საქმე №ას-683-2021 10 დეკემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ე.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – იბა „მ–ა-..“, იბა „მ–ა-..-ის“ წევრი გ.ფ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უფლების ბოროტად გამოყენება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით იბა „მ–ა-..“-ის (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, იბა ან ამხანაგობა) და ამხანაგობის წევრის გ.ფ–ის (შემდეგში: მეორე მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა:
1.1. ამხანაგობის წევრ ე.ბ–ს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) უფლება შეეზღუდა და ამხანაგობას 2012 წლის 5 დეკემბრის №4/2012 კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილების რეალიზაციისა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოპასუხის სათანადო წესით გაფორმებული თანხმობის გარეშე ამხანაგობის წევრთა ბინების/ ერთეულების რეგისტრაციის ნება დაერთო.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები მიიჩნია დადგენილად:
3.1. ამხანაგობის 2012 წლის 5 დეკემბრის წევრთა საერთო კრების №4/2012 ოქმის თანახმად, მოწონებულ იქნა ბინებზე/ერთეულებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ განშლის კორექტირებული პროექტი, მდებარე მ–ის ქუჩა ...., რაზედაც ამხანაგობის წევრებმა ხელმოწერით დაადასტურეს კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ნამდვილობა.
3.2. ამხანაგობის გადაწყვეტილებაზე მოპასუხეს თანხმობა არ განუცხადებია.
3.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 თებერვლის „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №882017045336-05“ გადაწყვეტილებით მოთხოვნილ იქნა მოპასუხის სათანადო წესით გაფორმებული თანხმობა 05/12/2012 წლის №4/2012 კრების ოქმთან მიმართებით, რაც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში ვერ იქნა წარდგენილი.
3.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 მარტის №882017045336-06 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
4. საქმის მასალების მიხედვით, მოპასუხე 2012 წლის 5 დეკემბრის ამხანაგობის წევრთა საერთო კრების №4/2012 ოქმით დადგენილ საკითხზე თანხმობის მიცემაზე უარის თქმის საფუძველად ამხანაგობის მიერ მოპასუხის დედის, ვ.ბ–ის ამხანაგობის წევრად აღრიცხვაზე უარის თქმას უკავშირებს. ამასთან მიუთითებს, რომ საფუძველი, თუ რატომ უნდა აღირიცხოს განშლის პროექტით მოპასუხის სახელზე კომერციული ფართი, მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ. ვინაიდან სასამართლოსთვის ცნობილია, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობს რამდენიმე დავა, მათ შორის 2012 წლის 5 დეკემბრის კრების ოქმთან დაკავშირებითაც, მოსარჩელეებს ამ უფლების რეალიზაციაზე უნდა ეთქვათ უარი.
5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებიდან და თავად მხარის განმარტებითაც დგინდება, მხარეებს შორის არაერთი სამოქალაქო დავა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოპასუხის დედის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით აღსრულდება და სადავო ფართზე მისი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება. შესაბამისად, სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებაც არ დაბრკოლდება.
6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) მე-8, 115-ე და 170-ე მუხლებზე მიუთითა, ყურადღება გაამახვილა მესაკუთრის უფლებების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობის საკითხზე, რაც არა მარტო კანონმდებლობით აკრძალულ ქმედებად, არამედ მესაკუთრის ზნეობრივ მოვალეობად იქნა წარმოჩენილი და აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით იქმნება ვითარება, როდესაც ერთ მხარეს დგას მოპასუხის უფლება, არ მისცეს თანხმობა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ფართების განაწილებისთვის, ხოლო მეორე მხარეს – ამხანაგობის დანარჩენი წევრების ინტერესი, ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ფართების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
7. დადგენილია, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ ამხანაგობის წევრის თანხმობა, რის გამოც საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, ხოლო ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის მოპასუხე წევრი ითხოვს ვ.ბ–ის ამხანაგობის წევრად დამატებას, რაც მის უარს, არსებით და დასაბუთებულ არგუმენტად ვერ აქცევს, მით უფრო მაშინ, როდესაც აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო დავები მიმდინარეობს და მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი ვერ დარჩება. ამდენად, ასეთი მოცემულობის პირობებში, აპელანტი მარტოოდენ იმ მიზნით იყენებს თავის უფლებას, უარი თქვას თანხმობის გაცემაზე, რომ ზიანი მიადგეთ მოსარჩელეებს, მისი ამგვარი მოქმედება მიზნად არ ისახავს უფლების განხორციელებისათვის აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას, რაც თავისთავად უფლების ბოროტად გამოყენებას უთანაბრდება.
8. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეს ამხანაგობის წევრების უფლების შელახვის კანონისმიერი საფუძველი არ გააჩნია და ყოველგვარი ობიექტურად დასაბუთებული მიზეზების არსებობის გარეშე მოპასუხისგან თანხმობის გაუცემლობა პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია უფლების ბოროტად გამოყენებად, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1 მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
14. კასატორის პრეტენზიების განხილვამდე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაზიარებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასება, რომ ამხანაგობის ოქმით დადგენილ საკითხზე მოპასუხის მიერ თანხმობის გაცემაზე უარი უფლების ბოროტად გამოყენებაა და მას საამისოდ პატივსადები და გამოკვეთილი ინტერესი არ გააჩნია. მოპასუხის ქმედებით, ზიანი ადგება ამხანაგობის დანარჩენი წევრების ინტერესებს და ისინი ვერ ახდენენ საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
15. კასატორის მტკიცებით კი, იგი არ არის სადავო ფართის მესაკუთრე, რომელზეც კრების ოქმი მიუთითებს და აღნიშნულის გამო თანხმობის გაცემაზე აცხადებს უარს. სასამართლოში წარდგენილი შესაგებელი აქარწყლებდა მოსარჩელის მიერ დასახელებულ გარემოებებს და სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას სადავო ფართის გარეშე დანარჩენი ფართების რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიეღო, რაც არ იქნა გათვალისწინებული.
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკუთრების უფლების განმამტკიცებელ ნორმებზე: სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას“. ამავე კოდექსის 115-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ „სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“.
17. ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებული და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “bona fides“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „ius civile“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. ეს პრინციპი განმტკიცებულია ეროვნული კანომდებლობის დონეზეც: სსკ-ის 8.3 და 115-ე მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ უპირობოდ მაინც მას ეფუძნება (იხ. სუსგ-ები: N ას-25-2021, 27.04.2021წ; N ას-73-2020, 17.06.2020წ; N ას-1351-2019, 08.05.2020წ; N ას-1326-2019, 13.03.2020წ; ას-833-2019, 15.11.2019წ).
18. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ საქმეშია განმარტებული, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქციაა ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (სუსგNას-1338-1376-2014,29.06.2015წ). კეთილსინდისიერების ჭრილში ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას აზუსტებს საკუთრების მარეგულირებელი სანივთო-სამართლებრივი ნორმებიც, რომლებიც კრძალავენ საკუთრებით ბოროტად სარგებლობის შემთხვევას და ასეთად განიხილავენ საკუთრებით ისეთ სარგებლობას, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია (სსკ-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილი). ამ მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა, ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევაში შესაძლებელია (იხ. სუსგ Nას-1326-2019წ, 13.03.2020წ) .
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის ორი საშუალება არსებობს – ვინდიკაციური სარჩელი და ნეგატორული სარჩელი. ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ მის მოთხოვნას ეს უკანასკნელი არ დაეთანხმება და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთის სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას, ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება, ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან (იხ. სუსგ Nას-25-2021, 27.04.2021წ).
20. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1.-3.4 ქვეპუნქტები), რაც საკასაციო სასამართლოს განსჯით, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივ წანამძღვრებს ქმნის.
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი) და მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდება ვ.ბ–ის საკუთრების უფლება სადავო ფართზე, იგი საჯარო რეესტრში აღირიცხება მესაკუთრედ და სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებაც არ დაბრკოლდება.
22. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, ამ განჩინებაში მითითებული მსჯელობის საწინააღმდეგოს დამტკიცების შესაძლებლობას არ ქმნის. კასატორის პრეტენზიები კი (იხ. მე-15 პუნქტი) არ არის გაზიარებული მათი უსაფუძვლობის გამო.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ე.ბ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 14 ივნისი), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური