3გ/ად-2-ბ-02 10 მაისი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1992 წელს ხ. მ-ძემ, მ. მ-ძემ და სხვებმა სარჩელი აღძრეს ქ.ბათუმის სასამართლოში და ბათუმში ... მდებარე სახლის მათ საკუთრებაში დაბრუნება მოითხოვეს, მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მათ წინაპრებს ს. მ-ძეს, დ. თ-ძესა და მ. თ-ძეს ეკუთვნოდათ სადავო სახლი, რომელიც, როგორც კულაკთა საკუთრება, მათ 1932 წელს უკანონოდ ჰქონდათ ჩამორთმეული. 1992 წლის 15 ივლისს ქ. ბათუმის სასამართლომ, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი განუხილველად დატოვა.
1998 წ. მოსარჩელეებმა ხელმეორედ მიმართეს სასამართლოს იმავე მოტივით სახლთმფლობელობის დაბრუნების თაობაზე. ამასთან, სასარჩელო განცხადებაში დამატებით მიუთითეს, რომ მათი წინაპრები: ს. მ-ძე, დ. თ-ძე და მ. თ-ძე გარდაცვლილად იქნენ გამოცხადებულნი ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 1992 წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით და ვინაიდან ხანდაზმულობის ვადა აითვლება მითითებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, ამდენად მათ ხანდაზმულობის ვადა არ გაუშვიათ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 17 თებერვლის განჩინებით ძალაში დარჩა ქ. ბათუმის სასამართლოს 2000 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ ხანდაზმულობის ვადები. ამასთან, მოსარჩელეების ნათესაური კავშირი სადავო სახლის მესაკუთრეებთან დადასტურებული არ იყო. აჭარის უმაღლესმა სასამართლომ აქვე დაამატა, რომ სადავო სახლი მოსარჩელეთა წინაპრებს კი არ ჩამოერთვათ, არამედ მოხდა იმ ტერიტორიის ათვისება, სადაც აღნიშნული შენობა-ნაგებობანი იდგა და ათვისების საკითხი სადავოდ არავის გაუხდია. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსრკ-ის რეპრესიები დაიწყო 1937 წელს, სადავო შენობა კი რაიონის აღმასკომში 1932 წელს იქნა გადაცემული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წ. 14 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას დაუბრუნდა. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წ. 25 მარტის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წ. 16 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ხოლო მ-ძეების და სხვათა სააპელაციო საჩივარი – დაუკმაყოფილებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 2 აპრილის განჩინებით მ-ძეების საკასაციო საჩივრის საფუძველზე, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინება, როგორც განსჯადობის წესების დარღვევით განხილული და საქმე ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეგზავნა. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 4 ივლისის განჩინებით მ-ძეების და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მ.-ეების და სხვათა (სულ 11 კასატორი) საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე «... ფაბრიკა» აშენდა 1932-33 წწ-ში და მოსარჩელეთა წინაპრების საკუთრებას არ წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლომ გაიზიარა ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ქ.ბათუმში, ... მდებარე სახლთმფლობელობის იმ საფუძვლით დაბრუნებაზე, რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობანი მათი წინაპრების სამემკვიდრეო ქონებას წარმოადგენდა, უსაფუძვლოა, რადგან სადავო ქონება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მ. თ-ძის, დ. თ-ძისა და ს. მ-ძის სამემკვიდრეო ქონებად ვერ იქნებოდა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსი მოქალაქეებს ნებას აძლევდათ სარჩელი აღეძრათ მათი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, თუმცა მოპასუხეებს 1964 წლიდან 1992 წლამდე სასამართლოსთვის არ მიუმართავთ და, ამდენად, კანონით დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გაშვებული ჰქონდათ.
საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ შპს «ბ.-ის» რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
ამდენად, საკასაციო პალატამ 2001 წ. 2 ნოემბრის განჩინებით კასატორების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წ. 4 ივლისის განჩინება.
მოსარჩელეთა რწმუნებულმა მ. მ-ძემ განცხადება შემოიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წ. 2 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე «... ფაბრიკა» გაიყიდა და მოპასუხე შეიცვალა შპს «ტ.-ის» დირექტორის მ. ჰ-ენის სახით, რომელმაც პროცესის შესახებ არაფერი იცოდა და მისი მოწვევის გარეშე მოხდა საქმის განხილვა, რითაც დარღვეული იქნა კანონით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები. აღნიშნული გარემოება, მ-ძის აზრით, გამოტანილი განჩინების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.
განმცხადებელი აქვე ითხოვს, სირთულის გამო საქმე განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას დაექვემდებაროს. ამასთან, კასატორები ითხოვდნენ საქმის ზეპირ განხილვას, მაგრამ საქმე მხარეთა დასწრების გარეშე იქნა განხილული, რაც გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველია.
მ-ძე ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წ. 2 ნოემბრის განჩინება კანონის დარღვევით მიღებულად ჩაივთალოს, რადგან 1. განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული; 2. განჩინება გამოტანილია იმ პირთა მიერ, რომლებიც ადრე მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში; 3. განჩინებაზე არ არის ყველა მოსამართლის ხელმოწერა და 4. სასამართლოს მხარეთ არ მოუწვევია მოპასუხე – მას «ტ.-ის» დირექტორი მ. ჰ-ენი, რაც მ-ძის თქმით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.
ამასთან, განმცხადებელი მიუთითებს, რომ რადგან მას 2001 წლის 2 ნოემბრის განჩინება ჩაბარდა იმავე წლის 4 დეკემბერს, მას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არ ჰქონდა. მ-ძე აქვე დაამატებს, რომ მას განცხადების შემოტანის განსჯადობის წესებიც დაცული აქვთ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მ-ძე ითხოვს გაუქმდეს 2001 წ. 2 ნოემბრის განჩინება, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნეს ცნობილი შპს «ბ.-ს» და შპს «ტ.-ის» მიერ განხორციელებული ყველა ხელშეკრულება, დაკმაყოფილდეს მოსარჩელეთა მოთხოვნა სადავო შენობისა და ტერიტორიის მოსარჩელეთათვის დაბრუნების თაობაზე და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედოს დავის საგანს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მ-ძეების და სხვათა წარმომადგენლის – მ. მ-ძის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წ. 2 ნოემბრის განჩინების ბათილობის შესახებ წარმოდგენილი განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვისას მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სხვა წესებს არ ითვალისწინებს. «ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის» მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლებამოვალეობებით რაც, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს უფლებას ანიჭებს თვითონ განსაზღვრონ დავის საგანი, უარი თქვან სარჩელზე ან ცნონ სარჩელი (მოპასუხემ), საქმე მორიგებით დაამთავრონ.
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი, რომელიც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფს უფლების სასამართლო წესით დაცვას. მითითებული მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებებისა ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ უზენაესი სასამართლოს 2001 წ. 2 ნოემბრის განჩინებით დაირღვა «... ფაბრიკის» უფლებამონაცვლე _ შპს «ტ.-ის» კანონიერი უფლებები და ინტერესები, მასვე უნდა მიემართა სასამართლოსათვის თავისი დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნით. მოწინააღმდეგე მხარის განცხადება კი იმის შესახებ, რომ რადგან საკასაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებით შპს «ტ.-ის» უფლებები შეილახა, აღნიშნული გამოტანილი განჩინების ბათილობის საფუძველია, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია და მიუთითებს, რომ ზემოხსენებული მოთხოვნით შპს «ტ.-ს» აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო აქვე დაამატებს, რომ მ. მ-ძის განცხადება იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვს 2 ნოემბრის განჩინების ბათილობას იმ საფუძვლით, რომ შპს «ტ.-ის» დირექტორი მ. ჰ-ენი სასამართლოში არ ყოფილა გამოძახებული, უსაფუძვლოა და მიიჩნევს, რომ მ. ჰ-ენმა გადაწყვეტილების კანონიერების, მისი უფლებების შელახვისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის დარღვევის თაობაზე აქვს უფლება თვითონ იდავოს სასამართლოში და მ. მ-ძის მოთხოვნა აღნიშნული საფუძვლით განჩინების ბათილობის თაობაზე უსაფუძვლოა.
საკასაციო სასამართლო აქვე განმცხადებლის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს «დიდი პალატის» დებულების თანახმად, საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის საკითხს, საქმის სირთულიდან გამომდინარე, თვითონ მოსამართლეთა კოლეგია წყვეტს.
ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო სასამართლოს საქმის ზეპირი განხილვა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენა არ მიაჩნია საჭიროდ, შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს რომ განსახილველი საქმე თავიდანვე მხარეთა დასწრების გარეშე იყო ჩანიშნული. განჩინების მიღებისას სასამართლო შემადგენლობის მხრიდან საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული განჩინების ბათილობის საფუძველიც არ წარმოშობილა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ.-ის განცხადება უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 2 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ-ძეების და სხვათა წარმომადგენლის მ. მ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 2 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.