Facebook Twitter

საქმე №ას-1121-2020 24 დეკემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს "თ.დ–ა" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ე–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ვ.ე–ას (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი სს „თ. დ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი; დადგენილია, რომ მოპასუხის ადრინდელი სახელწოდება იყო სს „ს.კ.კ–ი“) 25 000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 2006.2 ლარის ანაზღაურება;

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:

2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 12 ივნისს დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იმავე დღეს №K/MO/R/006983/15 და №K/MO/R/006984/15 სადაზღვევო პოლისები. №K/MO/R/006983/15 სადაზღვევო პოლისის თანახმად, დამზღვევად მითითებულია ვ.ე–ა, დასახელებული მძღოლი - კ.გ–ა, დაზღვეული ავტომობილის მარკა/მოდელი - ,,RENAULT, 440.19T’’, სარეგისტრაციო ნომერი - ,,VVS ..’’, ტიპი - უნაგირა საწევარი, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 12.06.2015-დან - 12.06.2016-მდე, სადაზღვევო თანხა - 20 000 აშშ დოლარით, გადასახდელი სადაზღვევო პრემია - 1 075 აშშ დოლარით; №K/MO/R/006984/15 სადაზღვევო პოლისის თანახმად, დამზღვევად მითითებულია ვ.ე–ა, დასახელებული მძღოლი - კ.გ–ა, დაზღვეული ავტომობილის მარკა/მოდელი - ,,FRUEHAUF, TF 34 CI’’, სარეგისტრაციო ნომერი - ,,MS ..’’, ტიპი - სპეციალიზირებული, სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 12.06.2015-დან - 12.06.2016-მდე, სადაზღვევო თანხა - 5 000 აშშ დოლარით, გადასახდელი სადაზღვევო პრემია - 250 აშშ დოლარით (იხ. დაზღვევის პოლისები- ტ.1, ს.ფ. 20-21; დაზღვევის პირობები (ს.ფ. 33-51).

2.2. ავტომობილის დაზღვევის №K/MO-001/15 პირობების თანახმად, ავტომობილის დაზღვევის პირობები მოიცავს დაზღვევის შემდეგ სახეობებს/სექციებს: ავტომობილის მგზავრის უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა; მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა; მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა. აღნიშნული პირობების A1.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე დაზღვევის ხელშეკრულებით დაზღვეულია დაზღვეული ავტომობილის დაზიანება, დაკარგვა ან სრული განადგურება, გამოწვეული დაზღვეული რისკების დადგომის შედეგად. A1.2 პუნქტის თანახმად, დაზღვეული რისკებია - ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, სტიქიური მოვლენები, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ვანდალიზმი. ამავე ავტომობილის დაზღვევის პირობების მე-2 ნაწილის 1.1 პუნქტის და 1.1.6 ქვეპუნქტის შესაბამისად, დაზღვევა არ მოქმედებს და დამდგარი ზარალი არ ანაზღაურდება, ან/და ანაზღაურების შემთხვევაში უკან დაბრუნებას ექვემდებარება, თუ: ზარალი გამოწვეულია სადაზღვევო შემთხვევამდე არსებული დაზიანებით; სადაზღვევო შემთხვევა გამოიწვია ავტომობილის ან/და მისი ცალკეული ნაწილების/დეტალების გაუმართაობამ. ამავე პირობების 1.1.22 პუნქტის თანახმად, დაზღვევა ასევე არ მოქმედებს, თუ გაჩერებული დაზღვეული ავტოტრანსპორტი დაზიანდა /განადგურდა დაუდგენელი პირების მიერ ან დაუდგენელ ვითარებაში და თუ დამზღვევი/მოსარგებლე/უფლებამოსილი მძღოლი აღნიშნულის შეტყობინებისთანავე, დაუყოვნებლივ არ დაუკავშირდება მზღვეველსა და საპატრულო პოლიციას და თუ მზღვეველის წარმომადგენლის მისვლამდე ავტოტრანსპორტს ადგილიდან დაძრავენ. ამავე პირობების 3.12 ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზარალი დამზღვევის მიერ წინამდებარე პირობებითა და შესაბამისი სადაზღვევო პოლისით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. დაზღვევის პირობების 4.10 ქვეპუნქტის თანახმად, დამზღვევი ვალდებულია დაზღვეული ავტომობილი გამართულ მდგომარეობაში ჰყავდეს (იხ. დაზღვევის პირობები - ტ.1, ს.ფ. 33-51)

2.3. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის №აბ 000085393 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2015 წლის 29 ივნისს 06:00 საათზე ხარაგაულის რაიონის სოფელ .... გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გვერდულზე გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალება -,,RENAULT, 440.19T’’, სარეგისტრაციო ნომერი - ,,VVS ...’’, რომელსაც გაუმართავი ჰქონდა სამუხრუჭე სისტემა, გადავარდა ხევში და მოახდინა შეჯახება. ამავე ოქმის თანახმად, ავტომობილის მძღოლი - კ.გ–ა მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და დაჯარიმდა 250 ლარით (იხ. საჯარიმო ქვითარი - ტ.1, ს.ფ. 23).

2.4. 2015 წლის 9 ივლისის სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების შესახებ№CASCO-1491/15 აქტით, მოპასუხემ უარი განუცხადა მოსარჩელეს 2015 წლის 29 ივნისს მომხდარი შემთხვევის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ სადაზღვევო შემთხვევა გამოიწვია ავტომობილის ან/და მისი ცალკეული ნაწილების/დეტალების გაუმართაობამ. მოპასუხის მითითებით, საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის თანახმად, ავტომანქანას გაუმართავი ჰქონდა სამუხრუჭე სისტემა, რამაც გამოიწვია მანქანის დაგორება, რის შემდეგადაც გადავარდა ხევში და დაზიანდა. ამასთანავე, იგივე მიზეზი დადასტურებულია კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული ჩანაწერიდან, დამზღვევის - ვ.ე–ასგან მიღებული სატელეფონო შეტყობინებითაც (იხ. შემთხვევის დარეგულირების აქტი - ტ.1, ს.ფ. 22).

2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 2015 წლის 17 აგვისტოს №004827615 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების -,,RENAULT, 440.19T’’, სარეგისტრაციო ნომერი - ,,VVS ...’’ სადგომი სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია (იხ. ექსპერტიზის დასკვნა - ტ.1, ს.ფ. 26-31).

2.6. ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, მოსარჩელემ კვლავ მიმართა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით, რაზეც მოპასუხემ კვლავ უარი განაცხადა. მოპასუხემ 2015 წლის 27 აგვისტოს მოსარჩელეს განუმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნა გაცემულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 49 დღის გასვლის შემდეგ და მასში დასკვნის სახით მითითებული ინფორმაცია ავტომობილის სამუხრუჭე სისტემის გამართულობის თაობაზე არ გულისხმობს ამ გარემოების დადასტურებულად მიჩნევას საგზაო შემთხვევის მოხდენის დროისათვის და ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი, გამართული სამუხრუჭე სისტემის პირობებში ავტომობილის დაგორება და ხევში გადავარდნა მიუთითებს უფლებამოსილი მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე - სამუხრუჭე სისტემის გამოუყენებლობაზე ან მის არასწორ გამოყენებაზე, რაც ასევე არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას (იხ. მოპასუხის წერილი - ტ.1, ს.ფ. 23). 2.7. 2015 წლის 1 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას 2015 წლის 29 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ გამოძიების დაწყების თაობაზე განცხადებით მიმართა მოსარჩელემ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაწყებული №052271015801 სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება იმ საფუძვლით, რომ გამოძიებით შეკრებილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა (იხ. მიმართვები - ტ.1, ს.ფ. 52; ს.ფ. 54-56). 2.8. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 იანვრის №000296919 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 2001 წელს დამზადებული ავტომობილის (უნაგირა-საწევარა) - ,,RENAULT, 440.19T’’ საიდენტიფიკაციო №VF611GTA000111898, ჩარჩოზე განვითარებული დაზიანებებიდან გამომდინარე, მისი აღდგენა შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის (იხ. ექსპერტიზის დასკვნა - ტ.1, ს.ფ. 57-65). 3. საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეს არ ეკისრება 2015 წლის 20 ივნისის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 799-ე მუხლის მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. სასამართლომ განმარტა, რომ განხორციელებული შედავების ფარგლებში მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობა. ამასთან, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ წარმოდგენილი შესაგებლის ფარგლებში მოპასუხემ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მომხდარი შემთხვევა საერთოდ არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას, ვინაიდან იგი არ წარმოადგენდა საგზაო შემთხვევას, აღნიშნული არ გამხდარა მოპასუხის მიერ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ მოპასუხემ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად თავდაპირველად მიუთითა ის გარემოება, რომ ზარალი გამოწვეულია სადაზღვევო შემთხვევამდე არსებული დაზიანებით, მოგვიანებით კი მოპასუხემ არ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა სამუხრუჭე სისტემის გამართულობის შესახებ და აღნიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილის გამართულ მდგომარეობაში ყოფნის შემთხვევაშიც კი გამოვლენილია უფლებამოსილი მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა, კერძოდ, მის მიერ სამუხრუჭე სისტემის გამოუყენებლობა ან ამ სისტემის არასწორად გამოყენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული გარემოებებიდან და განხორციელებული არსებითი შედავებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა და შეაფასა ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მოპასუხის მიერ მითითებული ორივე გარემოება. 4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. 5. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, უდავოა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის №აბ 000085393 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2015 წლის 29 ივლისს 06:00 საათზე ხარაგაულის რაიონის სოფელ ..... გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გვერდულზე გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალება -,,RENAULT, 440.19T’’, სარეგისტრაციო ნომერი - ,,VVS ..’’, რომელსაც გაუმართავი ჰქონდა სამუხრუჭე სისტემა, გადავარდა ხევში და მოახდინა შეჯახება. ამავე ოქმის თანახმად, ავტომობილის მძღოლი - კ.გ–ა მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და დაჯარიმდა 250 ლარით. დადგენილია, რომ დაზღვევის პირობების 4.10 ქვეპუნქტის თანახმად, დამზღვევი ვალდებულია დაზღვეული ავტომობილი ჰყავდეს გამართულ მდგომარეობაში. ამასთანავე, დაზღვევის პირობების თანახმად, ავტომობილის გამართულ მდგომარეობაში ყოფნა პირდაპირ უკავშირდება ანაზღაურების საკითხს. ვინაიდან, ავტომობილის დაზღვევის პირობების მე-2 ნაწილის 1.1 პუნქტის და 1.1.6 ქვეპუნქტის შესაბამისად, დაზღვევა არ მოქმედებს და დამდგარი ზარალი არ ნაზღაურდება, ან/და ანაზღაურების შემთხვევაში უკან დაბრუნებას ექვემდებარება, თუ: ზარალი გამოწვეულია სადაზღვევო შემთხვევამდე არსებული დაზიანებით; სადაზღვევო შემთხვევა გამოიწვია ავტომობილის ან/და მისი ცალკეული ნაწილების/დეტალების გაუმართაობამ. 6. როგორც აღინიშნა, წარმოდგენილ საჯარიმო ქვითარში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საფუძვლად მითითებულია სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა. აღნიშნულს არ ეთანხმება მოსარჩელე და საპირისპიროს დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევამდე - 2015 წლის 20 ივნისის ავტოსაგზაო საშუალების გზისათვის ვარგისიანობაზე ტესტირების ბარათები (იხ. ტ.1, ს.ფ. 24-25), რომელიც, მისი მტკიცებით, მიუთითებს ამ დროისათვის ავტომობილის შემოწმებას და სამუხრუჭე სისტემის გამართულობას. მოსარჩელეს ასევე წარმოდგენილი აქვს და დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 17 აგვისტოს №004827615 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების -,,RENAULT, 440.19T’’, სარეგისტრაციო ნომერი - ,,VVS 179’’ სადგომი სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია. მტკიცებულებათა შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის შესაბამისად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა-არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.

7. სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს თავდაპირველად ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ ას- 535-501-2017). ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. სუსგ №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში (იხ. სუსგ N ას-633-966-07). განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, კატეგორიულია, თუმცა სასამართლო იზიარებს მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ დასკვნა შედგენილია და ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოწმებულია ავტოსაგზაო შემთხვევიდან არა რაიმე გონივრული პერიოდის გასვლის შემდეგ, არამედ, გაცილებით გვიან - 2015 წლის 10 აგვისტოდან 2015 წლის 17 აგვისტომდე პერიოდში. აღნიშნული დროის განსხვავება კი, ცხადია, არადამაჯერებელს ხდის მოსარჩელის მტკიცებას სამუხრუჭე სისტემის უცილობლად გამართულობასთან მიმართებით, იმ ფონზე, როდესაც უშუალოდ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შედგენილ ქვითარში მის გამომწვევ მიზეზად მითითებულია სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობა, რასაც დაეთანხმა უფლებამოსილი მძღოლი ამ ჯარიმის გაუსაჩივრებლობის ფაქტით. აღნიშნულის საპირისპიროდ კი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებს სამუხრუჭე სისტემის მდგომარეობაზე ავტოსაგზაო შემთხვევამდე და ამ შემთხვევის შემდეგ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, რასაც სასამართლო ვერ მიანიჭებს ობიექტურად ვარგისი მტკიცებულებების ძალას.

8. ზემოხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის შეფასება იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი საჯარიმო ქვითრის საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით უცილობლად არ დასტურდება ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომანქანის სამუხრუჭე სისტემის გამართულობის ფაქტი. სასამართლომ ასევე გაიზიარა მოპასუხის ის მითითებაც, რომ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე ავტომობილის სამუხრუჭე სისტემის გამართულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, საქმის მასალების ერთიანობაში შეფასება ადასტურებს უფლებამოსილი მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობას, რაც ასევე ათავისუფლებს დამზღვევს ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

9. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ასევე სადავო გახადა მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, მიუთითა სსკ-ის 829-ე მუხლზე და განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს უფლებამოსილი მძღოლი უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებდა. დასახელებული ნორმის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა განამტკიცებს დაზღვევის ხელშეკრულების ფუნდამენტურ პრინციპს. მისი მიზანი კი არის დამზღვევსა და მზღვეველს შორის კეთილსინდისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობების ჩამოყალიბება და საჯარო წესრიგის დაცვა. შესაბამისად იმისთვის რომ გამოირიცხოს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა, უნდა დადგინდეს დამზღვევის ბრალეულობის ხარისხი შემთხვევის დადგომისას. სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალი შეფასებითი კატეგორიაა და თოთოეულ კონკრეტულ საქმეზე უნდა დადგინდეს მისი არსებობა ან ხარისხი. სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს დარღვევა ობიექტურად მომხდარი გარემოებების, ქმედების სუბიექტის (მისი ნების) და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით. ამასთან, ამგვარი შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას. მისი დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით.

10. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილს მართავდა სადაზღვევო პოლისში მითითებული მძღოლი - კ.გ–ა, რომელიც ცნობილ იქნა მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად და დაჯარიმდა 250 ლარით. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ. სუსგ N ას-745-713-2014); ამგვარი განმარტებაა ასევე მოცემული საქმეში N ას-943-901-2013; ამასთან, 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ. სუსგ N ას-1306-1226-2015).

11. ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშულების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას სათანადო წინდახედულობის ფარგლებში მართავდა, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად (იხ. სუსგ N 1319- 1257-2014).

12. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების გონივრული განსჯის შედეგად, სასამართლომ არ მიიჩნია, რომ მოსარჩელის უფლებამოსილი მძღოლი ავტომობილს სათანადო წინდახედულობის ფარგლებში მართავდა. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის 2019 წლის 16 იანვრის მომართვაზე (იხ. ტ1 - ს.ფ. 55-56) რომელშიც მითითებულია: ,,მოწმე კახაბერ გვაზავამ აჩვენა, რომ 2015 წლის 29 ივნისს მართავდა RENAULT, 440.19T’’, მოდელის სატვირთო უნაგირა-საწევარას, სახელმწიფო ნომრით ,,VVS-...’’. იგი ფოთიდან მიემართებოდა კასპის რაიონში ტვირთის წამოსაღებად. ხარაგაულის რაიონის სოფელ ..... მოძრაობისას, დაახლოებით 04 საათზე, გაუძნელდა სიჩქარეში გადართვა. კ.გ–ამ გააჩერა ავტომობილი. გამორთო ძრავი, ქმედებაში მოიყვანა ხელის მუხრუჭი, სიჩქარეთა მექანიკური გადაცემის კოლოფის ბერკეტი გადაიყვანა ნეიტრალურ მდგომარეობაში, რადგან დიდი ხნით გაჩერების შემთხვევაში სისტემაში ჰაერი დაიცლებოდა და ბერკეტს ვეღარ გადართავდა. მან ნახა, რომ გადაბმულობის სისტემას აკლდა სითხე. მან ჩართო ავარიული მაჩვენებელი, ავტომობილის უკან დადო ავარიული სამკუთხა ნიშანი, საბურავებს უკან დაუდო ქვები, გასაღებით ჩაკეტა კარები და გამვლელი ავტომობილით წავიდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ....., სადაც საავტომობილო გზის ნაპირზე მდებარე მაღაზიაში შეიძინა სითხე. ადგილზე დაბრუნებულ კ.გ–ას ავტომობილი დაგორებული და ხევში გადავარდნილი დახვდა. კ.გ–ას ჩვენებით, მან ავტომობილი დამრეც ადგილზე დატოვა გაჩერებული. მის მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის მუშაკები, რომლებმაც მას შეუდგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და დააჯარიმეს 250 ლარით. ადგილზე მისულ ვ.ე–თან ერთად, კ.გ–ა ჩავიდა ხევში, სადაც იყო გადავარდნილი ავტომობილი. მას ასევე უნათებდა ავარიული მაშუქები, ხოლო მის მიერ ჩაკეტილი კარები ისევ დაკეტილი იყო. ავტომობილში რაიმე ნივთის დანაკლისი არ იყო’’. ამავე მომართვაში მითითებულია, რომ შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოდან გამოთხოვილ მასალებში არსებულ კ.გ–ას 2015 წლის 29 ივნისის ახსნა-განმარტების თანახმად, ავტომობილის დაგორება შეიძლება გამოეწვია მუხრუჭის ონკანიდან ჰაერის გაშვებას. გაჩერებული ავტომობილისთვის გორვის შესაფერხებლად ქვა ან სხვა ნივთი საბურავებთან მას არ დაუდია. წარმოდგენილი მომართვის შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სატვირთო საწევარა-უნაგირას მასის ავტომობილის დაღმართზე დატოვება, ამასთანავე ავტომობილის გორვის შესაფერხებლად მინიმუმ ქვის ან სხვა ნივთის დაუდებლობა უნდა შეფასდეს მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობად, რაც ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო გამოხატული მის მიერ სამუხრუჭე სისტემის არასწორად გამოყენებაში, იმ ფონზე, როდესაც წარმოდგენილ მიმართვაშიც მითითებულია, რომ მძღოლს სიჩქარეთა მექანიკური გადაცემის კოლოფი გადაყვანილი ჰქონდა ნეიტრალურ მდგომარეობაში. შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სამუხრუჭე სისტემის გამართულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი იკვეთება მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები, რაც ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის დამოუკიდებელი საფუძველია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 2015 წლის 20 ივნისის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. ტესტირების ბარათები - ტ.1, ს.ფ. 24; ექსპერტიზის -დასკვნა -ს.ფ. 26-31; მომართვა - ს.ფ. 55-56). სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია სწორედ დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის საფუძველზეც მოპასუხის მიერ გაცემულია შესაბამისი სადაზღვევო პოლისები.

13. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში. სამოქალაქო კოდექსი დაზღვევის კლასიფიკაციას დაზღვევის ობიექტის მიხედვით ადგენს. ამ თვალსაზრისით ერთმანეთისგანაა გამიჯნული ზიანის დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა და უბედური შემთხვევის დაზღვევა. თავის მხრივ, ზიანის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმები მოიცავს როგორც ქონების დაზღვევის, ისე სხვა პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებებს. სსკ-ის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. 821-ე მუხლით კი გათვალისწინებულია, რომ მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში. სსკ-ის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კანონმდებლობით მზღვეველი გარკვეული წინაპირობის არსებობისას თავისუფლდება დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავისი მოვალეობის შესრულებისაგან.

14. სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით დასაბუთებულია მოპასუხის პოზიცია სადაზღვევო ხელშეკრულების საფიძველზე ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან მან დადასტურებულად არ მიიჩნია სადაზღვევო შემთხვევისას დაზღვეული ავტომობილის სამუხრუჭე სისტემის გამართულობის ფაქტი და ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი, მიუთითა უფლებამოსილი მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება თანხის ანაზღაურების ვალდებულება. სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები გამორიცხავს დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მზღვეველისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებას.

15. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

15.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 20 თებერვალს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, ხოლო 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით იმავე სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვალს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის შესახებ და უცვლელად დატოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

16. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება

16.1. აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარზე 2020 წლის 20 თებერვალს, 11:00 საათზე სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოს უწყებით ეცნობა 2020 წლის 27 იანვარს (იხ. უკუგზავნილი, ტ.2, ს.ფ. 38-39, 41). 20.02.2020წ. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდნენ აპელანტი და მისი წარმომადგენელი ნიკოლოზ კანკავა, არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი. აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

16.2. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამდენად, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა აპელანტი, მაგრამ არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში:

- აპელანტი შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე;

- არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით;

- სააპელაციო საჩივარში და აპელანტის ახსნა-განმარტებაში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას.

16.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ წინამდებარე საქმეზე დავის საგანია ზიანის ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიანიჭა უპირატესობა საჯარიმო ქვითარს და უგულებელჰყო 17.08.2015წ. სატრანსპორტო ტექნიკურ- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა №004827615. ასევე არასწორად მიიჩნია, რომ გამოვლენილი იყო მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა, ვინაიდან სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დადგინდა საგამოძიებო ორგანოების მიერ. აპელანტს მიაჩნია, რომ ამ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს სარჩელი, კერძოდ, 2015 წლის 12 ივნისის სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვინაიდან 2015 წლის 29 ივნისს დაფიქსირდა სადაზღვევო შემთხვევა და დროულად ეცნობა მოპასუხეს, შესაბამისად, ამ უკანასკნელს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზიანის - 25 000 (ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის ანაზღაურება.

16.4. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. იმავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

16.5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უწყება ჩაბარდა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, ფოსტის მეშვეობით სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, სასამართლო უწყება ჩაიბარა მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა თამარ კოხრეიძემ (იხ. უკუგზავნილი, ტ.2, ს.ფ. 41). შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს 2020 წლის 20 თებერვალს, 11:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე ეცნობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან გამომდინარე. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ დაადგენს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. სხდომის გადადების მიზნით მხარემ სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს საპატიო მიზეზის არსებობა.

16.6. განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის თაობაზე. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის (სააპელაციო მოპასუხის) გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭიროა კიდევ ერთი პირობის არსებობა, კერძოდ, აპელანტის (მოპასუხის) მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) აპელანტის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო საჩივარში და აპელანტის ახსნა–განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო ჩაითვალა დამტკიცებულად, სსკ-ის 799-ე, 992-ე და 409-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებენ აპელანტის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

16.7 სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო აპელანტს გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისრა აპელანტის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი ბაჟის - 2006.2 ლარის გადახდა (სსსკ-ის 387.2-ე, 372-ე, 234-ე, 235-ე, 236-ე და 237-ე მუხლები).

16.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ და თავის 2021 წლის 2 ივლისის განჩინებაში მიუთითა, რომ არ იყო გასაზიარებელი მოპასუხის საჩივრის არც ერთი არგუმენტი. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე წარდგენილ საჩივარში მოპასუხემ მიუთითა, რომ კომპანიის ოფისმენეჯერი ვ.ა–ძე დეკრეტულ შვებულებაში გავიდა და რადგან სასამართლო უწყება სხდომის დანიშვნის თაობაზე კომპანიაში სწორედ იმ დროს შევიდა, როდესაც პროცესების შესაბამისი ცვლილებები და გადაბარებები მიმდინარეობდა, დოკუმენტი ფოსტის თანამშრომელმა ჩააბარა სხვა თანამშრომელს - თ.კ–ძეს, რომელსაც არ ჰქონდა დოკუმენტის ჩაბარების უფლებამოსილება. მან არ იცოდა, რა მიმართულება მიეცა ამ კონვერტისათვის და არ გადასცა მოცემულ საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს. საჩივრის ავტორის მტკიცებით ეს გარემოება საპატიოდ უნდა მიიჩნიოს სასამართლომ.

16.9. საჩივარში მითითებული ზემოხსენებული არგუმენტის საპასუხოდ, სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს განმარტება მოიხმო, რომლის თანახმად უწყების ჩაბარებულად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არა აქვს, უწყებას ორგანიზაციის ოფისმენეჯერი ჩაიბარებს თუ ტენდერების მენეჯერი. მათ შორის ფუნქციების განაწილება დაწესებულების შიდაორგანიზაციული საქმეა, რაც არ ცვლის იმ გარემოებას, რომ კორესპონდენციის ჩაბარებისას, ისინი ორგანიზაციის უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ (იხ. სუსგ N ას-1064-984-2017, 31.10.2017წ; შეად. სუსგ-ებს: N ას-67-58-2011, 18.03.2011წ; N ას-1184-114-2015, 22.01.2016წ.). სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საპატიო მიზეზებთან დაკავშირებით მითითებულია სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში (ნორმის დეფინიცია იხ. 16.5 ქვეპუნქტში), რომლის თანახმადაც იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომელზედაც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს. ამ გარმოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა.

16.10. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორმა (მოპასუხემ) სასამართლოს ვერ წაუდგინა მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა აპელანტის მოწინააღმდეგის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობას. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საჩივარს ერთვის ვ.ა–ძის სახელზე გაცემული საავადმყოფო ფურცელი, რომლის თანახმად ვ.ა–ძე დეკრეტულ შვებულებაში გავიდა 2020 წლის 27 იანვარს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ფოსტამ მოპასუხე კომპანიას სასამართლო უწყება და სააპელაციო საჩივარი ჩააბარა, უკუგზავნილს ხელს აწერს თ.კ–ძე. ფოსტის თანამშრომლის განმარტებით კი თ.კ–ძე არის გზავნილის ადრესატი კომპანიის წარმომადგენელი - ადმინისტრატორი. საჩივრის ავტორის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცლით არ დასტურდება, თუ რატომ არ იყო თ.კ–ძე უფლებამოსილი, ჩაებარებინა სასამართლო შეტყობინება, ან იმ დღეს მიმდინარეობდა თუ არა მოპასუხე კომპანიაში ვ.ა–ძის მიერ საქმეების სხვა თანამშრომლისათვის გადაბარება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს 2020 წლის 20 თებერვალს 11.00 საათზე სააპელაციო სასამართლოში სხდომის დანიშვნის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა, რაც სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნას შეესაბამება. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის მტკიცებას სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილი არ არის სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ისეთი საპატიო გარემოება, რომელიც ამავე კოდექსის 233-ე მუხლის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას გამორიცხავდა.

16.11. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მიუთითა, რომლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარის (სააპელაციო მოპასუხის) გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭიროა, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს (ასაბუთებდეს) მის მოთხოვნას. მოთხოვნის მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. სუსგ N ას -2-2-2017, 14.07.2017წ.), ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად.

16.12. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მსჯელობისას ასევე უნდა შეფასდეს სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კვლავაც იზიარებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში ასახულ განმარტებას, რომ სააპელაციო საჩივარსა და აპელანტის ახსნა -განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის (სააპელაციო მოპასუხის) გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულეად ჩაითვალა, იურიდიულიად ამართლებენ სსკ-ის 799-ე, 992-ე, 409-ე მუხლების მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს მოპასუხის მიერ გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რაც საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გზით სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას გულისხმობს (სსსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

17. 1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა იმავე სასამართლოს 2020 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

17.2. კასატორის პრეტენზიით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. სსსკ-ის 241- ე მუხლის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, როდესაც არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას თავის დროზე არ შეეძლო ეცნობებინა სასამართლოსათვის. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ასეთი საპატიო მიზეზია გამოვლენილი. კასატორი უთითებს იმავე არგუმენტებზე, რაც მის საჩივარშია ასახული (იხ. წინამდებარე განჩინების 16.8 ქვეპუნქტი; ასევე- საკასაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ.94-95) და განმარტავს, ფაქტი რომ “ჩაბარებული“ წერილი დაიკარგა კომპანიის შიგნით, გამოწვეული იყო უფლებამოსილი თანამშორმლის დეკრეტულ შვებულებაში გასვლით, რომელიც საქმეთა გადაბარების დროს კანცელარიის ოთახში არ იმყოფებოდა, ხოლო სასამართლოს უკუგზავნილზე ხელმომწერ პირს იმ დროისათვის არ ჰქონდა უფლება, გზავნილი ჩაებარებინა, რადგან ის სტაჟიორი იყო. აქედან გამომდინარე დარღვეულია სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

17.3. საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან მოპასუხეს საკასაციო წესით აქვს გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა გაანალიზების, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი მოტივაციის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის წარმომადგენლის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განჩინება (რომლითაც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება) უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი არგუმენტაციით:

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

19. სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

20. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმას განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეები მოწვეული იყვნენ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, შესაფასებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი უცვლელად დატოვების კანონიერება. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს კასატორის იმ ძირითად პრეტენზიებზე, რომლებიც უკავშირდება მხარის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზს, იყო თუ არა საპატიო მოპასუხის (სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის) გამოუცხადებლობა.

21. სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. ამ ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.“ ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ამდენად. უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წინაპირობები:

ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა შეტყობინება სასამართლო სხდომის თაობაზე, ხოლო, სასამართლოს არ მოეპოვება ცნობა მისი გამოუცხადებლობის საპატიოობის თაობაზე;

ბ) გამოცხადებული აპელანტი შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას. „ამ გარემოებათა კუმულაციურად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დადგენის შემდეგ, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, ამასთანავე, სასამართლომ უნდა შეამოწმოს სააპელაციო მოთხოვნას იურდიულად ამართლებს თუ არა მასში გადმოცემული ფაქტები (სსსკ-ის 230.2 მუხლი). ეს უკანასკნელი მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლომ უნდა მოიძიოს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ფორმალური თვალსაზრისით შეაფასოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მათ წინააღმდეგ წარდგენილი პრეტენზიები და ამ გზით განსაზღვროს მოთხოვნის განხორციელებადობა“ (იხ. სუსგ-ები: N ას-485-485-2018, 31.01.2020წ; N ას-662-109, 11.12.2020წ.).

22. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებით და იმავე განჩინებით განისაზღვრა სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა 2020 წლის 20 თებერვალს, 13:00 საათზე, მთავარ სხდომაზე (სსსკ-ის 376-ე მუხლი). ამ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე), რომელსაც სხდომის თაობაზე ეცნობათ კანონის მოთხოვნათა დაცვით (იხ. სასამართლო უწყება - ტ. 2, ს.ფ. 39, 41). სააპელაციო საჩივრის წარმდგენმა პირმა (მოსარჩელემ) იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა გამოცხადებული მხარის (აპელანტის) შუამდგომლობა და სააპელაციო მოპასუხის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

23. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. დასახელებული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

24. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული „საპატიო მიზეზი“ იმგვარად განიმარტება, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შესრულება საპატიოდ ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას. ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისას, სასამართლომ გამოიკვლიოს და დაადგინოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც, ცხადია, თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან“. (იხ. სუსგ-ები: N ას-1671-2019. 13.03.2020წ; N ას- 330-2019. 19.11.2019წ.).

25. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას (იხ. წინამდებარე განჩინების 16.8-16.12 ქვეპუნქტები) და არ ეთანხმება კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლო უკუგზავნილი მოპასუხე კომპანიის არაუფლებამოსილმა პირმა ჩაიბარა. კასატორის პრეტენზია იმას უკავშირდება, რომ სააპელაციო სასამართლოდან გაგზავნილი შეტყობინების კომპანიის შიგნით დაკარგვა იმან განაპირობა, რომ მოპასუხე კომპანიის უფლებამოსილი პირი-ვ.ა–ძე ზუსტად იმ დღეს, როდესაც გზავნილი მივიდა კომპანიაში, დეკრეტულ შვებულებაში გავიდა და კანცელარიის ოთახში არ იმყოფებოდა უფლებამოსილი პირი, რომელსაც შეეძლო მოპასუხის სახელით სასამართლო გზავნილის ჩაბარება, ხოლო უკუგზავნილზე ხელს აწერს სტაჟიორი თ.კ–ძე, რომელიც არაუფლებამოსილი პირია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ეს გარემოება საპატიოდ უნდა მიეჩნია და გაეუქმებინა თავისი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი საჩივრის განხილვის ეტაპზე იმსჯელა და განმარტა, რომ საჩივარზე თანდართული ვ.ა–ძის სახელზე გაცემული საავადმყოფო ფურცელი არ წარმოადგენს სამართლებრივი ღირებულების იმგვარ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს და ასეთი მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის ინფორმაციის (განცხადების/შუამდგომლობის) წინასწარ მიწოდების შეუძლებლობას. სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის მიერ წარდგენილი ცნობის თანახმად ვ.ა–ძე დეკრეტულ შვებულებაში გავიდა 2020 წლის 27 იანვარს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ფოსტამ მოპასუხე კომპანიას სასამართლო უწყება და სააპელაციო საჩივარი ჩააბარა, უკუგზავნილს ხელს აწერს თ.კ–ძე. ფოსტის თანამშრომლის განმარტებით კი თ.კ–ძე არის გზავნილის ადრესატი კომპანიის წარმომადგენელი - ადმინისტრატორი. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას, რომ საჩივრის ავტორის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი საავადმყოფო ფურცლით არ დასტურდება, თუ რატომ არ იყო თ.კ–ძე უფლებამოსილი, ჩაებარებინა სასამართლო შეტყობინება, ან იმ დღეს მიმდინარეობდა თუ არა მოპასუხე კომპანიაში ვ.ა–ძის მიერ საქმეების სხვა თანამშრომლისათვის გადაბარება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს განსჯით სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს 2020 წლის 20 თებერვალს 11.00 საათზე სააპელაციო სასამართლოში სხდომის დანიშვნის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობა, რაც სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნას შეესაბამება. ასევე გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის მტკიცება სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილი არ არის სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ისეთი საპატიო გარემოება, რომელიც ამავე კოდექსის 233-ე მუხლის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას გამორიცხავდა. მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ვერ მიიჩნევა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სათანადო მტკიცებულებად, რომლითაც დადასტურდებოდა, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და განმარტებებს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თაობაზე.

27. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების (შესაბამისად იმავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების) დასაბუთებულობა მოწმდება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიოობის შესწავლის გზით.

28. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს აპელანტის (მოსარჩელის) მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილს მოიხმობს, რომლის თანახმად მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სასამართლო დაემყარება მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ეს კი ნიშნავს არა სარჩელში მითითებული გარემოებების ავტომატურად დადგენილად მიჩნევას, არამედ იმის შემოწმებას, სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებებით (მათი დადგენილად მიჩნევით) გაბათილდება თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი სადავო ნაწილის დასკვნები, რომლებიც აპელანტის წინააღმდეგ არის მიმართული, ანუ სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას მხედველობაში უნდა მიიღოს აპელანტის ახსნა-განმარტება, ხოლო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით აპელანტის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს (ანუ აპელანტი მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასება არ ხდება და მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო (შეად. სუსგ-ებს: N ას-970-2021, 29.11.2021წ; N ას-620-2021, 13.10.2021წ; N ას-209-2019, 19.04.2021წ: N ას-837-2020, 08.04.2021წ; N ას-662-2019, 11.12.2020წ; N ას-330-2019, 19.11.2019წ; N ას- 656-626-2016, 27.03.2017წ; N ას- 682-648-2013, 10.03.2015წ.).

29. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა.

30. კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.5-ე, 257-ე და 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "თ.დ–ას" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური