Facebook Twitter

საქმე №ას-1245-2021 20 იანვარი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ.ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ს–ვი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ბ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ს–ვის (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტს სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, აპელანტს უწყება გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე, რომელიც მის შვილს ჩაჰბარდა. აპელანტი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 387-ე მუხლისა და იმავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც ამ განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

6.1 კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია. შვილს სხდომის შესახებ მისთვის არ უცნობებია და არც სასამართლო უწყება არ გადაუცია. ამასთან, მისი შვილი მუდმივად მასთან არ ცხოვრობს, შესაბამისად, სასამართლოს უწყება მას უნდა ჩაჰბარებოდა.

6.2 კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მისი შვილი იცავდა მის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმისწარმოებას ჩამოაშორა, შესაბამისად, ამ უკანასკნელს შესაბამისი რწმუნებულებაც აღარ გააჩნია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

10. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის შემდეგ გარემოებებს:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის სხდომა აპელანტისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების მიზნით 2021 წლის 31 მაისს, 12:00 საათზე გადაიდო. აპელანტისათვის გაგზავნილი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დახმარებით აპელანტის შვილს - დ.მ–ს 2021 წლის 11 მაისს ჩაჰბარდა.

12. 2021 წლის წლის 31 მაისს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადებულა.

13. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის უცნობი იყო, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

14. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მისი სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით მიუწვევლობაზე, კერძოდ, სასამართლო უწყების ჩაუბარებლობაზე.

15. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის რეგულირებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება.

16. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები, ხოლო 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია ასევე სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობა, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველი.

17. ამდენად, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება გადაისინჯება და საქმე განახლდება იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

18. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.

19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარე სსსკ-ის 233-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით ედავება და განმარტავს, რომ სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია, კერძოდ, სასამართლო უწყება ჩაჰბარდა მის შვილს, რომელსაც ამის შესახებ არც უცნობებია და არც სასამართლო უწყება არ გადაუცია. ამასთან, მისი შვილი მასთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრი არ არის, რისი გათვალისწინებითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გამოკვეთილია.

20. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მას სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებია და სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით არ იყო მიწვეული და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ აპელანტს სასამართლო უწყება გაეგზავნა მის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დახმარებით 2021 წლის 11 მაისს ჩაჰბარდა შვილს აპელანტისათვის გადასაცემად, რაც დადასტურებულია გზავნილის მიმღების ხელმოწერით.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს, კერძოდ, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

22. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

23. იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

24. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც ამავე დოკუმენტის თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება (ითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად) და სასამართლოს შეუძლია, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან დ.მ–მა, როგორც ადრესატის ოჯახის წევრმა, ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო გზავნილი ჩაიბარა სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა. ამასთან, ზემოაღნიშნული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრება კერძო საჩივრის ავტორს, რომელმაც, სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება, რაც მითითებულ პრეზუმფციას გააქარწყლებდა (შდრ.: სუსგ №ას-1203-2020, 21 აპრილი, 2021 წელი; №ას-1037-2020, 25 იანვარი, 2021 წელი).

25. კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომლის თანახმად უწყების ჩამბარებელს (შვილს) მისთვის უწყება არ გადაუცია პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება, მისი დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, გავლენას ვერ მოახდენს უწყების ადრესატისთვის ჩაბარებულად მიჩნევაზე, ვინაიდან სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული პირისათვის უწყების ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად. ამ ნორმის შესაბამისად, სასამართლო არკვევს მხოლოდ იმას, ჩაჰბარდა თუ არა უწყება ადრესატთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ასეთი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა და სასამართლოს შეუძლია, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება (შდრ.: სუსგ №ას-660-2021, 2021 წლის 30 სექტემბრი; №ას-29-27-2013, 2013 წლის 4 აპრილი).

26. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ სასამართლო სხდომის შესახებ აპელანტი ინფორმირებული იყო ჯეროვნად. ამ მხრივ კერძო საჩივარს, არ ერთვის არავითარი მტკიცებულებები, რომელთა ანალიზი გაამყარებდა კერძო საჩივარში მითითებულ ფაქტებს, რისი გათვალისწინებითაც, არ ვლინდება სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

27. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რადგანაც აპელანტს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა საქმის განხილვის შესახებ, იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა პროცესზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზი არ აცნობა სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს.

28. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი ვერ აბათილებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ უწყების ჩამბარებელი პირი, რომელიც კერძო საჩივრის ავტორის შვილია საქმეში წარდგენილი რწმუნებულების თანახმად, ამ უკანასკნელის ინტერესებს 2017 წლის 24 აპრილს განუსაზღვრელი ვადის გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე იცავდა. საქმის მასალებით არ დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით ზემოაღნიშული რწმუნებულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი და არც საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სასამართლოსათვის არ უცნობებიათ ზემოაღნიშნული მინდობილობის გაუქმების შესახებ, რაც კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების საფუძველს გამორიცხავს.

29. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ 2021 წლის 15 მარტს, 12:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ საქართველოს შინაგანს საქმეთა სამინისტოს აპელანტისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება დაევალა, თუმცა, როგორც ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 სამმართველოს მომართვიდან ირკვევა, აპელანტმა გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა სასამართლო უწყების ჩაბარებაზე. ზემოაღნიშნულ სხდომის დღეს აპელანტის მეზობელმა სასამართლოს აპელანტის კლინიკაში გადაყვანის შესახებ აცნობა, რისი გათვალისწინებითაც სასამართლომ აპელანტის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნია და საქმის განხილვა 2021 წლის 12 აპრილს, 12:00 საათზე გადადო. პოლიციამ უწყების აპელანტისათვის ჩაბარება ვერც ამჯერად ვერ შეძლო (მოუძიებლობის გამო), ამიტომ სასამართლომ სხდომა 2021 წლის 31 მაისს გადადო, რის შესახებაც უკვე აპელანტის ოჯახის წევრს ეცნობა, თუმცა კერძო საჩივრის ავტორმა მისთვის გზავნილის ჩაბარება სადავოდ გახადა.

30. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით განმარტავს, რომ აპელანტის ქმედებები ეჭვის საფუძველს ქმნის საქმის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად ხელყოფს მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს და არ უზრუნველყოფს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას.

31. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონი დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ბ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე