Facebook Twitter

საქმე №ას-587-2021 12 იანვარი, 2022 წელი,

, თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებლი – შპს ,,P.D.G."

განმცხადებელის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.გ–ამ (ს–მა) (შემდგომ - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,P.D.G."-ის (შემდგომ - მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის 130 896 აშშ დოლარისა და 10 800 ლარის დაკისრება.

2. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით, მოპასუხეს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული თბილისში, ....... მდებარე №1 კომერციული ფართისა (მშენებარე, სართული №1 -112.75 კვ.მ. ფართი, ანტრესოლი - 104.24 კვ.მ ფართი, ს/კ. ......) და თბილისში, .......... მდებარე №5 კომერციული ფართის (მშენებარე) (სართული №1 101.98 კვ.მ ფართი, ანტრესოლი - 87.02 კვ.მ ფართი, ს/კ. ......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 71 160 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში (მოპასუხისათვის 101 496 აშშ დოლარისა და 9 300 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში), უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 69 660 ლარის, სახელმწიფო ბაჟის 651 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 1752 ლარის გადახდა დაეკისრა. ამავე გადაწყვეტილების მე-10 პუნქტით, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის (თანხის დეპოზიტზე განთავსების) თაობაზე მოპასუხის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

6. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების მე-10 პუნქტი და იმავე სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განჩინება; განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის - 73 345 ლარის განთავსება დაევალა; ამავე განჩინებით დადგინდა, რომ თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების შემდგომ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული თბილისში, ....... მდებარე №1 კომერციული ფართისა (მშენებარე, სართული №1 -112.75 კვ.მ ფართი, ანტრესოლი - 104.24 კვ.მ ფართი, ს/კ. ......) და თბილისში, ..... მდებარე №5კომერციული ფართის (მშენებარე, სართული №1 101.98 კვ.მ ფართი, ანტრესოლი - 87.02 კვ.მ ფართი, ს/კ. .......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, კასატორის (მოპასუხის) საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

9. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 10 იანვარს განცხადებით მომართა შპს ,,P.D.G.-მა", წარმოადგნა ნ.გ–ას ანგარიშზე 72063 ლარის ჩარიცხვის ქვითარი და განმარტა, რომ მან აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რის გამოც აღარ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების წინაპირობა და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტზე განთავსებული თანხა - 73345 ლარი უნდა დაუბრუნდეს განმცხადებელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო პალატა განცხადების შინაარსისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში (მოპასუხისათვის 101 496 აშშ დოლარისა და 9 300 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში), უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 69 660 ლარის, სახელმწიფო ბაჟის 651 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 1752 ლარის გადახდა დაეკისრა.

12. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა) და მის ნაცვლად სსსკ-ის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის საგნად მიჩნეულ იქნა სსიპ საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა - 73 345 ლარი.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, კასატორის (მოპასუხის) საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით შპს ,,P.D.G.-ის" ვალდებულება ნ.გ–ას (ს–ის) მიმართ შეადგენს 72063 ლარს (69 660 ლარი + სახელმწიფო ბაჟი - 651 ლარი + ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 1752 ლარი).

14. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალების თანახმად, მან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა ნებაყოფლობით და კრედიტორის სასარგებლოდ ჯამში 72063 ლარი გადაიხადა (გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტი დაადასტურა კრედიტორმაც).

15. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. კერძოდ, სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საჭიროა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის აღსრულებამდე. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, კასატორმა ნებაყოფლობით აღასრულა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რის გამოც, სახეზე აღარაა ამავე კოდექსის 191-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობა, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა გამოყენებული უზრუნვლყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და შპს ,,P.D.G.-ს" უნდა დაუბრუნდეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 2021 წლის 13 აგვისტოს №226 საგადახდო დავალებით ჩარიცხული 73345 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 195-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,P.D.G.-ის" განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (რომლითაც მოპასუხეს - შპს "P.D.G.”-ს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული თბილისში, .....მდებარე №1 კომერციული ფართისა (მშენებარე, სართული №1 -112.75 კვ.მ ფართი, ანტრესოლი - 104.24 კვ.მ ფართი, ს/კ. ..........) და თბილისში, ....... მდენარე №5კომერციული ფართის (მშენებარე, სართული №1 101.98 კვ.მ ფართი, ანტრესოლი - 87.02 კვ.მ ფართი, ს/კ. ........) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა) - დეპოზიტზე თანხის განთავსებით;

3. შპს ,,P.D.G.-ს" (ს/კ ........) დაუბრუნდეს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 2021 წლის 13 აგვისტოს №226 საგადახდო დავალებით ბ.ბ–ის მიერ ჩარიცხული 73345 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

ვლადიმერ კაკაბაძე