Facebook Twitter

22 ნოემბერი 2021 წელი

№ას-1216-2021 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ.ა–ი

მოწინააღმდეგე მხარეები _ გ.ა–ნი, ლ.ა–ნი, ა.ხ–ნი, ი.ხ–ნი, ხ.ხ–ნი, ვ.ჩ–ნი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2018 წლის 10 ივლისს ე.ა–მა და მ.ა–მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გ.ა–ნის, ლ.ა–ნის, ა.ხ–ნის, ი.ხ–ნის, ხ.ხ–ნისა და ვ.ჩ–ის მიმართ, გ.ა–ნს, ლ.ა–ნს, ა.ხ–ნს, ი.ხ–ნსა და ვ.ჩ–ის შორის 2012 წლის 13 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ვ.ჩ–ნსა და ი.ხ–ნს შორის 2014 წლის 15 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხე ი.ხ–ნისათვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ...., ს/კ № ......), გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე.ა–მა და მ.ა–მა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივლისის განჩინებით ე.ა–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ე.ა–ის წარმომადგენლისათვის _ ვ.კ–ათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. არც ე.ა–ს და არც მის წარმომადგენელს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში არ მიუმართავს სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. მ.ა–მა, როგორც წარმომადგენელმა მხოლოდ 2021 წლის 20 მაისს, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 42-ე დღეს ჩაიბარა გადაწყვეტილების ასლი. გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს _ 2021 წლის 09 მაისს და დასრულდა ამავე წლის 24 მაისს. სააპელაციო საჩივარი კი ფოსტას კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით _ 2021 წლის 02 ივნისს ჩაბარდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებზე მითითებით განუხილველად დატოვა ე.ა–ის სააპელაციო საჩივარი, როგორც კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ შეტანილი სააპელაციო საჩივარი. რაც შეეხება მ.ა–ის სააპელაციო საჩივარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივლისის განჩინებით მ.ა–ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივლისის განჩინება, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული ე.ა–ის სააპელაციო საჩივარი, კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.ა–მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო კერძო საჩივარს, მიაჩნია, რომ მ.ა–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს ამოწმებს საქმის გადაცემიდან ათი დღის ვადაში და სხვა საკითხებთან ერთად ადგენს, შეტანილია თუ არა საკასაციო/კერძო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო/კერძო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ადგენს გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, საკასაციო/კერძო საჩივრით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები _ მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. ,,მხარეში" იგულისხმება ის მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიღებულია გადაწყვეტილება/განჩინება (მაგალითად: მოსარჩელე, რომლის სარჩელი/სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ან მოპასუხე, რომლის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი/სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა). მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების/განჩინების ამავე მხარის მიერ გასაჩივრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის დანაწესს, ვინაიდან ეს ნორმა ადგენს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლება დარღვეულია ან სადავოდაა ქცეული (შდრ. იხ. სუსგ №ას-458-437-2015, 28/05/2015).

ამდენად, საკასაციო გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც კასატორის/კერძო საჩივრის ავტორის წინააღმდეგ არის გამოტანილი. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივლისის განჩინებით, განუხილველად დატოვებული იქნა ე.ა–ის სააპელაციო საჩივარი. მ.ა–ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად. მ.ა–ი კერძო საჩივრით ასაჩივრებს განჩინებას, რომლითაც ე.ა–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. შესაბამისად, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება მის წინააღმდეგ არ არის გამოტანილი, ის ვერ იქნება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების სუბიექტი, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ.ა–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივლისის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე, უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 391-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ა–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 09 ივლისის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი