საქმე №ა-3333-შ-88-2021
17 დეკემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.ს-ც–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ც–ძე
განხილვის საგანი – უკრაინის, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. უკრაინის, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ც–ძეს (დაბადების თარიღი 1982 წლის 10 იანვარი, დაბადებული უზბეკეთში, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები მისამართზე: საქართველო, ხელვაჩაურის რაიონი სოფელი .........) დაეკისრა გ. ც–ძის (დაბადებული 2015 წლის 25 მარტს) მიმართ ალიმენტის გადახდა არასრულწლოვნის დედის, ნ.ს-ც–ძის (დაბადებული 1987 წლის 1 იანვარი, მცხოვრები მისამართზე: 50089, დნეპროპეტროვსკის ოლქი, ქ. კრივოვო როგი, ......., ბინა N56) სასარგებლოდ.
ყოველთვიურად დაკისრებული ალიმენტის მოცულობა განისაზღვრა 2805.60 გრივნისა და 60 კაპიკის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 120 აშშ დოლარის ეკვივალენტისა უკრაინის ნაციონალური ბანკის კურსის მიხედვით და არანაკლებ შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის ოდენობისა; ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, დაწყებული 2019 წლის 24 ოქტომბრიდან. ამავე გადაწყვეტილებით ა. ც–ძეს დაეკისრა სასამართლო ხარჯი 768 გრივნისა და 40 კაპიკის ოდენოთ სახელმწიფოს სასარგებლოდ.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან მიღებული შუამდგომლობა, რომლითაც ნ.ს-ც–ძე ითხოვს უკრაინის, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ქ. კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას, რომლითაც ა. ც–ძეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში მოეძიებინა ა. ც–ძე (მისამართზე: ქ. ბათუმი, .........ს ქუჩა N12, სახლი N8ა) და უზრუნველეყო მასზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინების, ნ.ს-ც–ძის შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ჩაბარება.
5. 2021 წლის 10 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოდან საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნილი იქნა დოკუმენტაცია, რომლიდანაც ირკვევა, რომ 2021 წლის 2 დეკემბერს ა. ც–ძეს პირადად ჩაბარდა 2021 წლის 8 ივლისის განჩინება და ნ.ს-ც–ძის შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად.
6. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ნ.ს-ც–ძის შუამდგომლობა უკრაინის, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები.
ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები.
თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
10. ამავე კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
11. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
12. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
13. უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.
14. „მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.
15. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
17. უკრაინის, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ც–ძეს დაეკისრა გ.ც–ძის (დაბადებული 2015 წლის 25 მარტს) მიმართ ალიმენტის გადახდა არასრულწლოვნის დედის, ნ.ს-ც–ძის სასარგებლოდ 2805.60 გრივნისა და 60 კაპიკის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 120 აშშ დოლარის ეკვივალენტისა უკრაინის ნაციონალური ბანკის კურსის მიხედვით და არანაკლებ შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის ოდენობისა; ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, დაწყებული 2019 წლის 24 ოქტომბრიდან. ამავე გადაწყვეტილებით ა. ც–ძეს დაეკისრა სასამართლო ხარჯი 768 გრივნისა და 40 კაპიკის ოდენობით სახელმწიფოს სასარგებლოდ.
18. საქმის მასალებით დარტურდება, რომ გადაწყვეტილება 2020 წლის 13 მარტს შევიდა კანონიერ ძალაში და ალიმენტის დაკისრების ნაწილში იგი არ აღსრულებულა. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო უკრაინაში საქმის განხილვის შესახებ.
19. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან მიღებული შუამდგომლობა, რომლითაც ნ.ს-ც–ძე ითხოვს უკრაინის, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ქ. კრივოვო როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას, რომლითაც ა. ც–ძეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის მასალებთან ერთად ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც რაიმე განცხადებით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
21. წარმოდგენილი მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), შესაბამისად, ნ.ს-ც–ძის შუამდგომლობა და თანდართული მასალები სრულად შეესაბამება კონვენციისა და კანონის მოთხოვნებს, რის გამოც უკრაინის, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და ამავე ნაწილში მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5, 70.3 მუხლებით და
დაადგინა:
1. ნ.ს-ც–ძის შუამდგომლობა უკრაინის, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის, დნეპროპეტროვსკის ოლქის, ქალაქ კრივოი როგის ტერნოვსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ა. ც–ძეს (დაბადების თარიღი 1982 წლის 10 იანვარი; დაბადებული უზბეკეთში; საქართველოს მოქალაქე; მცხოვრები მისამართზე: საქართველო, ხელვაჩაურის რაიონი სოფელი .........) დაეკისრა გ. ც–ძის (დაბადებული 2015 წლის 25 მარტს) მიმართ ალიმენტის გადახდა არასრულწლოვნის დედის, ნ.ს-ც–ძის (დაბადებული 1987 წლის 1 იანვარი; მცხოვრები მისამართზე: 50089, დნეპროპეტროვსკის ოლქი, ქ. კრივოი როგი, ......., ბინა N56) სასარგებლოდ 2805.60 გრივნისა და 60 კაპიკის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 120 აშშ დოლარის ეკვივალენტისა უკრაინის ნაციონალური ბანკის კურსის მიხედვით და არანაკლებ შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის ოდენობისა; ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, დაწყებული 2019 წლის 24 ოქტომბრიდან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე