საქმე №ას-933-2020 20 იანვარი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს ,,თ.ს.კ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ამხანაგობა ,,პ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ამხანაგობა ,,პ–მა“ (შემდგომ - ამხანაგობა, მენარდე, მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,თ.ს.კ–ის“ (შემდგომ - შემკვეთი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ მოპასუხის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს - 24 794 ლარის 1431 ლარამდე შემცირებისა და მოპასუხისათვის 23 363 ლარის დაკისრების მოთხოვნით (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია 30.10.2019 წლის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე).
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელემ და მოპასუხემ 2018 წლის 15 ნოემბერს გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0300/31/282 ხელშეკრულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 80 206.11 ლარით, სამუშაოების შესრულების ვადა კი - 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. პროექტი აცდენილი იყო ობიექტზე არსებულ ვითარებას, რის გამოც საჭირო გახდა მისი კორექტირება. პროექტის კორექტირების გამო მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის მიხედვით ვადა გახანგრძლივდა 2 თვით, 2019 წლის 31 ივლისამდე. აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მოპასუხე მოსარჩელეს მაინც არიცხავდა პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებისათვის. დარიცხული პირგასამტეხლო - 24 794 ლარი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს, კერძოდ, უნდა დაანგარიშდეს მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობის (0.01%-ის) შესაბამისად და განისაზღვროს 1 431 ლარით.
3. მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა 80 202 ლარი, საბოლოო ანგარიშსწორებისას მოსარჩელემ მიიღო 23 363 ლარით ნაკლები, შესაბამისად - მოპასუხეს უნდა დაეკისროს 23 363 ლარი.
მოპასუხის შესაგებელი
4. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 90 კალენდარული დღით, რომელიც იწურებოდა 2019 წლის 13 თებერვალს და არა - მოსარჩელის მიერ მითითებულ 2019 წლის 31 მაისს. ამასთან, 2019 წლის 31 მაისი იყო არა სამუშაოების შესრულების ვადა, არამედ ხელშეკრულების მოქმედების ვადა. ხელშეკრულების ვადა გაიზარდა მოპასუხის თხოვნის შესაბამისად. მოპასუხის მითითება მასზე, რომ მათი ბრალეულობით ვადა არ გაზდილა, არ შეესაბამება სიმართლეს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გარდა მოპასუხეს მოსარჩელისათვის სხვა თანხა არ დაუკისრებია. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 73 791.91 ლარი. ხელშეკრულების შესაბამისად, მენარიდის მიერ სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, იგი ვალდებული იყო, შემკვეთისათის გადაეხადა სახელშეკრულებო ღირებულების 0.2% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, რაც ყოველ ასეთ დღეზე შეადგენს 147.5838 ლარს (ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 80 206.11 ლარს), რაკი მოსარჩელეს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2019 წლის 13 თებერვალს, პირგასამტეხლოს დარიცხვა დაიწყო 2019 წლის 14 თებერვლიდან, ხოლო სამუშაოები დასრულდა და საბოლოო მიღება-ჩაბარებაზე ხელი მოეწერა 2019 წლის 2 სექტემბერს, თუმცა ხელშეკრულების მოქმედება დასრულდა 2019 წლის 31 ივლისს. ამ დროისათვის გასული იყო 168 დღე. შესაბამისად, დაკისრებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 24 794.08 ლარი, რომელიც დაიქვითა მოსარჩელისთვის გადარიცხული თანხიდან და მოსარჩელეს გადაერიცხა 48 997.83 ლარი. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რომელ 23 363 ლარს ითხოვს მოსარჩელე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა, შემცირდა მოპასუხის მიერ ამხანაგობისათვის დარიცხული პირგასამტეხლო 1 431 ლარამდე. მოპასუხეს დაეკისრა 23 363 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შესასრულებელი ვალდებულების ვადა იყო 90 დღე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით. მხარეებს შორის 2018 წლის 31 მაისს გაფორმდა N1 შეთანხმება, რომლითაც ცვლილებები შევიდა ხელშეკრულებაში და მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 31 ივლისამდე. მოსარჩელემ გადასცა, ხოლო მოპასუხემ მიიღო 73 791.91 ლარის სამუშაო. ამასთან, ნაკისრი სამუშაოების შეთანხმებულ ვადაში მოპასუხისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. ვალდებულების შესრულება დაგვიანდა 168 დღით, რის გამოც მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დღეებისათვის - 24 794.08 ლარი.
9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - სახელშეკრულებო ღირებულების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსაბამოდ მაღალი იყო, რის გამოც ის შესრულებული სამუშაოს საერთო ღირებულების 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განსაზღვრა. შესაბამისად, ყოველდღიური პირგასამტეხლო შეადგენდა (73791.91*0.01%) 7.3791 ლარს, რაც ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით (168 * 7.3791 = 1239.68) 1239.68 ლარია. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა - შემცირდეს პირგასამტეხლო 1 431 ლარამდე, სსსკ-ის 248-ე მუხლზე მითითებით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო 1 431 ლარამდე.
10. პალატამ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს შემცირება ეფუძნებოდა როგორც მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის სიმძიმეს (სადავო არ არის მოსარჩელეს სამუშაოს შესრულების ხარისხი, გარდა დროის ფაქტორისა), ასევე, ხელშეკრულების მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპსა და სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების სტანდარტს. პალატა მიიჩნია, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული (0,2%) პირგასამტეხლოს მოთხოვნა, კონკრეტული საქმის მასალებში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო უფლების კეთილსინდისიერად და მართლზომიერად განხორციელების პრინციპებს (სკ-ის 8.3 და 115-ე მუხლები). ხელშეკრულების ძლიერმა მხარემ (რომლის დამფუძნებელია ადმინისტრაციული ორგანო) თანასწორობის პრინციპის დარღვევით, განუსაზღვრა კონტრაჰენტს არათანაბარი, მისთვის ანალოგიურ მდგომარეობაში არსებული სახელშეკრულებო პირობისაგან განსხვავებული პირობა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის (დარღვევისათვის) ხელშეკრულების ძლიერმა მხარემ იკისრა ვალდებულების შესასრულებელი ნაწილის 0.01%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო ამავე ხელშეკრულების მეორე კონტრაჰენტს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დააკისრა ამავე ხელშეკრულების საერთო სახელშეკრულებო (და არა შესასრულებელი (დარჩენილი) სამუშაოს) ღირებულების 0.2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურება (ე.ი. დასარიცხი პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი მოპასუხე ორგანიზაციისათვის ოცჯერ ნაკლები ოდენობით განისაზღვრა ვიდრე მოსარჩელისათვის).
11. პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს შემცირების გამო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა მის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობაში ჩათვლილი - დაკავებული თანხის ნაწილი 23 363 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხემ განსაზღვრული თანხა დააკავა 24 794.08 ლარის ოდენობით, მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხა განისაზღვრა (24 794.08 – 1431) 23 636 ლარით.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
13. კასატორის მტკიცებით, არ არის დასაბუთებული, რატომ არის მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, სასამართლოს ერთადერთი არგუმენტი ისაა, რომ მოპასუხემ პირგასამტეხლოს განსაზღვრა კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევით, თუმცა არ არის დასაბუთებული რით გამოიხატა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ის ფაქტი, რომ შემკვეთის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო ნაკლები იყო მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დასაკისრებელ პირგასამტეხლოზე, არ ნიშნავს, რომ მოპასუხე მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად. აღნიშნული განპირობებული იყო სწორედ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების, მიზნებიდან გამომდინარე.
14. პირგასამტეხლოს შემცირებისას ყურადსაღებია კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხი, შესაბამისად, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის რისკი, რაც მოჰყვება კონტრაჰენტის მიერ ხელშეკრულების დარღვევას. ამ შემთხვევაში, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა ტექნიკურ სკოლაში, რომლის ფუნქციაც არის პერსონალის გადამზადება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კრედიტორისთვის სამუშაოების დროული დასრულება, ვინაიდან მას უწევდა გაკვეთილებისა და გამოცდების სხვადასხვა ობიექტზე ჩატარება, რითაც არღვევდა კომპანიის ნორმალურ საწარმოო პროცესს, დისკომფორტს უქმნიდა პერსონალს. სამუშაოების დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შედეგად, დროულად ვერ მოხერხდა ობიექტის ტექნიკური აღჭურვა და პერსონალის მომზადების დაწყება იმ ვადის მიხედვით, რომლითაც დაიგეგმა.
15. როგორც აღინიშნა პირგასამტეხლოს უპირველესი ფუნქცია არის, თავიდან აიცილოს ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები. შემკვეთის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის რისკი არ არსებობდა, რადგან მისი ფინანსური სტაბილურობა და გადახდისუნარიანობა ეჭვს არ იწვევდა და ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შანსი მინიმალური იყო, ამდენად, უზრნველყოფის ნაკლები საჭიროება არსებობდა.
16. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა დამრღვევი მხარის ბრალეულობისა და კეთილსინდისიერების საკითხიც. ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის მიზეზი იყო მენარდის არაკეთილსინდიდსიერი ქმედება, მის მიერ სამუშაოების დაგვიანებით დაწყება და მუშაობის ხაზგასმით დაბალი ტემპი, რომელიც არ იყო განპირობებული არავითარი გარეშე ფაქტორით.
17. სასამართლომ არ გაითვალისწინა არც დარღვევის სიმძიმე და არც ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 90 დღე ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან, რომელიც იწურებოდა 2019 წლის 13 თებერვალს, ხოლო სამუშაოების შესრულება გრძელდებოდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ბოლომდე, 2019 წლის 31 ივლისამდე, შესრულების ვადის გასვლიდან 168 დღის განმავლობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში კი, კომპანია ვერ ახერხებდა ობიექტით ნორმალურ სარგებლობას. ასეთი შემცირებით პირგასამტეხლომ ყოველგვარი სტიმულაციისა და „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ უზრუნველყოფის ფუნქცია დაკარგა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს შემცირებისა და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) და 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლებიდან გამომდინარეობს.
21. ზემოხსენებული მოთხოვნის წინააღმდეგ შემკვეთმა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი წარადგინა, კერძოდ, რაკი მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეთანხმებულ ვადაში ვერ დაასრულა, მას ხელშეკრულების შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 0.2 % (24 794.08 ლარი), რაც მენარდისათვის გადასახდელ საზღაურში უნდა გაიქვითოს. ამასთან, არ არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. აქედან გამომდინარე, შემკვეთის მიერ წარმოდგენილი გაქვითვის შესაგებელი სსკ-ის 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) მუხლებს ეფუძნება.
22. გასაჩივრებული განჩინებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო შემცირდა. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ შეამცირეს მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
23. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაპროპორციულად შემცირდა.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ. სუსგ ას-144-140-2016, 19.04.2016 წ.; №ას-327-2019. 27.05.2019 წ.; №ას-825-2019, 5.09.2019 წ.; №ას-1511-2018, 26.03. 2019 წ.).
25. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულებას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგებს, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 0.05 %-ით - 6 198.5 ლარით. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ 24 794.08 ლარის მენარდისათვის დაკისრება ემსახურება კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას და არ გამოიწვევს ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს. ამასთან, პალატა ითვალისწინებს კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (იხ. საკასაციო პრეტენზია პ.14) და დარღვევის ხასიათისა და შედეგების შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად 6 198.5 ლარს მიიჩნევს.
26. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო აშკარად შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან. შეუსაბამობა გამომდინარეობს პირგასამტეხლოს მაღალი პროცენტიდან (მით უფრო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასარიცხი პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი მოპასუხისათვის ოცჯერ ნაკლები იყო, ვიდრე მოსარჩელისათვის) და ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან. მეორე მხრივ, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და ქვედა ინსტანციების მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 1 431 ლარი ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის, ხოლო 6 198.5 ლარი სრულად უზრუნველყოფს დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს 18 595. 58 ლარი დაუკავდა არამართლზომიერად, ვინაიდან მოპასუხეს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან, პირგასამტეხლოს ანგარიშში, მხოლოდ 6 198.5 ლარის დაკავების მართლზომიერი საფუძველი აქვს. შესაბამისად, სსკ-ის 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) და 444-ე (თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე) მუხლების საფუძველზე, გაქვითის შემდეგ დარჩენილი თანხა - 18 595.58 ლარი მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს
28. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს 18 595. 58 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
29. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
30. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სარჩელზე 890 ლარი, ხოლო მოპასუხემ სააპელაციო საჩივარზე 935 ლარი, საკასაციო საჩივარზე 1169 ლარი გადაიხადა. სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოპასუხეს, დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, დაეკისრება სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის (79.59 %) პროპორციული სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,თ.ს.კ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ამხანაგობა „პ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „თ.ს.კ–ას“ ამხანაგობა „პ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 18 595. 58 ლარის გადახდა;
5. შპს ,,თ.ს.კ–ას“ ამხანაგობა „პ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 278.57 ლარის გადახდა;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე