Facebook Twitter

საქმე №ას-205-2021 24 დეკემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, შემსყიდველი, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი.

1.1. შპს „ს–ს“ (შემდეგში: მოპასუხე ან მიმწოდებელი) პირგასამტეხლოს სახით, 5000 ლარი დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 9 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N788 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მოპასუხემ ვალდებულება აიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში ციმციმა - ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობები შესაბამისი მონტაჟით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში, არა უგვიანეს 2017 წლის 24 დეკემბრისა მიეწოდებინა. ხელშეკრულების ღირებულება 64 600 ლარით განისაზღვრა.

3.2. მხარეებს შორის 2017 წლის 29 დეკემბერს 2017 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე N1 შეთანხმება გაფორმდა და პროდუქტის მიწოდების ვადა 2018 წლის 8 თებერვლამდე განისაზღვრა, ამასთან, ხელშეკრულების 10.4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიმწოდებელს პირგასამტეხლო დაეკისრა.

3.3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 16 ნოემბერს 2017 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე N3 შეთანხმება გაფორმდა, ხელშეკრულების ღირებულება 2 680 ლარით შემცირდა და 61 920 ლარი შეადგინა.

3.4. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 30 მარტს 2017 წლის 9 ნოემბრის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე N2 შეთანხმება გაფორმდა და საქონლის ერთეულის ფასი, მიწოდების ვადა და მონტაჟის ვადა განისაზღვრა.

3.5. 2018 წლის 13 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მოპასუხის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ 7 600 ლარი, 2018 წლის 10 მარტის მიღება-ჩაბარების აქტით 6080 ლარი, ხოლო 2018 წლის 28 მარტის მიღება-ჩაბარების აქტით 48 240 ლარი შეადგინა.

3.6. შემსყიდველს მოპასუხემ ციმციმა - ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობები ვადის დარღვევით მიაწოდა.

4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, მოპასუხის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა - 5 000 ლარით განისაზღვრა.

5. მოპასუხემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3, 208-ე მუხლებზე დაყრდნობით სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი 1214.48 ლარის ნაწილში ცნო.

6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 477-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ციმციმა - ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობების მიწოდების ვალდებულება იკისრა.

7. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი ვადადარღვევით, თუმცა მაინც მისაღები ხარისხით მიაწოდა. ამასთან, იმ ფაქტზეც მიუთითა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მხარეებს შორის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებები გაფორმდა, რომლითაც შემსყიდველმა შეთანხმებაში მითითებულ ვადაში შესყიდვის ობიექტის მიწოდებაზე თანხმობა გამოთქვა. მნიშნველოვანია, ისიც, რომ დამატებითი შეთანხმებების გაფორმების ეტაპზე შემსყიდველისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (45 დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან) ნასყიდობის საგნის მიწოდების შეუძლებლობის თაობაზე, თუმცა ნასყიდობის საგნის დაგვიანებით მიღებაზე თანხმობა განაცხადა.

8. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, შემსყიდველის უფლების აღდგენის მიზნებისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შემცირების შედეგად განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 5000 ლარი სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად ვლდებულების დარღვევის თანაზომიერია და აპელანტის პრეტენზიის (შემცირებული პირგასამტეხლოს არაგონივრულობის თაობაზე) გაზიარების საფუძველი არ არსებობდა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება მოპასუხისთვის (მიმწოდებლისთვის) დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე.

15. კასატორის მტკიცებით, შემცირებული პირგასამტეხლო არაპროპორციულია და ვერ აკმაყოფილებს სსკ-ის 420-ე მუხლის მოთხოვნებს. მოპასუხე მეწარმე სუბიექტია, რომელიც თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით პირგასამტეხლოს ოდენობას დაეთანხმა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მოსარჩელის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო არაგონივრულ ოდენობად მიიჩნია და შეამცირა.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) და 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და იმავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის.

18. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი მხარეთა აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება წარმოადგენს (იხ. სუსგ-ები N ას-1292-2019, 24.12.2020წ.; N ას-386-2019, 02.04.2021წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ).

19. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ N ას-1511-2018, 26.03.2019წ). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ. N ას-186-2021, 25.03.2021წ).

20. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის ფარგლებში განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

21.საკასაციო სასამართლომ არაერთ განჩინებაში იმსჯელა მეწარმე სუბიექტისათვის პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობაზე, მაშინ როდესაც სასამართლო სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია (იხ. სუსგ-ები: Nას-1597-2019, 13.12.2019 წ; Nას-1389-2019, 06.12.2019 წ; Nას-1164-2019,22.11.2019წ; Nას-1038-2019, 20.12.2019წ) მართალია, წინამდებარე დავაში, მოვალე მეწარმე სუბიექტია, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობა აკისრია ვალდებულების შესრულების მიმართ, თუმცა, საკასაციო სასამართლოს მიერ უკვე მითითებული გარემოებების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განსახილველ შემთხვევაში გონივრულად უნდა იქნეს მიჩნეული (იხ. სუსგ Nას-91-2020, 10.06.2020წ; Nას-453-2021, 29.10.2021წ).

22. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა დაიცვას ის ბალანსი, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა, ხოლო, მეორე მხრივ, შენარჩუნებულ უნდა იქნეს მოვალის ინტერესებიც, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უკანასკნელი მეწარმე სუბიექტია. საკასაციო სასამართლოს განსჯით, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ბალანსი სააპელაციო სასამართლომ დაიცვა და მართებულად იმსჯელა სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

23. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო სასამართლო იზიარებს დასკვნას, რომ მიმწოდებელმა დროულად ვერ უზრუნველყო ციმციმა - ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობების ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში მიწოდება, რაც მოპასუხე მხარემაც დაადასტურა და სარჩელი 1214.48 ლარის ნაწილში ცნო. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო იზიარებს წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში ასახულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს მასზე.

24. საკასაციო სასამართლოს განსჯით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს, 12 144.80 ლარის შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და სახელშეკრულებო ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების კომპნესირებისათვის 5000 ლარი ადეკვატურ ოდენობად განსაზღვრა.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

26.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

29. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე