Facebook Twitter

№ა-1359-ა-5-2021 11 ნოემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – სს „გ.მ–ი N?“

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (სს „ბ.რ–კის“ უფლებამონაცვლე)

განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.12.2016წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – განცხადების განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.02.2013წ. გადაწყვეტილებით:

1.1. სს „ბ.რ–კის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.1.1. შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს „ბ.რ–კასა“ და სს „გ.მ–ი N?-ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“, „განმცხადებელი“) შორის 2004 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება „კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ“;

1.1.2. მოპასუხეს, შპს „გ. ?-ს“, ლ.მ–ძეს, რ.მ–ძესა და ო.ფ–ას სს „ბ.რ–კის“ სასარგებლოდ, №95080/09/კბ საბანკო გარანტიის საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების გადახდა 483 334.42 ლარის ოდენობით;

1.1.3. მოპასუხეს, შპს „გ. ?-ს“, ლ.მ–ძეს, რ.მ–ძესა და ო.ფ–ას სს „ბ.რ–კის“ სასარგებლოდ, №89174/09/კბ საბანკო გარანტიის საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისრათ ძირი თანხის 53 769 ლარის გადახდა;

1.1.4. მოპასუხეს, შპს „გ.?-ს“, ლ.მ–ძეს, რ.მ–ძესა და ო.ფ–ას სს „ბ.რ–კის“ სასარგებლოდ, №89174/09/კბ საბანკო გარანტიის საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისრათ პროცენტის - 1012.66 ლარის გადახდა;

1.1.5. მოპასუხეს, შპს „გ.?-ს“, ლ.მ–ძეს, რ.მ–ძესა და ო.ფ–ას სს „ბ.რ–კის“ სასარგებლოდ, №89174/09/კბ საბანკო გარანტიის საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს - 19 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: სს „ბ.რ–კას“ მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემა: ა) „კრაზ 250“, სახელმწიფო ნომერი ..., ბ) „კამაზ 5511“, სახელმწიფო ნომრით ....., გ) „მაზ 5549“, სახელმწიფო ნომერი ...., დ) „გაზ 21213“, სახელმწიფო ნომერი, ...., ე) „ერაზ 762 ბ“, N725, ვ) სატკეპნი თვითმავალი, ზ) ავტოგრეიდერი, D3-143, თ) ბულდოზერი „ჩებოქსარი“, ი) ბულდოზერი „ჩ-109“, კ) FORD CARACIO, სახელმწიფო ნომერი .....;

1.3. მოსარჩელეთა მოთხოვნები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.4, ს.ფ.521-539).

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხემ და ო.ფ–ამ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.07.2016წ. განჩინებით - მოპასუხის და ო.ფ–ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.7, ს.ფ.112-138). აღნიშნული განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით (ტ.7, ს.ფ.215-271).

4. კასატორს დაუდგინდა ვადა საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, შემდეგ გაუგრძელდა მისი შევსების ვადა. საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.12.2016წ. განჩინებით - ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ კასატორის წარმომადგენლის ხელახალი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (იხ.: განჩინება, ტ.7, ს.ფ.296-300).

5. მოპასუხის სახელით წარმოდგენილ იქნა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.12.2016წ. განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე (ტ.7, ს.ფ.406-412; 425,426). განცხადებაზე დაწესებულ იქნა ხარვეზი, ასევე გაგრძელებულ იქნა მისი შევსების ვადა.

6. განმცხადებელმა ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადებით მომართა სასამართლოს 01.11.2021წ. (ტ.7, ს.ფ.624-626).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა განცხადების შინაარსის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.

8. სსსკ-ის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა შეამოწმოს მისი ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, იმსჯელოს, შეიცავს თუ არა წარმოდგენილი განცხადება კანონით დადგენილ აუცილებელ მონაცემებს და არსებობს თუ არა მისი დასაშვებად ცნობის წინაპირობები. კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.12.2016წ. განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ წარმოდგენილი აქვს შპს „ი–ას“ დირექტორს, რომელიც საქმის წარმოების პროცესში იყო მოპასუხის წარმომადგენელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, მართალია, საქმეში მოიპოვება მხოლოდ განჩინება გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ (არ არის წარმოდგენილი განჩინება გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზე), მაგრამ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით უტყუარად დასტურდება, მოპასუხის ხელმძღვნელობის და წარმომადგენლობის უფლებამოსილების პირებად რეგისტრირებული არიან შპს „ი–ა“ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, როგორც გაკოტრების მმართველი. მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოება (ტ.7, ს.ფ.427-431). როგორც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (მოპასუხის გადახდისუუნარობა დაწყებულია ამ კანონის მოქმედების პერიოდში. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 121.2. მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გაგრძელდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად) 37.1 მუხლი განსაზღვრავს, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. წინამდებარე საქმე არ განეკუთვნება იმ გამონაკლის შემთხვევას, როცა მოვალის ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს უნარჩუნდება შესაბამისი უფლებამოსილება. შესაბამისად, შპს „ი–ას“ (მის დირექტორს) მოპასუხის წარმომადგენლობის უფლებამოსილება ჰქონდა სასამართლოს მიერ გაკოტრების მმართველის დანიშვნამდე. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო პალატამ საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარმოდგენილი განცხადების შესახებ აცნობა გაკოტრების მმართველს (ტ.7, ს.ფ.617, 621), თუმცა რაიმე განცხადება მისი მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.

10. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სასამართლო ასკვნის, რომ განცხადებაზე ხელმომწერ პირს ამჟამად მოპასუხის სახელით წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების უფლება არა აქვს, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია. ამასთან, მის უფლებამოსილ წარმომადგენლად მიჩნევის შემთხვევაშიც არ არსებობს მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების განცხადების დასაშვებად ცნობის წინაპირობა, რაც შეფასებულ იქნება წინამდებარე განჩინების შემდეგ პუნქტებში.

11. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ №ას-1455-2019, 15 ნოემბერი, 2019წ.).

12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ:

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.09.2016წ. განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 8000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (იხ.: განჩინება, ტ.7, ს.ფ. 208-211). ეს განჩინება პირადად ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს (ტ.7, ს.ფ.274).

12.2. ხარვეზის შევსების ვადაში კასატორმა სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის დამატებით 10 დღით გაგრძელების თაობაზე (იხ.: განცხადება, ტ.7, ს.ფ. 283).

12.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.10.2016წ. განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად. ამავე განჩინებით განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (იხ.: განჩინება, ტ.7, ს.ფ. 284-287).

12.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.10.2016წ. განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა ვერ ჩაბარდა (ტ.7, ს.ფ.288-290). ამის შემდგომ, აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი სატელეფონო შეტყობინებით 25.11.2016წ. ეცნობა კასატორის წარმომადგენელს (იხ.: აქტი ტელეფონით შეტყობინების შესახებ, ტ.7, ს.ფ. 293).

12.5. განჩინებით განსაზღვრულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა კვლავ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა შემდეგი: „ჩემი განცხადება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად განმესაზღვრა (...) 7 დღიანი ვადა. (...) გთხოვთ სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დანიშნული 7 დღიანი ვადა დამატებით კიდევ გაგვიგრძელოთ 7 დღით“ (იხ.: განცხადება, ტ.7, ს.ფ. 294).

12.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.12.2016წ. განჩინებით ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (იხ.: განჩინება, ტ.7, ს.ფ.296-300).

13. განმცხადებელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.12.2016წ. განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას ითხოვს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ გარემოებად კი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებების დროულად ჩაუბარებლობას. კერძოდ, 08.12.2016წ. განჩინება ჩაბარდა 16.07.2021წ., საკასაციო საჩივარზე დაწესებული ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.10.2016წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 25.11.2016წ. (იხ.: განჩინება, ტ.7, ს.ფ. 284-287; განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, ტ.7, ს.ფ.624-626). განმცხადებელი გამოთქვამს ვარაუდს, რომ, რადგან საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე 08.12.2016წ. განჩინებაში საკასაციო სასამართლო მსჯელობს კასატორის გადახდისუუნარობის მტკიცებულებების წარუდგენლობაზე, 24.10.2016წ. განჩინების სამოტივაციო ნაწილით სასამართლო, ალბათ, ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენას, რაც მოპასუხისათვის უცნობი იყო (ტ.7, ს.ფ.625).

14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განმცხადებელმა ვერ შეავსო დაწესებული ხარვეზი. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

15. მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელებისა და გადაწყვეტილების მუდმივობის პრინციპის დარღვევის თავიდან არიდების მიზნით პალატა განცხადების დასაშვებობის ეტაპზე განმარტავს, რომ არ ვლინდება ზემოხსენებული ნორმებით განსაზღვრული წინაპირობების არსებობა (სუსგ №ა-1731-ბ-4-2021, 16 აპრილი, 2021წ.).

16. როგორც უკვე აღინიშნა (იხ.: წინამდებარე განჩინების 12.1. პუნქტი), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.09.2016წ. განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ერთადერთი ხარვეზი - სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. რაც შეეხება 24.10.2016წ. განჩინებას, ამ განჩინებით საკასაციო საჩივარზე რაიმე ახალი ხარვეზი არ დაწესებულა, კასატორს მხოლოდ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით (იხ.: განჩინება, ტ.7, ს.ფ. 284-287), რის თაობაზეც 25.11.2016წ. ეცნობა სსსკ-ის 399-ე და 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით სატელეფონო შეტყობინებით (იხ.: აქტი ტელეფონით შეტყობინების შესახებ, ტ.7, ს.ფ.293 (შდრ. სუსგ №ა-5157-ბ-18-2019, 24 დეკემბერი, 2019 წ.)). შესაბამისად, მას შეეძლო ხარვეზი 02.12.2016წ. ჩათვლით შეევსო. 24.10.2016წ. განჩინება არ შეიცავს მითითებას კასატორის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის დავალდებულების თაობაზე, ანუ წარმოების განახლების საფუძვლად მითითებული ვარაუდი უსაფუძვლოა. სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ თავად კასატორის წარმომადგენელი ითხოვდა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას და არ შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის გადავადებას (ტ.7, ს.ფ.283). ამდენად, სასამართლო ამ საკითხზე თავისი ინიციატივით ვერ იმსჯელებდა. ის ფაქტი, რომ სატელეფონო შეტყობინების შინაარსი ადრესატმა გაიგო და სათანადოდ შეაფასა, ჩანს მის წერილობით განცხადებაშიც (იხ.: წინამდებარე განჩინების 12.5. პუნქტი). პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ 30.11.2016წ. განცხადებით, რომელიც არ დაკმაყოფილდა 08.12.2016წ. განჩინებით, კასატორი კვლავ ითხოვდა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას (ტ.7, ს.ფ.294).

17. წინამდებარე განცხადების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის შედეგს ვერ შეცვლის განმცხადებლისთვის 08.12.2016წ. განჩინების დაგვიანებით ჩაბარების ფაქტი. იგი ვერ უთითებს გარემოებას, რაც შეიძლება არსებითად/შინაარსობრივად იქნეს განხილული სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის კონტექსტში. განმცხადებლის უსაფუძვლო ვარაუდი ვერ მიიჩნევა გარემოებად, რასაც სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი უკავშირებს საქმის წარმოების განახლებას. შესაბამისად, არარელევანტურია დასაშვებობის ისეთი საფუძვლის შემოწმება, როგორიცაა განცხადების წარდგენის ვადა.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (სუსგ №ა-5157-ბ-18-2019, 24 დეკემბერი, 2019წ.).

19. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტით, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX) (სუსგ №ას-342-2019, 25 აპრილი, 2019წ.).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება არ აკმაყოფილებს საქმის წარმოების განახლებისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რაც მისი დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა.

21. სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, შესაბამისად, არ დგას მისი დაბრუნების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 429-ე, 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.12.2016წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე სს „გ.მ–ი N?-ის“ განცხადება დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე