საქმე №ა- 5322-შ-127-2020 20 იანვარი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ფ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ს.პ.ა–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის (ICC) 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმის №24145/MHM/HBH)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის (ICC) 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმის №24145/MHM/HBH) ა.ს.პ.ა–ის შპს „ფ–ის“ სასარგებლოდ დაეკსრა:
- ძირი თანხა 3 727 055.26 ლარი;
- მარტივი საპროცენტო სარგებელი წლიური 9.75% ოდენობით დათვლილი 2019 წლის 1 იანვრიდან ძირითად თანხაზე 812 289.75 ლარზე, მის სრულად გადახდამდე;
- მარტივი საპროცენტო სარგებელი წლიური 11 % დათვლილი ვაჭრობის საერთაშორისო პალატის მიერ ამ გადაწყვეტილების მოპასუხისათვის შეტყობინების მეორე დღიდან ძირითად თანხაზე 2 914 765.51 ლარზე, მის სრულად გადახდამდე;
- ნებისმიერი თანხა, მათი არსებობის შემთხვევაში, რაც გადახდილი იქნება ქართული ბანკის - სს თ.ბ–ის მიერ ა.ს.პ.ა–ისათვის ამ გადაწყვეტილების თარიღის შემდგომ N60526-9474704 და N60526-9474707 საავანსო გადახდის გარანტიების, შესაბამისად გაცემული 2017 წლის 28 დეკემბერსა და 2018 წლის 4 აპრილს, საფუძველზე იმ საპროცენტო სარგებელთან ერთად, რასაც შპს ფ–ი გადაუხდის სს თ.ბ–ს ამგვარი გადახდის შედეგად;
- 8 107.88 აშშ დოლარის, 320 964.28 ლარის, 290 972.85 ევროსა და 1 404 ფუნტი სტერლინგის თანხები ამ არბიტრაჟთან დაკავშირებული სამართლებრივი და სხვა ხარჯებისათვის (გარდა ვაჭრობის საერთაშორისო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარჯებისა); და
- 277 088 აშშ დოლარის თანხა, რაც წარმოადგენს შპს ფ–ის მიერ საარბიტრაჟო ხარჯებისათვის გადახდილი 346 360 აშშ დოლარის 80%-ს 2020 წლის 12 ნოემბერს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ აისისის 580 360 აშშ დოლარის არბირრაჟის ხარჯების დადგენიდან გამომდინარე.
2. შპს „ფ–იმ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, შპს „ფ–ის“ შუამდგომლობა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის (ICC) 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმის №24145/MHM/HBH) ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
4. ზემოაღნიშნული განჩინება, შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები 2021 წლის 1 მარტს მოწინააღმდეგე მხარეს - ა.ს.პ.ა–ის ჩაბარდა, რომელმაც შუამდგომლობის წინააღმდეგ თავისი მოსაზრება წარმოადგინა.
5. მოწინააღმდეგე მხარემ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
5.1. აღსასრულებელი გადაწყვეტილება წარმოდგენილია არა დედნის ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით, არამედ ნოტარიუსის მიერ დადასტურებულია მხოლოდ დოკუმენტის ასლის თარგმანი, რაც ეწინააღმდეგება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მოთხოვნას. ნიუ-იორკის კონვენციის განმარტებების თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დამოწმება გულისხმობს კომპეტენტური ორგანოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედნის ან მისი ასლის ნამდვილობის დამოწმების მიზანს წარმოადგენს იმის დადასტურება, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ტექსტი ავთენტურია და გადაწყვეტილება ნამდვილად მიღებულია. დადასტურების მიზანს წრმოადენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ასლის დედანთან სისწორის დადასტურება. გარდა ამისა, გადაწყვეტილება არ არის წარმოდგენილი 1961 წლის ჰააგის კონვენციის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, დოკუმენტი არ არის აპოსტილიზირებული.
5.2. შუამდგომლობასა და მასზე თანდართულ დოკუმეტებში არ არის საბუთი ან ცნობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ 02.12.2020 წლის გადაწყვეტილება საბოლოოა და შესულია კანონიერ ძალაში.
5.3. ზემოაღნიშნული სტანდარტებთან შეუსაბამოდ წრადგენილი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საქართველოს საჯარო წესრიგს („არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლი).
6. 2021 წლის 25 ოქტომბერს შუამდგომლობის ავტორმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და დამატებით წარმოადგინა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის (ICC) 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმის №24145/MHM/HBH) დედანი, ხოლო 2021 წლის 20 დეკემბერს წარმოადგინა იტალიის ქალაქ რომის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება 2020 წლის 2 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ. შუამდგომლობის ავტორმა 2021 წლის 30 დეკემბერს დამატებით წარმოადგინა აპოსტილით დამოწმებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის (ICC) 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის (ICC) 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმის №24145/MHM/HBH) ა.ს.პ.ა–ის შპს „ფ–ის“ სასარგებლოდ დაეკსრა:
- ძირი თანხა 3 727 055.26 ლარი;
- მარტივი საპროცენტო სარგებელი წლიური 9.75% ოდენობით დათვლილი 2019 წლის 1 იანვრიდან ძირითად თანხაზე 812 289.75 ლარზე, მის სრულად გადახდამდე;
- მარტივი საპროცენტო სარგებელი წლიური 11 % დათვლილი ვაჭრობის საერთაშორისო პალატის მიერ ამ გადაწყვეტილების მოპასუხისათვის შეტყობინების მეორე დღიდან ძირითად თანხაზე 2 914 765.51 ლარზე, მის სრულად გადახდამდე;
- ნებისმიერი თანხა, მათი არსებობის შემთხვევაში, რაც გადახდილი იქნება ქართული ბანკის - სს თ.ბ–ის მიერ ა.ს.პ.ა–ისათვის ამ გადაწყვეტილების თარიღის შემდგომ N60526-9474704 და N60526-9474707 საავანსო გადახდის გარანტიების, შესაბამისად გაცემული 2017 წლის 28 დეკემბერსა და 2018 წლის 4 აპრილს, საფუძველზე იმ საპროცენტო სარგებელთან ერთად, რასაც შპს ფ–ი გადაუხდის სს თ.ბ–ს ამგვარი გადახდის შედეგად;
- 8 107.88 აშშ დოლარის, 320 964.28 ლარის, 290 972.85 ევროსა და 1 404 ფუნტი სტერლინგის თანხები ამ არბიტრაჟთან დაკავშირებული სამართლებრივი და სხვა ხარჯებისათვის (გარდა ვაჭრობის საერთაშორისო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარჯებისა); და
- 277 088 აშშ დოლარის თანხა, რაც წარმოადგენს შპს ფ–ის მიერ საარბიტრაჟო ხარჯებისათვის გადახდილი 346 360 აშშ დოლარის 80%-ს 2020 წლის 12 ნოემბერს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ აისისის 580 360 აშშ დოლარის არბირრაჟის ხარჯების დადგენიდან გამომდინარე.
9. 2017 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულებით მოწესრიგებულია მხარეთა შორის სადავო საკითხების განხილვის წესი. ამ ხელშეკრულების 18.3 პუნქტის თანახმად, დავის მშვიდობიანი მოუგვარებლობის შემთხვევაში ყველა დავა, რომელიც წარმოიშვება ან გამომდინარეობს ამ ქვე-კონტრაქტიდან, საბოლოოდ გადაიჭრება საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო წესების საფუძველზე და ამ წესების მიხედვით დანიშნული სამი არბიტრის მიერ. არბიტრაჟის ადგილს წარმოადგენს პარიზი, საფრანგეთი. არბიტრაჟის გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულოა მხარეებისათვის.
10. გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს სასარჩელო განცხადების მიღების შემდეგ, საარბიტრაჟო სასამართლო კომპეტენცია აღნიშნული დავის განხილვისას არ გაუპროტესტებია; საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო სასამართლო განხილვის შესახებ, და ის სხდომაზე გამოცხადდა; საარბიტრაჟო მოსარჩელე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.
11. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35620 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
13. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
14. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებული ნიუ-იორკში, 1958 წლის 10 ივნისს (შემდგომ - „ნიუ-იორკის კონვენცია“), გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და არა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოითხოვება ასეთ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ისეთ დავათა გამო, რომელთა მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.
15. ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს, როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოთ მოცემული მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით. იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებისთვისაც გამოიყენება ეს კონვენცია, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას არსებითად უფრო მძიმე პირობები ან უფრო მაღალი ბაჟი ან მოსაკრებლები იმასთან შედარებით, რომლებიც არსებობს შიდა გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის.
16. ნიუ-იორკის კონვენციის მე-4 მუხლი ადგენს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შუამდგომლობის წარდგენის წესს: კერძოდ, მხარემ, რომელიც ითხოვს ცნობასა და აღსრულებას, აღნიშნული მოთხოვნით მიმართვისას, უნდა წარადგინოს: (a) სათანადო წესით დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი; (b) მეორე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების (საარბიტრაჟო შეთანხმების) დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი. პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს (ასევე იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინება შუამდგომლობის განსახილველად მიღების შესახებ) და არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ არის წარმოდგენილი დადგენილი წესით, კერძოდ, არ არის სათადოდ დამოწმებული.
17. პალატა, პირველ რიგში, განმარტავს, რომ მითითებული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარს არც ეროვნული და არც საერთაშორისო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს (იხ. პუნქტი 19). ფაქტობრივად, მოწინააღმდეგე მხარე ამ არგუმენტით სასამართლოს მიერ შუამდგომლობის წარმოებაში მიღებას ედავება. ამ კუთხით სასამართლო განმარტავს, რომ ნიუ-იორკის კონვენციით (მე-4 მუხლი), სსსკ-ის 35621 მუხლითა თუ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით (44-ე მუხლი) არ არის დადგენილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედნისა თუ ასლის დამოწმების კონკრეტული წესი. ICCA-ის (კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო) სახელმძღვანელო ნიუ-იორკის კონვენციის განმარტების თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედნის ან მისი ასლის ნამდვილობის დამოწმების მიზანს წარმოადგენს იმის დადასტურება, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ტექსტი ავთენტურია და გადაწყვეტილება მიიღო ნამდვილად მხარეთა მიერ დანიშნულმა არბიტრებმა.
18. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობას თან ერთვოდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული ასლი, კერძოდ, ნოტარიუსის მიერ დამოწმებულია როგორც ასლის დედანთან სისწორე, ისე გადაწყვეტილების ქართულ ენაზე დამოწმებული თარგმანი, რაც საკასაციო სასამართლომ საკმარისად მიიჩნია შუამდგომლობის განსახილველად მისაღებად. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ შუამდგომლობის ავტორმა მოგვიანებით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედანი და აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილება წარმოადგინა. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის შედავებასაც საფუძველი გამოეცალა.
19. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლი, ისევე როგორც „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი (მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება, უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა; ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს) ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს.
20. ამასთან, შუამდგომლობის ავტორს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ მხარის მოთხოვნით, რომლის წინააღმდეგაც არის იგი მიმართული. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა, თუ ეს უკანასკნელი დაადასტურებს, რომ არსებობს ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. ხოლო ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებენ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ex officio) უნდა შეაფასოს, კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარის თქმა, თუ იმ ქვეყნის კომპეტენტური ხელისუფლება, სადაც მოითხოვება ცნობა და აღსრულება ჩათვლის, რომ: ა) ამ ქვეყნის კანონით, დავის ობიექტი არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო გარჩევის საგანი, ან ბ) ამ გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის საჯარო წესრიგს.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზია, რომ შუამდგომლობასა და მასზე თანდართულ დოკუმეტებში არ არის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გაითვალისწინება, რადგან სწორედ მას ევალებოდა იმის დაადასტურება, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმებული იყვნენ საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო წესებზე, რომლის 28(6) მუხლის თანახმად, არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნა გამოტანისთანავეა შესაძლებელი („ყველა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხარეებისათვის სავალდებულო ხასიათის იქნება“). გარდა ამისა, 2020 წლის 2 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ცნო და აღსასრულებლად მიაქცია იტალიის ქალაქ რომის სააპელაციო სასამართლომაც (იხ. 2021 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება).
22. მოწინააღმდეგე მხარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობასაც, კერძოდ, მისი მოსაზრებით, შუამდგომლობის ავტორმა არ დაიცვა დოკუმენტების წარდგენის პროცედურული წესები, რაც საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოა. როგორც დადგინდა, შუამდგომლობის ავტორმა კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცით წარადგინა შუამდგომლობა (იხ. პუნქტები 16-18). ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო წესრიგი შეიძლება მოიცავდეს დავის როგორც მატერიალურ (შინაარსობრივ) ასევე პროცესუალურ ნაწილს. პროცესუალური საჯარო წესრიგი ეხება სასამართლოში საქმის განხილვის პროცესს, მატერიალური საჯარო წესრიგი კი, დაკავშირებულია სასამართლო გადაწყვეტილების არსთან. პროცესულაური საჯაროო წესრიგის გამოხატულებას წარმოადგენს, სასამართლო დავაში მონაწილე მხარის უფლება, ინფორმირებული იყოს სასამართლო განხილვის შესახებ და მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები. პროცესულურ საჯარო წესრიგის დარღვევად, რაც შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველი, მიიჩნევა ისეთი შემთხვევა, თუკი არსებობს მიზეზობრივი კავშირი ასეთ დარღვევასა და სასამართლო გადაწყვეტილების შინაარს შორის, ანუ თუკი მხარის საპროცესო უფლების დარღვევამ ზეგავლენა იქონია წაგებული მხარის ინტერესზე. „საჯარო წესრიგი“ (ordre public) გაიგივებულია „საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებთან.“ (იხ. ბ.ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბილისი, 2009, გვ.57). პალატას მიაჩნია, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის (ICC) 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება საჯარო წესრიგის შესახებ კონვენციის დათქმას არ ეწინააღმდეგება.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, აგრეთვე წარმოდგენილი მოთხოვნა და დადგენილი გარემოებები არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ-იორკის კონვენციას.
25. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის (ICC) 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმის №24145/MHM/HBH) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან.
27. საქმეში არსებული საბანკო გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, რაც უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების“ 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 284-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ფ–ის“ შუამდგომლობა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის (ICC) 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმის №24145/MHM/HBH) ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის (ICC) 2020 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმის №24145/MHM/HBH), რომლითაც ა.ს.პ.ა–ის შპს „ფ–ის“ სასარგებლოდ დაეკსრა:
- ძირი თანხა 3 727 055.26 ლარი;
- მარტივი საპროცენტო სარგებელი წლიური 9.75% ოდენობით დათვლილი 2019 წლის 1 იანვრიდან ძირითად თანხაზე 812 289.75 ლარზე, მის სრულად გადახდამდე;
- მარტივი საპროცენტო სარგებელი წლიური 11 % დათვლილი ვაჭრობის საერთაშორისო პალატის მიერ ამ გადაწყვეტილების მოპასუხისათვის შეტყობინების მეორე დღიდან ძირითად თანხაზე 2 914 765.51 ლარზე, მის სრულად გადახდამდე;
- ნებისმიერი თანხა, მათი არსებობის შემთხვევაში, რაც გადახდილი იქნება ქართული ბანკის - სს თ.ბ–ის მიერ ა.ს.პ.ა–ისათვის ამ გადაწყვეტილების თარიღის შემდგომ N60526-9474704 და N60526-9474707 საავანსო გადახდის გარანტიების, შესაბამისად გაცემული 2017 წლის 28 დეკემბერსა და 2018 წლის 4 აპრილს, საფუძველზე იმ საპროცენტო სარგებელთან ერთად, რასაც შპს ფ–ი გადაუხდის სს თ.ბ–ს ამგვარი გადახდის შედეგად;
- 8 107.88 აშშ დოლარის, 320 964.28 ლარის, 290 972.85 ევროსა და 1 404 ფუნტი სტერლინგის თანხები ამ არბიტრაჟთან დაკავშირებული სამართლებრივი და სხვა ხარჯებისათვის (გარდა ვაჭრობის საერთაშორისო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარჯებისა); და
- 277 088 აშშ დოლარის თანხა, რაც წარმოადგენს შპს ფ–ის მიერ საარბიტრაჟო ხარჯებისათვის გადახდილი 346 360 აშშ დოლარის 80%-ს 2020 წლის 12 ნოემბერს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ აისისის 580 360 აშშ დოლარის არბირრაჟის ხარჯების დადგენიდან გამომდინარე.
3. ა.ს.პ.ა–ის შპს „ფ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე