1 დეკემბერი, 2021 წელი,
№ას-865-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი (მოსარჩელე) – შპს „მ-ს“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“
II კასატორი (მოპასუხე) - სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „მ-ს“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „მ-ს“ (შემდეგში - მოსარჩელე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი, მიმწოდებელი, გამყიდველი) და სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელი“ (შემდეგში - მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი, შემსყიდველი, მყიდველი) ასაჩივრებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებას, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, მოპასუხეს - 1436 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. პირველი კასატორის საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
2.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს პროცენტი (0.2%) ერთნაირად იყო განსაზღვრული როგორც მიმწოდებლის, ისე - შემსყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევისათვის და მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნისამებრ, პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ფასის 0.2% გადაიხადა. განსახილველ დავაზე პირგასამტეხლოს პროცენტულობის შემცირებით კი, დაირღვა ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობის პრინციპი. თავისი გადაწყვეტილებით სასამართლომ, არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა მხარეები, რითაც უპირატესობა მიანიჭა შემსყიდველს - ვალდებულების არაკეთილსინდისიერად და არაჯეროვნად შემსრულებელ მხარეს.
2.2. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ იმსჯელა მიმწოდებლის მოლოდინზე ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შემსყიდველის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება პირდაპირ უკავშირდებოდა ვალდებულების შემდგომ შესრულებას, ვინაიდან მიმწოდებელს ზუსტად ამ თანხით უნდა შეეძინა საქონლის დარჩენილი ნაწილი.
2.3. კასატორის განმარტებით, სასამართლომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას იხელმძღვანელა პირგასამტეხლოს წლიური ოდენობით. კასატორის მოსაზრებით, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასების მიმართ სასამართლოს ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს მიზანსა და ფუნქციას. კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლო დგინდება სწორედ ერთი დღის ვადის გადაცილებისათვის, პირგასამტეხლოს არ უნდა ჰქონდეს ფორმალური დატვირთვა და ვალდებულების დარღვევის პრევენცია უნდა შეეძლოს.
2.4. კასატორის მითითებით, ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველს შესყიდვის ობიექტის ღირებულება უნდა გადაეხადა საქონლის მიწოდებიდან - 7 დღის ვადაში. კასატორის მოსაზრებით, საპასუხო შესრულების ვალდებულება და ამ ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება აქვს იმისგან დამოუკიდებლად, საქონლის მიწოდების 50-დღიან ვადას გადააცილა თუ არა მიმწოდებელმა, მითუმეტეს, რომ თავად გადაიხადა საქონლის დაგვიანებით მიწოდებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. ამ გარემოებებზე დაყრდნობით, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და უსაფუძვლოდ გამორიცხა საქონლის ვადის დარღვევით მიწოდების საპასუხო ანაზღაურებაზე პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობა.
3. მეორე კასატორის საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და გადააცილა ანგარიშსწორების ვადას. მოსარჩელეს საქონელი უნდა მიეწოდებინა არა ეტაპობრივად (კონკრეტული ვადების მიხედვით), არამედ ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარულ დღეში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეეძლო, საქონელი შემსყიდველისათვის მიეწოდებინა ან ერთიანად - ორმოცდამეათე დღეს ან ამ ვადაში გარკვეული პერიოდულობით. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა ხელშეკრულების შინაარსი და არასწორად დაადგინა, რომ ხელშეკრულება საქონლის ეტაპობრივ მიწოდებას და შესაბამისად, ეტაპობრივ ანაზღაურებას ითვალისწინებდა.
3.2. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შემსყიდველს არ მიაწოდა ის საქონელი, რაც მოპასუხეს ციფრული ფოტოაპარატებისა (ფოტო-ვიდეოკამერების) და ფოტოაპარატების (ფოტო-ვიდეოკამერების) დაკომპლექტებისა და შესყიდვის ობიექტით სარგებლობის უფლებას მისცემდა, კერძოდ, კასატორის მტკიცებით, ციფრული ფოტოაპარატებისა (ფოტო-ვიდეოკამერების) და ფოტოაპარატების (ფოტო-ვიდეოკამერების) ლინზები, რომელთა გარეშე მითითებული საგნები ვერ იფუნქციონირებს, მიმწოდებელმა შემსყიდველს ხელშეკრულების ვადის დარღვევით მიაწოდა. კასატორის მოსაზრებით, ეს გარემოება გამორიცხავდა თანხის ანაზღაურების ვალდებულებას, რადგან მიმწოდებელი ვალდებული იყო, ჯეროვნად შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები. კასატორის განმარტებით, მან მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ღირებულება აუნაზღაურა მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ მიაწოდა საქონლის ის მოცულობა, რაც მისი უმეტესი ნაწილის სრული კომპლექტაციისა და შესყიდვის ობიექტით სარგებლობის შესაძლებლობას იძლეოდა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 და 21 სექტემბრის განჩინებებით, დასაშვებობის შემოწმების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
6.1. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
6.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ:
6.2.1. მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის 2020 წლის 10 აპრილს ციფრული ფოტოაპარატების (ფოტო-ვიდეოკამერების) და ფოტოაპარატების (ფოტო-ვიდეოკამერების) აქსესუარების შესაძენად გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N58-1“. მიმწოდებელს ხელშეკრულების ობიექტი შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღის ვადაში. შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი, რაოდენობა და ტექნიკური მახასიათებლები (ფასების ცხრილი) განისაზღვრა ხელშეკრულების N1 დანართით. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ - 262 000 ლარი შეადგინა.
6.2.2. ხელშეკრულების 7.5 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ.
6.2.3. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ (შესაძლებელია ეტაპობრივად) 7 დღეში.
6.2.4. ხელშეკრულების 14.2 პუნქტის თანახმად, გადახდის ვადის გადაცილებისას შემსყიდველს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა გადასახდელი თანხის 0.2% პირგასამტეხლო.
6.2.5. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს ეტაპობრივად მიაწოდა საქონელი, კერძოდ, 2020 წლის 4 მაისს - 110 730.20 ლარის საქონელი, 2020 წლის 6 მაისს - 99 108.80 ლარის, 2020 წლის 18 მაისს - 24 361 ლარის, 2020 წლის 20 მაისს - 2550 ლარის, 2020 წლის 27 მაისს - 2000 ლარის, 2020 წლის 8 ივნისს - 3250 ლარის, 2020 წლის 10 ივნისს - 6000 ლარის, ხოლო 2020 წლის 1 ივლისს - 14 000 ლარის საქონელი.
6.2.6. მოპასუხემ მიწოდებული საქონლის სანაცვლოდ 2020 წლის 17 ივნისს გადაიხადა 109 822 ლარი, 2020 წლის 18 ივნისს - 20 178 ლარი, 2020 წლის 6 ივლისს -118 000 ლარი, ხოლო 2020 წლის 13 ივლისს - 14 000 ლარი.
6.2.7. მოსარჩელემ მოპასუხეს თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის დაარიცხა 20 123.24 ლარის პირგასამტეხლო შემდეგი გაანგარიშებით: ა) 13 მაისის პირგასამტეხლო - 221.46 ლარი (110 730.20*0.2%); ბ) 14-დან 25 მაისის ჩათვლით 12 დღის პირგასამტეხლო - (110730.20+99 108.80)*0.2%=419.67*12=5036.13 ლარი; გ) 26, 27 მაისის პირგასამტეხლო - (110730.20+99 108.80+24 361)*0.2%468,4*2=936.8 ლარი; დ) 28 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით 7 დღის პირგასამტეხლო - (110730.20+99108.80+24 361+2550)*0.2%=473.5*7=3314.5 ლარი; ე) 4 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით 12 დღის პირგასამტეხლო - (110730.20+99 108.80+24361+2550+2000)=238 750*0.2%=477*12=5 730 ლარი; ვ) 16 ივნისის პირგასამტეხლო - (110730.20+99 108.80+24361+2550+2000+3250)=242 000*0.2%=484 ლარი; ზ) 17 ივნისს შეტანილი იყო 242000+6000=248 000 ლარის საქონელი, გადაიხადა 109 822 ლარი, შესაბამისად, 17 ივნისის პირგასამტეხლო - (248 000-109 822)=138 178*0.2%=276.35 ლარია; თ) 18 ივნისს გადასახდელი ჰქონდა 138 178 ლარი და გადაიხადა 20 178 ლარი, შესაბამისად, 18 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით 17 დღის პირგასამტეხლო არის (138178-20178)=118 000*0.2%=236*17=4012 ლარი; ი) 9 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით 4 დღის პირგასამტეხლო არის 14000*0.2%=28*4=112 ლარი.
6.2.8. 2020 წლის 1 ივნისს მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს და დავალიანების დაფარვა მოსთხოვა.
6.2.9. 2020 წლის 2 ივლისს მოპასუხემ, თავის მხრივ, წერილით მიმართა მოსარჩელეს და, საქონლის მიწოდების ვადების დარღვევის გამო, 1086.50 ლარის პირგასამტეხლოს (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2% ოდენობით) გადახდა მოსთხოვა, რაც მოსარჩელემ გადაიხადა.
7. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს.
8. დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს ციფრული ფოტოაპარატების/ფოტოაპარატებისა და მათი აქსესუარების მიწოდება წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის სსკ-ის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო. ნასყიდობა ორმხრივადმავალდებულებელ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას. სადავო შემთხვევაში, მხარეებმა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება დაუკავშირეს კონკრეტულ ვადას, გამყიდველს საქონელი უნდა მიეწოდებინა 50 დღის ვადაში, ხოლო მყიდველს თანხა აენაზღაურებინა საქონლის მიწოდებიდან 7 დღის ვადაში. ვალდებულების შესრულების უზურნველსაყოფად მხარეებმა ხელშეკრულებით პირგასამტეხლო გაითვალისწინეს.
9 პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...". განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრებას, რასაც მოპასუხემ პირგასამტეხლოს დაკისრების უსაფუძვლობის თაობაზე მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი დაუსპირისპირა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასების საგანია, დაარღვია თუ არა შემსყიდველმა შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული 7-დღიანი ვადა.
10. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა შესყიდვის ობიექტის ანაზღაურების წესი და ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის დრო. საკასაციო პალატა სადავო ხელშეკრულების ბუნდოვანი დათქმების (ხელშეკრულების 7.5 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, ხოლო 9.3 პუნქტის შესაბამისად, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ (შესაძლებელია ეტაპობრივად) 7 დღეში) განმარტების საკითხზე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულების ეტაპობრივად, ყოველი მიწოდების შემდგომ ანაზღაურების ვალდებულების არსებობის შესახებ. აღნიშნულის საპირისპიროდ, შემსყიდველი (მეორე კასატორი) მიიჩნევს, რომ მას უფლება ჰქონდა, ანგარიშსწორება ეწარმოებინა საქონლის იმ მოცულობის მიწოდების შემდგომ, რაც მისი უმეტესი ნაწილის სრული კომპლექტაციის შესაძლებლობას შექმნიდა და შეამცირებდა ხელშეკრულების სრულად შეუსრულებლობის რისკებს. საკასაციო პალატის შეფასებით, მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, შემსყიდველს ევალებოდა შესაბამისი მტკიცებულებებისა და წონადი სამართლებრივი არგუმენტაციის წარმოდგენით დაედასტურებინა მის მიერ ფინანსური ვალდებულების ამ პირობით შესრულების თაობაზე მიმწოდებელთან შეთანხმების მიღწევა, თუმცა მან ამ პროცესუალურ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. უფრო მეტიც, მეორე კასატორის მტკიცებას აქარწყლებს მისივე მოქმედება, კერძოდ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შემსყიდველმა მიმწოდებელს 2020 წლის 17 ივნისს მიწოდებული 4 (შეთანხმების საგანი იყო 10 ფოტოაპარატის კომპლექტაცია) ფოტოაპარატის არასრული კომპლექტაციის საფასური ჩაურიცხა, რითაც მან ფაქტობრივად დაადასტურა, ერთი მხრივ, მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა ეტაპობრივ ანაზღაურებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ცხადყო, რომ ანაზღაურების სახელშეკრულებო საფუძველს არ წარმოადგენდა ფოტოაპარატების უმეტესი ნაწილის სრული კომპლექტაციის მიწოდება. საკასაციო პალატის განსჯით, შემსყიდველის მიერ საქონლის ნაწილის ღირებულების ანაზღაურება საქონლის სრულად (ან უმეტესი ნაწილის კომპლექტაციის) მიწოდებამდე, ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ, მიუხედავად ეტაპობრივად მიწოდებული კონკრეტულ საქონელთა ღირებულების ანაზღაურების 7-დღიანი ვადის დარღვევისა, თანხის გადახდისას, თავად შემსყიდველიც მოქმედებდა იმ რწმენით, რომ ანაზღაურება მიბმული იყო ეტაპობრივ შესრულებასთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა შემსყიდველის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რის წინააღმდეგაც დასაშვები და გასაზიარებელი საკასაციო პრეტენზია წამოყენებული არ არის.
11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის მტკიცებას, რომ შემსყიდველის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება პირდაპირ უკავშირდებოდა ვალდებულების შემდგომ შესრულებას, ვინაიდან მიმწოდებელს ზუსტად ამ თანხით უნდა შეეძინა საქონლის დარჩენილი ნაწილი. სსსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოების პროცესში თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს საკუთარ მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო პალატა საქმის გარემოებათა გაანალიზების საფუძველზე ასკვნის, რომ მხარეთა შორის შეთანხმება ამ საკითხზე საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება და არც ხელშეკრულების შინაარსი იძლევა მისი იმგვარად განმარტების შესაძლებლობას, რომ მიმწოდებლის ვალდებულების შესრულება დამოკიდებული ყოფილიყო შემსყიდველის მიერ თანხის ჩარიცხვაზე. შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზია ვერ ამართლებს საქონლის მიწოდების თავისი წილი სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას და არც ეტაპობრივი ანაზღაურების ვალდებულების არსებობის სამტკიცებლად გამოდგება.
12. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია პირგასამტეხლოს შესაბამისობაც გონივრულობის კრიტერიუმთან.
“პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
13. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014). ვალდებულების დარღვევისა და მისი სამართლებრივი შედეგების პირგასამტეხლოს რაოდენობასთან თანაფარდობის შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს რაოდენობა ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის დასაკისრებელი გონივრული და ადეკვატური ოდენობაა და მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს ფარგლებში უფრო მეტი თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
14. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ნასყიდობის საგნის ვადის დარღვევით მიწოდების გამო, მყიდველისათვის სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ანაზღაურების პირობებში, სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს შემცირებით სამოქალაქო უფლებების ხელყოფისა და თანასწორობის პრინციპის დარღვევის თაობაზე პირველი კასატორის მოსაზრებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულების თითოეული კონტრაჰენტი, რომლებიც ერთდროულად სახელშეკრულებო ურთიერთობის მოვალეებად და კრედიტორებად გვევლინებიან, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილ ვალდებულებას, დაუპირისპირონ თუ არა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი. მოვალე (კონკრეტულ შემთხვევაში - მიმწოდებელი), რომელიც პრეტენზიის გარეშე ასრულებს ვალდებულებას, პრეზუმირებულია, რომ ეთანხმება ხელშეკრულების პირობებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე (კონკრეტულ შემთხვევაში - შემსყიდველი) სასამართლოში სადავოდ ხდის სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს პროცენტულობას/ოდენობას, მიმწოდებლის მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა, არ შეიძლება დაბრკოლებად იქცეს ხელშეკრულების დარღვევისათვის შემსყიდველის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს გონივრულობის სასამართლოს მიერ შესაფასებლად.
16. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
17. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ.სუსგ № ას-752-720-2016, 25.11.2016, 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება; 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება; 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება, №ას-800-756-2015, 22 სექტემბერი, 2015 წელი, საქმე №ას-109-105-2016, 27 დეკემბერი, 2017 წელი).
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მათი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარები დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, შპს „მ“-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 935 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 17.09.2021), 70% – 654.5 ლარი; ხოლო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა N15505, გადახდის თარიღი 13.07.2021), 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. შპს „მ“-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 935 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 17.09.2021), 70% – 654.5 ლარი;
4. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა N15505, გადახდის თარიღი 13.07.2021), 70% – 210 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
ა. წულაძე