Facebook Twitter

13 იანვარი 2022 წელი

საქმე № ა-6348-შ-176-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.ვ–უ

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ვ–ო

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – კვიპროსის ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება (განხადების ნომერი: 930/19)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შუამდგომლობისა და თანდართული მასალების მიხედვით, კვიპროსის ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმებულად გამოცხადდა სამოქალაქო ქორწინება განმცხადებელ თ.ა-ვ–უს და მოპასუხე მ.ვ–ოს შორის, რეგისტრირებული 2010 წლის 10 მაისს საქართველოში, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პროცედურა მიმდინარეობდა 2020 წლის 30 აპრილიდან, არ არსებობს რაიმე მითითება დანახარჯების შესახებ, ქორწინების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაზე არ ყოფილა შეტანილი საჩივარი და 1990 წლის 22-ე კანონის მე-7ა მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

2021 წლის 29 დეკემბერს, თ.ვ–უმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა კვიპროსის ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი _ თ.ვ–უ არის საქართველოს მოქალაქე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით თ.ვ–უს შუამდგომლობა კვიპროსის ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ თ.ვ–უს შუამდგომლობა კვიპროსის ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

დადგენილია, რომ კვიპროსის ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით განმცხადებელ თ.ვ–უს და მოპასუხე მ.ვ–ოს შორის შეწყდა ქორწინება და გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა.

საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი _ თ.ვ–უ არის საქართველოს მოქალაქე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კვიპროსის ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ვ–უს შუამდგომლობა კვიპროსის ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების (განცხადების ნომერი: 930/19) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე კვიპროსის ლევკოსიას საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება მეუღლეთა გაყრის თაობაზე (განცხადების ნომერი: 930/19), რომლითაც გაუქმდა სამოქალაქო ქორწინება განმცხადებელ თ.ვ–უს და მოპასუხე მ.ვ–ოს შორის რეგისტრირებული საქართველოში, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში 2010 წლის 10 მაისს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია