№ა-5519-შ-158-2021
26 იანვარი, 2022 წ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თამარ ზამბახიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.კ–ის
განხილვის საგანი – საბერძნეთის, კილკისის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საბერძნეთის კილკისის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება გ.კ–ისსა და გ.კ–ისს შორის. ამავე გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილების მეურვეობა დაევალა დედას - გ.კ–ისს, ასევე მოპასუხე გ.კ–ისს დაეკისრა ალიმენტის გადახდა 120 ევროს ოდენობით, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ.
გ.კ–ისის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების მხოლოდ განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
გ.კ–ისის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული საბერძნეთის, კილკისის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ შეწყდა ქორწინება გ.კ–ისსა და გ.კ–ისს შორის. ამავე გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილების მეურვეობა დაევალა დედას - გ.კ–ისს, ასევე მოპასუხე გ.კ–ისს დაეკისრა ალიმენტის გადახდა 120 ევროს ოდენობით, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საქმის განხილვას ესწრებოდა გ.კ–ისი წარმომადგენელთან ერთად. შუამდგომლობაზე დართული 2021 წლის 8 ივლისის ცნობით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.
შუამდგომლობაზე თანდართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საბერძნეთის, კილკისის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, გ.კ–ისსა და გ.კ–ისს შორის ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დაადგინა:
1. გ.კ–ისის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის, კილკისის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, გ.კ–ისსა და გ.კ–ისს შორის ქორწინების შეწყვეტის ნაწილში.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
ლაშა ქოჩიაშვილი