Facebook Twitter

საქმე №ას-316-2021 9 დეკემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „G-T “ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.01.2021წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „G-T“-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ შემდეგი მოთხოვნით: მოსარჩელეს თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე (მდებარე: ქ. თბილისი, ........... მიმდებარე ტერიტორია, ს/კ: №.......) მისასვლელად დაუდგინდეს აუცილებელი გზის უფლება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №.....) 707 კვ.მ-დან 234 კვ.მ-ზე, წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და შპს „ა. ე. ჯ–ს“ პროექტის შესაბამისად.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 31.08.2017 წელს მოსარჩელემ შეიძინა მიწის ნაკვეთი. ნაკვეთის შეძენისას, მასთან მისასვლელი გზა არ იყო რეგისტრირებული, თუმცა 12.02.2018 წელს იგი დაირეგისტრირა სახელმწიფომ.

2.2. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ აქვს აუცილებელი კავშირი გზასთან. იმისათვის, რომ მოსარჩელემ ისარგებლოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლებით და გააგრძელოს სამეწარმეო საქმიანობა, აუცილებელია მის მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი გზა მოეწყოს ..... ქუჩის მხრიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №……) გავლით.

3. შესაგებლის საფუძვლები:

მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ გზა, რომლის გამოყენებასაც იგი ითხოვს, არის უალტერნატივო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.01.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს თავისი მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისთვის, საჯარო გზასთან კავშირის მიზნით დაუდგინდა აუცილებელი გზა (საავტომობილო/საფეხმავლო) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №.......) 234 კვ.მ.-ზე, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და შპს „ა.ე.ჯ–ს“ პროექტის შესაბამისად შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...... წინ მიმდებარე ტერიტორია (ს/კ: ....), წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.

4.2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ..... №119-ის მიმდებარედ (ს/კ: .....), წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას.

4.3. შპს „მ–ის“ 05.11.2018 წლის საექსპერტო-ტექნიკური დასკვნის თანახმად, გამოკვლევა ჩაუტარდა თბილისში, ...... მდებარე მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით: ...... ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და განკუთვნილია მძიმე ტექნიკის სადგომად. მოსარჩელე თავისი ტექნიკის შეყვანას ახორციელებდა დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის გავლით. 2018 წლის თებერვალში მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა სახელმწიფომ, რის გამოც მოსარჩელის კუთვნილი ტექნიკის მოხვედრა საკუთარ მიწის ნაკვეთზე გახდა შეუძლებელი, რადგან არ არსებობს სხვა ალტერნატიული გზა.

4.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.09.2018 წლის №006419518 დასკვნის თანახმად: ა) თბილისი, ა. ...... მდებარე, №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთში, ფაქტობრივი მდგომარეობით სატრანსპორტო საშუალების მოხვედრა შესაძლებელია ..... ქუჩის მხრიდან, №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის გავლით; ბ) №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთში, მის ჩრდილოეთით მდებარე მოხრეშილი გზიდან სატრანსპორტო საშუალებების მოხვედრა ფაქტობრივი მდგომარეობით შეუძლებელია, ვინაიდან ნაკვეთი გზას ესაზღვრება დიდი დახრილობის მქონე ფერდით; გ) ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ნაკვეთში მოსახვედრად ოპტიმალური ვარიანტს წარმოადგენს ის გზა, რომელიც ფაქტობრივად არსებობს და გადის №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთზე.

4.5. შპს „მ–ის“ 05.11.2018 წლის საექსპერტო-ტექნიკური დასკვნისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №006419518 დასკვნით დადგინდა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისთვის აუცილებელი კავშირი გზასთან. ნაკვეთში მოსახვედრად ოპტიმალური ვარიანტია ის გზა, რომელიც ფაქტობრივად არსებობს და გადის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრირებულ ნაკვეთზე.

4.6. საქმეში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 03.08.2018 წლის წერილი, რომლის თანახმად, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, სამსახურს შესაძლებლად მიაჩნია ....... ქუჩა №123ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ტერიტორიის ნაწილი დაიტვირთოს სერვიტუტით.

4.7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.05.2019 წლის წერილით ასევე განხილულია, შპს „ბ.გ–ის“ აზომვითი ნახაზის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 234 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვა. მიუხედავად მოპასუხე მხარის უარისა ხელშეკრულების დადებაზე, ტექნიკურად შესაძლებელია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენება მოსარჩელის მიერ, კუთვნილ უძრავ ქონებამდე მისასვლელად.

4.8. სასამართლომ განმარტა, რომ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება წარმოადგენს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ინსტიტუტს, რომლის მიზანია მიწის ნაკვეთის დაკავშირება საჯარო გზასთან და კომუნიკაციებთან, რაც მოიცავს სხვა ნაკვეთით შეზღუდულ სარგებლობას. თუ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისთვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, მესაკუთრეს შეუძლია, მოსთხოვოს მეზობელს, ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი კავშირისთვის. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ამგვარი საჭიროების აუცილებლობა. დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისთვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან. ამასთან, მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გარდა სხვა ოპტიმალური ვარიანტი არ არსებობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.01.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნა, რომ:

6.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.09.2018 წლის დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, ექსპერტმა საკვლევი ობიექტი ადგილზე შეისწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ფაქტობრივი მდგომარეობით საკვლევი ნაკვეთის ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ასფალტის ნარჩენებით მოშანდაკებული ვაკისით, რომელიც გამოყენებულია ავტოსადგომად, ხოლო ნაწილი (ნაკვეთის ჩრდილოეთის მხარე) წარმოდგენილია ფერდით. ექსპერტმა შეისწავლა საკვლევი ნაკვეთის ჩრდილოეთით მდებარე მოხრეშილი გზა. აღნიშნულ გზას ესაზღვრება საკვლევი ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია ფერდის სახით და ფაქტობრივი მდგომარეობით ამ ნაწილიდან ნაკვეთში სატრანსპორტო საშუალების მოხვედრა შეუძლებელია, შესაბამისად, შეუძლებელია ნაკვეთის იმ ნაწილის გამოყენება, რომელიც განკუთვნილია ავტოსადგომად.

6.2. შპს „მ–ის“ 05.11.2018 წლის საექსპერტო-ტექნიკური დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს თავის მიწის ნაკვეთზე ტექნიკა შეჰყავდა დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის გავლით. 2018 წლის თებერვალში მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა სახელმწიფომ, რის გამოც მოსარჩელის ტექნიკის მოხვედრა საკუთარ მიწის ნაკვეთზე გახდა შეუძლებელი, რადგან არ არსებობს სხვა ალტერნატიული გზა. აღნიშნულის მიზეზად ექსპერტი საკვლევ ნაკვეთსა და ბელიაშვილის IV ჩიხის შორის ქანობის, ასევე კუთხის თვალსაზრისით ძალიან დიდ დახრილობაზე უთითებს.

6.3. ამრიგად, ზემოაღნიშნული დასკვნებით დადასტურებულია მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ჯეროვანი სარგებლობისთვის (საჯარო გზასთან კავშირისთვის) მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გზის მოწყობის უალტერნატივობა, რაც დასკვნის ავტორი ექსპერტების მიერ ახსნილია მოსაზღვრე სხვა მიწის ნაკვეთის (ჩრდილოეთით მდებარე ნაკვეთი) დიდი დახრილობით, შესაბამისად, მისი საშუალებით მოსარჩელის ნაკვეთში მოხვედრის შეუძლებლობით და ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ავტოსადგომად გამოყენების შესაძლებლობის მოსპობით. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთით მდებარე მიწის ნაკვეთის (რომლის საჯარო გზასთან დაკავშირების შესაძლებლობა ექსპერტიზის დასკვნებით გამორიცხულია) სახელმწიფოს ბალანსზე ყოფნის ფაქტი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

7.1. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სსკ-ის 180-ე მუხლის შემადგენლობის არსებობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება.

7.2. შესაბამისად შედგენილი და შეთანხმებული პროექტის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ალტერნატიული გზის მოწყობა ისე, რომ ნაკვეთმა ფაქტობრივი დანიშნულებრივი ფუნქცია შეინარჩუნოს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. მოცემულ საქმეში, სარჩელის საგანია აუცილებელი გზის უფლების დადგენა. შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 180-ე მუხლი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით) წარმოადგენს, რომელშიც საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული.

12. მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, მესაკუთრემ უნდა ითმინოს თავისი უძრავი ნივთის დატვირთვა მეზობლის ინტერესებში. აღნიშნული მუხლის დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ამ გარემოების არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი (შდრ. №ას-1291-1211-2017, 15.12.2017წ; სუსგ №ას-1048-1316-09, 23.03.2010წ.).

13. საქმეში წარმოდგენილი შპს „მ–ის“ 05.11.2018 წლის საექსპერტო-ტექნიკური დასკვნისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.09.2018 წლის დასკვნით დასტურდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი გზასთან და მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან დაკავშირების ყველაზე ოპტიმალური შესაძლებლობა მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობაა. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სსკ-ის 180.1 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს მართებულად მიანიჭეს აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება.

14. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით სარწმუნოდ დაადასტურა, რომ დღეის მდგომარეობით მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენება მოსარჩელის ქონებით სარგებლობის ერთადერთ და საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს, ხოლო მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლება ვერ შეძლო.

15. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგან აუცილებელი გზის უფლების დადგენის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. მაგ., სუსგ №ას-367-2021, 15.10.2021წ.; №ას-45-2021, 22.04.2021წ.). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია