Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ/ად-2-ბ-03 16 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2001წ. 18 დეკემბერს დ. ბ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2001წ. 9 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, 2001წ. 15 ნოემბრიდან სახლის ნასყიდობასთან დაკავშირებით მიღებული ან შექმნილი დოკუმენტაციას ბათილად ცნობა და გ. თ-სათვის 200 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ 2001წ. 9 თებერვალს ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაინიშნა აუქციონი გ. ბ-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლზე, გ. თ-სათვის ვალის დაფარვის მიზნით, მაგრამ იგი არ შედგა მყიდველის გამოუცხადებლობის გამო. როდესაც დ. ბ-ემ გაიგო აუქციონის ჩატარების შესახებ მან განუცხადა აღმასრულებელს, რომ გ. ბ-ეს ჰქონდა მისი ვალი 2500 აშშ დოლარი, მაგრამ სააღსრულებო ფურცელი ან სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ წარუდგინა. მან სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გ. ბ-ისაგან ვალის დაბრუნება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სახლზე ყადაღის დადება. სასამართლოს მიერ არ იყო შეჩერებული სააღსრულებო წარმოება, ბათუმის სააღსრულებო ბიურომ 2001წ. 9 მარტს დანიშნა მეორე აუქციონი და რადგან ამჯერადაც არ გამოჩნდა მყიდველი, აღმასრულებელმა კრედიტორ გ. თ-ს ვალში გადასცა გ. ბ-ის სახლი.

სარჩელში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 11 მაისის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა და გ. ბ-ეს დაეკისრა 2500 აშშ დოლარის გადახდა მის სასარგებლოდ, მაგრამ ვინაიდან ამ დროისათვის სახლი აღარ ირიცხებოდა გ. ბ-ის საკუთრებაში, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა ვალის ამოღება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ბ-ის მოთხოვნა სახლზე საკუთრების უფლების ბათილად ცნობის შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნას ნიშნავს, რაც არასწორია, ვინაიდან სსკ-ს 265-ე მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ სსკ-ს 421-432-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით, რაც ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარის განცხადებით ბათილად ცნობას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე დ. ბ-ე არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაში მხარეს არ წარმოადგენდა. ამდენად, დ.ბ-ეს არ აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს მიღებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ დავის სათანადო მხარემ, გ. ბ-ემ, რომლის საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლება მოიპოვა მოპასუხე გ. თ-მ და რომელიც არის დ. ბ-ის მოვალე, წერილობით ცნო აუქციონის შედეგები, დაადასტურა გ. თ-ს, როგორც ახალი მესაკუთრის უფლებამოსილება სახლზე და განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც იგი წყვეტდა გ. თ-სთან ყოველგვარ დავას.

სასამართლოს განმარტებით, უსაფუძვლოა დ. ბ-ის მოთხოვნა 2001წ. 9 მარტის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან წარმოდგენილი მასალებით და მტკიცებულებებით დადგენილია, რომ აუქციონი ჩატარებულია სკ-ს 300-309-ე მუხლებისა და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 68-77 მუხლების მოთხოვნათა დაცვით. აუქციონის ჩატარების კანონიერება დაადასტურა აჭარის იუსტიციის სამინისტრომ, რომლის დასკვნის თანახმად, აბსოლუტურად კანონიერია, რომ აუქციონის ორჯერ ჩატარების შემდე, გ. თ-ს, განცხადების საფუძველზე, თანახმად სააღსრულებო წარმოებათა შესაებ კანონის 771-ე მუხლისა, მას გადაეცა ნივთი ნატურით ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. შესაბამისად კანონიერია 2001წ. 12 მარტს გაცემული სააღსრულებო განკარგულება, რომლის თანახმადაც გ. თ-მ საკუთრების უფლება მოიპოვა სახლის ნაწილზე. ამასთან მოცემულ შემთხვევაში განკარგულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და მისი გასაჩივრება დაიშვება ერთი თვის განმავლობაში, მისი მხარისათვის გაცნობის დღიდან, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლისა. ამდენად. 2001წ. 12 მარტის განკარგულების გაცემის შემდგომ გ. თ-ზე, როგორც ახალ მესაკუთრეზე, სახლი გადავიდა თავისუფალ მდგომარეობაში.

სასამართლოს მითითებით, გ. თ-ა და დ. ბ-ე არ წარმოადგენდნენ გ. ბ-ის სოლიდარულ კრედიტორებს, როგორც ამას განსაზღვრავს სკ-ს 455-ე მუხლი, ამიტომ შეუძლებელია გ. თ-ს გააჩნდეს რაიმე ვალდებულება დ. ბ-ის მიმართ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა დ. ბ-ემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, 2001წ. 9 მარტის აუქციონის ბათილად ცნობა, გ. თ-სათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრება, ასევე ამავე სასამართლოს 2001წ. 1 აპრილის განჩინების გაუქმება, რომლითაც ყადაღა მოეხსნა გ. ბ-ის სახლს და 2001წ. 25 დეკემბრის განჩინების აღდგენა (რომლითაც ყადაღა დაედო გ. ბ-ის სახლს).

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივლისის განჩინებით დ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბათუმის სააღსრულებო ბიურო სამართლიანად და კანონის შესაბამისად მოქმედებდა, რადგან დ. ბ-ეს მისთვის არ წარუდგენია არც ვალის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და რაც მთავარია, არც სააღსრულებო ფურცელი, რის გამოც აღმასრულებელს უფლება არ ჰქონდა დაეკმაყოფილებინა მისი ქონებრივი ინტერესი. ამასთანავე, სასამართლოს მიერ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად არ ყოფილა შეჩერებული სააღსრულებო წარმოება, რის გამოც აღმასრულებელი ვალდებული იყო გაეგრძელებინა აღსრულების პროცესი.

სააპელაციო სასამართლოს აზრით, აღმასრულებელი მოქმედებდა კანონის ფარგლებში და არ უნდა გაუქმდეს აუქციონის შედეგები. ამასთანავე, აპელანტს განემარტა მისი უფლებები, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 32-ე მუხლის თანახმად ყადაღა დადებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში სარჩელი უნდა წარუდგინოს იმ პირს, ვისაც გადაეცა ქონებას. ამიტომ დ. ბ-ეს უფლება აქვს თავისი პრეტენზია წაუყენოს ქონების ახალ მესაკუთრეს გ. თ-ს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.ბ-ემ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 1-ლი აპრილის განჩინების გაუქმება და 2001წ. 25 დეკემბრის განჩინების ძალაში დატოვება, ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2001წ. 9 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგების გაუქმება და გ.თ-სათვის 2500 აშშ დოლარის და გაწეული ხარჯების გადახდის დაკისრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 7 მარტის განჩინებით დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 24 ივლისის განჩინება.

2003წ. 21 აპრილს განცხადებით მომართა დ. ბ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სსკ-ს 421-427-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2003წ. 7 მარტის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგოორიის საქმეთა პალატის 2003წ. 6 მაისის განჩინებით აღნიშნული განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

დ. ბ-ემ 2003წ. 30 აპრილს განმეორებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სსკ-ს 422-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა უზენაესი სასამართლოს 2003წ. 7 მარტის განჩინების ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის უცნობია. აღნიშნულის თაობაზე სკ-ს 408-ე მუხლის შესაბამისად მისთვის არ უცნობებიათ, რითაც საკასაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმები. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ საქმის ზეპირი მისმენის გარეშე განხილვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე და 85-ე მუხლებს. დ. ბ-ემ ამავე განცხადებით სსკ-ს 423-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 7 მარტის განჩინების ბათილად ცნობასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის მოთხოვნა აღნიშნული განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, ხოლო განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმოს წარმოების განახლების ნაწილში განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დ. ბ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იგი არ იყო მიწვეული სასამართლოს მიერ პროცესზე და ამ საფუძვლით ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 7 მარტის განჩინება. მოცემულ საქმეზე სასამართლო პროცესი დანიშნული იყო 24 იანვარს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო საქმის განხილვა გადაიდო 14 თებერვალს. თავად კასატორი დ. ბ-ე ორჯერვე ესწრებოდა სასამართლოს სხდომებს. საკასაციო პალატამ 14 თებერვალს სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით ადგილზე თათბირით მიიღო გადაწყვეტილება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე

სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლოს საქმის განხილვა არ მიაჩნია საჭიროდ, მას შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი განხილევის გარეშე. მხარეებს უნდა ეცნობოთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. დ. ბ-ე 2003წ. 14 თებერვალს ესწრებოდა სასამართლო სხდომას და მას სასამართლო პალატის მიერ განემარტა, რომ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნული გარემოება დაფიქსირებულია სასამართლო სხდომის ოქმში, რომელიც დ. ბ-ეს სადავოდ არ გაუხდია. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია საპროცესო ნორმების დარღვევას და შესაბამისად, არ არსებობს სადავო განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი.

ამავე დროს საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განხილვის ნაწილში განსჯადობით განსახილველად სსკ-ს 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 422-ე, 424-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. დ. ბ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ნაწილში, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები დადგენილი წესით გადაეგზავნოთ მხარეებს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.