Facebook Twitter

საქმე№ა-3485-შ-96-2021 14 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

შუამდგომლობის ავტორი –უზბეკეთის რესპუბლიკის, ჯიზაკის ეკონომიკურ საქმეთა რაიონული სასამართლო

მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ ჯ.ჩ–ძე

წარმომადგენელი - ი.გ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უზბეკეთის რესპუბლიკის, ჯიზაკის ეკონომიკურ საქმეთა რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უზბეკეთის რესპუბლიკის ჯიზაკის ეკონომიკურ საქმეთა რაიონული სასამართლოს (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლო ან შუამდგომლობის ავტორი) 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს "გ -ა-ე–ის" (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ი/მ ჯ.ჩ–ძის (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1.1. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დავალიანების - 13 032,45 აშშ დოლარისა და ჯარიმის - 5 734 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა;

1.2. მოპასუხეს უცხო ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის - 375 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

2. უცხო ქვეყნის სასამართლომ, 2021 წლის 15 ივლისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, სასამართლო ხარჯის დაკისრების ნაწილში.

3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხე სრულად იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, თუმცა იგი სხდომაზე არ გამოცხადდა და გადაწყვეტილება მისი მონაწილეობის გარეშე იქნა მიღებული.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით უცხო ქვეყნის სასამართლოს შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული და, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა.

6. მოწინააღმდეგე მხარემ, 2021 წლის 3 აგვისტოს, წერილობითი მოსაზრებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება ითხოვა იმ საფუძვლით, რომ არ ეთანხმება უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ ფლობს უზბეკურ ენას და მისთვის გაუგებარია დოკუმენტების შინაარსი. მოწინააღმდეგე მხარემ განაცხადა, რომ მის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს დამატებით წარმოადგენდა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით უცხო ქვეყნის სასამართლოს შუამდგომლობის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით.

8. საკასაციო სასამართლოში, 2021 წლის 11 ნოემბერს, გამართულ სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოში მის წინააღმდეგ გამართული სხდომის თაობაზე ინფორმირებული არ იყო, რაც უცხო ქვეყნის სასამართლოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. მოპასუხის განმარტებით, მას არც სასამართლო უწყება ჩაჰბარებია და არც საბოლოო გადაწყვეტილება, შესაბამისად არც მისი გასაჩივრების შესაძლებლობა მისცემია. მოპასუხის წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადება, რომ მისი მარწმუნებლის მისამართი უცხო ქვეყნის სასამართლოსათვის ცნობილი იყო. საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის სხდომაზე მოპასუხემ განაცხადა, რომ მას მხოლოდ გადაწყვეტილება ჩაჰბარდა უზბეკურ ენაზე, მანამდე კი არაფერი ჩაჰბარებია (2021 წლის 11 ნოემბრის სხდომის ოქმი, 15:50:00). მოსამართლის შეკითხვაზე, თუ რითი შეძლებდა მოწინააღმდეგე მხარე საქმეში არსებული გზავნილით დადასტურებული ფაქტის გაბათილებას, რომ მას 2021 წლის 15 იანვარს უცხო ქვეყნის სასამართლოდან შეტყობინება გაეგზავნა, მოპასუხემ სხდომის სხვა დროისათვის გადადება იშუამდგომლა, რათა მტკიცებულებების წარმოდგენა შესძლებოდა. მოპასუხემ კიდევ ერთხელ განაცხადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე, რომ მას უცხო ქვეყნის სასამართლოდან უწყება არ ჩაჰბარებია, მხოლოდ გადაწყვეტილება მიიღო. მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საკასაციო სასამართლოს სხდომა გადაიდო.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შპს „ს.ფ–ას“ მიმართა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია, რის გამოც სხდომის კიდევ ერთხელ გადადება იშუამდგომლა. მოპასუხის ადვოკატმა უარყო მოპასუხის 2021 წლის 11 ნოემბრის სხდომაზე გაკეთებული განმარტება, რომ მას უცხო ქვეყნის სასამართლოდან გადაწყვეტილება ჩაჰბარდა უზბეკურ ენაზე და მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოპასუხეს უცხო ქვეყნის სასამართლოდან არც უწყება და არც საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. რაც შეეხება საქმის მასალებში არსებულ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც 2021 წლის 15 იანვარს მოპასუხეს უცხო ქვეყნის სასამართლოდან გზავნილი გამოეგზავნა, ადვოკატმა განმარტა, რომ ის თავად მოპასუხეს არ ჩაჰბარებია, შეიძლება დედამ ჩაიბარა (2021 წლის 25 ნოემბრის სხდომის ოქმი, 12:27:00). მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საკასაციო სასამართლოს სხდომა გადაიდო.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ წარმოადგინა ცნობები შპს „ს.ფ–იდან“ (ს/ფ 60-61), რომელთა თანახმადაც, ფოსტის ელექტრონულ სააღრიცხვო პროგრამაში დაცული მონაცემების მიხედვით 2021 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული გზავნილების შესახებ ფიქსირდება შემდეგი ინფორმაცია: გამგზავნი - მ.მ., გაგზავნის თარიღი - 11.02.2021 წ., გზავნილი გატანილია ფოსტის ოფისიდან ადრესატის მიერ; ხოლო მეორე ცნობაში აღნიშნულია, რომ ფოსტის ელექტრონულ სააღრიცხვო პროგრამაში დაცული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 1 აპრილის ჩათვლით პერიოდში, მოპასუხის (მისამართი: ადიგენი, სოფელი .........) სახელზე, უზბეკეთის რესპუბლიკიდან, საერთაშორისო რეგისტრირებული გზავნილის გაგზავნა/ჩაბარება/დაბრუნების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. ამავე ცნობებში აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული ინფორმაცია არ გამორიცხავს შესაძლებლობას მითითებულ პერიოდში მოპასუხის სახელზე ასევე მარტივი კატეგორიის წერილობითი კორესპონდენციის არსებობისა. თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნული კატეგორიის გზავნილი მისი გაგზავნა-ჩაბარებისას არ ექვემდებარება რეგისტრაციას, ასეთი გზავნილის შესახებ ინფორმაცია „ს.ფ–ის“ მიერ ვერ გაიცემა. მოსამართლის შეკითხვაზე, თუ რას ნიშნავს მარტივი კატეგორიის გზავნილი, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არ იცის რას შეიძლება ნიშნავდეს მარტივი კატეგორიის გზავნილი. მოპასუხემ საკასაციო სასამართლოს წინაშე დაადასტურა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა ჰქონდა მოსარჩელესთან, მასთან წარმოეშვა უთანხმოება, თუმცა უცხო ქვეყნის სასამართლოში წარმოებული საქმის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. მოსამართლის შეკითხვაზე, თუ რა ზომებს მიმართა მოპასუხემ მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ არსებობდა გადაწყვეტილება, რომელიც, როგორც თავად განმარტავს, მისთვის უცნობ სასამართლო განხილვაზე იქნა მიღებული, მოწინააღმდეგე მხარემ განაცხადა, რომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მაინც ვერ შეცვლიდა, ამიტომ იგი რეაგირების გარეშე დატოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს, მოისმინა მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებები, რომელიც ადვოკატთან ერთად მონაწილეობდა სხდომაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებისა (შემდეგში - საერთაშორისო ხელშეკრულება) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და აღსრულდეს უზბეკეთის რესპუბლიკის ჯიზაკის ეკონომიკურ საქმეთა რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.

11. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის შესახებ (შუამდგომლობას ერთვის აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება - უცხო ქვეყნის სასამართლოში მიმდინარე დავის შესახებ მოპასუხეს ეცნობა მის მიერ მითითებულ მისამართზე). საკასაციო სასამართლო განმარტავს, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ მოპასუხე ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ, ამ გარემოების გაქარწყლება კი მოპასუხის ტვირთია, რაც მან ვერ შეძლო. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე ორჯერ გადადო საქმის ზეპირი მოსმენა, რათა მხარეს არ შეზღუდვოდა შესაძლებლობა თავისი პოზიციის დასადასტურებლად წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულება. საკასაციო სასამართლოს შეფასებით შუამდგომლობის მოწინააღმდეგე მხარემ ვერ უზრუნველყო საკასაციო სასამართლოსათვის სამართლებრივად სარწმუნო მტკიცებულების წარდგენა.

12. საერთაშორისო ხელშეკრულების პირველი მუხლის პირველი ნაწილით, ერთი მხარის მოქალაქეები, აგრეთვე, მის ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც ამ მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, ერთი მხარის მოქალაქეებს, აგრეთვე სხვა პირებს, რომლებიც ცხოვრებენ მის ტერიტორიაზე, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლად მიმართონ მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურას, სანოტარო ორგანოებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ მათ წინაშე, აღძრან შუამდგომლობა, წარადგინონ სარჩელი, განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი ისეთივე პირობებით, როგორც საკუთარმა მოქალაქეებმა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ამ ხელშეკრულების დებულებანი, გამოიყენება აგრეთვე იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც შექმნილია მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად.

13. ამავე ხელშეკრულების 50-56 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა ცნობისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას და ფაქტების დადგენას.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის საერთაშორისო ხელშეკრულების 52-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად, ასევე, არ არსებობს ამავე ხელშეკრულების 56-ე მუხლით დადგენილი რომელიმე წინაპირობა წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და მის აღსრულებაზე უარსაყოფად.

15. სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას განემარტა, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, განემარტა ისიც, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ამას მოითხოვდა. როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხემ წერილობითი მოსაზრებაც წარმოადგინა და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვაც მოითხოვა. მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შუამდგომლობის განხილვა ზეპირი მოსმენით წარიმართა, სადაც მოპასუხემ განმარტა, რომ იგი არ იყო ინფორმირებული უცხო ქვეყნის სასამართლოში მის წინააღმდეგ წარმოებული საქმის განხილვის თაობაზე, რაც უცხო ქვეყნის სასამართლოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

16. საკასაციო სასამართლო მოპასუხის ურთიერთგამომრიცხავი რამდენიმე განმარტების (იხ. ამ განჩინების 8-10 ქვეპუნქტები) საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოპასუხის პოზიცია არადამაჯერებელია, იგი ვერ აბათილებს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახულ ფაქტს, რომ მოპასუხე სათანადო წესით სრულად იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე. ასევე, დაზუსტებულ ინფორმაციას არ შეიცავს ფოსტის მიერ გაცემული ცნობები, რაც საქმეში განთავსებულ გზავნილებს (ს/ფ 9-10) ვერ აქარწყლებს. გარემოება იმის შესახებ, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2021 წლის 11 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მოპასუხის განმარტება, რომ მან მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს უზბეკურ ენაზე შედგენილი გადაწყვეტილება ჩაიბარა, რაც მომდევნო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლმა უარყო, არადამაჯერებელია და წარმოადგენს მცდელობას, მოძიებული იქნეს არგუმენტი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების დასაბრკოლებლად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხე სრულად იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, ხოლო საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოსადგენად, მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობების დაკმაყოფილების მიუხედავად, მან ვერ შეძლო შესატყვისი მტკიცებულების წარმოდგენა. ასევე, საკასაციო სასამართლოს შინაგან რწმენას ამყარებს მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის განმარტება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა მოპასუხის დედამ ჩაიბარა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ. 2021 წლის 25 ნოემბრის სხდომის ოქმი, 12:27:00). ნებისმიერ შემთხვევაში, შუამდგომლობის მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულებას წარმოადგენს მისი პოზიციის სასარგებლო მტკიცებულების წარმოდგენა, რაც მან მოცემულ შემთხვევაში ვერ შეძლო.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, განსახილველი შუამდგომლობის დასაბუთებულობის კვლევის დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, მხარისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, ქმნის გაქარწყლებად პრეზუმფციას, რომლის გაბათილება, ამ შემთხვევაში, სტანდარტული მტკიცებულებით ვერ მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მიეცეს საკუთარი პოზიციის დამტკიცების, ანუ პრეზუმფციის, როგორც ვარაუდის, გაქარწყლების შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სრულად იქნა უზრუნველყოფილი მოპასუხისათვის (მოწინააღმდეგე მხარისათვის), თუმცა, მან ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის შუამდგომლობის ავტორისათვის გადაკისრება (შეადრ.სუსგ-ებს: N ა-2021-შ-52-2016, 21.10.2016წ; N ა-4744-შ-119-2017, 30.05.2018 წ.; N ა-5069-შ-130-2017, 26.04.2018 წ.).

18. „მოპასუხის სათანადო წესით მოწვევასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც შუამდგომლობას თან ერთვის მოპასუხის მოწვევის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, წარმოიშობა გაბათილებადი პრეზუმფცია (rebuttable presumption), რომ მოპასუხე მოწვეული იყო სასამართლო განხილვაზე. მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, რათა ეს პრეზუმფცია გააბათილოს და მტკიცების ტვირთი კვლავ მოსარჩელეზე გადაიტანოს“ (საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარება სამოქალაქო საქმეებზე, პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2018 წ. გვ:110). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულების წარდგენა, რაც გააქარწყლებდა როგორც გადაწყვეტილებით, ისე თანდართული საქმის მასალებით დადასტურებულ ფაქტს, რომ მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის შესახებ.

19. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და სპეციალური კანონის ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს უცხო ქვეყნის სასამართლოს შუამდგომლობას, ვინაიდან მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება არ არის გამყარებული მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, ისევე, როგორც ვერ განმარტა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მისი პასიური პოზიციის გამართლების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების 50-ე, 52-ე, 54-ე, 56-ე მუხლებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უზბეკეთის რესპუბლიკის, ჯიზაკის ეკონომიკურ საქმეთა რაიონული სასამართლოს შუამდგომლობა, უზბეკეთის რესპუბლიკის, ჯიზაკის ეკონომიკურ საქმეთა რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს უზბეკეთის რესპუბლიკის, ჯიზაკის ეკონომიკურ საქმეთა რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ი/მ ჯ.ჩ–ძეს უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 375 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე