Facebook Twitter

საქმე №ას-744-2021 28 დეკემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – თელავის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ.ბ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, დირექტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა.

2. ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 7 მაისის N593 ბრძანება მოსარჩელის ა(ა)იპ ,,თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ (შემდეგში: ააიპ) დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელე აღდგენილ იქნა ა(ა)იპ -ის დირექტორის პოზიციაზე; მასვე მიეცა იძულებითი განაცდური სამუშაოზე გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე, რაც ყოველთვიურად 840 ლარს (რვაას ორმოცი) შეადგენს ხელზე ასაღები ხელფასის სახით;

3. თელავის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდეგში: მოპასუხე, მერია, აპელანტი ან კასატორი ) მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოცემულ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2020 წლის 11 მარტს, 13:00 საათზე, რის შესახებაც მოპასუხე მხარეს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

5. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა, რომელსაც სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მხარეს არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

6. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

7. პირველი ინსტანციის სასამართლომ განიხილა საქმის მასალები და მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

7.1. სსსკ-ის 70-ე მუხლის 1-ლი-მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. 207-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის;

7.2. სსსკ-ის 230-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

7.3. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე იშუამდგომლა, მოპასუხე მხარე მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა.

7.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

8. რაიონულმა სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თელავის რაიონის გამგებლის 2006 წლის 10 ოქტომბრის N237 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე, რომელიც იმხანად თელავის რაიონის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი იყო, გადაყვანილი იქნა უმწეოთა და უპოვართა სამსახურის უფროსად და მას შემდეგ მუშაობს ამ პოზიციაზე მომხდარი რეორგანიზაციების შესაბამისად. თელავის მუნიციპალიტეტი საკრებულოს 2008 წლის 29 სექტემბრის N46 განკარგულებით დასახელებული სამსახური რეორგანიზებულ იქნა როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი ,,უმწეოთა და უპოვართა სამსახური“, სადაც მოსარჩელემ კვლავ გააგრძელა მუშაობა ხელმძღვანელის/დირექტორის პოზიციაზე. მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 840 (რვაას ორმოცი) ლარს.

9. დღეის მდგომარეობით სამსახური იწოდება, როგორც ა(ა)იპ ,,თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახური“ და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი .......... 2019 წლის 30 იანვრიდან 2019 წლის 25 თებერვლის ჩათვლით შიდა აუდიტის სამსახურის განყოფილების თანამშრომლების დ.დ–ძის, მ.გ–ძის და მ.ს–ის მიერ ჩატარებულ იქნა ინსპექტირება, რა დროსაც თითქოსდა გამოვლინდა რიგი დარღვევები: სურსათის საწყობში საკვები პროდუქტების ნაკლებობა, სამსახურისათვის პროდუქტების შეძენისას ბაზრის კვლევის არარსებობა თუ არასრულყოფილება; 13 და 14 თებერვალს სამზარეულოში პროდუქტის ნაშთი/გაუცემლობა, სამსახურის დირექტორის მიერ მიწვდილ დამტარებელთა სიებში ბენეფიციართა იმ რაოდენობის არარსებობა, ვისთვისაც ბინაზეა მიტანილი პროდუქტები; გარდაცვალებულ პირებზე/პირზე პროდუქტების გაცემა; ბენეფიციარის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნის მიუხედავად პროდუქტის გაცემა. უთარიღო დასკვნა, თანდართულ მასალებთან ერთად, შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მიერ შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილ იქნა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინურ კომისიაში. ნაცვლად იმისა, რომ დისციპლინურ კომისიას ემსჯელა ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე დარღვევას მოსარჩელის მხრიდან, მიეღო შესაბამისი ახსნა-განმარტებები და მტკიცებულებები, თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 07 მაისის N593 ბრძანებით ა(ა)იპ-ის დირექტორი გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან;

10. რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს, რომ შრომა თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება, დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება - განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

11. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ თავისი შრომითი უფლება დარღვეულად მიიჩნია და უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

12. სშკ-ის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სშკ-ის 32.1. მუხლის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამავე მუხლის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ - მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

13. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველი, აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

14. რაიონული სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 316-317-ე, 361-ე, მე-400 ,417-ე, 418-ე, 873-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სსსკ-ის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

15. მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და რაიონული სასამართლოს განჩინება

15.1. რაიონული სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა 2020 წლის 24 მარტს საჩივრით მიმართა იმავე სასამართლოს, მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

15.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის განჩინებით, მოპასუხე მერიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

15.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის კოდექსის 70-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. 207-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის.

15.4. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სსსკ-ის 241-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საჩივრის ავტორის (მოპასუხის) მიერ საჩივარში არ ყოფილა მითითებული და შესაბამისი მტკიცებულებით დადასტურებული სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილითა გათვალისწინებული საპატიო მიზეზი, ამიტომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საპატიო საფუძველი.

15.5. სსსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, რაც იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით საჩივრდება.

15.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა მითითებული სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 233-ე, 241-ე მუხლებით გათვალისწინებული სასამართლო სხდომაზე გამუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რის გამოც არ არსებობდა თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი; მოპასუხის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გზით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

16. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება

16.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 2020 წლის 14 მაისის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხე მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

16.2. აპელანტის განმარტებით, თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 2020 წლის 11 მარტს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო გასაჩივრებულ იქნა თელავის რაიონულ სასამართლოში. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვა, მისი გაუქმება და საქმის განახლება მოთხოვნილ იქნა ორი საფუძვლით: 1) სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის საფუძვლით, რაც დაფიქსირებული იყო მოპასუხის მიერ თელავის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში. კერძოდ, საპატიო მიზეზს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება, მუნიციპალიტეტის მერის/მოადგილის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე იცავს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესებს სასამართლო ორგანოებში. სსსკ-ის 241-ე მუხლი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს იმ საპატიო მიზეზის არსებობას, რომლის თაობაზეც მხარეს არ შეეძლო თავის დროზე შეეტყობინებინა სასამართლოსთვის. ამგვარ მიზეზს კი, აპელანტის მტკიცებით, წარმოადგენს სასამართლო უწყების მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფლებამოსილ თანამდებობის პირამდე არმისვლის საკითხი. ზემოაღნიშნულ ნორმაში აღწერილ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნებოდა მიღებული, უნდა გაუქმებულიყო; 2) მოსარჩელის მიერ სარჩელში დაფიქსირებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას. სასამართლო სხდომაზე მეორე საფუძველთან მიმართებაში მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ მერია გასცდა საჩივრის ფარგლებს და სასამართლოს არც კი უნდა ემსჯელა აღნიშნულ მე-2 საფუძველთან მიმართებაში, რაც სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული, ვინაიდან ნახსენებიც კი არ არის სხდომაზე დაფიქსირებული მე-2 საფუძვლის შესახებ განჩინებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, სასამართლო ვალდებული იყო, დაესაბუთებინა განჩინებაში, თუ რატომ არ მიიღო მხედველობაში მოპასუხის მიერ მითითებული მეორე საფუძველი, რომელიც გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას;

16.3. აპელანტმა პრეტენზია გამოთქვა იმ პროცესუალურ დარღვევაზე, რომელიც დაშვებულია თელავის რაიონული სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც, მისი მოსაზრებით ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება განაპირობა და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის მიერ დაზუსტდა საფუძველი ისე, რომ საჩივრის თავდაპირველი აზრი და შინაარსი არ შეცვლილა;

16.4. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტმა ასევე მიუთითა 2020 წლის 14 მაისის განჩინებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ არსებულ ხარვეზებსა და უზუსტობებზე. აპელანტის მტკიცებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე სასამართლოს უნდა ემსჯელა მოსარჩელის მიერ სარჩელში დაფიქსირებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა მოთხოვნას, კერძოდ: ჰქონდა თუ არა მერს ერთპიროვნულად მიეღო ა(ა)იპ-ის დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილება (რომლის შესახებაც მოსარჩელის პოზიცია დაფიქსირებულია სარჩელში და აღნიშნავს, რომ არ ჰქონდა ერთპიროვნულად გათავისუფლების უფლებამოსილება), როგორც მოსარჩელე უთითებდა, მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინურ კომისიას უნდა განეხილა თუ არა მოსარჩელის დარღვევები და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება; გამართლებული იყო თუ არა მსჯელობა იმასთან მიმართებით, რომ მოსარჩელეზე უნდა გავრცელებულიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედება. უნდა შეფასებულიყო, რა არგუმენტაციაზე და მსჯელობაზე აფუძნებდა მოსარჩელე იმ გარემოებას, რომ მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მიერ წარდგენილი დასკვნა, რომელიც გამყარებულია შესაბამისი მტკიცებულებებით და თანდართული იყო მოპასუხის მიერ წარდგენილ შესაგებელზე, უსაფუძვლო იყო. იმ დაშვებითაც, რომ მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადებულიყო პროცესზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა, სასამართლოს უნდა გამოეკვლია მოსარჩელის მიერ სარჩელში დაფიქსირებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა მოთხოვნას და ისე მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ მიმართებით აპელნტმა მიუთითა სსსკ-ის 230-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე, რაც, აპელანტის პრეტენზიით, ამ შემთხვევაში არ განხორციელდა;

16.5. სასამართლომ იურიდიულად გამართლებულად და დამტკიცებულად მიიჩნია მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, ,,უთარიღო დასკვნა, თანდართულ მასალებთან ერთად, შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მიერ შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილ იქნა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინურ კომისიაში. ნაცვლად იმისა, რომ დისციპლინურ კომისიას ემსჯელა, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე დარღვევას მოსარჩელის მხრიდან, მიეღო შესაბამისი ახსნა-განმარტებები და მტკიცებულებები, მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 7 მაისის N593 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლებულ იქნა ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან.“ რაც შეეხება ზემოხსენებულ დასკვნას, იგი გადაგზავნილი არ ყოფილა დისციპლინური წარმოების განმახორციელებელ დამოუკიდებელ კომისიაში;

16.6. აპელანტის მტკიცებით, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ა(ა)იპ დაფუძნებულია თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ა(ა)იპ-ს დაფუძნება განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-20 და 106-ე პრიმა მუხლების შესაბამისად. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ის, რომ თავად ააიპ-ის შექმნა სამოქალაქო სამართლის სფეროს მიეკუთვნება და მისი კომპეტენცია და საქმიანობის წესი რეგულირებულია სამოქალაქო კანონმდებლობით და ა(ა)იპ-ის წესდებით. რაც შეეხება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს, ის აწესრიგებს საჯარო სამსახურის ორგანიზების სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ხსენებული კანონი განსაზღვრავს იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად და რომელზეც ვრცელდება და ვისაც შეეხება აღნიშნული კანონი. ჩამონათვალში არაკომერციული იურიდიული პირი გათვალისწინებული არ არის, მოსარჩელის სამსახურებრივი უფლებამოსილება არ უტოლდება საჯარო მოსამსახურის უფლებამოსილებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დისციპლინური კომისია, რომელიც შექმნილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის საფუძველზე და საჯარო მოსამსახურეების შესაძლო დარღვევებს შეისწავლის, რომ განეხილა ინსპექტირების განყოფილების მიერ შედგენილი დასკვნა და მერის წინაშე წარედგინა რეკომენდაცია, სწორედ ეს იქნებოდა დარღვევა;

16.7. აპელანტის პრეტენზიით მოსარჩელის არგუმენტაცია სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა და იურიდიულად გამართლებულად არ უნდა მიეჩნია, ასევე, მოსარჩელის ეს პოზიცია უნდა მიჩნეულიყო საჩივრის ფარგლების გაზრდად.

16.8. რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს განჩინების დასაბუთებისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქმის მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების გზით დაასკვნა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და თავის 2021 წლის 20 აპრილის განჩინებაში განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

16.9.სსსკ -ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

16.10. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანია, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საფუძვლით, რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინების კანონიერება.

16.11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია. სსსკ-ის 230-ე მუხლის (თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე) საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, მოპასუხის გამოუცხადებლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულოობაა დადგენილი: ა) მოპასუხეს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა ეცნობოს სასამართლო სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე; ბ) მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ უნდა გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე; გ) მოსარჩელე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე; დ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის თაობაზე (იხ. სუსგ N ას-538-511-2014, 24.12.2015 წ.).

16.12. ამასთანავე, ამგვარი გადაწყვეტილება არ შეიძლება გარკვეული სანქცია იყოს მხარისათვის, რათა დაუსაბუთებლად, საქმის ვითარების გაურკვევლად არ დაეკისროს მოპასუხეს ის, რის წინააღმდეგაც კონსტიტუციით გარანტირებული შედავებისა თუ მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობაც გააჩნია (იხ. სუსგ-ები N ას-1453-1371-2012, 25.12.2012 წ; N ას-101-2020, 8.07.2020 წ.).

16.13. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სსსკ-ის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები (გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

16.14. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმება იმ დასაბუთებით, რომ მოპასუხემ საპატიო მიზეზების გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. კერძოდ, მოპასუხე მერიის განმარტებით, მართალია, ორგანიზაციას ჩაბარდა სასამართლო უწყება, თუმცა დოკუმენტის მიმღებ თანამშრომელს არ მოუხდენია გზავნილის შესაბამისი რეგისტრაცია, რის გამოც სასამართლო სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე ვერ ეცნობა სათანადო წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს. მხარემ ასევე განმარტა, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური საფუძველი, რამეთუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

16.15. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტის მიერ მოხმობილი გარემოებები არ წარმოშობს სააპელაციო საჩივრის გაზიარების პროცესუალურ წინაპირობას, რადგან გამოკვეთილი არ არის საპროცესო ნორმებით დადგენილი იმგვარი საპატიო მიზეზი, რაც გამოიწვევდა საქმეზე გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას (სსსკ-ის 215.3-ე მუხლი). სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

16.16. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ სასამართლო გზავნილი მოპასუხეს ჩაბარდა სსსკ-ს 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, სასამართლო გზავნილი ჩაიბარა მოპასუხის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად მოიაზრებს უწყების ადრესატისათვის ჩაბარებას და ორგანიზაციის შიდა საქმიანობის ხარვეზი ვერ მიიჩნევა იმგვარ საპატიო გარემოებად, რაც გაამართლებდა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას. სააპელაციო საჩივრის ავტორის საყურადღებოდ სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი ემყარება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებს (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები) და მოდავე მხარეებს თანაბრად აქვთ მინიჭებული შესაძლებლობა, უზრუნველყონ პროცესით განმტკიცებული უფლება-მოვალეობების რეალიზება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტიც შეჯიბრებითობის პრინციპზეა დაფუძნებული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ცალსახაა მოპასუხისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ორგანიზაციის წარმომადგენლის უყურადღებო ქმედებაზე მითითება ვერ დაედება საფუძვლად სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგან ეს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას გამოიწვევს.

16.17. სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის შედავება სარჩელის უსაფუძვლობასა და მოთხოვნის იურიდიულ არამართებულობასთან მიმართებით. სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხეს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა ეცნობოს სასამართლო სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე; მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ უნდა გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე; მოსარჩელემ უნდა იშუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ, სასამართლო ადგენს სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას შეესაბამება თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. სუსგ N ას-1178-1098-2017, 26.03.2019). აქედან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბუნებაზე და განმარტავს, რომ სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ იკვლევს მტკიცებულებებს. სასამართლოს შეფასებით, სარჩელში მოცემული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის პირობებში, სშკ-ს 47-ე და 48-ე მუხლების საფუძველზე, რეალიზებადია სასარჩელო მოთხოვნა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილობისა და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგების ნაწილში, კერძოდ, დადგენილია წინამდებარე განჩინების 8-9 პუნქტებში ასახული გარემოებები;

16.18. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, რაც ამ დავაში მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს, სასამართლომ პირველ რიგში უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნების კანონიერება კი მოწმდება შეწყვეტის შესახებ აქტში მითითებული სამართლებრივი საფუძვლისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით (იხ.სუსგ N ას-210-199-2017, 07.04.2017წ.). სასამართლო, მოპასუხის გადაწყვეტილების მართლზომიერების შემოწმებისას, ხელმძღვანელობს შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში დამკვიდრებული ე.წ. ,,favor prestatoris” პრინციპით, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედებების კეთილსინდისიერების კონტექსტში (იხ. სუსგ Nას-941- 891-2015, 29.01.2016წ).

16.19. სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (იხ. სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.). შრომის სამართლის მარეგულირებელი ნორმები ადგენს შრომითი ურთიერთობის მხარეთა თანასწორობის საწყისზე განხორციელების ვალდებულებას, თუმცა დასაქმებულის სამართლებრივი მდგომარეობის არსის (დაქვემდებარების პრინციპით სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ შრომის კოდექსი წარმოადგენს დასაქმებულის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტს, შესაბამისად, მისი უფლებების შეზღუდვის კანონიერება ე.წ „პროპორციულობის ტესტის“ შესაბამისად უნდა იქნას შემოწმებული და დადგინდეს გონივრული ბალანსი დამსაქმებლის კანონიერ ინტერესსა და დასაქმებული ფიზიკური პირის სოციალური უფლებების შეზღუდვას შორის. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 37-ე მუხლი) განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა;

16.20. იმისათვის, რომ დამსაქმებლის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ლეგიტიმურად და მართლზომიერად ჩაითვალოს, აუცილებელია წარმოჩინდეს ის გონივრული წინაპირობანი, რომელიც ამ შეწყვეტას კანონიერ საფუძველს მისცემდა. ასეთი ლეგიტიმური წინაპირობანი სწორედ დამსაქმებელმა უნდა შემოგვთავაზოს, ანუ დამსაქმებელმა უნდა თქვას, რომ წყვეტს კონტრაქტს გარკვეული კანონისმიერი საფუძვლით, მაგ: დასაქმებულმა დაარღვია შრომითი ვალდებულებანი, თანაც უხეშად; არსებობს ასეთის განხორციელების ორგანიზაციული აუცილებლობა; გავიდა შრომითი ხელშეკრულების ვადა, არსებობს ობიექტური გარემოება და სხვა. რომელიმე ასეთი ლეგიტიმური საფუძვლის მითითების შემდეგ, დასაქმებულმა, ასევე მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს მისი არსებობა და რეალურობა. შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე Nას-194-185-2016) განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე უთითებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში (იხ. სუსგ-ები ას-1276-1216- 2014, 18.03.2015წ; N ას-122-114-2015, 23.03.2015წ.);

16.21. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მტკიცებით სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რადგან მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისათვის სათანადო წინამძღვრებს. კერძოდ, აპელანტი მიუთითებს, რომ მერს ჰქონდა უფლება, ერთპიროვნულად გადაეწყვიტა ააიპ-ის დირექტორის გათავისუფლების საკითხი და არ არსებობდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინური კომისიის მიერ მოსარჩელის დარღვევების შესწავლისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის საჭიროება, რადგან მოსარჩელის მიმართ არ ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი და მისი გათავისუფლება განხორციელდა შრომის კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ა(ა)იპ დაფუძნებულია თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ა(ა)იპ-ს დაფუძნება განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-20 და 106-ე პრიმა მუხლების შესაბამისად. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია ის, რომ თავად ააიპ-ის შექმნა სამოქალაქო სამართლის სფეროს მიეკუთვნება და მისი კომპეტენცია და საქმიანობის წესი რეგულირებულია სამოქალაქო კანონმდებლობით და ა(ა)იპ-ის წესდებით. რაც შეეხება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს, ის აწესრიგებს საჯარო სამსახურის ორგანიზების სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. კანონი განსაზღვრავს იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად და რომელზეც ვრცელდება და ვისაც შეეხება აღნიშნული კანონი. ჩამონათვალში არაკომერციული იურიდიული პირი გათვალისწინებული არ არის, მოსარჩელის სამსახურებრივი უფლებამოსილება არ უტოლდება საჯარო მოსამსახურის უფლებამოსილებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დისციპლინური კომისია, რომელიც შექმნილია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის საფუძველზე და საჯარო მოსამსახურეების შესაძლო დარღვებს შეისწავლის, არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა მოსარჩელის ქმედებებთან მიმართებით.

16.22. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები ვერ დაედება საფუძვლად გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას. აპელანტის პრეტენზია, რომ თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას დაეფუძნა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მერიის დისციპლინური კომისიის მხრიდან არ შესწავლილა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობები, უსაფუძვლოა. ასევე უსაფუძვლოა აპელანტის განმარტება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების საჯარო-სამართლებრივ და კერძო-სამართლებრივ ბუნებაზე, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებებით დგინდება, რომ დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია სათანადო დასაბუთებისა და შრომის კოდექსის 47-ე მუხლით (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი კოდექსის 37-ე მუხლი) დადგენილი სტანდარტის უგულებელყოფით, სათანადო დასაბუთების არ არსებობის პირობებში, რაც ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას სადავო ბრძანების ბათილად ცნობასთან მიმართებით. შრომითი ხელშეკრულების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, თავის მხრივ, სშკ-ს 48-ე (სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 42-ე (თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დასაქმებულს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა) მუხლების შესაბამისად, ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.

16.23. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის შედავება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური წინაპირობების არსებობასთან მიმართებით, რადგან მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილი არ არის სსსკ-ის 233-ე მუხლით განსაზღვრული არც ერთი წინაპირობა. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველს.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მერიამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

17.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი არსებითად განსახილველად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით „სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მასში მოთავსებული მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის პრეტენზიების არსებითად განხილვის გზით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, სსსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე, სავალდებულო სამართლებრივი მითითებებით.

18.საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმას აღნიშნავს, რომ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც წინამდებარე განჩინების 16.11-16 13 პუნქტებშია ასახული და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო წინაპირობებს ეხება, თუმცა, არ იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომელიც 16.17-16.22 ქვეპუნქტებშია მითითებული და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორის სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების კანონიერების შემოწმების სამართლებრივი საფუძველი. გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, ა(ა) იპ-ის დირექტორის სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, ეწინააღმდეგება ამ სახის დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას (შეად. სუსგ-ებს: N ას-1097-2020, 31.03.2021წ; N ას- 1096-2020, 08.04.2021წ; N ას-14-2021, 16.07.2021წ.). საკასაციო სასამართლომ არაერთ ანალოგიურ საქმეზე განმარტა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის სამართლებრივ საკითხებს აწესრიგებს სსკ-ის 35-ე მუხლი, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მოწესრიგებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები გვარდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

19. მოცემულ შემთხვევაში, თელავის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 7 მაისის N593 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა ა(ა)იპ ,,თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ დირექტორის პოზიციიდან, მოსარჩელე აღდგენილ იქნა ა(ა)იპ -ის დირექტორის თანამდებობაზე; მასვე მიეცა იძულებითი განაცდური სამუშაოზე გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე, რაც ყოველთვიურად 840 ლარს (რვაას ორმოცი) შეადგენს ხელზე ასაღები ხელფასის სახით; მოპასუხე მერიის ბრძანების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, აა(ი)პ -ის დირექტორი. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა. პირველ ორ შემთხვევასთან მიმართებით (მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენა) კანონი მოითხოვს სშკ-ის მოქმედი რედაქციის 48-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის აუცილებლობას (კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტი). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომითსამართლებრივი კომპონენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, პირობითად შეიძლება მოვიხსენიოთ „სასამსახურო ხელშეკრულებად“, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან.

20. სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით მოწესრიგებულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი და დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ზუსტ განსაზღვრას იძლევა სშკ-ის 2.1 მუხლი და შეიძლება, დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან. ანალოგიურ საქმეებზე საკასაციო სასამართლო ეყრდნობა სსკ-ის 709-ე მუხლის მოწესრიგებას, რაც დავალების ხელშეკრულებას გულისხმობს და მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგს და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით შესრულება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. სსკ-ის 720.1-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ამდენად, ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.

21. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებული სავალდებულო სამართლებრივი მითითების საფუძველზე ხელახლა უნდა შეაფასოს სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად სავალდებულო კომპონენტია. სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის განსაზღვრა სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება და არსებით გავლენას ახდენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეულ მხარეს საკუთარი მოთხოვნის, თუ მის გასაქარწყლებლად პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა უნდა მიეცეს კანონის წინაშე თანასწორობის, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების საფუძველზე.

22. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური