Facebook Twitter

საქმე №ას-736-2021 10 დეკემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქარელის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ხ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ხ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მენარდე) სარჩელი ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან შემკვეთი) წინააღმდეგ პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 42 404 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (სარჩელით მოთხოვნილი იყო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-11 მუხლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, 43 446 ლარის დაკისრება).

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1 ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ 2019 წელს განხორციელებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ნაპირდამცავი ან/და ნაპირსამაგრი ნაგებობების, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, ასევე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტორნული ტენდერის (NAT180013172) შედეგების საფუძველზე, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 2 ოქტომბერს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N125 ხელშეკრულება გაფორმდა, დანართში მითითებული ფასების ცხრილი - დეტალური ტექნიკური დავალება, ზოგადი ტექნიკური დავალება და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა;

3.2 ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, მომსახურების გაწევის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა;

3.3 შემკვეთის 2018 წლის 6 ნოემბრის 044902 წერილით მენარდეს N125 ხელშეკრულების ფარგლებში, 2018 წლის 29 ნოემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ქარელის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ასფალტირების სამუშაოებისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ჩამონათვალი, ტექნიკურ დავალებასთან ერთად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მიეწოდა. ვალდებულების შესასრულებლად დამკვეთის მხრიდან კონკრეტული ვადები განისაზღვრა. კერძოდ, ფ-ღ-ის, ა-ს-ა-ოს, ა-ოს სკოლამდე - საბავშვო ბაღამდე გზის მონაკვეთი და ა -კ-ის და ა-ის გზების ასფალტირების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების ბოლო ვადად 2019 წლის 15 იანვარი, ხოლო დანარჩენი ობიექტების მოსამზადებლად - 2019 წლის 15 მარტი შეთანხმდა;

3.4 შემსყიდველ ორგანიზაციას 2019 წლის 5 თებერვალს ფ-ღ-ის საავტომობილო გზის ასფალტირების სამშენებლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარედგინა. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელშეკრულების შესაბამისად, შემსყიდველის მიერ ინსპექტირების მიზნით, ექსპერტიზის ჩასატარებლად შპს „ო. გ“-ს გადაეგზავნა, რომლის დასკვნაც 2019 წლის 1 აპრილს იქნა წარდგენილი;

3.5 მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2019 წლის 3 აპრილს, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლის მიხედვით მენარდემ დაასრულა და შემკვეთმა მიიღო N125 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფ-ღ–ის საავტომობილო გზის ასფალტირების სამშენებლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების დასრულებული სამუშაოები 69 519,86 ლარის ღირებულებით;

3.6 წარდგენილი დასკვნით ვადაგადაცილება 75 დღეს შეადგენდა;

3.7 ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლის (მენარდის) მიერ პროექტირებას დაქვემდებარებულ კონკრეტულ ობიექტებზე მიღებული დეტალური ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების 0.02% დაეკისრებოდა;

3.8 მხარეთა ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმებული პირგასამტეხლო შესრულებული და მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული სამუშაოს ღირებულებიდან გამომდინარე სწორად იქნა გამოთვლილი.

4 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახით დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული წინაპირობები გამოვლენილი იყო.

4.1 პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვალდებულების დარღვევის ფაქტი უდავო იყო და მას მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე უნდა ემსჯელა;

4.2 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა, რომ ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურებების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ Nას-914-864-2015 04.12.15 წ.).

4.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით იმის დადგენა, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა გადაწყდეს. შეფასების მიზნებისთვის კი მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულებების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლოს განმარტებით პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცების ტვირთი აწევს მხარეს, რომელიც შემცირებას მოითხოვს;

4.4 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ობიექტზე მიღებული დეტალური ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების 0.02 პროცენტი;

4.5 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ისიც, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 3 აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით მოსარჩელემ დაასრულა და მოპასუხემ (აპელანტმა) ჩაიბარა N125 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფ-ღ–ის საავტომობილო გზის ასფალტირების სამშენებლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების დასრულებული 69 519,86 ლარის ღირებულების სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან 10%-ის დაკავება ხელშეკრულების მე-5 ნაწილის მე-3 პუნქტის საფუძველზე (ხარისხის უზრუნველყოფის 10%) მოხდა, ხოლო დარჩენილი ნაწილის, კერძოდ 62 567,87 ლარის ნაცვლად აპელანტმა მოსარჩელეს 19 121,87 ლარი აუნაზღაურა. იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მიღება-ჩაბარების აქტში ვადაგადაცილების ოდენობად 75 დღე იქნა მიჩნეული, ცხადი ხდება, რომ მოსარჩელეს 75-დღიანი ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლოს სახით 43 446 ლარი დაეკისრა, მაშინ როდესაც სამუშაოების შესრულების საერთო ღირებულება 69 519,86 ლარს შეადგენდა;

4.6 სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისთვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებდა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის, როგორც შემკვეთის, ვალდებულება იყო 69 519,86 ლარი გადაეხადა მენარდისთვის, რომელმაც ვალდებულება 75 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა. მიუხედავად ამისა, პირგასამტეხლოს დაანგარიშება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია;

4.7 სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა შესრულების ღირებულებისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს შეუსაბამობა (შესრულების ღირებულება 69 519,87 ლარი იყო, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო 43 446 ლარს შეადგენდა), ვალდებულების შეუსრულებლობის სახე, ხელშეკრულების ტიპი, ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მენარდემ ხელშეკრულების ვადა მხოლოდ 75 დღით დაარღვია, ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მენარდეს ნაკისრი ვალდებულება სრულად და ჯეროვნად აქვს შესრულებული, ხოლო შემკვეთს ეს შესრულება მიღებული აქვს, ამასთან ისიც გაითვალისწინა, რომ პირგასამტეხლოს უმთავრესი ფუნქცია - ვალდებულების შესრულების პროვოცირება/ხელშეწყობა ვერ მიიღწევა, შესაბამისად მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.

5 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5.1. კასატორის მითითებით პირგასამტეხლო, ხელშეკრულების შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა სწორედ საპროექტო ღირებულებიდან და შეადგენდა მისი ღირებულების 0.02%-ს (ანუ ანაზღაურება განხორციელდებოდა საპროექტო ღირებულების 2.4002%-ის, ხოლო პირგასამტეხლო შეადგენდა ამავე საპროექტო ღირებულების 0.02%-ს);

5.2. კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ შეუფასებია მენარდის ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, რომელიც არ იყო მცირე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ, რამეთუ მუნიციპალიტეტის მოთხოვნით შემსრულებელს კონკრეტულად ფ-ღ–ის ასფალტირების პროექტი უნდა წარედგინა 15 იანვრამდე. წლის დასაწყისში ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი დაიგეგმა, აპრილის თვეში წარდგენილი პროექტით კი საჭირო გახდა დამატებით თანხების მოძიება;

5.3. კასატორის განმარტებით სასამართლო არასწორად მოიხსენიებს შემსრულებელს, როგორც სუსტ მხარეს, რადგანაც მას ჰქონდა შესაბამისი ცოდნა, კვალიფიკაცია, სამართლებრივი და ეკონომიკური შედეგების გათვლის უნარი, იგი წინასწარ გამიზნულად და გათვლილად მონაწილეობდა ტენდერში, რის გამოც დაუშვებელია მისი სუსტ მხარედ მოხსენიება;

5.4. კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გამოანგარიშება ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოების და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტებს. მისი მითითებით პირგასამტეხლო გამოითვლება ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულების 0.02%-ით. ანუ, ფცა-ღოღეთის პროექტის ღირებულების - 2 800 000 ლარის 0.02%-ის ოდენობით. ამავე ღირებულებიდან გამოითვლებოდა ასანაზღაურებელი თანხა 69 515 ლარი - პროექტის ღირებულების 2,4002%-ის შესაბამისად.

5.5. კასატორი, ასევე, სადავოდ ხდის და არ ეთანხმება საადვოკატო ხარჯისა და სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება მოსარჩელისთვის (მენარდე) დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, რისი გადახდაც შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ დაეკისრა.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

11. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

12. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ ხელშეკრულება შეასრულა 75-დღიანი ვადაგადაცილებით. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №125 ხელშეკრულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლო – 43 446 ლარი მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხიდან გამოიქვითა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კასატორს მოსარჩელის სასარგებლოდ 42 404 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა. 42 404 ლარის არის ის თანხა, რომლითაც შემკვეთის ინიციატივით შემცირდა მენარდისათვის (მოსარჩელისათვის) გადასახდელი თანხა და ვალდებულების დარღვევის პირგასამტეხლოდ იქნა მიჩნეული. ნარდობის საფასურიდან შეუსაბამოდ მაღალი ოდენობით დაქვითული თანხა - 42 404 ლარი, მენარდის სასარგებლოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით შემკვეთს დაეკისრა.

13. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეად.სუსგ N ას-1597-2019, 13.12.2019 წ.).

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

16. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

17. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას (იხ. ამ განჩინების 4.5-4.7 ქვეპუნქტები), რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით საკუთარი პოზიცია გაამყარა, შესაბამისად, დადასტურებულია, რომ შემკვეთმა შესრულება მიიღო. მართალია, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას 75 დღით გადააცილა, თუმცა ვადის დარღვევა არ იქნა ისე მძიმედ შეფასებული, რომ მას მენარდისათვის შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება გამოეწვია. საკასაციო სასამართლო პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნევს, რადგან იგი შესრულებული ვალდებულების საერთო ღირებულებიდანაა გამოთვლილი და თითქმის მის 65 %-ს შეადგენს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების დარღვევიდან (იხ. სუსგ-ები: N ას-164-160-2016, 28.07.2016 წ; N ას-581-2019, 31.07. 2019წ; N ას-249-2021, 25.12.2020წ.).

19. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს არამართლზომიერი შემცირების დადასტურება კასატორის ტვირთს წარმოადგენდა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა. საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლოს პრაქტიკით დადგინდა, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო შემცირებადია თითოეული საქმის დეტალური გამოკვლევის შესაბამისად, რასაც სასამართლო სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე წყვეტს. რაც შეეხება, კასატორის მითითებას საქართველოს უზენასი სასამართლოს განჩინებაზე N ას-1527-2018, 31.01.2019 წ., საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მისი მოხმობა არ ამყარებს კასატორის პოზიციას, რადგან დასახელებული განჩინების 91-ე პუნქტში ასახულია მსჯელობა უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ, თუმცა ამ მსჯელობით არ არის იმგვარი დასკვნა გაკეთებული, რაც განსახილველ საქმესთან წინააღმდეგობაში შეიძლება მოდიოდეს.მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა სასამართლოს გააჩნია იქამდე, სანამ მხარე აღნიშნულ თანხას კრედიტორს აუნაზღაურებს. პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია, როცა პირგასამტეხლო უკვე ნებაყოფლობით გადახდილია. (იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებას, უცხო ქვეყნის სასამართლო პრაქტიკასა და საკანონმდებლო გამოცდილებას მოცემულ საქმეზე გავლენა ვერ ექნება და მასზე სასამართლოს მიერ მიღებული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის – სახელმწიფოს სახელით მიღებული გადაწყვეტილების დაფუძნება უმართებულოა. თუმცა, საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის ყურადსაღებია გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლის დანაწესი, კერძოდ, თუ მოვალე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას იმ საფუძვლით, რომ მან ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მაშინ მას ეკისრება ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი (იხ. იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი – სასწავლო კომენტარი, თბილისი, 2014 წელი, გვ.241; Brox/Henssler, Handelsrecht, Verlag C.H.Beck, München, 2009, Rn:380; შეად. სუსგ N ას-1527-2018, 31.01.2019 წ.)

20. საკასაციო სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობასთან დაკავშირებით დამკვიდრებულ სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკასაც მოიხმობს. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და, კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: N ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; N ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; N ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი)“. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

21. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ. N ას-186-2021, 25.03.2021წ).

22. პირგასამტეხლოს ოდენობის, განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები: ბ) დარღვევის სიმძიმესა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელიც მოიცავს ზიანის ანაზღაურებას. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (სუსგ: N ას-1048-2021, 29.10.2021წ)

23. საკასაციო სასამართლო საქმის გარემოებათა გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო). საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო - 1 042 ლარი, რომელიც მოსარჩელისათვის გადასახდელ თანხას გამოაკლდება სახელშეკრულებო ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების კომპნესირებისათვის სავსებით ადეკვატური რაოდენობაა.

24. უსაფუძლოა კასატორის პრეტენზია სახელმწიფო ბაჟისა და საადვოკატო ხარჯის დაკისრების თაობაზე, რადგან იგი კანონით დადგენილი წესით იქნა გამოთვლილი. კასატორის პრეტენზიას არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, იგი დეკლარაციული ხასიათისაა. სახელმწიფო ბაჟი მართებულად იქნა განაწილებული მხარეთა შორის სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საადვოკატო ხარჯი მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ამავე მუხლის საფუძველზე დაეკისრა.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

26. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური