Facebook Twitter

3 დეკემბერი, 2021 წელი,

№ას-827-2021 თბილისი,

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ზ.ზ–ძე, თ.ზ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.ბ–ი“ (სს „ფ.ბ.ს–ოს“ უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის (გასაჩივრებულ ნაწილში) დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზ.ზ–ძე (შემდეგში - მოვალე, მსესხებელი, პირველი მოპასუხე, პირველი კასატორი) და თ.ზ–ძე (შემდეგში - პირველი თავდები, მეორე მოპასუხე, მეორე კასატორი) ასაჩივრებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინებას, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, სს ,,ფ.ბ.ს–ოს “ (შემდეგში - მოსარჩელე, კრედიტორი, გამსესხებელი, ბანკი) სარჩელი დაკმაყოფილდა. სესხის ხელშეკრულებათა მოვალესა და თავდებ პირებს სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელით მოთხოვნილი თანხის კრედიტორისათვის გადახდა. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

2.1. კასატორთა მოსაზრებით, სარჩელის შეტანის დღიდან წყდება სესხის ხელშეკრულების მოქმედება და მასზე სახელშეკრულებო სარგებლის დარიცხვა, შესაბამისად სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ სესხის სარგებელი სასამართლოს მოპასუხეთათვის არ უნდა დაეკისრებინა, რაც შეეხება სარჩელის შეტანამდე პერიოდს, კასატორის მსჯელობით, სასამართლოს სესხის სარგებლის გადახდა არ უნდა დაეკისრებინა მოპასუხეთათვის ვალდებულების საპატიო მიზეზით შეუსრულებლობის გამო.

2.2. კასატორთა მოსაზრებით, სასამართლოს უნდა შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 და 16 სექტემბრის განჩინებით, დასაშვებობის შემოწმების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. 2017 წლის 18 ივლისს ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო N287647.3300.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდეგში - პირველი სესხის ხელშეკრულება). ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელმა ბანკისგან 1098 დღის ვადით (18.07.2017 წლიდან 20.07.2020 წლამდე) სესხად მიიღო 8000.00 (რვა ათასი) ლარი. სესხით სარგებლობისათვის განისაზღვრა 27.00%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელ თანხაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1.00%-ის საურავის დაკისრება. ამასთან, საურავის დარიცხვა შესაძლებელი იყო მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში. 2019 წლის 17 მაისს, ხოლო მოგვიანებით იმავე წლის 28 ივნისს სესხის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით არსებული დროისთვის მიმდინარე დავალიანება 4414.08 ლარით განისაზღვრა და შედგა ახალი გადახდის გრაფიკი.

5.2.2. პირველი სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ხ.ზ–ძესთან და დ.დ–ძესთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდების პასუხისმგებლობა განსაზღვრულია 11,900.00 (თერთმეტი ათას ცხრაასი) ლარით.

5.2.3. 2018 წლის 18 სექტემბერს ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო N287647.3300.003 სესხის ხელშეკრულება (შემდეგში - მეორე სესხის ხელშეკრულება), რომლის შესაბამისად, მსესხებელმა ბანკისგან 7000.00 (შვიდი ათასი) ლარი, 1098 დღის ვადით, 18.09.2018 წლიდან 20.09.2021 წლამდე ისესხა. სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი 33.00%-ით განისაზღვრა. ხელშეკრულებითვე დადგინდა სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხაზე საურავის დარიცხვა, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1.00%-ს შეადგენდა. ამასთან, საურავი უნდა დარიცხულიყო მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში. 2019 წლის 17 მაისს, ხოლო მოგვიანებით იმავე წლის 28 ივნისს შევიდა სესხის ხელშეკრულებაში ცვლილება, რომლის მიხედვით არსებული დროისთვის მიმდინარე დავალიანება 6578,98 ლარით განისაზღვრა და შედგა ახალი გადახდის გრაფიკი.

5.2.4. მეორე სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია მეორე კასატორთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდების პასუხისმგებლობა განსაზღვრულია 11,200.00 (თერთმეტი ათას ორასი) ლარით.

5.2.5. 2019 წლის 9 ოქტომბერს მოვალესა და თავდებ პირებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების დასაფარად.

6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 868.1-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი), 873-ე (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 891-ე (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობით ვალდებულებებისათვის), 893-ე (თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება) და 898.1 (თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე) მუხლები.

7. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის საბანკო კრედიტის ორი ხელშეკრულება დაიდო, რომლის შესაბამისად მსესხებელმა სასყიდლიანი სესხის 2024 წელს დაბრუნების ვალდებულება იკისრა. მსესხებელმა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ყოველთვიურად გადაეხადა სესხის დაფარვის გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული თანხა ჯეროვნად არ შეასრულა. სესხის ხელშეკრულების დადებიდან მალევე, მოვალემ სესხის დაფარვა შეწყვიტა. მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში სადავო არაა, ამ ფაქტს აღიარებს თავად მოვალეც, რომლის განმარტებით, მისი ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ ვეღარ შეძლო სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად შესრულება. შესაბამისად, განსახილველ დავაზე მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურებულია და მტკიცებას არ საჭიროებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ბანკმა მოვალესა და თავდებ პირებს ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაუგზავნა გაფრთხილების წერილი და 14 დღის ვადაში სესხისა და სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის სრულად დაფარვა მოსთხოვა. გარემოებათა ეს ერთობლიობა ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ ბანკმა სესხის ხელშეკრულება სსკ-ის 873-ე მუხლის წინაპირობათა დაცვით შეწყვიტა.

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, რომელიც ამ სამართლებრივი ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისკენ უბიძგებს კრედიტორს, მოვალისათვის განსაზღვრულ უარყოფით შედეგებთანაა დაკავშირებული, რაც შეიძლება გამოიხატოს მოვალისათვის პირგასამტეხლოს (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები) ან/და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების (სსკ-ის 411-ე მუხლი) დაკისრებით.

9. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ იხელმძღვანელა მოვალესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების პირობებით და მოვალისათვის დავალიანების დაკისრების სახით მოითხოვა როგორც -სესხის ძირი თანხის, ასევე სესხის ხელშეკრულების სრული ვადის სარგებლისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება და სარგებლის როგორც აქცესორული უფლების მოქმედების ფარგლები არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა, კერძოდ, „სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის №ას-1701-1685-2011 გადაწყვეტილება და 2017 წლის 30 ივნისის №ას-408-381-2017 განჩინება).

11. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სესხს სარგებელი ერიცხება, მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტამდე, სესხის ხელშეკრულებაში იმპლემენტირებული დათქმა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მოვალისათვის სარგებლის გადახდევინების დავალდებულების თაობაზე უნდა განიმარტოს, მხარეთა შეთანხმებად სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაწესებულ ერთიან პირგასამტეხლოზე.

12. პირგასამტეხლოს არსი მის საჯარიმო (სანქცირებით) ხასიათში ვლინდება. მისი გამოყენება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. პირგასამტეხლოს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს. იგი, ერთი მხრივ, მოვალის (კონტრაჰენტის) წახალისების საშუალებაა, რათა მან ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, (პრევენციული ფუნქცია) შეასრულოს, ხოლო, მეორე მხრივ, მისი ფუნქცია, კონტრაჰენტის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი სანქციის დაკისრებაში გამოიხატება, რათა ამით მიყენებული ზიანი სწრაფად ანაზღაურდეს (რესტიტუციული ფუნქცია, რომელიც არ უნდა ატარებდეს სიმბოლურ ხასიათს)... პირგასამტეხლო შეიძლება განისაზღვროს როგორც ჯარიმის (განსაზღვრული ფულადი თანხის), ისე საურავის სახით (ვადაგადაცდენილი პერიოდისთვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა). ჯარიმა, როგორც წესი, გამოიხატება კონკრეტულ თანხაში, ხოლო, საურავი – პროცენტში, რომელიც დარიცხვას ვალდებულების დარღვევის შემდეგაც განაგრძობს... კრედიტორის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა მას ავტომატურად უკარგავს პირგასამტეხლოს თაობაზე მოთხოვნის დაყენების უფლებას. გამონაკლისი შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც მხარეები სხვა წესზე შეთანხმდნენ (სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის კომენტარი, სერგი ჯორბენაძე, გვ. 780-791; http://lawlibrary.info/ge/books/giz2019-ge-civil_code_comm_III_book.pdf ).

13. საგულისხმოა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო მხოლოდ 2 თვის (60 დღე) განმავლობაში, რაც საკასაციო პალატის განსჯით, სწორედ იმ გარემოებით იყო განპირობებული, რომ ბანკს, ამ პერიოდის სესხის სარგებლის გადაუხდელობის შემდეგ წარმოეშობოდა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება, შესაბამისად კრედიტორს პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰქონდა როგორც შესრულების ვადაგადაცილებისათვის (საურავი), ისე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის სესხის სრული პერიოდის სარგებლის ტოლფასი ერთიანი თანხის სახით (ჯარიმა). საკასაციო პალატის განმარტებით, ვალდებულებითი სამართალი არ გამორიცხავს მოვალისათვის რამდენიმე პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას, მით უფრო, რომ მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში შეთანხმდნენ ვალდებულებითი სამართალურთიერთიერთობის ამგვარ მოწესრიგებაზე, შესაბამისად ისინი უნდა შეიკრიბოს და მოვალეს მათი შეჯამებული ოდენობა უნდა დაეკისროს ასანაზღაურებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს პირგასამტეხლოს გონივრულობის კრიტერიუმამდე შემცირების სამართლებრივი წანამძღვრები, რის შესახებაც მოპასუხემ კვალიფიციური შედავება უნდა წარმოადგინოს.

14. კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია, ნათია ჩიტაშვილი, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf ).

15. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეებს საქმეზე წარმოდგენილი არ აქვთ კვალიფიციური შესაგებელი სესხის სარგებლისა თუ პროცენტის დაკისრების უსაფუძვლობის ან/და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამატეხლოს შემცირების თაობაზე. საკასაციო პალატა კასატორებს მიუთითებს, რომ მათ შესაგებელშივე უნდა მიეთითებინათ, თუ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით არ ცნობდნენ სარჩელს (სსსკ-ის 448.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხის წერილობით პასუხში (შესაგებელში) მითითებული უნდა იყოს: დ) თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელის წინააღმდეგ), მათ შორის წამოეყენებინათ პრეტენზიაც პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისა და მისი შემცირების მოთხოვნითურთ. მხარეები საპროცესო სამართალურთიერთობაში მოქმედებენ რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის ფუნდამენტური პრინციპების ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სამართლებრივი ხერხითა და მეთოდით, რომელ სამართლებრივ ბერკეტებზე მითითებით დაუპირისპირდნენ სარჩელს და როგორ გააქარწყლონ ან შეარბილონ/შეამცირონ მათთვის დასაკისრებელი პასუხისმგებლობის ფარგლები. სასამართლო სამართალწარმოების განხორცილების პროცესში შეზღუდულია პროცესის მონაწილე სუბიექტთა ნების გამოვლენის ფარგლებით, სასამართლო სამართალწარმოებას ახორციელებს, ერთი მხრივ, სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის, ხოლო, მეორე მხრივ, სარჩელის წინააღმდეგ წარმოდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი, დამაბრკოლებელი თუ შემწყვეტი შესაგებლების ურთიერთ შეპირისპირების ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაშიც, მსესხებელს პირგასამტეხლოს შემცირებაზე თუ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პერიოდზე „სარგებლის“ (პირგასამტეხლოს) დაკისრების უსაფუძვლობაზე უნდა მიეთითებინა მის ძირითად საპროცესო დოკუმენტში, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ეს მოთხოვნა დაეყენებინა მოსამზადებელ სხდომაზე, საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დაწყებამდე. განსახილველ შემთხვევაში კი მოპასუხეები, შესაგებელში მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლნენ, რომ მათ ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ შეძლეს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, რის გამოც სესხის სარგებელი და პირგასამტეხლო არ უნდა დაჰკისრებოდათ.

16. სასესხო ვალდებულების საპატიო მიზეზით (გადახდისუუნარობა) შეუსრულებლობის თაობაზე მოპასუხეთა მტკიცებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის მოვალემ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეიბოჭა თავი სახელშეკრულებო ვალდებულებით და მასვე ევალებოდა სესხის გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულება. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო, სახელშეკრულებო ვალდებულების (სესხის თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდის) შესრულებისგან მოვალის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის. ამ საკითხის სხვაგვარად მოწესრიგება გაუმართლებლად ხელყოფდა კრედიტორის ინტერესებს, რომელიც მოვალისგან კეთილსინდისიერად მოელის სახელშეკრულებო ვალდებულების დროულ და ჯეროვან შესრულებას. აქედან გამომდინარე, კასატორთა მტკიცება სესხის ხელშეკრულების (შეწყვეტამდე პერიოდის) სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის არამართლზომიერების თაობაზე დაუსაბუთებელია და მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტირებულობას.

17. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, აკომპენსირებს რა შესაძლო ზიანს და სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიმართ კრედიტორის ინტერესს, პირგასამტეხლოს სარგებლის ტოლფასი ოდენობით განსაზღვრა არ ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს განსაზღვრის გონივრულობის კრიტერიუმს.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობის ორმხრივი გარიგების არსებით პირობად სსკ-ის 892-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიჩნევს თავდების წერილობით განცხადებას (თანხმობას) და შეთანხმების მიღწევას თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრულ მაქსიმალურ (ზღვრულ) თანხაზე. ნორმის მიზანი თავდების ფინანსური ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან ზღვრული თანხის მითითება გამორიცხავს თავდების პასუხისმგებლობის გაზრდის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილ მოთხოვნას ერიცხება პროცენტი ან/და პირგასამტეხლო (საურავი). ნორმა იმპერატიულია, საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია, როგორც კანონსაწინააღმდეგო (მართლსაწინააღმდეგო) გარიგება (სსკ-ის 54-მუხლი). მიუხედავად უზრუნველყოფილი ვალდებულების ზრდისა, თავდები ყველა შემთხვევაში, პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულებაში ან/და თავდების განცხადებაში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (სსკ-ის 898.1 მუხლი).

19. განსახილველ შემთხვევაში, მეორე კასატორის მიერ თავდებობის ნება გამოვლენილია წერილობით, თავდებობისვე შეთანხმებით განსაზღვრულია იმ ზღვრული თანხის ოდენობა, რომლის ფარგლებშიც თავდებმა იკისრა სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფა, შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში გამოკვეთილია თავდებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი წანამძღვრები.

20. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

21. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.და თ.ზ–ძეების საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

ა.წულაძე