Facebook Twitter

საქმე №ას-12-2022 17 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ზ.ჯ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ე–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ.ჯ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მ.ე–ძის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ამავე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ზ.ჯ–ძეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ზ.ჯ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ზ.ჯ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ზ.ჯ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ზ.ჯ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.ჯ–ძის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასაამრთლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება. ამდენად, კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ კერძო საჩივარზე/საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს განჩინებით წარმოება სრულდება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ზ.ჯ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ზ.ჯ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საკასაციო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე კანონმდებლობა ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. მის კანონიერებას დამატებით მესამე ინსტანციის სასამართლო ვეღარ შეამოწმებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება/არგამოყენების საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია, რომ რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო (სუსგ. №ას-134-2021, 22.02.2021წ., №ას-1007-2018, 23.07.2018წ., სუსგ. №ას-734-734-2018, 05.06.2018წ.).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავაებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიაჩნევს, რომ ზ.ჯ–ძის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ჯ–ძის საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი