№ას-1003-2021 21 დეკემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.კ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ქ–ია (მოსარჩელე)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეული - აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრი
არასრულწლოვანი ბავშვი - თ.ქ–ნი
ბავშვის საპროცესო წარმომადგენელი - ნ.მ–ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.07.2021წ. გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.ქ–იამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) წარადგინა სარჩელი დ.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა შვილის - თ.ქ–ნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „არასრულწლოვანი“ ან "ბავშვი") (დაბადებული 21.01.2013წ.) საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.11.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობისათვის თავდაპირველად განესაზღვრა: პირველი ორი თვის განმავლობაში - ყოველკვირეულად პარასკევი დღის 12 საათიდან, კვირა დღის 21 საათამდე ღამისთევით, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით. დაწესებული რეჟიმით შვილთან ურთიერთობის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.308-3272). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.03.2019წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასრულწლოვანთან მოსარჩელის ურთიერთობის წესისა და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დარჩა უცვლელად; მოპასუხეს არასრულწლოვანთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა ნახვის დღეები იმგვარად, რომ მოპასუხეს შესაძლებლობა ჰქონდეს არასრულწლოვანი შვილი კვირაში ორი დღე - შაბათ-კვირას (შაბათს დღის 10:00 საათიდან, კვირა დღის 15:00 საათამდე) და ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების ნახევარი წაეყვანა თავის ოჯახში (არასრულწლოვნის მოპასუხესთან წაყვანა და ძირითად საცხოვრებელ ადგილას მისი დაბრუნება უნდა განხორციელებულიყო მოპასუხის ხარჯებით) (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.465-492). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.07.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ. 113-135).
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.07.2021წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.11.2018წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: არასრულწლოვანთან ურთიერთობისთვის მოსარჩელეს თავდაპირველად განესაზღვრა: 2021 წლის 10 სექტემბრამდე - ყოველკვირეულად შაბათს 12 საათიდან, კვირა დღის 18:00 საათამდე ღამისთევით, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით ბავშვის სურვილის გათვალისწინებით და მხარეთა შეთანხმებით დღე-ღამის სხვა დროის მონაკვეთში; 2021 წლის 10 სექტემბრის შემდეგ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო მოპასუხეს შვილთან ურთიერთობისთვის ნება დაერთო შემდეგი წესით: ყოველი კვირის შაბათ დღეს - დღის 12:00 საათიდან, კვირა დღის - 18:00 საათამდე, ბავშვის სასწავლო პროცესის და ცხოვრების წესის დაურღვევლად; არდადეგების პერიოდში, ბავშვის სურვილისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით დადგენილი განრიგი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით; მოპასუხეს აეკრძალა - ბავშვის მიმართ ისეთი (დამაშორებელი) მოქმედებების განხორციელება, რომლებიც ნეგატიურად იმოქმედებს ბავშვის მოსარჩელესთან ურთიერთობაში; მოსარჩელეს და მოპასუხეს დაევალათ, იქონიონ ინტენსიური ჩართულობა არასრულწლოვნის აღზრდის პროცესში მისი ფსიქო-ემოციური, სოციალური და საგანმანათლებლო საჭიროებების ხელშეწყობის თვალსაზრისით; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა შესაბამისი სოციალური მუშაკის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, საჭიროების აღმოფხვრამდე ზედამხედველობის განხორციელება თითოეული მშობლის ბავშვთან დამოკიდებულებაზე, ბავშვთან აქტიური კომუნიკაციის ქონა, წინამდებარე გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობის გამორკვევის მიზნით (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 346-380). აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.10.2021წ. განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი; ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ან სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ხარვეზის შევსების ვადაში კასატორმა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.11.2021წ. განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 (ათი) დღით. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
8. 09.12.2021წ. მხარეებმა სასამართლოს მომართეს შუამდგომლობით მორიგების დამტკიცების თაობაზე და წარმოადგინეს ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
10. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-2-2019, 30 იანვარი, 2019 წელი; №ას-75-2020, 15 მაისი, 2020 წელი). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
11. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 25).
12. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ მორიგების აქტის პირობები განსაზღვრავს ბავშვის საცხოვრებელ ადგილს და მასთან მშობლის ურთიერთობის წესს. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3. მუხლის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. შესაბამისად, მოსარჩელის და მოპასუხის მიერ ხელმოწერილი (ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებულია სანოტარო წესით) მორიგების აქტი გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეული - აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრს და არასრულწლოვანის საპროცესო წარმომადგენელს, რომლებმაც პირობებზე თანხმობის თაობაზე აცნობეს სასამართლოს. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, დ.კ–სა და, მეორე მხრივ, ნ.ქ–იას შორის, შემდეგი პირობებით:
1.1. ბავშვის თ.ქ–ნის ძირითად საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის ნ.ქ–იას საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ბავშვის საცხოვრებლად დედასთან გადასვლა განხორციელდეს ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ბავშვის სურვილისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
1.2. ბავშვის თ.ქ–ნის მამასთან დ.კ–თან ცხოვრების პერიოდში დედას ნ.ქ–იას ნება დაერთოს ურთიერთობა იქონიოს შვილთან კვირის ნებისმიერ დღეს ბავშვის სასწავლო პროცესის გათვალისწინებით, ასევე ყოველი კვირის პარასკევს 18:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე ღამისთევით, თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის უფლებით და მხარეთა შეთანხმებით დღე-ღამის სხვა დროის მონაკვეთში ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით;
1.3. ბავშვის თ.ქ–ნის საცხოვრებლად დედასთან გადასვლის შემდეგ მამას დ.კ–ს ნება დაერთოს ურთიერთობა იქონიოს შვილთან კვირის ნებისმიერ დღეს ბავშვის სასწავლო პროცესის გათვალისწინებით, ასევე ყოველი კვირის პარასკევს 18:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე ღამისთევით, თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანის უფლებით და მხარეთა შეთანხმებით დღე-ღამის სხვა დროის მონაკვეთში ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
1.4. არდადეგების პერიოდში, ბავშვის სურვილისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, წინა პუნქტებით დადგენილი განრიგი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით, შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვი არდადეგების პერიოდს თანაბრად გაატარებს ორივე მშობელთან ცალ-ცალკე თავისი სურვილის შესაბამისად.
1.5. ბავშვის თ.ქ–ნის საცხოვრებლად დედასთან გადასვლის შემდეგ, დედას უფლება აქვს ბავშვს, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, შეურჩიოს სასურველი სკოლა და დაარეგისტრიროს.
1.6 მხარეები ვალდებულნი არიან იქონიონ ინტენსიური ჩართულობა შვილის თ.ქ–ნის აღზრდის პროცესში მისი ფსიქო-ემოციური, სოციალური და საგანმანათლებლო საჭიროებების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
1.7. მხარეებს ეკრძალებათ შვილის თ.ქ–ნის მიმართ ისეთი (დამაშორებელი) მოქმედებების განხორციელება, რომლებიც ნეგატიურად იმოქმედებს ბავშვის მეორე მშობელთან ურთიერთობაზე.
1.8. მხარეები აცხადებენ, რომ მორიგების აქტში მითითებული შვილის ნახვის, ურთიერთობისა და წაყვანის წესი და პირობა შესაძლებელია შეიცვალოს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
1.9. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ ხელს არ შეუშლიან მორიგების აქტში მითითებული პირობების დაუბრკოლებლად შესრულებას და იმოქმედებენ შვილის თ.ქ–ნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
1.10. მხარეები აცხადებენ, რომ თანახმანი არიან სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს და დაამტკიცოს მორიგების აქტი წარმოდგენილი სახით.
1.11. მხარეები ეთანხმებიან მორიგების აქტის პირობებს და მათთვის ცნობილია სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ განჩინების სამართლებრივი შედეგები.
2. გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
3. შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-1003-2021. 4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე