Facebook Twitter

30 დეკემბერი 2021 წელი,

საქმე№ა-4292-შ-126-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ჯ.ჯ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ვ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ბელორუსიის რესპუბლიკის გომელის ოლქის ბუდა-კოშელევსკის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბელორუსიის რესპუბლიკის გომელის ოლქის ბუდა-კოშელევსკის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეწყდა საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ისანი-სამგორის სამსახურის მიერ 2010 წლის 15 დეკემბერს ჯ.ჯ–სა და ნ.ვ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი № 04201031486). ამავე გადაწყვეტილებით ჯ.თ. ძე ჯ–ს (დაბადებული 1990 წლის 3 აპრილს, დაბადებული ქ. გორში, საქართველოში, რეგისტრირებული ........, ს. 49, ბუდა-კოშელევსკის რაიონი, ....., ფლობს ბელორუსიის რესპუბლიკის ბინადრობის მოწმობას, პასპორტი სერია CI 0...., გაცემული ბუდა-კოშელევსკის რშსს-ის მიერ 2018 წლის 28 მაისს, პირადი ნომერი .....) ნ.ს. ასული ვ–ის (ფლობს ბელორუსიის რესპუბლიკის ბინადრობის მოწმობას, პასპორტი სერია CI 012..., გაცემული ბუდა-კოშელევსკის რშსს-ის მიერ 2018 წლის 28 მაისს, პირადი ნომერი ........) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ქალიშვილის _ მ.ჯ. ასული ჯ–ის, დაბადებული 2011 წლის 23 ნოემბერს და ქალიშვილის _ მ.ჯ. ასული ჯ–ის, დაბადებული 2014 წლის 17 აპრილს სარჩენად, ყოველთვიურად თავისი ნებისმიერი სახის შემოსავლის 33%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ერთ სულ მოსახლეზე საშუალო საარსებო მინიმუმის 75%-ისა თვეში, 2018 წლის 9 ოქტომბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

2. 2021 წლის 16 სექტემბერს ჯ.ჯ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელორუსიის რესპუბლიკის გომელის ოლქის ბუდა-კოშელევსკის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში მასსა და ნ.ვ–ს შორის.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ საქმის განხილვაში ორივე მხარე მონაწილეობდა და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 8 ნოემბერს. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ჯ.ჯ–ის შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის გომელის ოლქის ბუდა-კოშელევსკის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების მასსა და ნ.ვ–ს შორის განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ ჯ.ჯ–ის შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის გომელის ოლქის ბუდა-კოშელევსკის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

7. „საერთასორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

8. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

9. ბელორუსის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა დაადგინოს დაცულია თუ არა "მინსკის კონვენციით" გათვალისწინებული პირობები.

10. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

11. დადგენილია, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის გომელის ოლქის ბუდა-კოშელევსკის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეწყდა 2010 წლის 15 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ისანი-სამგორის სამსახურის მიერ ჯ.ჯ–სა და ნ.ვ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი № 04201031486). დადგენილია, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობდა ორივე მხარე და ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 8 ნოემბრიდან.

12. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 51-ე-52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს. შესაბამისად, ბელორუსიის რესპუბლიკის გომელის ოლქის ბუდა-კოშელევსკის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით.

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ.ჯ–ის შუამდგომლობა ბელორუსიის რესპუბლიკის გომელის ოლქის ბუდა-კოშელევსკის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების (განქორწინების ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ბელორუსიის რესპუბლიკის გომელის ოლქის ბუდა-კოშელევსკის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ისანი-სამგორის სამსახურის მიერ 2010 წლის 15 დეკემბერს ჯ.ჯ–ს და ნ.ვ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №04201031486).

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია