საქმე №ას-1035-2021 20 იანვარი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს ,,კ–ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ.კ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების ბათილად ცნობა, სახელფასო დავალიანების, საშვებულებო და საკომპენსაციო თანხის დაკისრება, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ანაზღაურება და ანგარიშსწორების ყოველი დაყოვნებული დღისთვის 0.07%-ის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. კ.კ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, დასაქმებული, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,კ–ოს“ (შემდგომ - მოპასუხე, დამსაქმებელი, კომპანია, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების ბათილად ცნობა, სახელფასო დავალიანების, საშვებულებო და საკომპენსაციო თანხის მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე - ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ანაზღაურება და ანგარიშსწორების ყოველი დაყოვნებული დღისთვის სახელფასო დავალიანების 0.07%-ის მოპასუხისათვის დაკისრება.
მოპასუხეების პოზიცია:
2. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კომპანიის დირექტორის ბრძანება; დამსაქმებელს მიუღებელი ხელფასის სახით 886.62 ლარის გადახდა დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა, ასევე - ამ თანხის ყოველდღიურად 0.07%-ის გადახდა 2019 წლის 5 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დამსაქმებელს კომპენსაციის სახით 3800 ლარისა და ზეგანაკვეთური შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებლად 2978.68 ლარის გადახდაც დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი, ამ უკანასკნელის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, რაც მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები:
6. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 241-ე და 233.1 მუხლებით და განმარტა, რომ საჩივრის ავტორის წარმომადგენელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გაუქმებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ითხოვდა, რის გამოც, მისი მტკიცებით, ვერ შეძლო საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება.
8. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე და იმავე კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ჯანმრთელობის შესახებ ცნობის აღების მიზნით აპელანტის წარმომადგენელმა ა.ს–მა (შემდგომ - აპელანტის წარმომადგენელი) რუსთავში მდებარე ,,ავერსის“ კლინიკას 2021 წლის 21 აპრილის (სხდომის დღეს), 15:25 საათზე მიმართა. ცნობაში, მოკლე ისტორიაში (ანამნეზში) მითითებულია, რომ პაციენტს დაავადება დაეწყო 2 დღის წინ, რაც გამოიხატა ზოგადი სისუსტით, ყელის ტკივილით, გულისრევის შეგრძნებით, ტონები რითმული, სუნთქვა ვეზიკულური, ხახის რკალი ჰიპერემიულია. პაციენტს სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციების სახით დაენიშნა დიეტის დაცვა და ბევრი სითხის მიღება.
9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტს საქმის განხილვის თარიღი 2021 წლის 5 აპრილს ეცნობა, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კომპანიის დირექტორმა წარმომადგენელს 2021 წლის 20 აპრილს მიანიჭა, რისი გათვალისწინებითაც, კომპანიის დირექტორის მიერ მინდობილობის გაცემამდე ერთი დღის ადრე წარმომადგენლის ჯანმრთელობა უკვე არ იყო დამაკმაყოფილებელი. ჯანმრთელობის შესახებ ცნობაში ასახული დიაგნოზის მნიშვნელობის გათვალისწინებით, წარმომადგენელს ობიექტურად შეეძლო და ვალდებულიც იყო, როგორც მარწმუნებელი, ისე სასამართლო წინასწარ გაეფრთხილებინა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც წინამდებარე დავის მხარე იურიდიული პირია და აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა, დროულად იმოქმედოს და მიიღოს სხვა იურისტის დახმარება ან სასამართლო სხდომაზე წარდგენილ იქნეს დირექტორისა და სხვა თანამშრომლის სახით, რომელიც წინამდებარე დავის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა შესახებ ცოდნას ფლობს.
10. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჯანმრთელობის შესახებ ცნობაში ასახული სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები მოიცავდა მხოლოდ დიეტის დაცვასა და ბევრი სითხის მიღებას და გადაადგილების შეზღუდვისა თუ წოლითი რეჟიმის დაწესების შესახებ რაიმე მითითებას არ შეიცავდა, შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, წარდგენილი ცნობა ვერ აკმაყოფილებს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიულ წინაპირობას, რადგან ცნობა არც პირდაპირ და არც ირიბად არ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე გამოუცხადების შეუძლებლობაზე, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარმომადგენელი ექიმთან მივიდა 15:25 საათზე, მაშინ, როდესაც სხდომა დანიშნული იყო 11:00 საათზე. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სხდომაში დისტანციურად მონაწილეობის შესახებ რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, რაც დღის წესრიგიდან მხარეთა და მის წარმომადგენელთა უშუალოდ სასამართლოს შენობაში გამოცხადების საჭიროებას მოხსნიდა.
11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა გამოუცხადებლობის შესახებ მიუთითა არა 2021 წლის 21 აპრილის სხდომის გამართვამდე, არამედ მხოლოდ 2021 წლის 27 მაისს საჩივარში. იმ პირობებში კი, როდესაც იურიდიული პირი წარმოდგენილია წარმომადგენლით და სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება (არც დირექტორი და არც წარმომადგენელი), შეუძლებელია სასამართლომ არ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ გამოცხადებულ მხარეს მსგავსი მოთხოვნა აქვს. საკასაციო პალატის განმარტებით, მხარემ არ იზრუნა, თავიდან აეცილებინა მისთვის არასასურველი შედეგი, იმ პირობებში, როცა იგი გაფრთხილებული იყო გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე, რისი გათვალისწინებითაც, საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები არ არსებობს.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
12. აპელანტმა (მოპასუხემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად და საქმის ხელახლა სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
13. კასატორის მტკიცებით, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა - 100-ში მითითებული ჯანმრთელობის პრობლემები წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესაძლებლობას გამორიცხავდა, ვინაიდან ხველება კოვიდვირუსის ერთ-ერთი სიმპტომია. გარდა ამისა, ძლიერი ხველა არ იძლეოდა საუბრის საშუალებას, გულისრევის შეგრძნება კი - გადაადილებისა და ტრანსპორტით სარგებლობის შესაძლებლობას, რის გამოც წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა.
14. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, აპელანტს შეეძლო, დისტანციურად მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში. კასატორის განმარტებით, მას არ აქვს ინტერნეტთან წვდომა და არც სურვილი არ ჰქონია, დისტანციურად მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში.
15. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა დირექტორის გამოცხადებაზეც. მხარეს უფლება აქვს, საქმე აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით და აღნიშნული უფლება მხარის მიერ რეალიზებული იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება (რომლითაც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება) უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი უცვლელად დატოვების კ–ონიერება.
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.
20. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივარს განხილვის მიზნით მთავარი სხდომა 2021 წლის 24 ივნისს, 11:00 საათზე დაინიშნა.
21. ზემოაღნიშნულის შესახებ აპელანტ კომპანიას სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (რუსთავი, ........ქ. №5) სასამართლო უწყება გაეგზავნა, რომელიც კომპანიის ოპერაციების მენეჯერს 2021 წლის 5 აპრილს ჩაჰბარდა.
22. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე (აპელანტი) მხარე. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა გამოცხადებული მხარის შუამდგომლობა და აპელანტის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
23. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
24. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
25. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე, ანუ კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 2018 წლის 2 ნოემბერის განჩინება).
27. ამრიგად, საქმის განხილვაზე გამოუცხადებელმა მხარემ იმ გარემოებასთან ერთად, რომ სხდომის დღეს ობიექტურად ვერ შეძლებდა სასამართლოში გამოცხადებას, უტყუარად უნდა დაადასტუროს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობის ფაქტი.
28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება.
29. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.
30. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის პრეტენზიებზე სადავო საკითხთან მიმართებით და განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად არ დასტურდება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.
31. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობის მიმართ საპროცესო კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნები შესაძლებელია სასამართლომ არც კი შეაფასოს კრიტიკულად იმ შემთხვევაში, თუკი თავად ცნობის შინაარსი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ პირს არ შეუძლია სასამართლოში გამოცხადება, რამდენადაც თავად სამედიცინო ცნობა არაფრით განსხვავდება საპროცესო კ–ონმდებლობით განსაზღვრული სხვა მტკიცებულებებისაგან და მას რაიმე წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ იგი სასამართლომ მტკიცებულებათა კვლევისათვის დადგენილი სტანდარტით უნდა შეამოწმოს (იხ. საქმე №ას-516-516-2018, 2018 წლის 13 ივლისის განჩინება; საქმე №ას-1277-1197-2017, 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინება).
32. საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შინაარსის გათვალისწინებით (რომლის თანახმად, პაციენტს დაავადება დაეწყო 2 დღის წინ, რაც გამოიხატა ზოგადი სისუსტით, ყელის ტკივილით, გულის რევის შეგრძნებით, ტონები რითმული, სუნთქვა ვეზიკულური, ხახის რკალი ჰიპერემიული. პაციენტს სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციების სახით დაენიშნა დიეტის დაცვა და დიდი რაოდენობით სითხის მიღება) მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ცნობაში, რაიმე მითითება, რომ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო მისი გამოცხადება სასამართლოში, მითითებული არ არის. ამასთან, წარმოდგენილი ცნობის შინაარსიც არ იძლევა აპელანტის წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ დასკვნის საფუძველს. ცნობაში ასახული ინფორმაცია წარმომადგენლის ჯანმრთელობაზე, სახელდობრ, დიაგნოზი და სიმპტომები კანონით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის შემადგენლობას არ ქმნის, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტის წარმომადგენელს სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციების სახით დაენიშნა მხოლოდ დიეტის დაცვა და დიდი რაოდენობით სითხის მიღება, შესაბამისად, წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობა და არ აკმაყოფილებს იმ შინაარსობრივ მოთხოვნებს, რომელიც წაეყენება ამგვარ დოკუმენტს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ წარდგენილი ცნობით დასტურდება, სასამართლო სხდომაზე კასატორის წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი უნდა გახდეს, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარმომადგენელმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2021 წლის 21 აპრილს, 15:25 საათზე, მაშინ როდესაც სხდომა დანიშნული იყო იმავე დღეს, 11:00 საათზე, რაც კიდევ უფრო ართულებს სხდომის დროს კასატორის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრას, მაშინ როდესაც, კანონით განსაზღვრულია ისეთი მტკიცებულების წარდგენა, რომელიც პირდაპირ უნდა მიუთითებდეს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება).
33. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობა ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დასადასტურებლად. ამასთან, კასატორს არ დაუდასტურებია ის ფაქტიც, რომ მას არ შეეძლო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, არათუ კასატორის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მან სხდომამდე წინასწარ აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, არამედ, მას არც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ საჩივარში და არც საკასაციო საჩივარში არც კი მიუთითებია იმ გარემოებებზე, რომ მისთვის ობიექტურად შეუძლებელი იყო გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოს დროული ინფორმირება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სამედიცინო ცნობის თანახმად, აპელანტის წარმომადგენელს ანამნეზში მითითებული სიმპტომები სასამართლო სხდომამდე (2021 წლის 21 აპრილი) ორი დღით ადრე დაეწყო, შესაბამისად, მისთვის შეუძლებელი არ უნდა ყოფილიყო სასამართლოს გაფრთხილება პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ, თუმცა მას არ მიუმართავს სასამართლოსთვის სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით და არც სასამართლოსთვის მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებია, რისი გათვალისწინებითაც, აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის წინაპირობები არ არსებობს.
34. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობას, რომლის თანახმად, როდესაც აპელანტი კომპანიის დირექტორმა 2021 წლის 20 აპრილის მინდობილობით წარმომადგენელს კომპანიის ინტერესების დაცვის უფლებამოსილება მიანიჭა, ამ დროისათვის, წარმომადგენელს უკვე აღენიშნებოდა ანამნეზში მითითებული სიმპტომები, შესაბამისად, წარმომადგენელს ობიექტურად შეეძლო და ვალდებულიც იყო, მარწმუნებლისთვის წინასწარ შეეტყობინებინა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე (კასატორი) იურიდიული პირია, რომელსაც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება იმ რისკების მაქსიმალურ დონემდე შემცირება, რომლის გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა, გარკვეული პრობლემების წინაშე დააყენოს კომპანია.
35. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიას გონივრულ ვადაში ეცნობა საქმის განხილვის თარიღი და წარმომადგენელთან მინდობილობის გაფორმების დროს, უკვე გამოვლენილი იყო ის გარემოებები, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში, კომპანია ვალდებული იყო, სათანადოდ უზრუნველეყო პროცესში საკუთარი მონაწილეობა, შესაბამისად, მოპასუხეს (კომპანიის დირექტორს) გონივრული წინდახედულობის ფარგლებში არახელსაყრელი შედეგის თავიდან ასაცილებლად, შეეძლო სასამართლოში საქმე სხვა წარმომადგენლის მეშვეობითაც ეწარმოებინა, რაც მხარეს არ განუხორციელებია, შესაბამისად, წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა, იურიდიული პირისათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება (შდრ. საქმე №ას-780-780-2018, 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება).
36. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ იურიდიული პირის წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დროსაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა, ამა თუ იმ თანამშრომლის ავადმყოფობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (იხ. საქმე №ას-152-148-2016, 2016 წლის 3 ივნისის განჩინება; საქმე №ას-345-330-2016, 2016 წლის 6 ივნისის განჩინება).
37. საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივარში მითითებულ საკასაციო პრეტენზიებს და განმარტავს, რომ ჯანმრთელობის შესახებ ცნობის თანახმად, წარმომადგენლის პირველადი დიაგნოზი საკვებისმიერი ინტოქსიკაცია იყო, ამასთან, თუ წარმომადგენელი ფიქრობდა, რომ კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, მას შეეძლო ტესტის გაკეთება და შესაბამისი მტკიცებულების დართვა საჩივარში მოყვანილი გარემოების შეფასების სანდოობისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით, თუმცა მას ეს ვარაუდი რაიმე მტკიცებულებით არ გაუმყარებია. ამასთან, თუ წარმომადგენელს საქმის განხილვაში დისტანციურად მონაწილეობის მისაღებად ინტერნეტთან კავშირი არ ჰქონდა და, როგორც თვითონ აღნიშნავს, არც სურვილი, მას საკუთარი ვალდებულებები სათანადოდ უნდა შეესრულებინა, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ დასტურდება.
38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
39. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.).
40. სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
41. ამრიგად, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელ გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
42. კასატორს საკასაციო საჩივარზე ბაჟი გადახდილი აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 387-ე, 241-ე, 233-ე, 410-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,კ–ოს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2021 წლის 16 ივნისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე