საქმე №ას-705-2021 28 დეკემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „გ–ს“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მიმწოდებელი) სარჩელი:
1.1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდეგში: მოპასუხე შემსყიდველი, აპელანტი ან კასატორი) 2652.29 ლარი დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 24 მაისს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №89 ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საგანს ელექტრონული ტენდერის (№NAT190008055) საშუალებით საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ..., ნ–სა და გ–ში გზაზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები წარმოადგენდა. ხელშეკრულების ღირებულება 37356,19 ლარს შეადგენდა.
3.2. მიმწოდებელი ვალდებული იყო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში დაეწყო და ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოები გაფორმებიდან 2019 წლის 23 ივლისის ჩათვლით გეგმა-გრაფიკის მიხედვით შეესრულებინა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. ავანსის სახით მიმწოდებელს 5000 ლარი დაერიცხა.
3.3. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2019 წლის 17 სექტემბერს, მოსარჩელეს 28971,41 ლარი აუნაზღაურდა, ხოლო პირგასამტეხლოს სახით სახელმწიფო ხაზინაში გადარიცხულ იქნა 2652,29 ლარი.
3.4. საქმეში წარმოდგენილი ფორმა N2-ის და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით (N53 1256, 07.05.2019 წელი) შექმნილ კომისიასა და მომწოდებელს შორის შედგენილი 2019 წლის 16 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შესრულებული იყო 36623,70 ლარის სამუშაო. ამავე მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული იყო, რომ მიმწოდებლის მიერ, N89 ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები სრულად და შესაბამისი ხარისხით შესრულდა. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მოსარჩელეს 36623, 70 ლარი უნდა ანაზღაურებოდა.
3.5. ფორმა N2-ით და ფარული სამუშაოების აქტების მიხედვით, სამუშაოები ფიზიკურად და ფაქტობრივად 2019 წლის 23 ივლისამდე დასრულდა.
3.6. შპს ,,ზ–სი და კ–ას“ 2019 წლის 26 ივლისის ინსპექტირების ანგარიშის შესაბამისად, ინსპექტირება 2019 წლის 22 ივლისს დაიწყო და 2019 წლის 26 ივლისს დამთავრდა. შესრულებული სამუშაოს ინსპექტირების შედეგად ფორმა N2 დადებითად შეფასდა. დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციით, შესრულებული შუალედური აქტით (ფორმა N2) ობიექტის აზომვითი და გამოთვლითი სამუშაოების შედეგებით დადგენილი სამუშაოების მოცულობითა და შესაბამისი გაანგარიშებით დადგინდა შ–ბის უბანში რკ.ბეტონის საფარის მოწყობა 241 კვადრატულ მეტრზე. ფაქტობრივად 9159,94 ლარის საუშაოები შესრულდა, რაც წარდგენილ ფორმა N2-ის ღირებულებას შეესაბამებოდა და 9159,94 ლარს შეადგენდა.
3.7. შპს ,,ზ–სი და კ–ას“ 2019 წლის 16 სექტემბრის ინსპექტირების ანგარიშის შესაბამისად, ინსპექტირება 2019 წლის 10 სექტემბერს დაიწყო და 2019 წლის 16 სექტემბერს დამთავრდა. შესრულებული სამუშაო ინსპექტირების შედეგად დადებითად შეფასდა. დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციით, შესრულებული შუალედური აქტით (ფორმა N2) ობიექტის აზომვითი და გამოთვლითი სამუშაოების შედეგებით, დადგენილი სამუშაოების მოცულობითა და შესაბამისი გაანგარიშებით საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ... უბანში, შ–ბის უბანში, კ–ბის უბანში, სოფელ .... ტ–ების უბანში, ფაქტობრივად 27463,76 ლარის სამუშაოები შესრულდა, რაც წარდგენილი ფორმა N2-ის ღირებულებას შეესაბამებოდა და ასევე 27463,76 ლარს შეადგენდა.
3.8. 2019 წლის 30 სექტემბერს, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს მიმართა მოხსენებითი ბარათით, სადაც მიუთითა, რომ N89 ხელშეკრულების შესაბამისად, შესრულებულია 36623,70 ღირებულების სამუშაოები და ითხოვა, დაევალებინათ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისათვის კანონმდებლობის შესაბამისად ურთიერთანგარიშსწორება შპს ,,გ–სთან“. მოხსენებით ბარათში აღინიშნა, რომ ხელშეკრულების ჩაბარების ვადა იყო 2019 წლის 23 ივლისი, მიმწოდებელმა სამუშაოები ჩააბარა 2019 წლის 16 სექტემბერს. გეგმა-გრაფიკი დაირღვა 17 დღით, თუმცა არ იყო მითითებული 17 დღე როგორ დაანგარიშდა.
3.9. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელემ სამუშაოების გეგმა-გრაფიკი 17 დღით დაარღვია, თუმცა თანხა როგორ დაანგარიშდა მისთვის უცნობია.
4. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა შემდეგი:
4.1. ხელშეკრულების მიხედვით, ანგარიშსწორება განხორციელდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ხარისხის შესაბამისობაზე ექსპერტიზის დასკვნის (აღნიშნული დასკვნის ღირებულება მიმწოდებელს საკუთარი ხარჯებით უნდა დაეფარა) წარმოდგენის შემდეგ. ექსპერტიზის დასკვნა გაცემული უნდა ყოფილიყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ... (4.3. მუხლი); მიმწოდებლის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (8.2. მუხლი); ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, შესრულებული სამუშაოს მოცულობას, ხარისხისა და შესრულების ვადების დაცვის კონტროლს (ინსპექტირება) განახორციელებდა საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ 2019 წლის 7 მაისის N531256 ბრძანებით შექმნილი ჯგუფი (10.1. მუხლი); ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა) შესრულებისათვის დამრღვევი ვალდებული იყო, მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაეხადა პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 5 პროცენტი (12.1. მუხლი); მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით (12.2. მუხლი); ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (მუხლი 17).
4.2. მხარეებს შორის სამუშაოების შესრულების შესახებ N1, N2, N3, N4, N5 აქტები (ფორმა N2) გაფორმდა, რომელთა თანახმად, შემსყიდველმა (მოპასუხემ) მიმწოდებლის (მოსარჩელის) მიერ შესრულებული 9159,94 ლარის, 4471,32 ლარის, 5542,77 ლარის, 7684,98 ლარისა და 9764,69 ლარის ღირებულების სამუშაოები ჩაიბარა.
4.3. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად და შესაბამისი ხარისხით ფაქტობრივად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში -23.07.2020წ.-მდე შეასრულა, თუმცა სამუშაოთა მოცულობებისა და ხარისხის შესაბამისობაზე ექსპერტიზის დასკვნა მოპასუხეს 2019 წლის 16 სექტემბერს წარუდგინა, რის გამოც შემსყიდველმა მიმწოდებელს პირგასამტეხლო დააკისრა.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანს კი იმ საკითხის დადგენა წარმოადგენდა, დაარღვია თუ არა სამუშაოთა შესრულებისათვის ნაკისრი ვალდებულება მიმწოდებელმა და არსებობდა თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.
6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 417-418-ე მუხლების შესაბამისად პირგასამტეხლოს, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებასა და მის პრევენციულ ხასიათზე მიუთითა.
7. დადგენილია, რომ შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მიზეზად სამუშაოების შესრულების ვადაში - 2019 წლის 23 ივლისამდე ხელშეკრულებით განსაზღვრული ექსპერტიზის დასკვნის წარუდგენლობა დაასახელა.
8. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ნათლად იქნა გაითვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები, კერძოდ, როგორც სამუშაოს ვადაში დაუსრულებლობა, ასევე - სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევა, ხოლო ხელშეკრულება დასრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ხარისხის შესაბამისობაზე ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვადას და ამ ვალდებულების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას არ ითვალისწინებდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მიმწოდებელმა ექსპერტიზის დასკვნები ხელშეკრულების მოქმედების ვადაში წარადგინა. სსკ-ის 52-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნის ვადაში წარუდგენლობის მოტივით მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება გაუმართლებელია, რაც სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობაზე მიუთითებს.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხისთვის (შემსყიდველისათვის) შესრულებული სამუშაოების დარჩენილი ნაწილის - 2652.29 ლარის მოსარჩელის (მიმწოდებლის) სასარგებლოდ ანაღაურების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება.
15. დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ..., ნ–სა და გ–ში გზაზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები წარმოადგენდა, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეთა შორის სსკ-ის 629-ე მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება დაიდო.
16. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.
17. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ.სუსგ № ას-1646-2019, 30.09.2020წ).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ №ას-696-696-2018, 6.07.2018წ) .
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავოა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოს შეუსრულებლობა.
20. მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებადაა მიჩნეული, რომ მიმწოდებელმა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები (მათ შორის შეთანხმებული ხარისხის) ჯეროვნად შეასრულა, შემსყიდველმა კი მიმწოდებელს 2652.29 ლარით ნაკლები აუნაზღაურა.
21. მითითებული თანხის გადაუხდელობის თაობაზე მოპასუხის (შემსყიდველის) შესაგებელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მიმწოდებელმა ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუშაოების მოცულობებსა და ხარისხის შესაბამისობაზე - 2019 წლის 16 სექტემბერს, ვადის დარღვევით წარადგინა, რის შედეგადაც მას პირგასამტეხლო სადავო თანხის ოდენობით განესაზღვრა და მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელ თანხაში გაიქვითა.
22. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიას არ იზიარებს და მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს, რომელთა მიმართ კასატორს დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
24. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს, რომ მხარეებმა ხელშეკრულების გაფორმებისას კონკრეტულად განსაზღვრეს პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები - სამუშაოს ვადაში დაუსრულებლობა და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევა, რაც შეეხება დასრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ხარისხის შესაბამისობაზე ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვადას და ამ ვალდებულების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას მხარეები ამაზე არ შეთანხმებულან. მიუხედავად ამისა, მიმწოდებელმა ექსპერტიზის დასკვნები ხელშეკრულების მოქმედების ვადაში წარადგინა. ამრიგად, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხეულ მიუთითებს და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას, რომ მიმწოდებელმა (მოსარჩელემ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად და შესაბამისი ხარისხით ფაქტობრივად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 2019 წლის 23 ივლისამდე შეასრულა.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ით განმტკიცებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხეს (შემსყიდველს) ევალებოდა, სპეციალურ მტკიცებულებაზე მითითებით დაედასტურებინა მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილების ფაქტი, რაც მოპასუხემ (შემსყიდველმა) ვერ უზრუნველყო.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, ამ განჩინებაში მითითებული მსჯელობის საწინააღმდეგოს დამტკიცების შესაძლებლობას არ ქმნის, შესაბამისად, მოპასუხისთვის 2652.29 ლარის დაკისრება, სამართლიანი და კანონიერია.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
28. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
31. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური