საქმე №ა-2567-შ-64-2021
4 ოქტომბერი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლის სამინისტროს მინსკის ოლქის სოლიგორსკის რაიონის ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე – რ.რ–ვი
განხილვის საგანი – ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სოლიგორსკის რაიონის სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
აღწერილობითი ნაწილი:
ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სოლიგორსკის რაიონის სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით რ.რ–ვს ვუსალა დურახანოვის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, არასრულწლოვანი შვილების - რ.რ–ვისა და რ.რ–ისათვის; რ.რ–ვს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 122 ბელარუსული რუბლისა და 64 კაპიკის ოდენობით.
ზემოხსენებული განჩიენა კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 18 თებერვალს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა ბელარუსის რესპუბლიკის გადასახედებისა და მოსაკრებლის სამინისტროს მინსკის ოლქის სოლიგორსკის რაიონის ინსპექციიდან მიღებული შუამდგომლობა, ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სოლიგორსკის რაიონის სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 ივნისის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის გადასახედებისა და მოსაკრებლის სამინისტროს მინსკის ოლქის სოლიგორსკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლის სამინისტროს მინსკის ოლქის სოლიგორსკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, მე-5 პუნქტის თანახმად კი, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორმა ვერ წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარის სრული და სწორი მისამართი. საქმეში რ.რ–ვის მისამართად მითითებულია შემდეგი: საქართველო, მარნეული, თუმცა აღნიშნული რეკვიზიტები არ არის საკმარისი ფიზიკური პირის მოსაძიებლად და მის წინააღმდეგ შემოტანილი განცხადების ჩაბარებისთვის, ეს გარემოება დასტურდება საქმეში დაცული საფოსტო გზავნილებითაც.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლი განსაზღვრავს უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურულ საკითხებს. ამავე ნორმის თანახმად შუამდგომლობა გადაეცემა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც გააჩნია წერილობითი პოზიციის წარმოდგენის და შუამდგომლობის ზეპირი ფორმით განხილვის მოთხოვნის უფლება.
დასახელებული ნორმა ცხადყოფს, რომ მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირება და სათანადო მასალების გადაცემა შუამდგომლობის განხილვის მიზნით განსახორციელებელი კანონისმიერი ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული პროცედურის დაცვა შეუძლებელია ვინაიდან მხარის სრული და სწორი მისამართი შუამდგომლობიდან ვერ დგინდება, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შინაარსის შუამდგომლობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 71-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 186-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლის სამინისტროს მინსკის ოლქის სოლიგორსკის რაიონის ინსპექციის შუამდგომლობა, ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის სოლიგორსკის რაიონის სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ, დარჩეს განუხილველად.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე