Facebook Twitter

საქმე №ას-1300-2021

27 იანვარი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ლ–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები – ე.თ–ი, მ.გ–ნი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე.თ–ისა და მ.გ–ნის სარჩელი ნ.მ–ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 05 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებული იყო მოპასუხე ნ.მ–ას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, ე.თ–ისა და მ.გ–ნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.თ–ის და მ.გ–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ.მ–ას მათ სასარგებლოდ დაეკისრა 46 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 05 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ნ.მ–ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით ნ.მ–ას საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 05 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე.თ–ის და მ.გ–ნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.თ–ის და მ.გ–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ.მ–ას მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 46 000 აშშ დოლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.მ–ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით, ხარვეზის შეუსვებლობის გამო, ნ.მ–ას საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2021 წლის 07 ივნისს ნ.მ–ამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა განცხადება და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 მარტის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების გადავადება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით ნ.მ–ას განცხადება დაკმაყოფილდა; სამოქალაქო საქმეზე N2ბ/5380-18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილების (კრედიტორები ე.თ–ი, მ.გ–ნი, მოვალე - ნ.მ–ა) აღსრულება (თბილისის სააპელაციოს სასამართლოს მიერ 16.03.2021 წელს გაცემული N2ბ/5380-18 სააღსრულებო ფურცელი/სააღსრულებო წარმოება A21040141/) გადაიდო 2021 წლის 29 სექტემბრამდე ვადით.

2021 წლის 20 სექტემბერს ლ.ლ–ძემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 08 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მან ასევე მოითხოვა აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარე NA21040141 საქმის წარმოების შეჩერება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ნოემბრის განჩინებით ლ.ლ–ძის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 08 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თობაზე არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა ლ.ლ–ძის განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2021 წლის 16 მარტს გაცემული #2ბ/5380-18 აღსრულების ქვემდებარე აქტის (სააღსრულებო ფურცელი) საფუძველზე დაწყებული აღსრულების შეჩერების თაობაზე.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე ლ.ლ–ძემ წარადგინდა კერძო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ნოემბრის განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ლ.ლ–ძეს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და კერძო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კერძო საჩივრის მოტივების) მითითებით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ლ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველი საქმის შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ლ.ლ–ძეს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და კერძო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კერძო საჩივრის მოტივების) მითითებით.

ხარვეზის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს მ.ე–ს გაეგზავნათ კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, .....) და ჩაბარდა ადვოკატის თანაშემწეს, ე.ხ–ს, 2021 წლის 27 დეკემბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 28 დეკემბრიდან ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2022 წლის 3 იანვარს. ვინაიდან 3 იანვარი იყო უქმე დღე და მომდევნო დღეებიც გამოცხადებული იყო უქმე დღეებად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული შვიდ დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება 2022 წლის 10 იანვრს თანახმად სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილისა.

კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი შეევსო 2022 წლის 10 იანვრის ჩათვლით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც წარმოდგენილი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63- ე, 396-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ლ.ლ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე