საქმე №ა-5405-შ-156-2021
17 ნოემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს Y. II P.L.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს - ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს საადმირალო და კომერციული სასამართლოს 2020 წლის 04 აპრილის NCL-2020-000009 დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს საადმირალო და კომერციული სასამართლოს 2020 წლის 04 აპრილის NCL-2020-000009 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს შპს ,,გ.კ–სა“ და შპს ,,ე–ს’’ შპს ,,Y.II.P.L.’’-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 546,249.08 ბრიტანული ფუნტის გადახდა (ხარჯების ჩათვლით).
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს ,,Y.II . L.’’-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს საადმირალო და კომერციული სასამართლოს 2020 წლის 04 აპრილის NCL-2020-000009 დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის აუცილებელი ერთ ერთი უძირითადესი გარემოება - შესულია თუ არა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში, მაშინ, როდესაც „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისათვის აღნიშნული პირობა სავალდებულოა.
ასევე წარმოდგენილ დოკუმენტებში არსად არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა მისი გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთი მტკიცებულება შუამდგომლობის ავტორს არ აქვს წარმოდგენილი. როგორც ზემოთ განიმარტა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის აუცილებელი წინაპირობაა, დადასტურდეს, რომ ხსენებული გადაწყვეტილება მისი გამომტანი ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებული არ არის, აღნიშნული კი წარმოდგენილ დოკუმენტებში არსად არ იკითხება.
,,საერთაშორისო კერძო სამართლოს შესახებ'' კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ მოხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან (მათ შორის წარმოდგენილ გადაწყვეტილებაში) არ დგინდება, რომ მოპასუხეები სათანადოდ ინფორმირებულები იყვნენ მათ წინაააღმდეგ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით, ხოლო ეს გარემოება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
საკსაციო სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების დამოწმებული თარგმანით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს გადაწყვეტილების დედანთან. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლით დადგენილია მხარის მიერ წერილობითი მტკიცებულების დედნის წარმოდგენის ვალდებულება, თუმცა როდესაც საქმე უცხო ქვეყანაში წარმოებულ ამა თუ იმ დოკუმენტს შეეხება, მათი ნამდვილობა შეიძლება შესაბამისი ორგანოს დამოწმებით დადასტურდეს.
„კონვენცია, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას“ (1961 წლის 5 ოქტომბრის მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებები) ადგენს დოკუმენტის დამოწმების წესს და მისი პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოცემული კონვენცია ვრცელდება ოფიციალურ დოკუმენტებზე, რომლებიც შესრულებულია ერთ–ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და წარდგენილი უნდა იყოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ოფიციალურ დოკუმენტებად მოცემული კონვენციით მიჩნეულია მათ შორის სასამართლო მდივნის მიერ გაცემული დოკუმენტები. ამავე კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ერთადერთი ფორმალობა, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს იმის დასადასტურებლად ნამდვილია თუ არა ხელმოწერა, სტატუსი, რომლითაც მოქმედებდა დოკუმენტის ხელმომწერი პირი და სათანადო შემთხვევაში, ნამდვილია თუ არა ბეჭედი ან შტამპი, რომლითაც დამტკიცებულია ეს დოკუმენტი არის მე-4 მუხლით გათვალისწინებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური პირის აპოსტილი, რომელშიც ეს დოკუმენტი შესრულდა.
განსახილველ საქმეში მართალია ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს საადმირალო და კომერციული სასამართლოს 2020 წლის 04 აპრილის NCL-2020-000009 დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპოსტილით სათანადოდ არის დამოწმებული, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილია ასლის სახით, რაც წარმოდგენილი შუამდგომლობის განსახილველად მიღების კიდევ ერთ დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, რის გამოც შპს ,,Y.II.P.L ’’-ს უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს ,,Y.II.P.L.’’-ს უარი ეთქვას ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს საადმირალო და კომერციული სასამართლოს 2020 წლის 04 აპრილის NCL-2020-000009 დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობა-აღსრულების შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
3. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას იმავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე