საქმე №ას-678-2021 24 დეკემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ვ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021წლის 8 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „გ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან საწარმო) სარჩელი.
1.1. შპს „ვ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხების, სულ 54 642.6 ლარისა და სასამართლო ხარჯის - 1689.39 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
3.1. შპს ,,ა.ჯ.ფ–ის“ (შემდეგში: მეიჯარე) და მოსარჩელეს შორის, 2014 წლის 16 ივლისს დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს სარგებლობაში გადაეცა მეიჯარის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე - მცხეთა, სოფელი ........;
3.2. მხარეთა შეთანხმებით, 2015 წლის 1 მარტს იჯარის ხელშეკრულება შეწყდა და, 2015 წლის 7 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საიჯარო ქონების შემძენი გახდა მოპასუხე.
3.3. მოსარჩელემ მოპასუხის ანგარიშზე 2015 წლის 15 აპრილს 10 650 ლარი ჩარიცხა. გადახდის დანიშნულებაში მითითებულია - ,,მომავალი ხელშეკრულების საიჯარო ქირა“.
3.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს ........ პოლიციის განყოფილებამ წარადგინა სისხლის სამართლის საქმეზე მოპასუხის დირექტორის - რ.ფ–ის მოწმედ დაკითხვის ოქმი, სადაც ციტირებულია: „ქათმების რეალიზაციის შედეგად გაირკვა, რომ ადგილზე მხოლოდ 1700 ფრთა ქათამი იყო დარჩენილი“; „დაკვლის ბოლოს გაირკვა, რომ საერთო ჯამში ფერმაში დარჩენილი ყოფილა 1700 ფრთა ქათამი, რომელთა დიდი ნაწილი დაბალი ხარისხის იყო“.
3.5. 2015 წლის 15 ივნისის სასაქონლო ზედნადების #ელ-0179050252 თანახმად, ლ.კ–ამ შპს ,,ს–გან“ 5 000 ცალი ერთდღიანი ვაქცინირებული წიწილა შეიძინა, ასევე, 15.06.2015 წლის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 2015 წლის 15 ივნისს ლ.კ–ამ, როგორც მოსარჩელე საწარმოს მთავარმა მენეჯერმა, საწარმოს დირექტორს - ა.მ–ს იმავე დღეს შპს ,,ს–გან“ შეძენილი 5000 წიწილა ჩააბარა, რომლებიც საწარმოს N1 ცეხში მოთავსდა.
3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ლ.კ–ამ დაადასტურა მოსარჩელე საწარმოსთვის 2015 წლის 15 ივნისს შპს ,,ს–აგან“ შეძენილი წიწილის გადაცემის ფაქტი და ამასთან, მიუთითა, რომ 5 000 წიწილა მიმწოდებლისგან თვითონ ჩაიბარა, ხოლო თანხა მოსარჩელემ გადაიხადა.
4. აპელანტის მტკიცებით, სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშფაქტურის ელექტრონულად გამოწერის გარეშე მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საქონლის მესაკუთრე ვერ შეიცვლება. საქმეზე მოწმედ დაკითხული ლ.კ–ა აცხადებდა, რომ მოსარჩელის თანამშრომელი იყო, თუმცა ვერ გაიხსენა, რა თანამდებობა ეკავა საწარმოში. შესაბამისად, მოპასუხის მტკიცებით, ლ.კ–ას წიწილები არ მიუყიდია მოსარჩელისთვის და მოსარჩელე საწარმო არასათანადო მხარეა. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის კუთვნილი ქათმები არ გაუყიდია. აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებში მოთავსებული გამოკითხვის ოქმი შედგენილია რ.ფ–თან არა როგორც ფიზიკურ პირთან, არამედ - მოპასუხის დირექტორსა და წარმომადგენელთან. რ.ფ–ი ფიზიკური პირია, ხოლო მოპასუხე - იურიდიული პირი და ისინი ერთმანეთის ვალდებულებებზე პასუხს არ აგებენ.
5. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მტკიცება არ გაიზიარა და მიუთითა, რომ, მართალია, სასაქონლო ზედნადების თანახმად, მყიდველი ლ.კ–აა, რომელმაც შპს ,,ს–გან“ შეიძინა 5 000 ცალი ერთდღიანი, ვაქცინირებული წიწილა, თუმცა საქმეში წარდგენილი, 2015 წლის 15 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, იმავე დღეს ლ.კ–ამ, როგორც საწარმოს მთავარმა მენეჯერმა, იამვე დღეს შეძენილი 5000 წიწილა მოსარჩელეს ჩააბარა. გარდა აღნიშნულისა, მოწმემ წიწილა შეიძინა, ჩაიბარა, როგორც საწარმოს მთავარმა მენეჯერმა, რაც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა კიდეც.
6. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ წიწილები მოპასუხეს არ გაუყიდია. აღნიშნული დასკვნა სასამართლომ მოპასუხის დირექტორის მოწმის სახით დაკითხვის ოქმს დააფუძნა, სადაც იგი განმარტავს, რომ მისი ინიციატივით წიწილების დაკვლის ბოლოს გაირკვა - მთლიანად მის კუთვნილ ფერმაში დარჩენილი ყოფილა 1700 ფრთა ქათამი. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ამ შემთხვევაში ჩვენება მიცემული აქვს მოპასუხის დირექტორს და არა ფიზიკურ პირს, რის გამოც აპელანტის მტკიცება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის თაობაზე უარყოფილია.
7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აუდიტორული დასკვნით განსაზღვრული ქათმების წონისა და ფასის უსწორობის თაობაზე აპელანტის შედავება და მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 105-ე მუხლი ადგენს მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, როდესაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივად შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას. რაიმე გამონაკლისი ამა თუ იმ მტკიცებულების, მათ შორის - იმ საწარმოს მიერ გაცემული დოკუმენტის მიმართ, რომელმაც მოსარჩელეს გაუწია მომსახურება და გასცა შესაბამისი დასკვნა, დადგენილი არ არის. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლო თანხის გაანგარიშებისას მართებულად დაეყრდო წარმოდგენილ აუდიტორული დასკვნას და მის საფუძველზე სწორად დაადგინა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
8. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს, რომელიც სადავოდ მიიჩნევს აუდიტორული დასკვნით განსაზღვრული თანხის ოდენობას, შეეძლო საწინააღმდეგო და გამაქარწყლებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც მას არ გაუკეთებია, ხოლო მოწმეთა ზეპირსიტყვიერი განმარტება მაისში ერთი კილოგრამი ქათმის ხორცის ფასის ვარდნასთან მიმართებით, საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
9. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე საწარმოს დირექტორმა ქათმები 2015 წლის აგვისტოში გაყიდა, როდესაც თითოეული ქათამი 60 დღის იყო და, წარდგენილი დასკვნის თანახმად, ერთი კილოგრამი 6 ლარი ღირდა, ხოლო თითოეული ფრინველი საშუალოდ 4.313 კგ-ს იწონიდა. შესაბამისად, სასამართლომ ქათმის ასაკის, წონისა და ფასის თაობაზე აპელანტის პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნია.
10. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლზე დაყრდნობით, უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის შედავება აუდიტორული კომპანიის 2016 წლის 15 თებერვლის შპს "ბ.ა–ის“ დასკვნის შეუსაბამო მტკიცებულებად მიჩნევასთან მიმართებით და განმარტა, რომ წარდგენილი დასკვნით აუდიტორის მიერ სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრის მიზნით შედარებითი ანალიზის მეთოდი იქნა გამოყენებული. აუდიტორმა შემკვეთისაგან სამუშაოთა საერთო მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო, ჩაატარა ბაზრის კვლევა და ანალიზი, ინტერვიუები კომპეტენტურ პირებთან, მიიღო ინფორმაცია ანალოგიური საქმიანობით დაკავებული კომპანიებიდან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ - მოიპოვა ბროილერის მეხორცული ქათმის ზრდის ნორმატიული მაჩვენებლები (ცხრილი შესაბამისი პერიოდების, გამოსავლიანობის და სხვა ინფორმაციული მაჩვენებლებით). აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა და დადასტურდა სპეციალიზებულ ინტერნეტგვერდებზე არსებული ანალოგიური ინფორმაციებით. რაც შეეხება ბროილერის მეხორცული ქათმის 1 კგ ხორცის საცალო - სარეალიზაციო ღირებულებას, აუდიტორის მიერ ინფორმაცია ანალოგიური და მსგავსი აქტივების ღირებულებების შესახებ მოპოვებულ იქნა საცალო სარეალიზაციო საწარმოებიდან და სპეციალიზებული კომპანიებიდან.
11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელე მხარემ დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში დაამტკიცა ზიანის ოდენობა. მოპასუხე მხარეს კი, გარდა ახსნა-განმარტებისა, სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნაში მითითებული კვლევების უსწორობას გააქარწყლებდა, სასამართლოში არ წარუდგენია. სასამართლოს შეფასებით, აპელანტს არაკვალიფიციური შედავება ჰქონდა წარდგენილი, რადგან მისი პრეტენზიები ძირითადად მოსარჩელის მტკიცებულებებს ეხებოდა და მოპასუხეს სასამართლოსათვის მოწინააღმდეგის მტკიცების გასაქარწყლებლად სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულება არ წარუდგენია.
12. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ 2015 წლის აპრილიდან აგვისტომდე მოსარჩელე მოპასუხის საკუთრებას იყენებდა იჯარის საგნად და 2015 წლის 15 აპრილს მოპასუხის ანგარიშზე 10 650 ლარის ჩარიცხვა ძველი მესაკუთრის მიმართ მოსარჩელის დავალიანების დაფარვას ემსახურებოდა.
13. სასამართლომ სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რაც მის მიმართ დავალიანების არსებობას და თანხის ჩარიცხვის მიზნობრიობას დაადასტურებდა. ამასთან, არ დადგინდა მოდავე მხარეებს შორის საიჯარო ურთიერთობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელემ საბანკო გადარიცხვის ქვითარი წარადგინა, რითაც დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხის საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 15 აპრილს 10 650 ლარი ჩარიცხა, ხოლო გადახდის დანიშნულებაში ,,მომავალი ხელშეკრულების საიჯარო ქირა“ მიუთითა. უძრავი ქონების იჯარის საგნად გამოყენებისა და ჩარიცხული თანხის ძველი მესაკუთრის მიმართ დავალიანების დაფარვად მიჩნევის თაობაზე აპელანტის მტკიცება სასმართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
14. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 976-ე მუხლი პირველი ნაწილის ’’ა’’ პუნქტზე „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში“ მითითებით დაასკვნა, რომ მოპასუხისთვის უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრება საფუძვლიანია.
15. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის შედავება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
16. საქმის მასალებით დადგინდა, რომ მოპასუხის საბანკო ანგარიშზე 10 650 ლარი 2015 წლის 15 აპრილს ჩაირიცხა, ხოლო სარჩელი სასამართლოში 2018 წლის 3 მაისს აღიძრა. სასამართლოს შეფასებით, რამდენადაც მოთხოვნა კონდიქციური ვალდებულების წარმომშობი სამართლებრივი წანამძღვრების განხორციელებით დაკმაყოფილდა, რომელთა მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 10 წელს შეადგენს, აპელანტის ზემოთ მითითებულ პრეტენზიას ხანდაზმულობაზე სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია და მოპასუხისთვის 10650 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია.
17. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მართებულად ეთქვა უარი.
18. სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცებულებათა სრულფასოვნად გამოკვლევის მიზნით ექსპერტის დასკვნა მათი სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშედარების გზით უნდა შემოწმდეს ან, თუ თვით დასკვნა განმარტებას მოითხოვს, სსსკ-ის 171-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მისი ინიციატივით მოწვეულ ექსპერტს დაუსვას შეკითხვები. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი დასკვნა სრულად შეიცავს წარმოებული კვლევის აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებს და დასაბუთებულ პასუხებს დასმულ კითხვებზე. შესაბამისად, აპელანტის მტკიცება, რომ მისთვის გაუგებარი იყო, ვერ გაარკვია, როგორ დაადგინა ექსპერტმა ქათმის წონა და ფასი, სასამართლომ არ გაიზიარა და უსაფუძლო შუამდგომლობად მიიჩნია.
19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
19.1 მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
21. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
24. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხისთვის უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოსარჩელე თანხის დაკისრებას მოითხოვს, რასაც კასატორი არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ საქმის გადაწყვეტისას სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 976-ე მუხლის დანაწესი, ვინაიდან მოსარჩელე მოპასუხის საკუთრებას იჯარის საგნად იყენებდა და 2015 წლის 15 აპრილს მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ძველი მესაკუთრის მიმართ მოსარჩელის დავალიანების დაფარვას ემსახურებოდა. კასატორი სადავოდ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნას, შეფასების მეთოდიკასა და ამავე დასკვნით დადგენილი ერთი ქათმის ღირებულებას. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი; სასარჩელო მოთხოვნაზე არ გაავრცელა სახელშეკრულებო ხანდაზმულობის (სსსკ-ის 129-ე მუხლი) სამწლიანი ვადა, რომელიც სარჩელის წარდგენის დროისათვის გასულია.
25. კასატორის პერეტენზიასთან დაკავშირებით, სახელშეკრულებო ნორმების გამოყენების თაობაზე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინება/გადაწყვეტილებაშია განმარტებული, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ N ას-1163-2018, 08.02.2019წ; N ას-495-2020, 23.10.2020წ).
26. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (იხ. სუსგ-ები: N ას-877-825-2010, 28.12.2010წ; N ას-1170-1125-2016, 13.06.2017წ.) .
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რეგულირებულია ე.წ. „შესრულების კონდიქცია“ და ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სამართლებრივი სიკეთის გადაცემის ფაქტზე, ასევე მხარეთა შორის ვალდებულების არარსებობაზე (იხ. სუსგ N ას-653-621-2013, 27.04.2015წ). ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიარულ, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის, გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან (იხ. სუსგ N ას-1249-1269-2011, 4.04.2012წ).
28. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას განსახილველი სამართალურთიერთობის მიმართ გამოყენებული ნორმის მართებულობასთან მიმართებით, კერძოდ, საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მოდავე მხარეებს შორის საიჯარო ურთიერთობა არ არსებობდა და მოთხოვნის საფუძველი არა სახელშეკრულებო, არამედ კონდიქციური სამართლიდან გამომდინარეობს.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის მონაწილე მხარეთა მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება, რომელზედაც თავიანთ პოზიციას აფუძნებდნენ, ვინაიდან სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმების ანალიზის შესაბამისად, სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი“ (იხ. სუსგ-ები: N ას-386-359-2017, 28.04.2017წ; Nას-939-879-2017, 29.09.2017წ; Nას-719-672-2017, 19.07.2017წ; Nას-625-593-2017, 7.07.2017წ; Nას-746-714-2016, 08.05.2016წ).
30. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ თავისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად სასამართლოს აუდიტორული დასკვნა წარუდგინა.
31. „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს“ (იხ. ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი) - იხ. სუსგ Nას-45-2021, 22.04.2021წ.
32. საკასაციო სასამართლო სადავო საკითხთან მიმართებით სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს, მსჯელობებსა და დასკვნას და მიუთითებს მათზე (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1-3.6; მე-5-18 პუნქტები).
33. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლით გარანტირებულია სამართალწარმოების განხორციელება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საწყისებზე, რაც ასახულია სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლებშიც, ამასთან, სსსკ-ის 105-ე ,,სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში“ მუხლზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი წერილობითი დოკუმენტაციისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით იმსჯელა და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით კასატორს სასამართლოსათვის შეეძლო, წარედგინა მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებდა, სასამართლოს კი დაარწმუნებდა აუდიტორული დასკვნით განსაზღვრული ქათმების წონისა და ფასის უსწორობის თაობაზე.
35. მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც საქმეში წარმოდგენილ დასკვნებს გააქარწყლებდა. სასამართლო პრაქტიკისა და კასატორის პრეტენზიების შეფასების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა შორის მართებულად გაანაწილეს მტკიცების ტვირთი და კასატორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არ არსებობს.
36. კასატორის საკასაციო პრეტენზია ასევე აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა.
38. სასარჩელო მოთხოვნის ინდივიდუალიზაციის შემდეგ სასამართლო შეუდგება შესაგებლის შესწავლას, რომელიც თავისი შინაარსით შეიძლება იყოს მოთხოვნის გამომრიცხველი, შემაფერხებელი ან შემწყვეტი. შესაგებელი, რომელშიც მითითებულია ხანდაზმულობაზე, სასარჩელო მოთხოვნის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. იგი გულისხმობს მითითებას იმგვარ ვითარებაზე, როცა გასულია მოთხოვნის განხორციელების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც კრედიტორს აღარ შეუძლია იძულებით, სასამართლოს მეშვეობით, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, თუკი მოვალე შესაგებელში სასარჩელო ხანდაზმულობაზე მიუთითებს და ამგვარად შეეცდება მოთხოვნის სასამართლო წესით რეალიზების შეფერხებას. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მითითება ხანდაზმულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს. რაც შეეხება ხანდაზმულობის შეჩერებისა და შეწყვეტის წინაპირობებს, მისი შესწავლა, შესაბამისი შედავების არარსებობის პირობებშიც კი, სასამართლოს ვალდებულებაა (იხ. სუსგ Nას-1764-2018, 13 .04.2020წ).
39. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანია შეამოწმოს მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლის დასაბუთებულობა - ხანდაზმულობა, რომელსაც მოპასუხე სხვა სამართლებრივ ურთიერთობას უკავშირებს და განმარტავს, რომ მოსარჩელე მოპასუხის საკუთრებას იჯარის საგნად იყენებდა და 2015 წლის 15 აპრილს მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ძველი მესაკუთრის მიმართ მოსარჩელის დავალიანების დაფარვას ემსახურებოდა, შესაბამისად, მოთხოვნის მიმართ სამწლიანი სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელდეს.
40. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი. სამართალში დამკვიდრებულია პრინციპი _ „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი). მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომელიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს.
41. სამოქალაქო სამართალში ხანდაზმულობა არის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია უფლების განხორციელება - სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების მოთხოვნა (სსკ-ის128-ე მუხლი). სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ასევე, ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სწორედ უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვს, ხოლო მოპასუხის შედავება იმას შეეხება, რომ თანხა არა უსაფუძვლოდ, არამედ კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლით იყო გადახდილი. ამ მიმართებით, საერთო სასამართლოების მიერ მყარად დამკვიდრებული პრაქტიკით, რომლის მიხედვით კონდიქციური წესით განსაზღვრულ მოთხოვნებზე საერთო, ანუ ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება, მიუთითებს იმაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა სარჩელის აღძვრის მომენტში 2018 წლის 3 მაისს, ხანდაზმული არ იყო.
42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ გამოვლენილია უსაფუძვლო გამდიდრების (კონდიქციის) მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების წინაპირობა და სწორად იმსჯელა ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს განსჯით, მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ვერ მოწესრიგდება და სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის შედავება ამ ნაწილში.
43. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
44. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი (მოპასუხის) მოითხოვს იმ საოქმო განჩინების გაუქმებასაც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აუდიტორული დასკვნის შემდგენი ექსპერეტების დაკითხვის თაობაზე მისი შუამდგომლობა.
45. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტში ასახული მსჯელობა) გასაჩივრებული საოქმო განჩინების დასაბუთებულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კასატორს დასაბუთებული შედავება არც ამ კუთხით წარმოუდგენია.
47. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
48. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
49. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
51. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ვ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ვ–ს" (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, გ. ჟ–ის (პ/ნ .......) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2732,13 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2021 წლის 13 ივლისი), 70% –1912,49ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე