№ას-1199-2021 21 დეკემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ალექსანდრე წულაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „ს.ს.“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „T. E.“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის ღონისძიების მეორეთი შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უზრუნველყოფის გარანტიის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 აგვისტოს განჩინებით შპს „ს.ს–ის“ (შემდეგში - მოსარჩელე, , განმცხადებელი, საჩივრის ავტორი) მოთხოვნის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „T. E.”-ს (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) დავის დასრულებამდე აეკრძალა სატელევიზიო არხების Discovery Channel Planet, TLC, Eurosport 1, Eurosport 2. არამართლზომიერი გადაცემა-ტრანსლაცია.
2. აღნიშნული განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც, ამავდროულად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების შემთხვევაში, დავაზე საპროცესო უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენება მოითხოვა.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის შუამდგომლობა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით, 15 000 (თხუთმეტიათასი) ლარის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება. მოპასუხემ საპროცესო გარანტია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა.
5. 2021 წლის 20 მაისს, მოსარჩელემ სასამართლოს უზრუნველყოფის გარანტიის ჩანაცვლების მოთხოვნით მიმართა, კერძოდ, მოსარჩელემ სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 15 000 ლარის სანაცვლოდ, კომპანიის ბალანსზე რიცხულ ნივთებზე (1. სერვერი P06478-B21 -1 ცალი 2. სერვერი P06478-B21 -1 ცალი 3. როუტერი CCR1036-12G 4S-EM - 1 ცალი 4. ოპერატიული მეხსიერება 16gb-იანი მოდული (დამატებული)- 2 ცალი 5. მყარი დისკი Ssd 500gb (დამატებული)- 4 ცალი 6. Intel X710-DA2 10GB-Express (დამატებული)- 2 ცალი 7. აპარატურა TERRA SDI410C-5 ცალი) ყადაღის დადება მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, მის მიერ შეთავაზებული ქონების ღირებულება საექსპერტო დასკვნის თანახმად, 18 200 ლარს შეადგენდა, რაც დეპოზიტზე განთავსებულ საგარანტიო თანხას რამდენადმე აღემატებოდა.
6. აღნიშნულ განცხადებაზე სასამართლოში მოსაზრება წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხემ), რომელიც არ დაეთანხმა განცხადებას, მის დაკმაყოფილებაზე უარი მოითხოვა და მიუთითა, რომ მოპასუხისთვის მიყენებული ზიანი უზრუნველყოფის გარანტიის სახით წარმოდგენილი კავშირგაბმულობის ტექნიკით ვერ ანაზღაურდებოდა. მოპასუხის მოსაზრებით, კავშირგაბმულობის ტექნიკა ძნელად რეალიზებადი იყო მისი სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე და შესაძლებელი იყო მათი რეალიზაცია ვერ მომხდარიყო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ შეფასებულ თანხებში (მათი ცვეთისა და მოძველებული მოდელების გამო, რადგან ტექნიკა დღითიდღე სწრაფი ტემპით იცვლება და ვითარდება). გარდა ამისა, მოპასუხის განმარტებით, შესაძლებელია, კავშირგაბმულობის ტექნიკის რეალიზაცია დროში გაწელილი პროცესი ყოფილიყო, რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა მას.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით, განმცხადებლის მოთხოვნა საპროცესო უზრუნველყოფის გარანტიის საგნის შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
8. 2021 წლის 5 აგვისტოს სასამართლოს საჩივრით მიმართა განმცხადებელმა, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
8.1. საჩივარის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ მხოლოდ მოპასუხის პოზიცია გაიზიარა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიების გამოყენებით, მას მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა, ხოლო ის გარემოება, რომ განმცხადებლის მიერ უზრუნველყოფის გარანტიის ჩანაცვლებისათვის შემოთავაზებული უძრავი ქონების ღირებულება გაცილებით აღემატებოდა გარანტიის სახით დეპოზიტზე ჩარიცხული თანხის ოდენობას უსაფუძვლოდ უგულებელყო. მომჩივანის განმარტებით, საგარანტიო თანხის ბრუნვიდან ამოღება უარყოფითად აისახა მის ბიზნესსაქმიანობაზე, კომპანია ვერ ახერხებდა ატრიბუტების შესყიდვას და შემდგომ სასტუმროების ქსელებში მიყვანას, შემოსავლის შემცირება აისახა მუშა-მოსამსახურეების სახელფასო დავალიანების გასტუმრებაზეც და ა.შ.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, განმცხადებლის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე მოთხოვნის შინაარსს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოითხოვს შებრუნებული საპროცესო უზრუნველყოფის სახით საგარანტიო თანხის ნაცვლად, უზრუნველყოფის საგნად მის საკუთრებაში რიცხული მოძრავი ქონების გამოყენებას.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე. ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორი ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს. მაგალითად, მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია მიიღოს განჩინება სარჩელისა და, მათ შორის, ჯერ კიდევ არაღძრული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამ საპროცესო ღონისძიების პარალელურად კი, სსსკ-ის 199-ე მუხლი ითვალისწინებს მეორე მხარისათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფას (თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე) ე.წ. საპასუხო უზრუნველყოფას, რომელიც ამავე კოდექსის 57-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა განხორციელდეს. მითითებული ნორმის თანახმად, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად. 2. სასამართლომ შეიძლება შეღავათიანი პირობებით დაუშვას უზრუნველყოფის სხვა საშუალება, კერძოდ, რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობა.
12. ამრიგად, სსსკ-ის 57-ე მუხლის მითითებული დანაწესი კონცეპტუალურად უზრუნველყოფის საპროცესო გარანტიად ფულად თანხას ან ფასიან ქაღალდებს, ასევე სასამართლოს დისკრეციის ფარგლებში საგარანტიო თანხაზე რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემულ თავდებობას (შესაძლებელია ვიგულისხმოთ საბანკო გარანტიაც) მოიაზრებს. რაც შეეხება საპროცესო გარანტიად სხვა მატერიალური აქტივის გამოყენებას, ამ შესაძლებლობას კანონმდებელი საგამონაკლისო წესით, სამართალწარმოების მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევას უკავშირებს. საკასაციო პალატის განსჯით, მითითებული ნორმა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საპროცესო ურთიერთობებში ძალთა თანაფარდობის უზრუნველყოფას ემსახურება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პარალელურად, მოსარჩელეს ავალდებულებს მოპასუხისათვის განჭვრეტადი ზიანის ანაზღაურება უზრუნველყოს საგარანტიო თანხით, რომელსაც შესწევს უნარი სწრაფად და ეფექტურად მოემსახუროს მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზიანის კომპენსირებას. კანონმდებელმა საპროცესო გარანტიის სახეთა დაკონკრეტებით და ასეთად ფულადი აქტივის განსაზღვრით, პრაქტიკულად გამორიცხა მოსარჩელის შესაძლებლობა საკუთარ ნებას დაუქვემდებაროს შებრუნებული უზრუნველყოფის საშუალებად გამოსაყენებელი მატერიალური აქტივის შერჩევა (განსხვავებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან) და ეს საკითხი სამართალწარმოების პროცესში განსჯის საგნად აქციოს, გარდა მოპასუხის თანხმობის შემთხვევისა. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალები ცხადყოფს, მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ საპროცესო გარანტიის სახით სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 15 000 ლარის მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ მოძრავ ნივთებზე ყადაღით ჩანაცვლებას, რაც სსსკ-ის 57-ე მუხლის იმპერატიული დანაწესის გათვალისწინებით, ამ საკითხზე სასამართლოს შემდგომი მსჯელობის განვითარებას აზრს უკარგავს და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
13. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.ს–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე
მოსამართლეები: ა. წულაძე
ლ. მიქაბერიძე