საქმე №ას-407-2020 20 იანვარი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ-ლ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომ - მერია, შემკვეთი, მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ-ლ–ის“ (შემდგომ - მენარდე, მოპასუხე, მეორე მოსარჩელე) მიმართ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 52 574 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
პირველი სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელემ და მოპასუხემ გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №142 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მენარდემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების ვალდებულება, ხოლო შემკვეთმა შესრულებული სამუშაოებისათვის 388 000 ლარის გადახდის ვალდებულება იკისრა. სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ოთხ ეტაპად. მოპასუხემ პირველი ეტაპი - ნაცვლად 2016 წლის 28 ივლისისა - 2016 წლის 30 აგვისტოს დაასრულა, მეორე ეტაპი - ნაცვლად 2016 წლის 26 აგვისტოსა - 2016 წლის 28 ოქტომბერს, მესამე ეტაპი - ნაცვლად 2016 წლის 26 სექტემბრისა - 2017 წლის 8 მაისს, მეოთხე ეტაპი ნაცვლად 2016 წლის 26 ოქტომბრისა - 2017 წლის 8 ივნისს. ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები შეთანხმდენ პირგასამტეხლოს - შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.1 %-ის გადახდაზე. რაკი მოპასუხემ სამუშაოები შეთანხმებულ ვადებში ვერ დაასრულა, ვალდებულია, გადაიხადოს პირგასამტეხლო - 52 574 ლარი.
მოპასუხის შესაგებელი
3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან სამუშაოები შეთანხმებულ ვადებში ვერ დაასრულა ფორსმაჟორის გამო. ბეტონის საფარის სამუშაოებს ხელი შეუშალა ნალექიანმა ამინდებმა. წვიმიან ამინდში შეუძლებელია ბეტონის საფარის მოწყობა. სწორედ ამის გამო შეფერხდა სამუშაოები და, ნაცვლად შეთანხმებული ვადებისა, დასრულდა უფრო გვიან. ამდენად, ვადის გადაცილებაში მას ბრალი არ მიუძღვის, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა.
მეორე სარჩელის საფუძვლები
4. მენარდემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შემკვეთის მიმართ და მოითხოვა მისთვის 12 975.65 ლარის დაკისრება და შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს - 8474 ლარის გადახდა.
5. 2016 წლის 28 ივნისს მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №141 ხელშეკრულებაც, რომლის საფუძველზე მენარდემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების ვალდებულება იკისრა. შემკვეთმა შესრულებული სამუშაოებისათვის 373 400 ლარის გადახდის ვალდებულება იკისრა. მხარეთა შეთანხმებით, ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის დავალიანებას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო. მენარდემ სამუშაოები დაგეგმა და დაიწყო დროულად, მაგრამ სამუშაოებს ხელი შეუშალა ნალექიანმა ამინდმა, გადაუღებელმა წვიმამ დააზიანა ბეტონის საფარის მომზადებული საფუძველი, გადარიცხა შეტანილი და გასწორებული ქვიშა-ხრეში, რამაც მოითხოვა დამატებითი დრო, ხარჯი და მუშა-ხელი. მან პრობლემის შესახებ გამგეობას დროულად აცნობა, მაგრამ გამგეობამ არ გაითვალისწინა და შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებაზე, შესაბამისი პირგასამტეხლოს გადახდის გარეშე, უარი უთხრა. აღნიშნულის გამო, მერიამ 2016 წლის 4 ოქტომბერს პირგასამტეხლო -12 975.65 ლარი დაუქვითა. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამ თანხის დაკავებას საფუძველი არ ჰქონდა და უკან უნდა დაუბრუნდეს.
6. მეორე მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან 2016 წლის 26 დეკემბერს მოპასუხეს წარუდგინა მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო 2017 წლის 16 იანვარს - სსიპ ,,ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ მან ხელშეკრულება შეასრულა ჯეროვნად. ექსპერტიზის დასკვნის წარდგენიდან 10 დღეში მოპასუხეს შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება სრულად უნდა გადაეხადა. მიუხედავად ამისა, მან შესრულებული სამუშაო აანაზღაურა 65 დღის დაგვიანებით - 2017 წლის 31 მარტს, რის გამოც შემკვეთს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს - 8474 ლარის გადახდა.
მოპასუხის შესაგებელი
7. მერიამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მენარდემ სამუშაოების დასრულების ვადას გადააცილა 139 დღით. შესრულების ვადაგადაცილებისათვის მას პირგასმტეხლოს სახით უნდა გადაეხადა 12 975.65 ლარი, რაც შემკვეთმა დაუკავა შესრულებული სამუშაოს საზღაურიდან. გაქვითვას დაეთანხმა მენარდეც.
8. ანგარიშსწორების დაყოვნებასთან დაკავშირებით შემკვეთმა განმარტა, რომ მენარდეს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2016 წლის 26 ოქტომბრამდე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა გრძელებოდა 2016 წლის 31 დეკემბრამდე. თანხის ანაზღაურება გათვალისწინებული იყო 2016 წლის ბიუჯეტით. გამგეობა ვარაუდობდა, რომ სამუშაოები დასრულდებოდა 2016 წელში და ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხით ანაზღაურდებოდა, მაგრამ მენარდემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან სამუშაოები დაასრულა 2017 წელში. აღნიშნულის გამო, აუცილებელი გახდა 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანა და მენარდისათვის თანხის გადახდა, რამაც, თავის მხრივ, დააყოვნა ანგარიშსწორება.
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მერიის მიერ წარდგენილი სარჩელის საფუძველზე დაწყებული სამოქალაქო საქმე (N2/2565-17) და მენარდის სარჩელის საფუძველზე დაწყებული სამოქალაქო საქმე (N2-1232/17) ერთ წარმოებად გაერთიანდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით - მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს - 26 287 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მეორე მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მერიას დაეკისრა 12 975.65 ლარის გადახდა მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ. მენარდის სარჩელი შემკვეთისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
11. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდემ სამუშაო შეთანხმებულ ვადებში ვერ შეასრულა. მიღება-ჩაბარების აქტებით დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოების შუალედურმა ღირებულებამ შეადგინა: 1) 2016 წლის 8 აგვისტოს მონაცემით - 103 854,8 ლარი. 2) 2016 წლის 6 ოქტომბრის მიხედვით - 109 151,68 ლარი. 3) 2016 წლის 16 ნოემბრის მიხედვით - 75 641,53 ლარი. 4) 2017 წლის 9 იანვრის მიხედვით - 84 749,23 ლარი. სამუშაოთა შესრულების ვადის გადაცილების გამო გამგეობამ მენარდეს თითოეულ ეტაპზე მოსთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა.
14. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად უნდა შემცირებულიყო. პალატამ, საქმის მასალების ანალიზის სამართლიანი განსჯისა და მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, მიიჩნია, რომ მხარისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა - 26 287 ლარი დარღვეულ ვალდებულებასთან მიმართებით გონივრული იყო.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
16. კასატორის მტკიცებით, პირგასამტეხლოს მინიმუმამდე შემცირება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად და ვადაში შერულებას შეუქმნის საფრთხეს, შესაბამისად, მსგავსი მიდგომა ვერ იქნება ეფექტიანი სამომავლოდ შესასრულებელი სახელმწიფო პროექტების მიმართ. შესაბამისად, ამ სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებით მივიღებთ გაწელილ და არაჯეროვნად შესრულებულ სამუშაოებს.
17. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (ას-164-160-2016, 28.07.2016წ.), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან. მერიის მიერ სწორედ ფაქტობრივად ვადაგადაცილებული ეტაპების ღირებულებიდან დაანგარიშდა პირგასამტეხლო, რამაც ჯამურად 52 574 ლარი შეადგინა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირება საფუძვლიანად მიიჩნია. ამდენად, პალატამ არასწორად შეაფასა კასატორის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად დაანგარიშებული და მენარდისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
22. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეთანხმებულ ვადებში ვერ შეასრულა, რის გამოც კასატორმა 52 574 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა მოსთხოვა.
24. პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 417ე-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
25. საკასაციო საჩივრით სადავოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ დავაზე განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა 26 287 ლარი, რაც სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.
26. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ არსებობდა.
27. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.
28. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებაა (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
30. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისათვის ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები: ბ) დარღვევის სიმძიმესა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელიც მოიცავს ზიანის ანაზღაურებას. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
31. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პალატა ასევე მიუთითებს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. ის ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
32. პალატის შეფასებით, განსახილველ დავაზე 52 574 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება არაგონივრულია, გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შინაარსიიდან, დარღვევის ხარისხიდან და დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგებიდან. შესაბამისად, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.
33. საკასაციო პალატა ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, დარღვევის სამძიმესა და მოცულობას, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას, ვალდებულების დაგვიანების შედეგად ზიანის არარსებობის ფაქტსაც და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.
34. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიებს არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, მან სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.
35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
36. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: №ას-186-2021, 2021 წლის 25 მარტის განჩინება; №ას-1281-2020, 2021 წლის 28 იანვრის განჩინება; №ას-947-2019, 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება; №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება; №ას-1926-2018, 2019 წლის 24 მაისის განჩინება; №ას-1930-2018, 2019 წლის 17 მაისის განჩინება; №ას-252-2019, 2019 წლის 8 მაისის განჩინება; №ას-123-2019, 2019 წლის 10 ივნისის განჩინება).
37. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
39. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე