Facebook Twitter

საქმე №ას-885-2019 28 დეკემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორები - შპს „ვ.უ. .“, შპს „გ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – სს „გ–ა“

II კასატორი - სს "გ–ა"

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ.უ. 3“, შპს „გ–ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი

გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება/ უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ვ.უ. ?“-ის (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი საწარმო, გამქირავებელი, პირველი აპელანტი ან კასატორი) და შპს „გ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, მეორე საწარმო, გამქირავებელი, პირველი აპელანტი ან კასატორი) სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. სს „გ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, სს, დამქირავებელი, მეორე აპელანტი ან კასატორი), მოსარჩელე პირველი საწარმოს სასარგებლოდ, 2009 წლის 11 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 2850 (ორი ათას რვაას ორმოცდაათი) დოლარის გადახდა დაეკისრა;

1.2. მოპასუხეს, მოსარჩელე მეორე საწარმოს სასარგებლოდ, 2009 წლის 11 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 2850 (ორი ათას რვაას ორმოცდაათი) დოლარის გადახდა დაეკისრა;

1.3. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოპასუხისათვის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თითოეული საწარმოს სასარგებლოდ, 14 250 აშშ დოლარის დაკისრებაზე.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელეებმა მოითხოვეს, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების უარყოფა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა (პირველი და მეორე საწარმოების) სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს (სს-ას) უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე; საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით:

3.1. მოპასუხე სს-ას, მოსარჩელე პირველი საწარმოს სასარგებლოდ, 2009 წლის 11 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 5700 (ხუთი ათას შვიდასი) დოლარის გადახდა დაეკისრა;

3.2. მოპასუხე სს-ას, მოსარჩელე მეორე საწარმოს სასარგებლოდ, 2009 წლის 11 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 5700 (ხუთი ათას შვიდასი) დოლარის გადახდა დაეკისრა;

3.3. სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მხარეთა შორის გადანაწილდა სახელმწიფო ბაჟი.

4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. შპს „ჯ.ა–ს“ (დამქირავებელი) და მოსარჩელე პირველ საწარმოს (გამქირავებელი) შორის 2009 წლის 11 ნოემბერს დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის შესაბამისად, გამქირავებელი გადასცემს, ხოლო დამქირავებელი იღებს სარგებლობის უფლებით, გამქირავებლის საკუთრებაში არსებულ ფართს მდებარე: ქ. თბილისი, ........, I სართული, ს/კ ..... ფართით სარგებლობისთვის დამქირავებელი გამქირავებელს ყოველთვიურად უხდის ქირას 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში;

4.2.ზემოხსენებულ დამქირავებელსა და მოსარჩელე მეორე საწარმოს (გამქირავებელი) შორის 2009 წლის 11 ნოემბერს დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის შესაბამისად, გამქირავებელი გადასცემს, ხოლო დამქირავებელი იღებს სარგებლობის უფლებით, გამქირავებლის საკუთრებაში არსებულ ფართს მდებარე: ქ. თბილისი, ....., I სართული, ს/კ ..... ფართით სარგებლობისთვის დამქირავებელი გამქირავებელს ყოველთვიურად უხდის ქირას 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში.

4.3. დადგენილია, რომ ორივე ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთი და იგივე შინაარსსა და პირობებს. ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრულია ხელშეკრულების მოქმედების ვადები, კერძოდ 5.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება მოქმედებს მხარეთა ხელმოწერიდან 5 წლის ვადით; 5.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხოლოდ მხარეთა ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე; 5.3. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტა დამქირავებლის მხრიდან დასაშვებია, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართი გამოუსადეგარი გახდება იმ გარემოებათა გამო, რომლითაც დამქირავებელს პასუხისმგებლობა არ ეკისრება; 5.4. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მხარეები ერთმანეთს უგზავნიან წერილობით შეტყობინებას შეწყვეტის დადგომის მომენტამდე 2 თვით ადრე. 5.6. პუნქტის თანახმად, დამქირავებლის ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ან მის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, რითაც გამქირავებელს მოესპო ან შეეზღუდა დაქირავებული ფართით სარგებლობის უფლება, დამქირავებელი ვალდებულია გამქირავებელს საურავის სახით გადაუხადოს თანხა, რომელიც სამი თვის საიჯარო თანხის ეკვივალენტია. 2016 წლის 6 იანვარს, წინამდებარე ხელშეკრულებებში განხორციელდა ცვლილება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 დეკემბრამდე.

4.4. 2016 წლის 21 სექტემბერს მხარეებს შორის დამატებით შედგა შეთანხმება ქირავნობის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ. კერძოდ მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფართით სარგებლობისთვის დამქირავებელი გამქირავებელს უხდის ყოველთვიურად ქირას 2850 (ორი ათას რვაას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში. ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 დეკემბრამდე.

4.5. დადგენილია, რომ შპს „ჯ.ა–ი“ 2011 წლის 28 დეკემბერს შერწყმის შედეგად გარდაიქმნა ახალ სუბიექტად და გახდა სს „ჯ. პ. ს.“, ხოლო 2017 წლის 5 მაისს სს „ე- ბ-ს ფ–ია“ შერწყმის შედეგად გარდაიქმნა და გახდა სს „გ–ა“ (მოცემული დავის მოპასუხე).

4.6. მოსარჩელეებს 2017 წლის 3 თებერვლის შეტყობინების საფუძველზე ეცნობათ, რომ დამქირავებელი 2017 წლის 3 აპრილიდან წყვეტს 2009 წლის 11 ნოემბერს დადებულ ხელშეკრულებას 5.4 პუნქტის შესაბამისად. ირკვევა, რომ მოპასუხე სს-ამ ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა განსაზღვრა სხვადასხვა პერიოდით და საბოლოოდ ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის ვადად 2017 წლის 30 ივნისი მიუთითა.

5. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი გარემოებების (4.1-4.6 ქვეპუნქტები) გარდა, დამატებით განმარტა, რომ მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტის (მოშლის) პირგასამტეხლოს განსაზღვრა და მისი ოდენობა და ამ მოთხოვნებთან მიმართებით დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2016 წლის 21 სექტემბერს მხარეებს შორის დამატებითი შეთახმების საფუძველზე ქირავნობის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფართით სარგებლობისთვის დამქირავებელი გამქირავებელს ყოველთვიურად უხდის ქირას - 2850 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში. ამასთან, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 1 დეკემბრამდე;

5.2. მხარეთა შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულების 5.4. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მხარეები ერთმანეთს უგზავნიან წერილობით შეტყობინებას შეწყვეტის დადგომის მომენტამდე 2 თვით ადრე. ამავე ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანახმად, დამქირავებლის ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ან მის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, რითაც გამქირავებელს მოესპო ან შეეზღუდა დაქირავებული ფართით სარგებლობის უფლება, დამქირავებელი ვალდებულია გამქირავებელს საურავის სახით გადაუხადოს თანხა, რომელიც სამი თვის საიჯარო თანხის ეკვივალენტია;

5.3. მოსარჩელეებს 2017 წლის 3 თებერვლის შეტყობინების საფუძველზე ეცნობათ, რომ დამქირავებელი 2017 წლის 3 აპრილიდან წყვეტდა 2009 წლის 11 ნოემბერს დადებულ ხელშეკრულებას 5.4 პუნქტის შესაბამისად. ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად, მოპასუხე ქირავნობის საგნის ფაქტობრივ მფლობელობას 2017 წლის 30 მაისამდე აგრძელებდა.

5.4. დამქირავებელმა სრულად დაიცვა ხელშეკრულების 5.4. პუნქტით დადგენილი პირობა და წერილობითი შეტყობინებით აცნობა გამქირავებლებს შეწყვეტის დადგომის მომენტამდე 2 თვით ადრე, თუმცა დამქირავებლის ინიციატივით მოხდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა;

5.5. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ იქნა დარღვეული, მოსარჩელეები, თითოეული მათგანის სასარგებლოდ, 8 550 აშშ დოლარის გადახდას ითხოვენ, როგორც ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საურავს, რომელიც სამი თვის საიჯარო თანხის ეკვივალენტია.

6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების მოშლისა და გასვლისათვისაც ჯარიმას ითვალისწინებს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 353-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებაზე საჯარიმო თანხის სანაცვლოდ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ხელშეკრულების მოშლისა და გასვლისათვის საჯარიმო თანხის დაწესების ინსტიტუტს არ იცნობს. იგი ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობას მხოლოდ ხელშეკრულების დარღვევის წინაპირობების არსებობისას უშვებს. შესაბამისად, მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული, ხელშეკრულების დარღვევის გარეშე ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, შეიძენს თუ არა მხარეთა ურთიერთშეთანხმებული საჯარიმო თანხა პირგასამტეხლოს ფუნქციას. თუ მხარეები გაითვალისწინებენ ხელშეკრულებიდან ვალდებულების დარღვევის გარეშე მოშლის უფლებას, მათ შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით დაადგინონ ხელშეკრულების შეწყვეტისათვის ე.წ. საჯარიმო თანხა - პირგასამტეხლო. ამდენად, ამგვარ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) მე-8; 319-ე და 417-418-ე მუხლები. 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 420-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღვრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას და პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება (სუსგ N ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ-ები: N ას-1158-1104-2014, 6.05.2015წ; N ას-1265-1187-2015, 10.02.2016წ.). საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ N ას-833-799-2016, 2.11.2016 წ.).

7. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა გაითვალისწინეს ვალდებულების დარღვევის გარეშე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის პირგასამტეხლო. სადავო არ არის ის გარემოება რომ მოპასუხემ დაიცვა გარიგებით გათვალიწინებული შეთანხმება მოშლის თაობაზე (შეტყობინება და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ ათავისუფლებს მას შეწყვეტის/მოშლის შესახებ ამავე ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანახმად გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანისა და ხელშეკრულებაში დარჩენის კრედიტორის ეკონომიური ინტერესის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა 2 თვის ქირის თანხით უნდა განისაზღვროს.

8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

8.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც გამქირავებელმა, ისე დამქირავებელმა საწარმოებმა. მოსარჩელეებმა (გამქირავებლებმა) მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ (დამქირავებელმა) მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებითა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8.2. საკასაციო სასამართლოს განჩინებით მხარეთა საკასაციო განაცხადები დასაშვებად იქნა ცნობილი არსებითად განხილვის მიზნით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასებისა და საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითი განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეთა (პირველი კასატორი) საკასაციო განაცხადი დასაბუთებელია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა შეიცვალოს გამქირავებელთა სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.

9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასებით დასაბუთებულია გამქირავებელ საწარმოთა საკასაციო პრეტენზია, რომლის საფუძველზეც, ისინი მოითხოვენ, რომ თითოეულის სასარგებლოდ, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით 2850 (ორი ათას რვაას ორმოცდაათი) აშშ დოლარის გადახდა დაესკიროს.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სავსებით გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გამოკვეთილია მხარეთა შორის დავის საგანი, თუმცა, არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებში მხარეებმა შეათანხმეს ქირავნობის ვადა და ხელშეკრულების შეწყვეტის წესი (იხ. ტ.1, ს.ფ. 37). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ მოპასუხემ დაიცვა გარიგებით გათვალისწინებული შეთანხმება მოშლის თაობაზე (შეტყობინება და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ ათავისუფლებს მას შეწყვეტის/მოშლის შესახებ ამავე ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანახმად გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან. დამქირავებელმა სრულად დაიცვა ხელშეკრულების 5.4. პუნქტით დადგენილი პირობა და წერილობითი შეტყობინებით აცნობა გამქირავებლებს შეწყვეტის დადგომის მომენტამდე 2 თვით ადრე, თუმცა დამქირავებლის ინიციატივით მოხდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა; ხელშეკრულების მე-5 მუხლი ადგენს ხელშეკრულების როგორც დამქირავებლის ინიციატივით, ისე გამქირავებლის ინიციატივით შეწყვეტის წესს. მხარეთა შეთანხმება იმაზე, რომ „დამქირავებლის ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ან მის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, რითაც გამქირავებელს მოესპო ან შეეზღუდა დაქირავებული ფართით სარგებლობის უფლება, დამქირავებელი ვალდებულია გამქირავებელს საურავის სახით გადაუხადოს თანხა, რომელიც სამი თვის საიჯარო თანხის ეკვივალენტია“ არ ეწინააღმდეგება კანონს და სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებს, არ წარმოადგენს ამორალურ გარიგებას და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავი მათ შორის შეთანხმებული პირობაა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე; ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეები მეწარმე სუბიექტები არიან და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი სპეციალური კანონით არის მოწესრიგებული, რაც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ გაცნობიერებულ ქმედებებსა და შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. ამდენად, კრედიტორმა და მოვალეებმა გაითვალისწინეს და ხელშეკრულებით დააბალანსეს ის ინტერესები, რომელიც კანონსაწინააღმდეგო არ არის და სამართლებრივი შედეგების გამომწვევია.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაბუთებულია პირველი კასატორის (მოსარჩელეების) საკასაციო საჩივარი და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, თითოეული საწარმოს სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 2850 (ორი ათას რვაას ორმოცდაათი) აშშ დოლარის გადახდა, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით გადაწყდა.

12. მეორე კასატორის (დამქირავებლის) საკასაციო პრეტენზია ძირითადად იმას ეფუძნება, რომ მოსარჩელეს ალტერნატიული მოთხოვნები ჰქონდა დაყენებული სარჩელში, კერძოდ, პირველი მოთხოვნაა მოსარჩელეების სასარგებლოდ მოპასუხეთათვის 14 250 აშშ დოლარის დაკისრება, ხოლო მეორე მოთხოვნა შემდეგი სახისაა: „იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნა არ არის დასაბუთებული....ალტერნატიული მოთხოვნის სახით ვითხოვთ, მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 8550 აშშ დოლარის ოდენობით“. მეორე კასატორს მიაჩნია, რომ მეორე სასარჩელო მოთხოვნა ალტერნატიული მოთხოვნის სახით დააყენა მოსარჩელემ, ამასთან პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ამის შესახებ და მიუთითა, რომ მეორე სასარჩელო მოთხოვნა, როგორც ალტერნატიული, საერთოდ არ უნდა განეხილა სასამართლოს, თუმცა, ამის შესახებ მსჯელობა სასამართლო აქტებში ასახული არ არის (იხ. მოპასუხის საკასაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ.120-121).

13. მეორე კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლოებში გამოკვეთილია დავის საგანი, სარჩელის მოთხოვნა და მოცულობა, ამდენად, საკასაციო პრეტენზია სამართლებრივად უსაფუძვლოა. რაც შეეხება მეორე კასატორის პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული ერთი თვის ქირის ოდენობით პირგასამტეხლოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ გაზრდის თაობაზე, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა და მეორე კასატორის მოთხოვნის საპასუხოდ მიუთითებს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-10 პუნქტში ასახულ მსჯელობასა და დასკვნებზე.

14. მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილების შესახებ მითითებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 და მე-9 პუნქტებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 257.1-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს "ვ.უ. ?"-ისა და შპს "გ–ი"-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. სს "გ–ა"-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით, პირგასამტეხლოს ნაწილში, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. შპს "ვ.უ. ?"-ისა და შპს "გ–ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

5. შპს "ვ.უ. ?"-ის სასარგებლოდ სს "გ–ა"-ს დამატებით დაეკისროს პირგასამტეხლოს - 2850 (ორი ათას რვაას ორმოცდაათი) აშშ დოლარის გადახდა;

6. შპს "გ–ი"-ს სასარგებლოდ სს "გ–ა"-ს დამატებით დაეკისროს პირგასამტეხლოს - 2850 (ორი ათას რვაას ორმოცდაათი) აშშ დოლარის გადახდა;

7. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება;

8. სს "გ–ა"-ს შპს "ვ.უ. ?"-ის სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის - 342 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

9. სს "გ–ას" შპს "გ–ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის - 342 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

10. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური