21 იანვარი 2022 წელი
საქმე№ ა-6281-შ-171-2021 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება (საქმე №551097/2020)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 28 დეკემბერს მ.მ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების შესახებ.
შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით, იულია ვანგოროდსკას საადვოკატო ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის მხარეს, შემაგებებელი სარჩელის წარმოდგენის გარეშე, ნაბრძანები და გამოტანილია გადაწყვეტილება, რომ სამედიატორო მოსამართლის ანგარიში (ასეთის შემთხვევაში) დამტკიცებულია და ნაბრძანები და გამოტანილია გადაწყვეტილება, რომ ქორწინება მოსარჩელე მ.მ–ს (მისამართი: 115 ბრაიტონი, ....., ბრუკლინი....., სოც. დაზღვევის ნომერი (საწყისი ციფრები დაფარულია) 135) და მოპასუხე მ.მ–ს (მისამართი: ......, ბრუკლინი. ...., სოც. დაზღვევის ნომერი (საწყისი ციფრები დაფარულია) 660) შორის შეწყვეტილია. გადაწყვეტილების მიხედვით, მხარეებს ამ ქორწინებაში არ ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები, არ არის მოთხოვნილი ქონების გაყოფა, მეუღლის კმაყოფაზე ყოფნა, კონსულტანტების და /ან ექსპერტების ანაზღაურება, მხარეებს შორის არ არის დადებული მორიგების შეთანხმება (არცერთ მხარეს არ აქვს შეტანილი სარჩელი დამატებით ეკონომიკურ დახმარებასთან დაკავშირებით, ოჯახური ურთიერთობების მარეგულირებელი კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლო იტოვებს უფლებას (იურისდიქციას) მოისმინოს/განიხილოს ამ გადაწყვეტილების დებულებებთან დაკავშირებული განცხადებები, საოჯახო სასამართლოსთან პარალელურად, კანონით დაშვებულ ფარგლებში ამგვარი დებულებების ძალმოსილებისთვის და კანონით დაშვებულ ფარგლებში ამგვარი დებულებების მოდიფიკაციისთვის, ან ორივე დაშვების გამოყენებით. ნაბრძანები და გამოტანილია გადაწყვეტილება, რომ უზენაეს სასამართლოში შეტანილი ნებისმიერი განცხადება, რაც დაკავშირებულია გადაწყვეტილების დებულებებების ძალაში შესვლასთან ან მოდიფიკაციასთან, შეტანილი უნდა იქნას ოლქის სასამართლოში, რომელიმე მხარის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, გარდა მოსამართლის დისკრეციული მითითებისა, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. საპატიო მიზეზის შემთხვევაში განცხადება წარდგენილ უნდა იქნას შუამდგომლობის სახით, სადაც აღწერილი იქნება მიზეზი. როდესაც უცნობია რომელიმე მხარის მისამართი, რაც არ წარმოადგენს საჯარო ჩანაწერის საგანს ან მასზე ვრცელდება ოჯახური ურთიერთობების მარეგულირებელი კანონის პუნქტი 254 ან ინფორმაციის გაყალბების შესახებ კანონის პუნქტი 154-ბ, ამგვარი განცხადებების შეტანა შესაძლებელია იმ ოლქში, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმ პირობით, რომ (საცხოვრებელი ადგილის ან უძრავი ქონების გადატანის უფლება არ გამოიყენება). ნებისმიერ მხარეს შეუძლია განაახლოს წინანდელი გვარის გამოყენება. მოპასუხეს გადაეცემა ამ გადაწყვეტილების ასლი, მოსარჩელის მიერ ჩანაწერის შეტანის შესახებ შეტყობინებასთან ერთად, შეტანიდან 20 დღის განმავლობაში. მოსარჩელე წარადგენს ასეთი მომსახურების შესახებ აფიდავიტს სასამართლოს მოხელესთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით მ.მ–ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი. აღიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორს 2022 წლის 18 იანვარს პირადად ჩაბარდა და მან განჩინებით განსაზღვრულ ვადაში შეავსო დადგენილი ხარვეზი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 იანვრის განჩინებით მ.მ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა განსახილველად.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებისა და დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობდა ორივე მხარე, მოსარჩელე _ მ.მ–ი და მოპასუხე _ მ.მ–ი. გადაწყვეტილების მიხედვით, მოპასუხე გამოცხადდა და განაცხადა მისთვის მინიჭებულ პასუხის უფლებაზე. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ მ.მ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ.მ–ს და მოპასუხე მ.მ–ს შორის შეწყდა ქორწინება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით და თანდართული დოკუმენტებით დადგენილია, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობდა ორივე მხარე, მოსარჩელე _ მ.მ–ი და მოპასუხე _ მ.მ–ი. გადაწყვეტილების მიხედვით, მოპასუხე გამოცხადდა და უარი განაცხადა მისთვის მინიჭებულ პასუხის უფლებაზე. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების ცნობა საჭირო არ არის, თუ გადაწყვეტილების გამოტანისას მეუღლეები იმ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, რომლის დაწესებულებამაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი _ მ.მ–ი არის საქართველოს მოქალაქე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. რადგანაც განქორწინების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც მხარეს სურს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ მხარეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების (საქმე №551097/2020) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება (საქმე №551097/2020), რომლითაც შეწყდა ქორწინება მოსარჩელე მ.მ–ს (მისამართი: ......, ბრუკლინი ......, სოც. დაზღვევის ნომერი (საწყისი ციფრები დაფარულია) 135) და მოპასუხე მ.მ–ს შორის (მისამართი: ......., ბრუკლინი. ........, სოც. დაზღვევის ნომერი (საწყისი ციფრები დაფარულია) 660).
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია