Facebook Twitter

საქმე №ას-1314-2021 13 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა.გ–ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ.ჯ–ი (მოსარჩელე/მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2021 წლის 07 აპრილს, ქ.ჯ–მა განცხადებით მიმართა სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, კერძოდ, ყადაღა დაედოს ა.გ–ვის (აზერბაიჯანის მოქალაქე, დაბ: 01.01.1960წ) მფლობელობაში არსებულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას „დაფი’’ (DAF FTXF105.460T) სარეგისტრაციო ნომერი - 99.., საიდენტიფიკაციო ნომერი – .... (შემდეგში - უზრუნველყოფის საგანი).

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 08 აპრილის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო უზრუნველყოფის საგანს. განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში და მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

3. 2021 წლის 19 აპრილს ქ.ჯ–მა (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ა.გ–ვის (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

4. 2021 წლის 17 მაისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და ამ მიზნით:

5. მოპასუხეს ჩამოერთვას და განთავსდეს სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე, მის მფლობელობაში არსებულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებას ‘’დაფი’’ (DAF FTXF105.460T) სახ.ნომერი - ..., საიდენტიფიკაციო ნომერი – XL........ მოპასუხეს აეკრძალოს მის მფლობელობაში არსებულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით - ‘’დაფი’’ (DAF FთXF105.460თ) სახ.ნომერი - 99.., საიდენტიფიკაციო ნომერი – X......., საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს აეკრძალა მის მფლობელობაში არსებულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით - ‘’დაფი’’ (DAF FTXF105.460T) სახ.ნომერი - 9..., საიდენტიფიკაციო ნომერი – ...., საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. დანარჩენ ნაწილში განცხადება არ დაკმაყოფილდა.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 08 აპრილის და 2021 წლის 18 მაისის განჩინებები გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 აპრილის განჩინების და 2021 წლის 18 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე, მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინებით აბდულრახმან გულიევის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 08 აპრილისა და 2021 წლის 18 მაისის განჩინებებზე განსახილველად იქნა მიღებული და საჩივრის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა 2021 წლის 29 ოქტომბერს, ზეპირი მოსმენის გარეშე.

10. 2021 წლის 5 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და განაცხადა, რომ ავარიის შედეგად მიყენებული ტრავმების შედეგად, მოსარჩელე გარდაიცვალა. განმცხადებელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერება, მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე. განცხადებაზე დართულია გარდაცვლების მოწმობა N7217005181, რომლითაც ირკვევა, რომ მოსარჩელე გარდაიცვალა 2021 წლის 12 ივლისს.

11. 2021 წლის 15 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა, არ დაეთანხმა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობას და განმარტა, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლოა, ვინაიდან ყადაღა დადებულია არა მოპასუხის, არამედ სხვა მესამე პირის კერძო საკუთრებაზე, რომელსაც ამ დავასთან რაიმე კავშირი და შემხებლობა არ გააჩნია.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საქმის წარმოება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის განჩინებებზე მოპასუხის საჩივრის განხილვის საპროცესო ეტაპზე, შეჩერდა 6 თვით - 2022 წლის 29 აპრილამდე, პროცესში მონაწილე მხარის - მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

13. საქმის წარმოების შეჩერების შესახებ ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 372-ე, 279-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 281-ე მუხლის ,,ა“ პუნქტებით.

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებულ ნორმათა შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა, მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე, როგორც უზრუნველყოფის გამოყენების ინიციატორი, ცოცხალი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში განჩინების გამოტანის დროისათვის და რომლის მოთხოვნის საფუძველზედაც იქნა გამოტანილი გასაჩივრებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 08 აპრილისა და 2021 წლის 18 მაისის განჩინებები, გარდაიცვალა. განსახილველი საქმე ქონებრივ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება (სარჩელით დავის საგანია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება), ხოლო კრედიტორი, ვის სასარგებლოდაც უნდა აღსრულდეს განჩინება მისი ძალაში დატოვების შემთხვევაში, გარდაცვლილია, საქმეში უნდა ჩაებას მისი უფლებამონაცვლე. სახეზეა განსახილველად წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების კანონით დადგენილი პროცესულაური საფუძველი. ( იხ. ს.ფ.159).

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვა.

16. კერძო საჩივრის ავტორს დაუსაბუთებლად მიაჩნია საჩივრის წარმოების ეტაპზე განხილვის შეჩერება და აღნიშნავს, რომ საჩივრის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვა ცალკე წარმოებაა, რა დროსაც, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოპასუხის საჩივრის დასაბუთებულობაზე, რომელიც მიემართება მის წინააღმდეგ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას და რაიმე შემხებლობა არ გააჩნია ძირითად საქმესთან, რომლითაც მოთხოვნილია ზიანის ანაზღაურება.

17. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მოპასუხის წინააღმდეგ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონიძიების შედეგად იზრუდება მოპასუხის საკუთრების უფლება, რომელიც დაცულია პრეცედენტული სამართლით და კანონმდებლობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

19. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის გარდაცვალებისას მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვის ეტაპზე, საქმის წარმოების შეჩერების კანონიერების საკითხი.

20. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2021 წლის 5 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და განაცხადა, რომ ავარიის შედეგად მიყენებული ტრავმების შედეგად, მოსარჩელე გარდაიცვალა. განმცხადებელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერება მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე. განცხადებაზე დართულია გარდაცვლების მოწმობა N7217005181, რომლითაც ირკვევა, რომ მოსარჩელე გარდაიცვალა 2021 წლის 12 ივლისს.

21. 2021 წლის 15 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა, რომელიც არ დაეთანხმა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობას და მიუთითა, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლოა, ვინაიდან ყადაღა დადებულია არა მოპასუხის, არამედ სხვა მესამე პირის კერძო საკუთრებაზე, რომელსაც ამ დავასთან რაიმე კავშირი და შემხებლობა არ გააჩნია.

22. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის განჩინებებზე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით წარდგენილი მოპასუხის საჩივრის განხილვის საპროცესო ეტაპზე შეჩერდა 6 თვით - 2022 წლის 29 აპრილამდე, პროცესში მონაწილე მხარის - მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

23. საქმის წარმოების შეჩერების შესახებ ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 372-ე, 279-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 281-ე მუხლის ,,ა“ პუნქტებით.

24. სააპელაციო სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ინიციატორი, ცოცხალი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში განჩინების გამოტანის დროისათვის და რომლის მოთხოვნის საფუძველზედაც იქნა გამოტანილი გასაჩივრებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 08 აპრილისა და 2021 წლის 18 მაისის განჩინებები, გარდაიცვალა, განსახილველი საქმე ქონებრივ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება (სარჩელით დავის საგანია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება), ხოლო კრედიტორი, ვის სასარგებლოდაც უნდა აღსრულდეს განჩინება მისი ძალაში დატოვების შემთხვევაში, გარდაცვლილია, მიიჩნია, რომ საქმეში უნდა ჩაებას მისი უფლებამონაცვლე.

25. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილი კერძო საჩივრის დასაბუთება იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლოა არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი სარჩელის განხილვის ეტაპზე, თუმცა, მოპასუხის წინააღმდეგ გამოტანილი უზრუნველყოფის განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე წარდგენილი მოპასუხის საჩივრის განხილვის ეტაპზე, საქმის წარმოების შეჩერება უსაფუძლოა და არღვევს საკუთრების უფლებას.

26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. კანონის ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე.

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ. დამატებით: ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 2005, 137.).

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად მიიჩნევს უფლებამონაცვლეობას, ხოლო სსსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.

29. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანია ზიანის ანაზღაურება, რომელი უფლებაც გადაცემადია.

30. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2021 წლის 5 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და განაცხადა, რომ ავარიის შედეგად მიყენებული ტრავმების შედეგად, მოსარჩელე გარდაიცვალა. განმცხადებელმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერება მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე. განცხადებაზე დართულია გარდაცვლების მოწმობა N7217005181, რომლითაც ირკვევა, რომ მოსარჩელე გარდაიცვალა 2021 წლის 12 ივლისს.

31. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია მოსარჩელის გარდაცვალება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 279-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 281-ე მუხლის ,,ა“ პუნქტების საფუძველზე, სწორად შეაჩერა საქმის წარმოება 6 თვით.

32. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის ეტაპზე, ვინიდან სარჩელის უზრუნველყოფაზე საჩივარი განიხილება ძირითადი სარჩელო მოთხოვნისაგან დამოუკიდებლად.

33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაზიარებელია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები წარმოშობდნენ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის განხილვის შეჩერების წინაპირობებს.

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო ვადის შეჩერება უშუალოდაა დაკავშირებული და მთლიანად დამოკიდებულია საქმის წარმოების შეჩერებასთან. თუ შეჩერდა საქმის წარმოება კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, შეჩერდება საპროცესო ვადის დენაც.

35. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece, judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).

36. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.გ–ვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე