Facebook Twitter

საქმე №ას-484-2021 24 დეკემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ააიპ საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ფედერაცია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ჯ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ააიპ საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის სარჩელი (შემდეგში: მოსარჩელე, ფედერაცია, აპელანტი ან კასატორი).

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:

3.1. დ.ჯ–ი (შემდეგში - მოპასუხე) ფედერაციაში მწვრთნელად მუშაობდა.

3.2. მოპასუხის აღსაზრდელები ფედერაციის მიერ მოწყობილ სპორტულ ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას და ამისთვის სათანადო აღჭურვილობას იყენებდნენ, მათ შორის - ლაზერულ პისტოლეტებს, სამიზნეებს და ფარიკაობის აპარატს.

3.3. მოსარჩელესა და მოპასუხეს ერთმანეთთან სამართლებრივი ურთიერთობები შეწყვეტილი აქვთ.

4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე „მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“ მიუთითა, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია, რომ ნორმის საფუძველზე, სხვისი მფლობელობიდან ნივთის გამოსათხოვად აუცილებელია: 1) მოსარჩელე იყოს ნივთის მესაკუთრე; 2) მოპასუხე იყოს ნივთის მფლობელი და 3) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთს ფლობის უფლება და დასკვნა, რომ მოსარჩელემ მისი მოთხოვნა ვერ დაამტკიცა, რადგან წერილობითი ან ნივთიერი მტკიცებულება, რომლითაც მოპასუხისათვის სადავო ნივთების გადაცემისა და მის მიერ ამ ნივთების ფლობის ფაქტს დაადასტურებდა, სასამართლოს ვერ წარუდგინა.

5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ე.წ. „საექსპერტო დასკვნა“, რომლის მიხედვით სადავო ნივთებს სწორედ მოპასუხის აღსაზრდელები ფლობდნენ, არა დამოუკიდებელი მტკიცებულების, არამედ ფედერაციის კანონიერი წარმომადგენლის ახსნა-განმარტების ნაწილია, რადგან დასკვნის ავტორი - კ.გ–ძე, იმავდროულად, აპელანტი იურიდიული პირის გენერალური მდივანი, ე.ი. ხელმძღვანელია. სასამართლომ ამავე სტანდარტით შეაფასა მისი, როგორც მოწმის, ახსნა-განმარტებაც.

6. სასამართლოს შეფასებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა შესაძლებელი იყო მხოლოდ მოწმეების: ლ.კ–ძის, ა–შ–ას, გ.ყ–ის, გ.მ–ის და ა.თ–ძის ჩვენებებით. მწვრთნელმა ლ.კ–ძემ განმარტა, რომ ფედერაციაში მუშაობდა 2012 წლიდან, ინვენტარი არ ჰქონდა და გადაეცა. მწვრთნელები ერთმანეთს იცნობდნენ და მათ იარაღს ყოველგვარი საბუთის გარეშე, „ზეპირად“ აძლევდნენ. გარეგნულად იარაღები ერთმანეთს ჰგავდა, უბრალოდ, ნომრები იცოდნენ და ამით ასხვავებდნენ ერთმანეთისგან. ბათუმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე იარაღი ყველას ჩამოართვეს, შეამოწმეს მისი ვარგისიანობა და დაუბრუნეს უკან. იარაღი დაურიგეს ყველას, რომელსაც სჭირდებოდა. დ.ჯ–ის მოწაფეებს ისეთივე იარაღები ჰქონდათ, როგორც სხვებს. იარაღების გადაცემის თაობაზე აქტი არ შემდგარა, რადგან ფედერაციამ იარაღები ყველას დაურიგა. მოწმის ვარაუდით, იარაღები ფედერაციამ მოპასუხესაც გადასცა. იყო თუ არა შესაძლებელი იარაღების დამოუკიდებლად შეძენა, მოწმემ არ იცოდა. ფედერაციის პრეზიდიუმის წევრმა ა–შ–ამ განმარტა, რომ მასაც ხელწერილის გარეშე გადასცემდა ფედერაცია ინვენტარს, თუმცა სხვა მწვრთნელებისთვის ინვენტარის გადაცემას იგი არ დასწრებია და არც შესწრებია, რადგან პასუხისმგებელი არ იყო. პისტოლეტები ერთმანეთის მსგავსი იყო. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 2018 წლის ივნისის ბოლოს, მოპასუხის მოსწავლეებმა თქვეს, რომ შეჯიბრში მონაწილეობას აღარ მიიღებდნენ და ფარიკაობის ფორმები მოწმეს გადასცეს. მოპასუხის აღსაზრდელმა, გ.ყ–მა განმარტა, რომ ევროპის ჩემპიონატზე, ფარიკაობის დასრულების შემდეგ, ფორმები დაალაგა და შემდეგ აღარ უნახავს. საფარიკაო აპარატი ევროპის ჩემპიონატზე თავად მიიტანეს. გარბენი რომ დასრულდა, იარაღი აღარ აუღია, სადაც ისროლა, იქ დატოვა. მოწმის აზრით, იარაღი ფედერაციას ეკუთვნოდა. იარაღი იყო ლურჯი, შავი ტარით, მოწმე მას გადასატენის ფორმით ცნობდა. თავად მოწმეს იარაღი არ შეუძენია, სახლში არ მიჰქონდა და ვარჯიშის შემდეგ დარბაზში ტოვებდა. მოპასუხის აღსაზრდელმა, გ.მ–მა განმარტა, რომ 2018 წლის ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატზე გუნდის წევრებმა წაიღეს ფარიკაობის ფორმები, ხმალი-დაშნები და იარაღები. გამოსვლის შემდეგ მოწმემ დაშნა ჩადო საერთო ჩასადებში, ხოლო ფორმა და ჩაფხუტი იქვე დატოვა. მას პირადი იარაღი არ ჰქონია და საერთო იარაღს იყენებდა. იარაღი სროლის შემდეგ პოზიციაზე დატოვა, რადგან იცოდა, რომ არ დაიკარგებოდა. არსებითად იგივე ჩვენება მისცა სასამართლოს მოპასუხის აღსაზრდელმა ა.თ–ძემაც.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დაკითხულ არც ერთ მოწმეს აპელანტის მიერ მოპასუხისათვის სადავო ნივთების გადაცემა არ დაუდასტურებია, ამ ნივთების იდენტიფიკაცია ვერც ერთმა შეძლო და, მეტიც, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მათთვის პრაქტიკულად უცნობი იყო. ამრიგად, მოწმეთა ჩვენებებით აპელანტის პოზიცია არ მტკიცდება, თუმცა ნივთების გადაცემის ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით, მათ შორის - არც კ.გ–ძის განმარტებით - არ დასტურდება, რომ მოპასუხე სადავო ნივთებს კვლავ ფლობს.

8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მოპასუხემ მისთვის სადავო ნივთების გადაცემის ფაქტი აღიარა. სარჩელზე შესაგებლის წარდგენიდან საქმის განხილვის მთელი პერიოდის განმავლობაში მოპასუხე აღნიშნულ ფაქტს სადავოდ ხდიდა. მოპასუხეს საქმისწარმოების არც ერთ ეტაპზე არ დაუდასტურებია, რომ სპორტული ინვენტარი, რომელსაც ფლობდა, სწორედ სადავო ნივთები იყო და ისინი მან აპელანტისაგან მიიღო. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 131-ე მუხლის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1 მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

9.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

14. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, რის შედეგადაც საქმეზე სამართლებრივად დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელემ დაადასტურა სადავო მოძრავი ნივთების გადაცემის ფაქტი, მოპასუხემ კი გადაცემული ნივთების უკან დაბრუნების მტკიცება ვერ შეძლო.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში შეფასების საგანს, მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შემოწმება წარმოადგენს.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

17. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

18. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. №ას-1082 -1039-2016, 14.02.2017წ; №ას-1375-1295-2017, 22.12.2017წ.).

19. მოცემულ შემთხვევაში სადავოდაა მიჩნეული ფედერაციის კუთვნილი მოძრავი ნივთების, კერძოდ, ერთი კომპლექტი ფარიკაობის აპარატის, ერთი ლაზერული პისტოლეტის 500-1.1 14001963, ერთი პისტოლეტის 300-1.1 1202, ერთი პისტოლეტის 300-1.1 1226, ერთი პისტოლეტის 500-1.1 14001974 და სამი სამიზნის (ჰიბრიდ ფრესიჟნ თარგეთ) მოპასუხისთვის გადაცემის ფაქტი.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლო საქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით ან - რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს; 2. მხარეთა მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს; 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედო საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ-ის 178-ე მუხლის „ ე“ ქვეპუნქტშიც, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე - სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებს ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს, რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.

23. საკასაციო სასამართლოს მითითებით, კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

24. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო, დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ამ ფაქტებს (იხ. სუსგ Nას-948-2021, 17.12.2021წ).

25. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“. ( იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ.3-4). „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 200-, გვ.64). ამრიგად, ფაქტებზე თვითონ მხარეებმა უნდა მიუთითონ. სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მხარეთა გამოკითხვისა და შეკითხვების მიცემის გზით ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების სრულად და ზუსტად განსაზღვრას.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. “მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).

27. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, რაც მან უნდა განახორციელოს უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით, რომლებიც ობიექტურად დაადასტურებს სარჩელში მითითებულ სადავო გარემოებებს. მოპასუხე კი მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

28. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აპელანტმა მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია და ვინდიკაციური მოთხოვნის დასაბუთებულად ცნობისთვის საჭირო კუმულაციური ელემენტები ვერ დაადასტურა, რაც სააპელაციო საჩივარს დაუსაბუთებელს ხდის და მისი დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას მოსარჩელის მიერ წარდგენილ საექსპერტო დასკვნასთან და კ.გ–ძის, როგორც მოწმის, ჩვენებასთან მიმართებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).

29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმეთა კომპეტენცია, პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წესრიგდება (იხ. The Lüdi v. Switzerland, გადაწყვეტილება 15.06.1992, სერია A, N238, გვ. 20, პარაგრაფი 43 და The Schuler-Zgraggen v. Switzerland გადაწყვეტილება 24.06.1993. სერია N263, გვ.21. პარაგრაფი 66), სსსკ-ის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან კი, გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას ეროვნულმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის, დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება მოწმის ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, მოცემულ საქმეზე დაკითხული მოწმის ჩვენების შეფასებასთან მიმართებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი) და კასატორის პრეტენზიას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მტკიცებულებების არასწორად შეფასების თაობაზე უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს.

30. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შემაჯამებელ დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით (მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით) არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სადავო მოძრავი ნივთების მოპასუხისთვის გადაცემის ფაქტი.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად სამართლებრივად სწორად შეაფასა. ამასთან, მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ააიპ საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ააიპ საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციას (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N2580, გადახდის თარიღი 2021 წლის 28 ივლისი), 70% – 105ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე