8 დეკემბერი, 2021 წელი,
საქმე №ას-524-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.ლ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კომპანია) ასაჩივრებდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინებას. ამ გადაწყვეტილებით - გ.ლ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 91 815,10 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
1.2. კასატორის მტკიცებით, საცხოვრებელი სახლის დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვით. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კი, უსაფუძვლოდ არ გაიზიარა აფეთქების მონიტორინგის განმახორციელებელი სართაშორისო კომპანია „ე–ის“ დასკვნა და დაეყრდნო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომელიც ეფუძნება მხოლოდ გარეგნული დათვალიერებას და აგებულია ვარაუდებზე.
1.3. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, შპს „ა-ს-ც–ის“ დასკვნით, რომელიც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნისგან განსხვავებით, შედგენილია გამოსაკვლევი ობიექტის დეტალური კვლევის საფუძველზე, დადგენილია, რომ შენობა სიძველის გამო ამორტიზირებულია, კერძოდ, დაზიანებები გამოწვეულია სიძველის, უხარისხო მასალის, მშენებლობის ნორმების დარღვევის, ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების, ტექნიკური მოუვლელობის, მეწყრული მოვლენებისა და ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი მიწისძვრების შედეგად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. ხაშურის რაიონის სოფელ ....... მდებარე უძრავი ნივთი ს/კ-ით ....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან მოსარჩელის საკუთრება) მოსარჩელის საკუთრებაა.
4.4. მოპასუხე კომპანია სოფელ ...... სარკინიგზო გვირაბს აშენებდა, რისთვისაც მიწისქვეშა აფეთქებებს იყენებდა.
4.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 ოქტომბრის №007253118 დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მობინადრეების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, მისი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია და ექვემდებარება დემონტაჟს ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის მიხედვით. სახლის უკანა მარცხენა კუთხის (ფასადის მხრიდან) ჩამონგრევა და სახლზე არსებული დაზიანებები №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის შედეგად არის გამოწვეული.
4.6. აფეთქების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია „ე–ის“ 2017 წლის #0717.1 დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და, შესაბამისად, მისი დაზიანება მოპასუხის სამუშაოებს არ გამოუწვევია.
4.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 16 ივლისის #004947419 დასკვნის თანახმად კი, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟისა და მსგავსი სახლის აშენების სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება წარმოდგენილი დოკუმენტაციის, მოქმედი ნორმატიული აქტების, საამშენებლო რესურსების ფასების მიხედვით დღგსა და ნორმატიული დანარიცხვების გათვალისწინებით - 91 815,10 ლარია.
4.8. მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „ა-ს-ც–ის“ 2019 წლის 1 მაისის #05/78 დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის უძრავი ქონების ანალოგიური სახლის თეთრი კარკასის აშენების საბაზრო ღირებულება 49 000 ლარია. მოსარჩელის კუთვნილ უძრავი ქონების დაზიანება გამოწვეულია სიძველის, უხარისხო მასალის, მშენებლობის ნორმების დარღვევის, ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების, ტექნიკური მოუვლელობის, მეწყრული მოვლენებისა და ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი მიწისძვრების შედეგად, ყველა ამ მოვლენას შეეძლო მსგავსი დაზიანება. ნებისმიერი სიძლიერის რხევებს შეიძლება გამოეწვია ნგრევის პროვოცირება, რაც, მაქსიმალური გათვლით, მიყენებული ზიანიდან 10%-ზე მეტი ვერ იქნება.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
6. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და, ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.
7. მოპასუხის პრეტენზია იმაში გამოიხატება, რომ მის მიერ შესრულებულ აფეთქებით სამუშაოებს არ დაუზიანებია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, შესაბამისად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის ქმედებასა და შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის.
8. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018).
9. მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 ოქტომბრის #007253118 დასკვნაზე, რომლის შინაარსით: მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მობინადრეების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, მისი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია და ექვემდებარება დემონტაჟს, ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის მიხედვით. სახლის უკანა მარცხენა კუთხის (ფასადის მხრიდან) ჩამონგრევა და სახლზე არსებული დაზიანებები სოფელ ....... რკინიგზის #9 გვირაბის მშენებლობის შედეგად არის გამოწვეული.
10. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა დასაბუთებული საკასაციო შედავებით.
ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
10.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოწინააღმდეგე მხარეებს შორის.
10.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს უფლება აქვთ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
10.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
10.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას, ახსნა-განმარტებებიც დასაბუთებული და უშუალოდ დავასთან დაკავშირებული უნდა იყოს.
10.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
11. როგორც აღინიშნა, საკასაციო სასამართლო #007253118 საექსპერტო კვლევის საფუძველზე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის ბრალეული მოქმედებით. პალატა მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, წარადგინა აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანიის "ე–ის" 2017 წლის #0717.1, ამავე ორგანიზაციის 2019 წლის 20 თებერვლის #EXOp/195174 და შპს „ა-ს-ც–რის“ 2019 წლის 1 მაისის #05/78 დასკვნები.
11.1. კასატორის მიერ წარდგენილი საერთაშორისო კომპანია "ე–ის" 2017 წლის #0717.1 დასკვნა ზოგადი ხასიათისაა, იგი ძირითადად შეეხება სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, მის ზემოქმედებას გარემოზე და მოსარჩელის სახელზე რიცხული კონკრეტული ქონების დაზიანების მიზეზების კვლევას არ ასახავს. იმ ვითარებაში როდესაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მასზე ფაქტობრივი/რეალური ზემოქმედება არ გამოკვლეულა, ასევე, შენობა-ნაგებობის მდგომარეობის, კერძოდ, მისი სეისმომედეგობის გათვალისწინებით მიყენებულ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ განხილულა, მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნა, სსსკ-ის 102-105-ე მუხლების შესაბამისად, ხარისხობრივად არასათანადო მტკიცებულებაა და მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გასაქარწყლებლად ვერ გამოდგება.
2019 წლის 20 თებერვლის #EXOp/195174 დასკვნაში ერთმნიშვნელოვნადაა აღნიშნული, რომ ეს დოკუმენტი სრულადაა მომზადებული კომპანია "ე–ის" 2017 წლის ივლისში განხორციელებულ კვლევაში გადმოცემულ ანგარიშებზე დაყრდნობით და ამ გარემოების გათვალისწინებით მას დამოუკიდებელი მტკიცებულებითი ღირებულება არ გააჩნია. საკასაციო პალატის მოსაზრებით #EXOp/195174 დასკვნაც ზემოაღწერილი მოტივაციიდან 2018 წლის 17 ოქტომბრის დასკვნის შინაარსს ვერ აქარწყლებს და პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მასში გადმოცემული ფაქტები მართებულად არ გაიზიარა.
11.2. რაც შეეხება შპს „ა-ს-ც–ის“ დასკვნას, მასში საცხოვრებელი სახლის დაზიანების რამდენიმე სავარაუდო მიზეზია მითითებული და არ ასახავს, თუ კონკრეტულად, რომელმა მოვლენამ გამოიწვია დაზიანება. კერძოდ დასკვნაში არ ფიქსირდება ზუსტად, რომელ წლებში არსებული სეისმური და მეტეოროლოგიური მოვლენები მიაჩნია ექსპერტს ნივთის დაზიანების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად, ამავე საფუძვლით დასკვნის დასაბუთების სრულყოფილი გამოკვლევა შეუძლებელია რაც აღნიშნულ მტკიცებულებაში ასახულ მოსაზრებებს არათანმიმდევრულს და ბუნდოვანს ხოლო თავად დოკუმენტს არასარწმუნოს ხდის.
ამდენად, მოპასუხემ ვერ შეძლო თავის წილი მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნები სათანადო ხარისხის მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა.
12. რაც შეეხება ზიანის მოცულობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, მოპასუხეს, შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ზიანის ოდენობასა და ექსპერტიზის დასკვნის (2019 წლის 16 ივლისის #004947419 დასკვნა, რომელსაც თან ახლავს საცხოვრებელი სახლის აშენების დეტალური ხარჯთაღრიცხვა) შინაარსს გააქარწყლებდა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ასეთ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა შპს „ა-ს-ც–ის“დასკვნა, რომლის შინაარსსაც საკასაციო პალატა მთლიანად არადამაჯერებლად მიიჩნევს, ამასთან დასახელებული დასკვნა საცხოვრებელი სახლის დემონტაჟისა და აშენების დეტალურ ხარჯთაღრიცხვას საერთოდ არ შეიცავს.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც აშკარაა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, იმ პირობებში როცა შერეული ბრალის არსებობა არ დასტურდება, ზიანის სახით - 91 815,10 ლარის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა.
15. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: #ას-482-2019წ, 31.05.2019წ; #ას-280-280-2018წ, 18.07.2018წ; #ას-189-189-2018წ, 23.03.2018წ; #ას-411-2019წ, 11.06.2019წ).
16. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ მუდმივმოქმედი ფილიალის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4 590.75 ლარის (საგადასახადო დავალება - №753, გადახდის თარიღი - 4.06.2021), 70% - 3 213.53 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ მუდმივმოქმედი ფილიალის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4 590.75 ლარის (საგადასახადო დავალება - №753, გადახდის თარიღი - 4.06.2021), 70% - 3 213.53 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე