№ ას-307-2020 28 აპრილი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ი.პ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ი“
განმცხადებლის მოთხოვნა – სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.10.2021 წლის განჩინებით შპს „ა–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. ამავე განჩინებით ი.პ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „განმცხადებელი“) შუამდგომლობა სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ა–ის“ განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარის გადახდა.
2. აღნიშნულ განჩინებაზე განმცხადებელმა მოითხოვა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გაიცა 19.11.2021 წელს.
3. მან 22.03.2022 წელს კვლავ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა. გამოთხოვილ იქნა სამოქალაქო საქმე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.04.2022 წლის განჩინებით განმცხადებელს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 19.11.2021 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც კრედიტორია განმცხადებელი, ხოლო მოვალე - შპს „ა–ი“, აღსასრულებლად წარდგენილი არ ყოფილა.
5. განჩინების ასლის ჩაბარებიდან ხარვეზის შევსების ვადაში, 20.04.2022 წელს, სასამართლოს მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ განმცხადებელმა ჯერ მოითხოვა 19.11.2021 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა, მის განცხადებაზე ხარვეზის დაწესების შემდგომ კი წერილობით იშუამდგომლა მისი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სააღსრულებო ფურცლის გაცემის, ისევე როგორც ასეთი მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების მოთხოვნა დისპოზიციოურობის პრინციპის გამოხატულებაა, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი უფლებები.
8. ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე სასამართლოში განცხადების შეტანა მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარეს აღარ სურს მისი განხილვა, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს განცხადება და განიხილოს იგი. ამდენად, განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-2, მე-3, 284-ე, 285-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.პ–ის განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე