Facebook Twitter

8 დეკემბერი, 2021 წელი

საქმე №ას-1443-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.გ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კომპანია) ასაჩივრებდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებას. ამ გადაწყვეტილებით - ლ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 20 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

1.2. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა და მათ ზიანის მიყენებაში ბრალი არ მიუძღვით. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კი, უსაფუძვლოდ არ გაიზიარა აფეთქების მონიტორინგის განმახორციელებელი სართაშორისო კომპანია „ე–ის“ დასკვნა, რომელიც მოპასუხის პასუხისმგებლობას აქარწყლებს.

1.3. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, ინდმეწარმე ზ.გ–აძის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვა მოცემულ საქმეს არ უკავშირდება, ვინაიდან, ზიანი მათი ბრალით არ გამოწვეულა. ამასთან, იგი სახლის სრულ რეაბილიტაციას მოიაზრებს, მასში გაზრდილია ცალკეულ სამუშაოთა მოცულობა და გამოსაყენებელი მასალის ოდენობა.

1.5. კასატორის მტკიცებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. ხაშურის რაიონის სოფელ ....... მდებარე 206 კვ.მ უძრავი ნივთი ს/კ-ით ...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან მოსარჩელის საკუთრება) მოსარჩელის საკუთრებაა.

4.4. მოპასუხე კომპანია სოფელ ....... სარკინიგზო გვირაბს აშენებდა, რისთვისაც მიწისქვეშა აფეთქებებს იყენებდა.

4.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 22 ივნისის #003620716 დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა) მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად მეორე ხარისხისაა, ხოლო რამდენიმე ბზარი მესამე ხარისხის დაზიანების ფარგლებშია.

საკვლევ შენობაზე ახალი ბზარების წარმოქმნა და დაზიანებების ხარისხის ნაწილობრივი გაზრდა ძირითადად გამოწვეულია 2012 წლის სექტემბრის შემდეგ #9 სარკინიგზო გვირაბის გაყვანისათვის წარმოებული აფეთქებითი სამუშაოებით, ხოლო შემდგომ ტექნიკური მოუვლელობით, ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობების შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება.

4.5.1. დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით დგინდება, რომ საცხოვრებელი სახლის პირველ და მეორე სართულზე ფანჯრის რაფის ქვედა კედლებში წარმოქმნილია დახრილი ბზარები ბეწვისებურიდან 3 მმ-მდე; შუა კედელში შეინიშნება 1 მმ-მდე გახსნილობის დახრილი ბზარი. 3-15 მმ-მდე გახსნილობის ბზარებია განვითარებული კარის ღიობებთან ორივე სართულზე; მეორე სართულზე შუა კედლებსა და ტიხრებში შეინიშნება 1-3 მმ-მდე გახსნილობის სხვადასხვა მიმართულების გამჭოლი ბზარები; პირველ სართულზე უკანა და ტორსული კედლიდან აღწევს ატმოსფერული ნალექები, რის გამოც დაზიანებული და ჩამოშლილია კედლის წყობა და ბათქაში; კედლები და იატაკი დანესტიანებულია; მეორე სართულზე რამდენიმე ადგილზე სახურავიდან ჩამოედინება ატმოსფერული ნალექები და ჭერი დაზიანებულია; ხის გალერეის მზიდი კონსტრუქცია დეფორმირებულია; გარე კიბის საფეხურები გადახრილია ჰორიზონტალური სიბრტყიდან და დაძრულია ერთმანეთის მიმართ, აივნის სახურავის მზიდი ლითონის კუთხოვანები ჩამოღუნულია, ხის ლარტყები გადატეხილია.

4.6. 2012 წელს ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტების მიერ შესწავლილი იქნა სოფელ ....... რკინიგზის მშენებარე N9 გვირაბის ზეგავლენა საცხოვრებელი სახლების ტექნიკურ მდგომარეობაზე, რომელიც მოიცავდა მოსარჩელის სახლის ტექნიკურ მდგომარეობასაც. აღნიშნული დასკვნის (N032501-2012/03/02) მიხედვით, სახლს აღენიშნებოდა მე-2 ხარისხის საშუალო დაზიანება და შეფასდა - როგორც ექსპლუატაციისათვის ვარგისი.

4.6.1. სახლის უკანა კიბის დაზიანებული კედელი აღდგა. სხვა მხრივ შენობის ტექნიკური მდგომარეობა გაუარესდა, წარმოიქმნა ახალი ბზარები, რომლებიც პირველი კვლევის დროს არ შეინიშნებოდა.

4.6.2. ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებით საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციები არ განვითრებულა. შენობაზე ახალი ბზარების წარმოქმნა ძირითადად გამოწვეულია 2012 წლის პირველი კვლევის შემდეგ, #9 სარკინიგზო გვირაბის გასაყვანათ აფეთქებითი სამუშაოებით, ხოლო შემდგომ ტექნიკური მოუვლელობით.

4.7. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინდმეწარმე ზ.გ–აძის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება - 30502 ლარია.

4.8. სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების საერთაშორისო კომპანია „ე–ის“ 2017 წლის #0717.1 დასკვნის მიხედვით, აფეთქებით სამუშაოებს მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებულ დაზიანებები არ გამოუწვევია.

4.9. მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „ა-ს-ც–ის“ 2019 წლის 7 ნოემბრის #05/160 დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილ უძრავი ქონების დაზიანება გამოწვეულია ასაკობრივი ცვეთის, ატმოსფერული ნალექების, მიწისძვრების, მშენებლობის ნორმების დარღვევის, ტექნიკური მოუვლელობის და ნაწილობრივ აფეთქების შედეგად გამოწვეული დინამიური დატვირთვებით. სახლზე არსებული დაზიანებების აღდგენითი სამუშაოებისათვის საჭიროა - 7587 ლარი.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

6. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და, ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.

7. მოპასუხის პრეტენზია მოიცავს მოსაზრებას, რომ მის მიერ აფეთქებით სამუშაოებს არ დაუზიანებია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, შესაბამისად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის ქმედებასა და შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის.

8. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018).

9. მიზეზობრივი კავშირის დასაბუთებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #003620716 დასკვნაზე, რომლის შინაარსით: მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად მეორე ხარისხისაა, ხოლო რამდენიმე ბზარი მესამე ხარისხის დაზიანების ფარგლებშია.

საკვლევ შენობაზე ახალი ბზარების წარმოქმნა და დაზიანებების ხარისხის ნაწილობრივი გაზრდა ძირითადად გამოწვეულია 2012 წლის სექტემბრის შემდეგ #9 სარკინიგზო გვირაბის გაყვანისათვის წარმოებული აფეთქებითი სამუშაოებით, ხოლო შემდგომ ტექნიკური მოუვლელობით, ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობების შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება.

10. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრებისას მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

10.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

10.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

10.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

10.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.

10.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).

11. როგორც აღინიშნა, საკასაციო სასამართლო #003620716 საექსპერტო კვლევის საფუძველზე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის ბრალეული მოქმედებით.

პალატა მტკიცების ტვირთის განაწილებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მოპასუხემ მოსარჩელის წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, მიუთითა სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების საერთაშორისო კომპანია „ე–ის“ 2017 წლის #0717.1 დასკვნა. ასევე მიუთითა შპს „ა-ს-ც–ის“ 2019 წლის 7 ნოემბრის #05/160 დასკვნაზე.

11.1. კასატორის მიერ წარდგენილი საერთაშორისო კომპანია "ე–ის" 2017 წლის #0717.1 დასკვნა ზოგადი ხასიათისაა, იგი ძირითადად შეეხება სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, მის ზემოქმედებას გარემოზე და მოსარჩელის სახელზე რიცხული კონკრეტული ქონების დაზიანების მიზეზების კვლევას არ მოიცავს. იმ ვითარებაში როდესაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მასზე ფაქტობრივი/რეალური ზემოქმედება არ გამოკვლეულა, ასევე, შენობა-ნაგებობის მდგომარეობის, კერძოდ, მისი სეისმომედეგობის გათვალისწინებით მიყენებულ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ განხილულა, მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნა, სსსკ-ის 102-105-ე მუხლების შესაბამისად, ხარისხობრივად არასათანადო მტკიცებულებაა და მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გასაქარწყლებლად ვერ გამოდგება.

11.2. რაც შეეხება შპს „ა-ს-ც–ის“ დასკვნას, მასში საცხოვრებელი სახლის დაზიანების რამდენიმე სავარაუდო მიზეზია მითითებული და არ ასახავს, თუ კონკრეტულად, რომელმა მოვლენამ გამოიწვია დაზიანება. კერძოდ დასკვნაში არ ფიქსირდება ზუსტად, რომელ წლებში არსებული სეისმური და მეტეოროლოგიური მოვლენები მიაჩნია ექსპერტს ნივთის დაზიანების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად, ამავე საფუძვლით დასკვნის დასაბუთების სრულყოფილი გამოკვლევა შეუძლებელია რაც აღნიშნულ მტკიცებულებაში ასახულ მოსაზრებებს არათანმიმდევრულს და ბუნდოვანს ხოლო თავად დოკუმენტს არასარწმუნოს ხდის. საყურადღებოა, რომ ამავე დასკვნაში მოსარჩელის ნივთის დაზიანების ერთ ერთ მიზეზად აფეთქებების შედეგად გამოწვეული დინამიური დატვირთვაც მოიაზრება რაც მის შინაარსს კიდევ უფრო წინააღმდეგობრივს და არაკვალიფიციურს ხდის.

ამდენად, მოპასუხემ ვერ შეძლო თავის წილი მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნები სათანადო ხარისხის მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა.

12. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხე მხარე აფეთქებით სამუშაოებს არაერთგზის ახორციელებდა, შესაბამისად, თუნდაც ის ფაქტი, რომ მრავალჯერადმა აფეთქებამ მოსარჩელის სახლის დაზიანებაზე ნეგატიური ეფექტი არ იქონია და დაზიანებები ხშირი აფეთქების ზემოქმედებით არ არის გამოწვეული, კასატორმა ვერ დაადასტურა.

13. რაც შეეხება კასატორის წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯღაღიცხვო დოკუმენტს, პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, მოპასუხეს სათანადო ხარისხის მტკიცებულებები, რომელიც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ზიანის ოდენობას გააქარწყლებდა, არ წარუდგენია. შპს „ა-ს-ც–ის“დასკვნაში არ არის ასახული მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის სრულყოფილი რეაბილიტაციისათვის საჭირო ყველა სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა. კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #003620716 დასკვნაში აღწერილი დაზიანებანი შპს „ა-ს-ც–ის“ დასკვნაში დასახელებული არ არის, შესაბამისად არაა მითითებული მათი პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დანახარჯიც და კასატორის პრეტენზია, ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით ასევე დაუსაბუთებელია.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც ვლინდება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით - 20 000 ლარი მართებულად დაეკისრა.

15. კასატორის პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასაც ეხება, ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ნორმების გამოყენებისას, მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავ გარემოებას, მოპასუხის ვარგისი შედავების საფუძველზე, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სსკ-ის 1008-ე მუხლი (დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ) წარმოადგენს. ამავე კოდექსის, 130-ე მუხლის შესაბამისად „ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ“.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ აფეთქებითი სამუშაოების დასრულების კონკრეტული თარიღი საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, აღნიშნული გარემოება და აფეთქებითი სამუშაოების შედეგად ზიანის მიყენების დენადი ხასიათი, მისი ამოწურვის ვადის დადგენის შეუძლებლობის გამო, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას სრულად გამორიცხავს. ამავე საკითხთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის მტკიცება მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა, კერძოდ, მას უნდა დაედასტურებინა აფეთქებების ფაქტობრივი დასრულების თარიღი და შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნების ხანდაზმული ხასიათი.

16. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: #ას-482-2019წ, 31.05.2019წ; #ას-280-280-2018წ, 18.07.2018წ; #ას-189-189-2018წ, 23.03.2018წ; #ას-411-2019წ, 11.06.2019წ).

17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ მუდმივმოქმედი ფილიალის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 000 ლარის (საგადასახადო დავალება - №773, გადახდის თარიღი - 22.01.2021) 70% - 700 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს“ (ს/ნ ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ მუდმივმოქმედი ფილიალის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 000 ლარის (საგადასახადო დავალება - №773, გადახდის თარიღი - 22.01.2021), 70% - 700 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე