი, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება; 2) სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობა უნდა აძნელებდეს ან შეუძლებელს ხდიდეს გადაწყვეტილების აღსრულებას და 3) სარჩელის უზრუნველყოფით მოთხოვნილი რომელიმე ღონისძიების გატარება აუცილებელი უნდა იყოს;
10.2. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში დაირღვევა სამართლიანი სასამართლოსა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, რაც განმცხადებელს სოციალურად უთანასწორო პოზიციაში ჩააყენებს, რამდენადაც შეილახება მისი ღირსება და საქმიანი რეპუტაცია;
10.3. სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ჰიპოთეტურად წარმოადგენს საკითხს იმის თაობაზე, რომ მოპასუხე განზრახ აყენებს შეურაცხყოფას მოსარჩელეს;
10.4. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმე, სადაც საჩივრის ავტორი ითხოვს მოსარჩელის მიერ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი სტატუსებისა და კომენტარების გაკეთების ან/და მასალების უარყოფას. მოსარჩელე არღვევს ზღვარს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის;
10.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებაში აღწერილი გარემოებები არ ქმნის ალბათობის მაღალ ხარისხით დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მომავალში შეიძლება საფრთხე შეექმნას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას. მოპასუხის მხრიდან გამორიცხულია ცილისმწამებლური განცხადებების გამოქვეყნება, რადგან იგი კონფლიქტის სამართლებრივი გზით მოგვარებას ცდილობს.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დარჩა უცვლელი.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანს გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა წარმოადგენს. გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების თავიდან აცილების მიზნით, მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების, კერძოდ, მოპასუხისათვის საქმის გადაწყვეტამდე ნებისმიერ სოციალურ ქსელში მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი სტატუსისა და კომენტარის გაკეთების ან/და მასალების პუბლიკაციის აკრძალვის თაობაზე.
14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე, მის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით სასამართლო დასკვნის გაკეთება დაუშვებელია იმ მიზეზით, რომ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შესაძლებელია სარჩელის საფუძვლის შეცვლა, სარჩელში მითითებული გარემოებებისა და მტკიცებულებების შევსება და სხვა საპროცესო მოქმედებების განხორციელება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ვარაუდი სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების შესახებ, უნდა ემყარებოდეს არა მტკიცებულებათა კვლევას, არამედ შემოწმებას, რამდენად აქვს მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში არ წარდგენილა საკმარისი მტკიცებულებები, რაც უზრუნველყოფის ღონისძიების დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა, არ იქნა გაზიარებული.
15. სააპელაციო პალატის მითითებით, საჩივარში წარდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის უზრუნველყოფის გაუქმების წინაპირობებს, სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ საბოლოო დასკვნა წარმოადგენს მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგს, რაც სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის განხილვის ეტაპზე არ წყდება.
16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამავე სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განჩინებაზე, რომლითაც მოპასუხის წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერება წარმოადგენს.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი).
23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს განმარტებით, ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ წევრი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. მისი თქმით, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).
24. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).
25. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით, მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია აღიარებული იქნა ცილისმწამებლურ განცხადებებად (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი).
26. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხისათვის საქმის გადაწყვეტამდე ნებისმიერ სოციალურ ქსელში მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი სტატუსის და კომენტარების გაკეთებას ან/და მასალების პუბლიკაციის აკრძალვას ითხოვს. ამასთან, მოსარჩელე განცხადებაში უთითებს, რომ დავის მიმდინარეობის პერიოდში მოპასუხე აქვეყნებს როგორც სტატუსებს, ისე კომენტარებს, სადაც ის კვლავ შეურაცხყოფს მოსარჩელეს.
27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით დაარღვია თანაზომიერების პრინციპი.
28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მოპასუხის მიმართ და/ან მის წინააღმდეგ, რათა მოსარჩელის კანონიერი ინტერესები მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებისგან იყოს დაცული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს აეკრძალა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის - სტატუსისა და კომენტარების გაკეთება ან/და მასალების პუბლიკაცია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი).
29. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განჩინებით მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დარჩა უცვლელი.
30. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამასთან, საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გამოყენების არამართლზომიერება.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ლ–ვას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტისა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი