Facebook Twitter

საქმე №ას-65-2022 25 იანვარი, 2022 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ.ს–ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე თ.ს–ას სარჩელისა გამო, სს „ქ.ს.ტ.ქ–ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

თ.ს–ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

განსახილველი საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თ.ს–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სს „ქ.ს.ტ.ქ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თ.ს–ას უარი ეთქვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილითა და საფოსტო შეტყობინებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება აპელანტ (ამ ეტაპზე კასატორ) თ.ს–ას წარმომადგენელ ს.ს–ძეს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2021 წლის 20 დეკემბერს (იხ. გზავნილის ჩაბარების დასტური ს.ფ. 316), რასაც შედეგად მოჰყვა თ.ს–ას მიერ საკასაციო საჩივრის წარდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოხსენებული წესების შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა უფლებამოსილი პირისთვის დაიწყო 2021 წლის 20 დეკემბერს - დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მომდევნო დღეს და ამოიწურა 2022 წლის 10 იანვარს.

საქმეში წარმოდგენილი, საკასაციო საჩივარზე დასმული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სარეგისტრაციო შტამპით ირკვევა, რომ თ.ს–ას მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი ელექტრონულად გაგზავნილია და სააპელაციო სასამართლოში დარეგისტრირებულია 2022 წლის 11 იანვარს, ანუ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით. საპროცესო ვადის დარღვევა დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ საკასაციო საჩივრის შედგენის/ხელმოწერის თარიღიც ემთხვევა საკასაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის თარიღს, რაც ასევე უტყუარად ადასტურებს საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დარღვევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ.ს–ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე, 396-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ს–ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე