10 იანვარი 2022 წელი
საქმე№ა-6088-შ-166-2021 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ.ქ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ლ–ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – დიდი ბრიტანეთის, ბური-სენტ-ედმუნდის საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე № BV20DO1692)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 17 დეკემბერს დ.ქ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დიდი ბრიტანეთის, ბური-სენტ-ედმუნდის საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობისა და თანდართული მასალების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის, ბური-სენტ-ედმუნდის საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ.ქ–ძეს და მოპასუხე ე.ლ–ვას შორის 2014 წლის 26 აპრილს გრინვიჩის სარეგისტრაციო ოფისში, გრინვიჩის რაიონში, გრინვიჩის სამეფო დაბაში რეგისტრირებული ქორწინება მიჩნეულ იქნა ბათილად იქამდე, ვიდრე განკარგულების გამოცემიდან ექვსი კვირის განმავლობაში სასამართლოს არ წარედგინებოდა საკმარისი საბუთი იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო ცნობილი აღნიშნული გადაწყვეტილება უპირობოდ. ვინაიდან, მსგავსი საბუთი არ იქნა წარდგენილი, 2020 წლის 02 სექტემბერს, მიღებული გადაწყვეტილება არის საბოლოო და აბსოლუტური, აღნიშნული გადაწყვეტილებით ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი. დიდი ბრიტანეთის, ბური-სენტ-ედმუნდის საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაშია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დ.ქ–ძის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის, ბური-სენტ-ედმუნდის საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ დ.ქ–ძის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის, ბური-სენტ-ედმუნდის საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის, ბური-სენტ-ედმუნდის საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ.ქ–ძესა და მოპასუხე ე.ლ–ვას შორის შეწყდა ქორწინება.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების ცნობა საჭირო არ არის, თუ გადაწყვეტილების გამოტანისას მეუღლეები იმ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, რომლის დაწესებულებამაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი _ დ.ქ–ძე არის საქართველოს მოქალაქე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, ბური-სენტ-ედმუნდის საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ქ–ძის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის, ბური-სენტ-ედმუნდის საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე № BV20DO1692) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ბრიტანეთის, ბური-სენტ-ედმუნდის საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე № BV20DO1692. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი: 02.09.2020), რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე დ.ქ–ძეს და მოპასუხე ე.ლ–ვას შორის 2014 წლის 26 აპრილს გრინვიჩის სარეგისტრაციო ოფისში, გრინვიჩის რაიონში, გრინვიჩის სამეფო დაბაში რეგისტრირებული ქორწინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია