Facebook Twitter

26 იანვარი 2022 წელი

№ ას-1357-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ლ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ე.მ–ი, ფ.ფ–ძე (თ.ბ–ძის უფლებამონაცვლე) (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა, თანამესაკუთრედ აღრიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.მ–მა სარჩელი აღძრა ე.მ–ისა და ფ.ფ–ძის (თ.ბ–ძის უფლებამონაცვლე) მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანისა და თანამესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

3. მოსარჩელე ლ.მ–მა გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის _ ა.ბ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებითა და სახელმწიფო ბაჟის - 800 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2022 წლის 04 იანვარს.

8. 2022 წლის 18 იანვარს (ფოსტით გამოგზავნის თარიღი 2022 წლის 17 იანვარი) საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორის წარმომადგენლის ა.ბ–ძის განცხადება ხარვეზის შევსების თობაზე, რომელსაც თან ერთვის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის _ 800 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის _ ა.ბ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებითა და სახელმწიფო ბაჟის - 800 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინება კასატორის წარმომადგენელ ა.ბ–ძეს (იხ. მინდობილობა, ტ.1 ს.ფ. 184-185) გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2022 წლის 04 იანვარს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენლის ოჯახის წევრს - ხ.ს–ძეს (იხ. ჩაბარების დასტური).

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

14. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც ამავე დოკუმენტის თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება (ითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად) და სასამართლოს შეუძლია, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება. მართალია, ნორმა ითვალისწინებს მხარის ოჯახის წევრის მიერ მიღებული დოკუმენტის მხარისათვის გადაცემის ვალდებულებას, თუმცა მის მიერ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი თავად მხარეს ეკისრება.

15. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2022 წლის 04 იანვარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10 დღის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2022 წლის 05 იანვარს და ამოიწურა 2022 წლის 14 იანვარს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. კასატორის წარმომადგენელმა საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, 2022 წლის 18 იანვარს (ფოსტით გამოგზავნის თარიღი: 2022 წლის 17 იანვარი) მომართა სასამართლოს ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი და კასატორის წარმომადგენელმა 2022 წლის 17 იანვარს, საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ მომართა განცხადებით სასამართლოს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

19. ვინაიდან, ლ.მ–ის საკასაციო საჩივარი დატოვებული უნდა იქნას განუხილველად, ლ.მ–ს უნდა დაუბრუნდეს 2022 წლის 12 იანვარს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 800 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 374-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ლ.მ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 800 (რვაასი) ლარი (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150, საგადახდო დავალება№3 /გადახდის თარიღი 12.01.2022).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი